არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უკანასკნელი მსახურება ტაძარში

უკანასკნელი მსახურება ტაძარში

თავი 110

უკანასკნელი მსახურება ტაძარში

იესო უკანასკნელად იმყოფება ტაძარში. ფაქტიურად, ის ამთავრებს თავის საჯარო მსახურებას დედამიწაზე, თუ არ ჩავთვლით მის წამებასა და სიკვდილით დასჯას, რაც სამი დღის შემდეგ მოხდება. ახლა ის განაგრძობს მწიგნობრებისა და ფარისევლების გამათრახებას.

კიდევ სამჯერ იესო ხმამაღლა ეუბნება: „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო“. პირველად ის მათზე „ვაის“ ამბობს იმის გამო, რომ ისინი ‘გარედან ასუფთავებენ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან მტაცებლობითა და უსამართლობით’. ამიტომ ის ურჩევს: „ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს“.

შემდეგ „ვაის“ ის მათი შინაგანი უწმინდურებისა და გახრწნილების გამო აბობს მწიგნობრებსა და ფარისევლებზე, რადგანაც ისინი მოჩვენებითი ღვთისმოსაობით ცდილობენ ამის დაფარვას. „შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, — ეუბნება ის, — რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსენია მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით“.

ბოლოს მათი თვალთმაქცობა ვლინდება წინასწარმეტყველების სამარხების აშენებასა და შემკობაში, რათა ამით სხვების ყურადღება მიაპყრონ თავიანთ ქველმოქმედებას. მაგრამ, როგორც იესო აჩვენებს, ისინი „წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი“ არიან. ნამდვილად, ყველას, ვინც მათი თვალთმაქცობის გამოაშკარავებას გაბედავს, საფრთხე ემუქრება!

იესო შემდეგ წარმოთქვამს სასჯელის უმკაცრეს სიტყვებს. „იქედნეთა ნაშობო გველებო! — ეუბნება ის. — როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?“ გეენა არის ველი, რომელიც იერუსალიმის ნაგავსაყარად გამოიყენებოდა. ამით იესო ამბობს, რომ მწიგნობრები და ფარისევლები თავიანთი ბოროტებისთვის მარადიული განადგურებით დაისჯებიან.

მათთან დაკავშირებით, რომელთაც იესო თავის წარმომადგენლებად აგზავნის, ამბობს: „თქვენ ზოგიერთ მათგანს მოკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაშოლტავთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში. გეწევათ მთელი ეს მართალი სისხლი, მიწაზე დათხეული, აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბერაზიას [რომელსაც „მეორე ნეშტთაში“ იეჰოიადაყი ეწოდება] ძის სისხლამდე, რომელიც ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის მოკალით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს ეწევა ამ მოდგმას“.

ზაქარიამ გაკიცხა ისრაელის წინამძღოლები, რის გამოც ისინი „შეითქვნენ მის წინააღმდეგ და მეფის ბრძანებით ჩააქვავეს უფლის სახლის ეზოში“. მაგრამ, როგორც იესო წინასწარმეტყველებს, ისრაელი პასუხს აგებს ყოველი ასეთი მართალი სისხლის დაღვრისთვის. მათ პასუხი აგეს 37 წლის მოგვიანებით, ახ. წ. 70 წელს, როცა რომაელთა ჯარებმა გაანადგურეს იერუსალიმი და მილიონზე მეტი ებრაელი დაიღუპა.

იესოს ამწუხრებს ამ საზარელ სურათზე ფიქრი. „იერუსალიმო, იერუსალიმო, — ამბობს იესო კიდევ ერთხელ, — რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ. აჰა, გრჩებათ ოხრად თქვენი სახლი“.

შემდეგ ამატებს: „ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’“ ეს დღე დადგება ქრისტეს თანდასწრების დროს, როცა ის მოვა თავის ზეციერ სამეფოში და ხალხი დაინახავს მას რწმენის თვალით.

ახლა იესო მიდის ისეთ ადგილზე, საიდანაც შეეძლება უყუროს ხალხს, რომლებიც ტაძრის საგანძურში ყრიან ფულს. მდიდრები ბევრ მონეტებს ყრიან. მაგრამ მოდის ღარიბი ქვრივი და აგდებს ძალიან მცირე ღირებულების ორ მონეტას.

იესო უხმობს თავის მოწაფეებს და ეუბნება: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო“. ეს როგორ? შეიძლება უკვირთ მათ. ამიტომ იესო განუმარტავს: „ყველამ თავისი სიუხვისაგან ჩადო, ამან კი თავისი სიმწრისაგან ჩადო, ყველაფერი რაც კი რამ გააჩნდა, მთელი თავისი სარჩო-საბადებელი“. ყოველივე ამის თქმის შემდეგ იესო საბოლოოდ ტოვებს ტაძარს.

ტაძრის სიდიდითა და სილამაზით გაოცებული იესოს მოწაფეები ამბობენ: „შეხედე, მოძღვარო, რა ქვებია და რა შენობები!“ მართლაც, ცნობების თანახმად, ქვების სიგრძე 11 მეტრს, სიგანე 5 მეტრს და სიმაღლე 3 მეტრს აღემატებოდა!

— ხედავ ამ დიდ შენობებს? — ეუბნება იესო. — ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს.

ამის თქმის შემდეგ იესო და მისი მოციქულები კვეთენ კედრონის ხევს და ზეთისხილის მთაზე ადიან. აქედან მათ შეუძლიათ დიდებული ტაძრის დანახვა. მათე 23:25—24:3; მარკოზი 12:41—13:3; ლუკა 21:1–6; მეორე ნეშტთა 24:20–22.

▪ რას აკეთებს იესო ტაძარში უკანასკნელად ყოფნის დროს?

▪ როგორ ვლინდება მწიგნობრებისა და ფარისევლების თვალთმაქცობა?

▪ რას ნიშნავს ‘გეენის სასჯელი’?

▪ რატომ ამბობს იესო, რომ ქვრივმა მდიდრებზე მეტი შესწირა?