არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ფარისეველთან სადილობა

ფარისეველთან სადილობა

თავი 76

ფარისეველთან სადილობა

მას შემდეგ, რაც იესომ უპასუხა გამკრიტიკებლების კითხვას, თუ საიდან ჰქონდა მუნჯის განკურნების ძალა, ერთი ფარისეველი სადილად იწვევს. ფარისევლებს ჩვევად აქვთ ჭამის წინ ხელების იდაყვამდე დაბანა. ისინი ამას აკეთებენ ჭამის წინ, ჭამის შემდეგ და ჭამის დროს, შუალედებში. თუმცა ეს ჩვეულება არ არღვევს ღვთის დაწერილ კანონს, მაგრამ ის სცილდება ღვთის მოთხოვნების ფარგლებს ცერემონიალურ განწმენდასთან დაკავშირებით.

იესო არ იქცევა ამ ჩვეულებისამებრ, რაც მასპინძელს აოცებს. თუმცა შეიძლება ის თავის გაოცებას სიტყვიერად არ გამოხატავს, იესო ამჩნევს ამას და ეუბნება: „ახლა თქვენ, ფარისეველნო, სასმისსა და საინს გარედან ასუფთავებთ, თქვენი შინაგანი კი სავსეა მტაცებლობით და ბოროტებით. უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც?“

იესო ამით ამხელს ფარისეველთა თვალთმაქცობას, რომლებიც ჩვეულებისამებრ იბანენ ხელებს, მაგრამ გულებს არ ისუფთავებენ ბოროტებისგან. ის ურჩევს: „გაეცით მოწყალება, რაც შიგნითაა, და, აჰა, ყველაფერი სუფთა გექნებათ“. ისინი მოსიყვარულე გულს უნდა აღეძრა მოწყალების გაცემისკენ და არა სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის ან მართლებად ყოფნის პრეტენზიის სურვილს.

„ვაი თქვენ, ფარისეველნო, — განაგრძობს იესო, — რომ გამოჰყოფთ პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი ბოსტნეულის მეათედს და გვერდს უქცევთ ღვთის სამართალსა და სიყვარულს! ეს უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა დაგეტოვებინათ“. ღვთის რჯულით ისრაელებს მოეთხოვებოდათ მოწეული მოსავლის მეათედის გადახდა. პიტნა და ტეგანი პატარა მცენარეები, ანუ მწვანილეულია, რაც საჭმლის შესაკაზმად გამოიყენება. ფარისევლები ზედმიწევნით იხდიან ამ უმნიშვნელო მცენარეების მეათედსაც კი, მაგრამ იესო მათ განსჯის უფრო მნიშვნელოვანი მოთხოვნის, სიყვარულის, სიკეთისა და მოკრძალების, გამოვლენის უგულებელყოფისთვის.

იესო განაგრძობს მათ განსჯას და ეუბნება: „ვაი თქვენ, ფარისეველნო, რომ გიყვართ პირველ ადგილზე ჯდომა სინაგოგებში და მოსალმებანი მოედნებზე! ვაი თქვენ, რადგან ხართ უჩინარი სამარხებივით, რომლებზეც ადამიანები დადიან და არც კი იციან!“ მათი უწმინდურება დაფარულია. ფარისეველთა რელიგია გარეგნულად მიმზიდველია, მაგრამ შინაგანად არაფრად არ ღირს! ის თვალთმაქცობაზეა დაფუძნებული.

ასეთი მსჯავრდების მოსმენაზე რჯულის მცოდნე, ღვთის რჯულში გათვითცნობიერებული პიროვნება, უკმაყოფილებას გამოთქვამს: „მოძღვარო, ამას რომ ამბობ, ამით ჩვენც გვაყენებ შეურაცხყოფას“.

იესო რჯულის ამ მცოდნეებსაც მიიჩნევს პასუხისმგებლებად და ეუბნება: „ვაი თქვენც, რჯულის მცოდნენო, რომ აჰკიდებთ ადამიანებს მძიმე ტვირთს, თვითონ კი იმ ტვირთს თითსაც არ აკარებთ. ვაი თქვენ, სამარხებს რომ უშენებთ წინასწარმეტყველთ, რომელნიც თქვენმა მამებმა დახოცეს!“

ტვირთი, რომელზეც იესო ლაპარაკობს, არის ზეპირსიტყვიერი ჩვეულებები, მაგრამ რჯულის მცოდნეები, ხალხისთვის მისი შესრულების შესამსუბუქებლად მათგან ყველაზე უმნიშვნელოსაც არ ცვლიან. იესო ცხადყოფს, რომ ისინი წინასწარმეტყველთა დახოცვაზეც კი თანხმდებიან და წინასწარ აფრთხილებს: ‘ამ მოდგმას მოეკითხება ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც წუთისოფლის შექმნიდან დაღვრილა — აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარიას სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ტაძარს შორის დაიღუპა. აჰა, გეუბნებით, ამ მოდგმას მოეკითხება’.

გამოსასყიდმა კაცობრიობამ არსებობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ადამსა და ევას შვილები შეეძინათ; ამგვარად, აბელი ცხოვრობდა „წუთისოფლის შექმნიდან“. ზაქარიას სასტიკი მკვლელობის შემდეგ სირიის ჯარებმა გაანადგურეს იუდა. მაგრამ იესო წინასწარმეტყველებს თავისი მოდგმის უარეს განადგურებას მათი უფრო მეტი ბოროტების გამო. ეს განადგურება ხდება 38 წლის მოგვიანებით, ახ. წ. 70 წელს.

იესო განაგრძობს მსჯავრდებას და ეუბნება: „ვაი თქვენ, რჯულის მცოდნენო, რომ წარიტაცეთ ცოდნის გასაღები! არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებიც დააბრკოლეთ“. რჯულის მცოდნეები ვალდებულნი არიან, განუმარტონ ხალხს ღვთის სიტყვა, გააგებინონ მისი მნიშვნელობა. მაგრამ ისინი არ აკეთებენ ამას და ხალხს მისი გაგების შესაძლებლობასაც კი ართმევენ.

ფარისევლები და რჯულის მცოდნეები გააფთრებულნი არიან, რადგან იესომ ამხილა ისინი. როცა ის სახლიდან გამოდის, ისინი სასტიკად ეწინააღმდეგებიან მას, ალყაში აქცევენ და კითხვას კითხვაზე უსვამენ. ცდილობენ, სიტყვაში გამოიჭირონ და ამის საფუძველზე დააპატიმრონ. ლუკა 11:37–54; მეორე რჯული 14:22; მიქა 6:8; 2 ნეშტთა 24:20–25.

▪ რატომ განსჯის იესო ფარისევლებსა და რჯულის მცოდნეებს?

▪ რა ტვირთს ჰკიდებენ რჯულის მცოდნეები ხალხს?

▪ როდის ‘შეიქმნა წუთისოფელი’?