უფლის სერობა
თავი 114
უფლის სერობა
თავისი მოციქულებისთვის ფეხების დაბანის შემდეგ იესო საღვთო წერილიდან ციტირებს ფსალმუნის 40:10-ს: „ჩემი პურის მჭამელმა ჩემზე აღმართა ქუსლი“. შემდეგ სულით აფორიაქებული ამბობს: „ერთი თქვენგანი გამცემს“.
მოციქულები ნაღვლიანდებიან და ერთმანეთის მიყოლებით ეკითხებიან: „მე ხომ არა ვარ?“ იუდა ისკარიოტელიც კი ეკითხება. მაგიდასთან იესოს გვერდით მყოფი იოანე მკერდში ეხუტება მას და ეკითხება:
— უფალო, ვინაა იგი?
— ერთი თორმეტთაგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჯამში ხელს ამოაწებს, — პასუხობს იესო. — თუმცა კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ, ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა: იმ კაცისათვის უმჯობესი იქნებოდა არ დაბადებულიყო.
ამის შემდეგ სატანა სარგებლობს იუდას გაბოროტებული გულით და კვლავ შედის მასში. მოგვიანებით, იმავე ღამეს, იესო მართებულად უწოდებს იუდას ‘დაღუპვის ძეს’.
ახლა იესო იუდას ეუბნება: „რასაც აკეთებ, მალე გააკეთე“. არც ერთ სხვა მოციქულს არ ესმის, თუ რას გულისხმობს იესო. ზოგი ფიქრობს, რომ, რადგანაც ყულაბა იუდასა აქვს, იესო მას ეუბნება: „სადღესასწაულოდ გვიყიდე, რაც გვჭირდება“, ან რომ წასულიყო და ღარიბებისთვის მიეცა რამე.
იუდას წასვლის შემდეგ იესო თავის ერთგულ მოციქულებთან ერთად აფუძნებს სრულიად ახალ დღესასწაულს, ანუ გახსენებას. ის იღებს პურს, სამადლობელ ლოცვას ამბობს, ამტვრევს, აძლევს მათ და ეუბნება: „აიღეთ, ჭამეთ“. ის განუმარტავს: „ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“.
როცა ყველამ შეჭამა პური, იესო იღებს ღვინით სავსე ფიალას, როგორც ჩანს, ამ პასექზე მეოთხეს. ამაზეც სამადლობელ ლოცვას ამბობს, გადასცემს მათ, სთხოვს დალიონ და ეუბნება: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება“.
სინამდვილეში, ეს არის იესოს სიკვდილის გახსენება. იესოს ნათქვამის თანახმად, ის ყოველი წლის 14 ნისანს უნდა აღნიშნონ მის გასახსენებლად. დღესასწაულის აღმნიშვნელებს ეს გაახსენებს, თუ რა გააკეთეს იესომ და მისმა ზეციერმა მამამ კაცობრიობის მოკვდავი მდგომარეობიდან გამოსახსნელად. იუდეველებისთვის, რომლებიც ქრისტეს მიმდევრები ხდებიან, ეს დღესასწაული შეცვლის პასექს.
ახალი კავშირი, რომელიც მოქმედებაში შედის იესოს დაღვრილი სისხლის საფუძველზე, ცვლის ძველ რჯულის კავშირს. იესო ქრისტე არის ორ ჯგუფს შორის შუამავალი — იეჰოვა ღმერთსა და 144 000 სულითშობილ ქრისტიანს შორის. ცოდვების პატიების გარდა, ეს კავშირი იძლევა მეფე-მღვდლების ზეციერი ერის ჩამოყალიბების საშუალებას. მათე 26:21–29; მარკოზი 14:18–25; ლუკა 22:19–23; იოანე 13:18–30; 17:12; 1 კორინთელთა 5:7.
▪ ბიბლიის რომელ წინასწარმეტყველებას ციტირებს იესო ერთ-ერთ თანმხლებთან დაკავშირებით და როგორ იყენებს ის ამას?
▪ რატომ ნაღვლიანდებიან ძალიან მოციქულები და რა კითხვას სვამს თითოეული მათგანი?
▪ რის გაკეთებას ავალებს იესო იუდას, მაგრამ როგორ გებულობენ ამას სხვა მოციქულები?
▪ რომელ დღესასწაულს აფუძნებს იესო იუდას წასვლის შემდეგ და რა მიზანს ემსახურება ის?
▪ ვინ შედის ახალ კავშირში და რას აღწევს ეს კავშირი?