არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ქალი შეეხო იესოს ტანსაცმელს

ქალი შეეხო იესოს ტანსაცმელს

თავი 46

ქალი შეეხო იესოს ტანსაცმელს

ახალი ამბავი ათქალაქიდან იესოს დაბრუნების შესახებ სწრაფად ვრცელდება კაპერნაუმში და ზღვასთან ხალხის დიდი ჯგუფი იყრის თავს, რათა შეხვდნენ მის დაბრუნებას. ეჭვგარეშეა, მათ მოისმინეს იესოს მიერ ქარიშხლის დაწყნარებისა და დემონებით შეპყრობილი მამაკაცების განკურნების შესახებ. ახლა, როცა ის ნაპირზე გადმოდის, ისინი, აღფრთოვანებითა და მოლოდინით აღსავსენი, გარს ერტყმიან მას.

ერთ-ერთი, ვისაც იესოს ნახვის დიდი სურვილი აქვს, არის იაიროსი — სინაგოგის უფროსი. ის იესოს ფეხებთან ეცემა და ევედრება: „ჩემი გოგონა სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს“. გოგონა ძალზე ძვირფასია იაიროსისთვის, ვინაიდან ის მისი ერთადერთი ქალიშვილია და, თანაც, მხოლოდ 12 წლისაა.

იესო მიჰყვება და უამრავი ხალხის თანხლებით იაიროსის სახლში მიდის. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ხალხის აღფრთოვანება კიდევ ერთი სასწაულის მოლოდინში. მაგრამ ხალხიდან ერთ-ერთი ქალის ყურადღება მთლიანად პირად სერიოზულ პრობლემაზეა გადატანილი.

ეს ქალი თორმეტი წლის განმავლობაში სისხლდენით იტანჯებოდა. ის დადიოდა ხან ერთ, ხან მეორე ექიმთან და მთელ თავის ფულს მკურნალობაზე ხარჯავდა. მაგრამ ვერ მიიღო დახმარება. პირიქით, მისი მდგომარეობა გაუარესდა.

როგორც ხედავ, ძლიერი ტანჯვის გარდა, მისი დაავადება უხერხულობის გამომწვევი და დამამცირებელია. ჩვეულებრივ, ასეთ დაავადებაზე საჯაროდ არ ლაპარაკობენ. გარდა ამისა, მოსეს კანონის თანახმად, სისხლდენის დროს ქალი უწმინდურია და ყველა, ვინც მას ან მის სისხლიან სამოსელს შეეხება, უნდა განიბანოს და საღამომდე უწმინდური რჩება.

ქალს გაგებული აქვს იესოს სასწაულები და ეძებს მას. თავისი უწმინდურობის გამო ის რაც შეიძლება შეუმჩნევლად ერევა ხალხში და საკუთარ თავს ეუბნება: „მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნები“. ამის გაკეთებისთანათავე ის გრძნობს, რომ სისხლდენა მაშინვე უწყდება!

„ვინ შემეხო?“ რამდენად გამაოგნებელი უნდა ყოფილიყო მისთვის ქრისტეს ეს სიტყვები! როგორ გაიგო? „მოძღვარო, — ეპასუხება პეტრე, — ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ: ვინ შემეხოო?“

იესო ირგვლივ მიმოიხედავს, თან ქალს ეძებს და თან ამბობს: „ვიღაც შემეხო მე, ვინაიდან ვგრძნობ, რომ ძალა გავიდა ჩემგან“. რასაკვირველია, ეს ჩვეულებრივი შეხება არ არის, რადგან მას  მოჰყვა განკურნება, რის გამოც იესოსგან ენერგია გავიდა.

როცა ქალი ხედავს, რომ ის შეუმჩნეველი არ დარჩა, მიდის იესოსთან და შეშინებული და აკანკალებული ემხობა მის წინაშე. ყველას წინაშე ყვება მთელ სიმართლეს თავისი დაავადების შესახებ და იმას, თუ როგორ განიკურნა სულ ახლახანს.

მისი სრული აღსარებით შეძრული იესო თანაგრძნობით ანუგეშებს მას: „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით“. რამდენად შესანიშნავია იმის ცოდნა, რომ ღმერთმა დედამიწის მმართველად ამოირჩია ასეთი გულთბილი, თანამგრძნობი პიროვნება, რომელიც ზრუნავს კიდეც ადამიანებზე და ძალაც შესწევს ამის გასაკეთებლად. მათე 9:18–22; მარკოზი 5:21–34; ლუკა 8:40–48; ლევიანნი 15:25–27.

▪ ვინ არის იაიროსი და რატომ მიდის ის იესოსთან?

▪ რა პრობლემა აწუხებს ერთ ქალს და ასე რატომ უჭირს იესოსთან დახმარების მისაღებად მისვლა?

▪ როგორ იკურნება ქალი და როგორ ანუგეშებს მას იესო?