ფარეხები და მწყემსი
თავი 80
ფარეხები და მწყემსი
იესო იერუსალიმში ჩავიდა მიძღვნის, ანუ ხანუკას დღესასწაულზე, რომელსაც იეჰოვასადმი ტაძრის ხელახლა მიძღვნის აღსანიშნავად ზეიმობენ. ძვ. წ. 168 წელს, დაახლოებით 200 წლის წინ, ანტიოქე IV ეპიფანემ დაიპყრო იერუსალიმი და წაბილწა ტაძარი და მისი სამსხვერპლო. მაგრამ სამი წლის შემდეგ იერუსალიმი გაათავისუფლეს და მოხდა ტაძრის ხელახლა მიძღვნა. ამის შემდეგ შემოიღეს ხელახლა მიძღვნის ყოველწლიური დღესასწაული.
მიძღვნის ეს დღესასწაული აღინიშნება იუდაური კალენდრით 25 ქისლევს, რომელიც თანამედროვე კალენდრით ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისს შეესაბამება. ამგვარად, ახ. წ. 33 წლის დიდი მნიშვნელობის მქონე პასექამდე ას დღეზე ცოტა მეტი დარჩა. რადგან წელიწადის ამ დროს ცივი ამინდები იცის, იოანე მოციქული ამბობს, ‘ზამთარი იდგაო’.
იესო ამჯერად იყენებს იგავს სამი ფარეხისა და თავისი, როგორც კეთილი მწყემსის, როლის შესახებ. პირველი ფარეხი, რომლის შესახებაც ის ლაპარაკობს, ასახავს მოსეს რჯულის კავშირის ღონისძიებას. ეს რჯული იყო ბარიერი, რომელიც იუდეველებს იმ ხალხის გამხრწნელი ჩვეულებებისგან იცავდა, რომლებიც არ იყვნენ ღმერთთან ამ განსაკუთრებულ კავშირში. იესო განმარტავს: «ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: „ვინც კარიდან არ შედის ცხვრის ფარეხში და სხვა გზით გადადის, ქურდი და ავაზაკია იგი. ვინც კარიდან შედის, ცხვრის მწყემსია იგი“.
სხვები მოდიოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მესია ანუ ქრისტე იყვნენ, მაგრამ ისინი არ იყვნენ ნამდვილი მწყემსები, რომლებზეც იესო ამბობს: „მეკარე უღებს მას, ცხვარი უსმენს მის ხმას, იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვარს და გამოჰყავს ისინი. . . უცხოს არ გაჰყვება, გაექცევა, რადგან უცხოთა ხმას არ იცნობს“.
პირველი ფარეხის „მეკარე“ იყო იოანე ნათლისმცემელი. როგორც მეკარემ, იოანემ იესოს კარი ‘გაუღო’ იმით, რომ ის სიმბოლურ ცხვრებს საძოვრისკენ წარმმართველ წინამძღოლად წარუდგინა. ცხვრებს, რომლებსაც იესო სახელით უხმობს და უძღვება, როგორც თვითონ განმარტავს, საბოლოოდ შეიყვანენ სხვა ფარეხში: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა“, ესე იგი ახალი ფარეხის კარი. როცა იესო თავის მოწაფეებთან ახალ კავშირს ამყარებს და ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მათზე სულიწმიდას აფრქვევს, ამით მათ ახალ ფარეხში ღებულობს.
შემდეგ, თავისი როლის ახსნისას, იესო ამბობს: „მე ვარ კარი: ვინც შედის ჩემით, გადარჩება. შევა და გამოვა, და საძოვარს ჰპოვებს. . . მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ. . . მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე, როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. ჩემს სულს ვწირავ ცხვართათვის“.
ახლახან იესომ ანუგეშა თავისი მიმდევრები, როცა უთხრა: „ნუ გეშინია მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ მოისურვა თქვენთვის სასუფევლის მოცემა“. ეს მცირე სამწყსო, რომელიც მხოლოდ 144 000-გან შედგება, შედის ამ ახალ, ანუ მეორე, ფარეხში. მაგრამ იესო განაგრძობს: „მე სხვა ცხვრებიცა მყავს, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო. მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი“.
რადგან ‘სხვა ცხვრები’ „ამ ფარეხისა“ არ არიან, ისინი უნდა იყვნენ სხვა, მესამე, ფარეხიდან. ამ უკანასკნელ ორ ფარეხს ანუ ცხვრის სადგომს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. ერთ ფარეხში მყოფი „მცირე სამწყსო“ ქრისტესთან ერთად იმმართველებს ზეცაში, ხოლო მეორე ფარეხში მყოფი ‘სხვა ცხვრები’ იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ფარეხში იმყოფებიან, ცხვრები არ არიან არც შურიანები და არც დაყოფილები, არამედ, როგორც იესო ამბობს: „იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი“.
კეთილი მწყემსი, იესო ქრისტე, ნებაყოფლობით დებს საკუთარ სიცოცხლეს ორივე ფარეხის ცხვრებისთვის. „მე თვით ვწირავ მას, — ამბობს ის. — მე მაქვს ხელმწიფება მის გასაწირავად და მაქვს ხელმწიფება მის დასაბრუნებლად. ეს მცნება მამაჩემისგან მივიღე“. როცა იესო ამას ამბობს, იუდეველთა შორის განხეთქილება ხდება.
ხალხიდან მრავალი ამბობს: „ეშმაკეულია იგი და შეშლილი. რისთვის უსმენთ მას?“ მაგრამ სხვები პასუხობენ: „ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის“. შემდეგ, როგორც ჩანს, ისინი იხსენებენ ორი თვის წინ იესოს მიერ დაბადებიდან ბრმის განკურნებას და ამატებენ: „განა შეძლებს ეშმაკი, ბრმას თვალი აუხილოს?“ იოანე 10:1–22; 9:1–7; ლუკა 12:32; გამოცხადება 14:1, 3; 21:3, 4; ფსალმუნი 36:29.
▪ რა არის მიძღვნის დღესასწაული და როდის ზეიმობენ მას?
▪ რა არის პირველი ფარეხი და ვინ არის მისი მეკარე?
▪ როგორ უღებს მეკარე მწყემსს კარს და სად მიჰყავთ ცხვრები?
▪ ვინ იმყოფება კეთილი მწყემსის ორივე ფარეხში და რამდენ ფარას ქმნიან ისინი?