ქრისტეს სამეფო დიდების წინასწარ ხილვა
თავი 60
ქრისტეს სამეფო დიდების წინასწარ ხილვა
იესო მივიდა ფილიპეს კესარიის მხარეში და უამრავ ხალხს ასწავლის, თავისი მოციქულების ჩათვლით. ის იქ განსაცვიფრებელ სიტყვებს ამბობს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს, თავის სასუფეველში მომავალს“.
‘რა აქვს იესოს მხედველობაში?’ — შეიძლება ეკითხებიან საკუთარ თავს მოწაფეები. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ იესოს პეტრე, იაკობი და იოანე მიჰყავს მაღალ მთაზე. შეიძლება ღამით, რადგან მოწაფეებს ეძინებათ. ლოცვის დროს იესო გარდაისახება მათ წინაშე. მისი სახე მზესავით ბრწყინდება და ტანსაცმელი თვალისმომჭრელად კაშკაშებს.
შემდეგ ცხადდება ორი პიროვნება, „მოსე და ელია“, და იესოს ელაპარაკებიან „მის წასვლაზე, რომელიც იერუსალიმში უნდა აღესრულებინა“. წასვლა, როგორც ჩანს, მიუთითებს იესოს სიკვდილსა და აღდგენაზე. ამგვარად, ეს საუბარი ადასტურებს, რომ მისი დამამცირებელი სიკვდილი არ არის ასარიდებელი რამ, როგორც ეს პეტრეს სურდა.
ახლა სრულიად გამოფხიზლებული მოწაფეები გაოცებულები უყურებენ და ისმენენ ყოველივე ამას. თუმცა ეს ხილვაა, მაგრამ იმდენად რეალური ჩანს, რომ პეტრე ამ მოვლენებში იჭრება და ამბობს: „უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს, გავაკეთებ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას“.
პეტრეს ლაპარაკის დროს ნათელი ღრუბელი ფარავს მათ და ღრუბლიდან ხმა ამბობს: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ!“ ხმის გაგონებაზე მოწაფეები პირქვე ემხობიან, მაგრამ იესო ეუბნება: „წამოდექით და ნუ გეშინიათ“. როცა ისინი დგებიან, იესოს გარდა ვეღარავის ხედავენ.
მეორე დღეს, მთიდან ჩამოსვლისას, იესო აფრთხილებს მათ: „არავის არაფერი მოუყვეთ ამ ხილვაზე, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება“. ხილვაში ელიას გამოჩენა მოწაფეებში ბადებს კითხვას:
— რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო?
— ელია უკვე მოვიდა, — განუმარტავს იესო, — მაგრამ ვერ იცნეს იგი.
ის იოანე ნათლისმცემელზე ლაპარაკობს, რომელმაც ელიას მსგავსი როლი შეასრულა. მან გზა გაუმზადა იესოს, როგორც ელიამ გაუმზადა გზა ელისეს.
როგორი განმამტკიცებელია ეს ხილვა, როგორც იესოსთვის, აგრეთვე მისი მოწაფეებისთვის! ეს ხილვა, ასე ვთქვათ, არის ქრისტეს სამეფო დიდების წინასწარ ნახვა. სინამდვილეში, მოწაფეებმა იხილეს ‘კაცის ძე თავის სასუფეველში მომავალი’, სწორედ ისე, როგორც იესომ აღუთქვა ერთი კვირის წინ. იესოს სიკვდილის შემდეგ პეტრე წერდა: „მისი [ქრისტეს] სიდიადე საკუთარი თვალით ვიხილეთ. . . როცა მასთან ერთად წმიდა მთაზე ვიყავით“.
ფარისევლებმა იესოს ნიშანი სთხოვეს იმის დასადასტურებლად, რომ ის იყო წერილებში აღთქმული პიროვნება, ღვთის არჩეული მეფე. მათ არ მიეცათ ასეთი ნიშანი. იესოს ახლო მოწაფეებმა კი იხილეს იესოს გარდასახვა, როგორც სამეფოს შესახებ წინასწარმეტყველებების დადასტურება. ამგვარად, პეტრე მოგვიანებით წერდა: „ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა“. მათე 16:13, 28—17:13; მარკოზი 9:1–13; ლუკა 9:27–37; 2 პეტრე 1:16–19.
▪ როგორ იხილა ზოგმა სიკვდილამდე თავის სამეფოში მომავალი ქრისტე?
▪ რაზე ესაუბრებიან მოსე და ელია ხილვაში იესოს?
▪ რატომ არის ეს ხილვა მოწაფეებისთვის ასე განმამტკიცებელი?