უარყოფა ეზოში
თავი 120
უარყოფა ეზოში
გეთსემანიის ბაღში იესოს მიტოვებისა და შიშის გამო დანარჩენ მოციქულებთან ერთად გაქცევის შემდეგ პეტრე და იოანე ჩერდებიან. შეიძლება ისინი ანას სახლისკენ მიმავალ გზაზე ეწევიან იესოს. როცა ანა მას მღვდელმთავარ კაიაფასთან აგზავნის, პეტრე და იოანე საკმაო მანძილის მოშორებით მიჰყვებიან მას; როგორც ჩანს, ისინი ორ ცეცხლს შუა იმყოფებიან, ეშინიათ, არ დაკარგონ საკუთარი სიცოცხლე და, ამავე დროს, ძალიან უნდათ გაიგონ, რა მოუვა მათ მოძღვარს.
როცა კაიაფას დიდ რეზიდენციასთან მიდიან, იოანე ახერხებს ეზოში შესვლას, ვინაიდან ის მღვდელმთავრის ნაცნობია. პეტრე გარეთ რჩება. მაგრამ იოანე მალე ბრუნდება, მეკარედ მსახურ გოგონას დაელაპარაკება და პეტრეს ეძლევა შიგნით შესვლის შესაძლებლობა.
ცივა, რის გამოც მოსამსახურეები და მღვდელმთავრის მონები ნაკვერჩხალს აღვივებენ. პეტრეც უერთდება მათ, რათა გათბეს იმ ხნის მანძილზე, სანამ იესოსთვის განაჩენის გამოტანას ელოდება, აქ, ცეცხლის შუქზე, მეკარე, რომელმაც პეტრე შემოუშვა, უფრო კარგად აკვირდება მას. „შენც იესო გალილეველთან იყავი“, — ხმამაღლა ეუბნება ის.
იმით აფორიაქებული, რომ იცნეს, პეტრე ყველას წინაშე უარყოფს, რომ არასდროს იცნობდა იესოს: „არ ვიცი და არც მესმის, რას ამბობ“.
შემდეგ პეტრე კარიბჭისკენ მიემართება. იქ სხვა გოგონა ამჩნევს მას და იქ მყოფთ ეუბნება: „ესეც იესო ნაზარეველთან იყო“. პეტრე კიდევ ერთხელ უარყოფს და იფიცავს: „არ ვიცნობ ამ კაცს“.
პეტრე ეზოში რჩება და შეძლებისდაგვარად ცდილობს, არავინ შეამჩნიოს. შეიძლება ამ დროს განთიადის ბინდბუნდში მამლის ყივილი აფრთხობს. გადის დრო; იესოს დაკითხვა გრძელდება, რომელიც, როგორც ჩანს, შენობის იმ ნაწილში მიმდინარეობს, რომელიც ეზოს გადმოჰყურებს. ეჭვგარეშეა, რომ პეტრე და სხვა დაბლა მომლოდინეები ხედავენ მოწმეებად მოყვანილი სხვადასხვა ადამიანების მიმოსვლას.
დაახლოებით ერთი საათი გავიდა მას შემდეგ, რაც პეტრე უკანასკნელად ამოიცნეს როგორც იესოს მიმდევარი. ახლა მის ირგვლივ მდგომთაგან ზოგი ეუბნება: „ნამდვილად შენც მათგანი ხარ, ვინაიდან შენივე კილო გამხილებს შენ“. ხალხში იმყოფება იმ მალქოზის ნათესავი, რომელსაც პეტრემ ყური მოაჭრა. „განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში?“ — ეუბნება ის.
„არ ვიცნობ ამ კაცს“, — გადაჭრით ამტკიცებს პეტრე. ფაქტიურად, ის ცდილობს, წყევლითა და ფიცით დაუმტკიცოს, რომ ყველანი ცდებიან, სინამდვილეში კი საკუთარ თავს წყევლის, ვინაიდან სიმართლეს არ ამბობს.
როგორც კი პეტრე მესამედ უარყოფს, მამალი ყივის. და ამ დროს იესო — რომელიც, როგორც ჩანს, აივანზეა გამოსული, რომელიც ეზოს გადმოჰყურებს, — მისკენ ბრუნდება და უყურებს. პეტრეს მაშინვე ახსენდება იესოს სიტყვები, რომელიც რამდენიმე საათის წინ ზემოთა ოთახში თქვა: „სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო“. თავისი ცოდვის სიმძიმით გულდამძიმებული პეტრე გარეთ გადის და მწარედ ტირის.
როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? როგორ მოხდა, რომ თავის სულიერ სიმტკიცეში ასე დარწმუნებულმა პეტრემ ზედიზედ სამჯერ უარყო თავისი მოძღვარი? ეჭვგარეშეა, ეს ვითარებები მოულოდნელად ატყდება თავს პეტრეს. სიმართლე იბღალება და იესოს საშინელ ბოროტმოქმედად სახავენ. სიკეთე ბოროტებად არის წარმოდგენილი, ალალმართალი — დამნაშავედ. ამიტომ ამ ვითარებების ზეგავლენით პეტრე წონასწორობას კარგავს. მისი ურყევად ერთგულების სათანადო გრძნობა მოულოდნელად იმსხვრევა; მისდა სამწუხაროდ, მას ადამიანების წინაშე შიში ადუნებს. დაე არასდროს დაგვემართოს ეს ჩვენ! მათე 26:57, 58, 69–75; მარკოზი 14:30, 53, 54, 66–72; ლუკა 22:54–62; იოანე 18:15–18, 25–27.
▪ როგორ ახერხებენ პეტრე და იოანე მღვდელმთავრის ეზოში შესვლას?
▪ რა ხდება სახლში, როცა პეტრე და იოანე ეზოში არიან?
▪ რამდენჯერ ყივის მამალი და რამდენჯერ უარყოფს პეტრე, რომ იცნობს ქრისტეს?
▪ რას ნიშნავს პეტრეს წყევლა და ფიცილი?
▪ რა აიძულებს პეტრეს, უარყოს, რომ იცნობს იესოს?