არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ფარისევლები განზრახ არ იჯერებენ

ფარისევლები განზრახ არ იჯერებენ

თავი 71

ფარისევლები განზრახ არ იჯერებენ

როცა ფარისევლები იბარებენ, ბრმა მათხოვრის მშობლებს შიში იპყრობს. მათ იციან, რომ მიღებულია დადგენილება — სინაგოგიდან მოიკვეთოს ყველა, ვისაც იესო სწამს. სხვებთან ურთიერთობისგან მოკვეთას შეიძლება დიდი სიძნელეები მოჰყვეს, განსაკუთრებით კი, ღარიბი ოჯახისთვის. ამიტომ მშობლები ფრთხილობენ.

— ესაა თქვენი ვაჟი, ვისზეც ამბობთ, რომ ბრმა დაიბადაო? — ეკითხებიან ფარისევლები. — ახლა როგორღა ხედავს?

— ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა, — უდასტურებენ მშობლები. — მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით, ან ვინ აუხილა თვალები, არც ეგ ვიცით.

რასაკვირველია, მათი ვაჟი მოუყვებოდა მომხდარის შესახებ, მაგრამ მშობლები ფრთხილობენ და ეუბნებიან:

— ხომ ასაკოვანია, მას ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე.

ამიტომ ფარისევლები ისევ უხმობენ მამაკაცს. ამჯერად ისინი მის დაშინებას ცდილობენ და ეუბნებიან, რომ იესოს წინააღმდეგ საბრალდებო ფაქტები აქვთ შეგროვილი.

— მიაგე დიდება ღმერთს, — მოითხოვენ ისინი. — ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილია ის კაცი.

ყოფილი ბრმა არ უარყოფს მათ ბრალდებას:

— არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა, — მაგრამ ამატებს: — ერთი რამ ვიცი: ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ.

ფარისევლები ცდილობენ, სუსტი ადგილი უპოვონ მის მტკიცებას, და კვლავ ეკითხებიან:

— რა გაგიკეთა, როგორ აგიხილა თვალები?

— მე უკვე გითხარით, — ჩივის მამაკაცი, — და არ მისმინეთ, რად გინდათ კვლავ მოსმენა? ან იქნებ მის მოწაფეებად გახდომა გსურთ? — სარკასტულად ეკითხება ის.

ეს პასუხი აბრაზებს ფარისევლებს. „შენა ხარ მისი მოწაფე, — განსჯიან ისინი, — ჩვენ კი მოსეს მოწაფეები ვართ. ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი. ამაზე კი არაფერი ვიცით, საიდანაა იგი“.

თავმდაბალი მათხოვარი გაოცებით პასუხობს:

— საკვირველი სწორედ ისაა, რომ თქვენ არ იცით, საიდანაა იგი, მან კი თვალები ამიხილა.

რა დასკვნის გაკეთება შეიძლება აქედან? მათხოვარი მიუთითებს აღიარებულ პრინციპზე:

— ჩვენ კი ვიცით, რომ ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი, არამედ, ვინც ღვთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს. საუკუნიდან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმად დაბადებულისთვის თვალები აეხილოს.

ამგვარად, დასკვნა ნათელია: „ეს რომ ღვთისაგან არ ყოფილიყო, ვერაფერს გახდებოდა“.

ფარისევლები ვერაფერს პასუხობენ ასეთ პირდაპირ, ნათელ ლოგიკაზე. ისინი ვერ იტანენ ჭეშმარიტებას და, ამიტომ ლანძღავენ მამაკაცს:

— შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?

ამის შემდეგ ისინი მამაკაცს გარეთ აგდებენ, რაც, როგორც ჩანს, მისი სინაგოგიდან მოკვეთას ნიშნავს.

როცა იესო გებულობს, რაც მათ გააკეთეს, ის პოულობს მამაკაცს და ეუბნება:

— შენ გწამს კაცის ძე?

პასუხად ყოფილი ბრმა მათხოვარი ეკითხება:

— ვინაა იგი, უფალო, რომ ვიწამო?

— ვინც შენ გელაპარაკება, ისაა, — პასუხობს იესო.

მამაკაცი მაშინვე იესოს წინაშე ემხობა და ეუბნება: მე მწამს, უფალო.

შემდეგ იესო განმარტავს: „განსასჯელად მოვედი ამ წუთისოფელში, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ“.

ამის მოსმენაზე ფარისევლები ეკითხებიან: „ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?“

თუ ისინი მიხვდებოდნენ, რომ გონებით ბრმები იყვნენ, შეწყნარებული იქნებოდნენ იესოს მიმართ წინააღმდეგობის გამო. იესო ეუბნება: „ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ“. მაგრამ ისინი თავიანთი სიჯიუტით ამტკიცებენ, რომ ბრმები არ არიან და არ სჭირდებათ სულიერი განათლება. ამიტომ იესო ეუბნება: „რაკი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, თქვენი ცოდვა რჩება“. იოანე 9:19–41.

▪ რატომ ეშინიათ ყოფილი ბრმა მათხოვრის მშობლებს, როცა მათ ფარისევლები იბარებენ და, ამიტომ რას პასუხობენ ისინი სიფრთხილის გამო?

▪ როგორ ცდილობენ ფარისევლები ყოფილი ბრმის დაშინებას?

▪ მამაკაცის რომელი ლოგიკური არგუმენტები ააფთრებს ფარისევლებს?

▪ რატომ არ ეპატიებათ ფარისევლებს იესოს მიმართ წინააღმდეგობა?