უჩვეულო მოწაფე
თავი 45
უჩვეულო მოწაფე
რა საზარელი სურათი იშლება იესოს თვალწინ, როცა ის ნაპირზე გამოდის! ორი საოცრად გამძვინვარებული მამაკაცი გამოდის მახლობლად მდებარე სასაფლაოდან და მისკენ მირბის. ისინი დემონებით არიან შეპყრობილი. ვინაიდან ერთი მათგანი, შესაძლოა, უფრო მეტადაა გააფთრებული, ვიდრე მეორე, და უფრო დიდი ხანია დემონებითაა შეპყრობილი, ის ხვდება ყურადღების ცენტრში.
დიდი ხანია ეს საცოდავი კაცი შიშველი ცხოვრობს სამარხებს შორის. დღედაღამ განუწყვეტლივ ღრიალებს და ქვებით თავს ისახიჩრებს. ის ისეა გამძვინვარებული, რომ ვერავინ ბედავს იმ გზის შორიახლოს გავლას. მრავალჯერ მისი შებორკვის მცდელობის მიუხედავად, ის წყვეტს ჯაჭვს და ამსხვრევს ფეხებზე დადებულ ბორკილებს. ვერავინ იმორჩილებს მას.
როგორც კი მამაკაცი იესოს უახლოვდება და მის ფეხებთან ეცემა, დემონები, რომლებსაც ის ჰყავთ შეპყრობილი, გამგმირავად აყვირებენ მას: „რა გინდა ჩემგან, ძეო უზენაესი ღვთისა? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!“
„გადი ამ კაცისაგან, არაწმიდა სულო!“ — ეუბნება იესო. მაგრამ შემდეგ ეკითხება: „რა არის შენი სახელი?“
პასუხი ასეთია: „ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ“. დემონები ტკბებიან იმ ადამიანთა ტანჯვის ყურებით, რომლებსაც იპყრობენ და, როგორც ჩანს, სიამოვნებით ესხმიან მათ თავს ხროვებად, რითაც მშიშარა ბრბოს სულს ავლენენ. მაგრამ იესოსთან პირისპირ შეხვედრისას, ისინი სთხოვენ მას, რომ უფსკრულში არ გაგზავნოს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ იესოს დიდი ძალა ჰქონდა; მას ბოროტი დემონების დამორჩილებაც კი შეეძლო. ეს აგრეთვე ცხადყოფს, რომ დემონებს სრულად აქვთ შეგნებული, რომ თავიანთ ხელმძღვანელ სატანა ეშმაკთან ერთად ღვთისგან მსჯავრდებული არიან უფსკრულში ჩასაყრელად.
მახლობლად მდებარე მთაზე ძოვს ღორების კოლტი, რომელშიც დაახლოებით 2 000 ღორია. ამიტომ დემონები ეუბნებიან: „მიგვრეკე ღორებთან, რომ შევიდეთ მათში“. ცხადია, დემონებს რაღაც არაბუნებრივ, სადისტურ სიამოვნებას ჰგვრის, ხორციელი ქმნილებების სხეულში ყოფნა. როცა იესო ნებას რთავს, შევიდნენ ღორებში, ყველა 2 000 ღორი კბოდედან ზღვას აწყდება და იხრჩობა.
ამის მნახველი ღორების მწყემსები ამ ახალ ამბავს სწრაფად ავრცელებენ ქალაქსა და სოფლებში. ამის გამო ხალხი მოდის მომხდარის სანახავად. როცა ისინი მოდიან, ხედავენ დემონებისგან გათავისუფლებულ კაცს. ის, შემოსილი და საღ გონებაზე მყოფი, იესოს ფეხებთან ზის!
თვითმხილველები ყვებიან, თუ როგორ გამომჯობინდა ეს კაცი. აგრეთვე ისინი ხალხს უყვებიან ღორების უჩვეულო სიკვდილის შესახებ. ამის მოსმენაზე ხალხს დიდი შიში იპყრობს და დაჟინებით სთხოვს იესოს, დატოვოს მათი მხარე. ის ასრულებს მათ თხოვნას და ნავში ჯდება. დემონებისგან გათავისუფლებული კაცი იესოს სთხოვს, ნება დართოს თან გაყოლაზე. მაგრამ იესო ეუბნება: „წადი შენს სახლში, შენიანებთან, და უთხარი მათ, რა გიყო ღმერთმა და რაოდენ შეგიწყალა“.
ჩვეულებრივ, იესო, მათ, ვისაც კურნავს, აფრთხილებს ხოლმე, არავის უთხრან ამის შესახებ, ვინაიდან არ სურს, ხალხმა მოსმენილი სენსაციური ცნობების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილებები. მაგრამ ეს გამონაკლისი მართებულია, რადგან ეს დემონებისგან გათავისუფლებული კაცი დაამოწმებს ხალხში, რომლებსაც იესო შეიძლება ვეღარ ნახავს. გარდა ამისა, ამ კაცის არსებობა დაადასტურებდა იესოს ძალისა და კეთილი საქმეების შესახებ, გაანეიტრალებდა ყოველგვარ არასასურველ ცნობას, რომელიც ღორების დაკარგვის გამო შეიძლება დატრიალებულიყო.
დემონებისგან გათავისუფლებული ემორჩილება იესოს ნათქვამს და მიდის. ის იწყებს ათქალაქში ყოველივეს მოყოლას, რაც იესომ გაუკეთა და ხალხი, უბრალოდ, გაოცებულია. მათე 8:28–34; მარკოზი 5:1–20; ლუკა 8:26–39; გამოცხადება 20:1–3.
▪ რატომ ხვდება ყურადღების ცენტრში ორიდან მხოლოდ ერთი დემონებით შეპყრობილი?
▪ რა ცხადყოფს, რომ დემონებმა იციან მომავალში თავიანთი უფსკრულში მოხვედრის შესახებ?
▪ როგორც ჩანს, რატომ მოსწონთ დემონებს ადამიანებისა და ცხოველების შეპყრობა?
▪ რატომ უშვებს იესო გამონაკლისს დემონებით შეპყრობილის შემთხვევაში და რატომ ეუბნება, რომ სხვებსაც მოუყვეს, რაც მას გაუკეთა?