ქრისტეს ტრიუმფალური შესვლა იერუსალიმში
თავი 102
ქრისტეს ტრიუმფალური შესვლა იერუსალიმში
მომდევნო დილას, კვირას, 9 ნისანს, იესო თავის მოწაფეებთან ერთად ტოვებს ბეთანიას და ზეთისხილის მთის გავლით იერუსალიმში მიდის. მალე ისინი უახლოვდებიან ბეთბაგეს, რომელიც ზეთისხილის მთაზე მდებარეობს. იესო თავის ორ მოწაფეს არიგებს:
„წადით სოფელში, რომელიც თქვენს წინაა და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს ჩოჩორთან ერთად. აუშვით და მომიყვანეთ. თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით: უფალს სჭირდება-თქო და მაშინვე გამოგატანთ მათ“.
თუმცა თავდაპირველად მოწაფეებს არ ესმით, რომ ეს მითითება დაკავშირებულია ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულებასთან, მაგრამ მოგვიანებით ხვდებიან ამას. ზაქარია წინასწარმეტყველმა თქვა, რომ ღვთის აღთქმული მეფე იერუსალიმში ჩოჩორზე, დიახ, „ხრდალი ვირის ნაშიერზე“ ამხედრებული უნდა შესულიყო. ჩოჩორზე ამხედრებული მიდიოდა მეფე სოლომონიც, ზეთი რომ ეცხოთ.
როცა მოწაფეები ბეთბაგეში შედიან და ჩოჩორსა და მის დედას უშვებენ, ზოგი იქ მდგომი ეკითხება: „რას შვრებით?“ მაგრამ, როცა უთხრეს, რომ იესოსთვის უნდოდათ, მამაკაცებმა გაატანეს ისინი. მოწაფეები თავიანთ ტანისამოსს აფენენ დედა ვირსა და მის ნაშიერზე, მაგრამ იესო ჩოჩორზე ჯდება.
იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე ხალხის რიცხვი მატულობს. ხალხის უმრავლესობა თავის სამოსელს უფენს გზაზე, სხვები კი ხეების ტოტებს ჭრიან და უფენენ. „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! — ყვირიან ისინი. — მშვიდობა ცაზე და დიდება მაღალთა შინა!“
ამის მოსმენაზე ხალხში მყოფი ზოგი ფარისეველი ბრაზდება და უკმაყოფილოდ მიმართავს იესოს: „მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს“. მაგრამ იესო პასუხობს: „თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ“.
იერუსალიმთან მიახლოებისას იესო უყურებს ქალაქს და იწყებს მასზე გოდებას: „ნეტავ ამ დღეს მაინც გცოდნოდა, რაც სამშვიდობოა შენთვის, მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან“. როგორც იესო წინასწარმეტყველებს, შეგნებული დაუმორჩილებლობისთვის იერუსალიმმა სამაგიერო უნდა ზღოს:
„მტრები [რომაელები გენერალ ტიტუსის მეთაურობით] შენს წინააღმდეგ აღმართავენ ზვინულს, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან. მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში. ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში“. იერუსალიმის ეს განადგურება, რომელიც იესომ იწინასწარმეტყველა, სინამდვილეში, ხდება 37 წლის შემდეგ, ახ. წ. 70 წელს.
მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ ხალხში მყოფთაგან მრავალმა იხილა, რომ იესომ ლაზარე აღადგინა. ახლა ისინი სხვებსაც უყვებიან ამ სასწაულის შესახებ. ამიტომ, როცა იესო იერუსალიმში შედის, მთელი ქალაქი აფუსფუსდება. „ეს ვინ არის“? — აინტერესებთ ქალაქში. ხალხი კი პასუხობს: „ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან“. ამის შემხედვარე ფარისევლები სწუხან, რომ არაფრის გაკეთება შეუძლიათ და ამბობენ: „მთელი წუთისოფელი მას მიჰყვება“.
ჩვეულებისამებრ, იერუსალიმში ჩასვლისას იესო ტაძარში მიდის, რათა ასწავლოს. იქ მასთან მიდიან ბრმები და კოჭლები და ის კურნავს მათ! როცა მღვდელმთავრები და მწიგნობრები ამ სასწაულებს ხედავენ და, როცა ისმენენ ტაძარში მყოფი ბავშვების ყვირილს: „ოსანა დავითის ძეს!“ — ბრაზდებიან. „თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?“ — პროტესტს აცხადებენ ისინი.
— ჰო! — პასუხობს იესო. — ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ‘ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება’?
იესო განაგრძობს სწავლებას და ტაძარში ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებს. ამასობაში დრო სწრაფად გადის. ამიტომ ის თავის 12 მოციქულთან ერთად მიემგზავრება ბეთანიაში, რომელიც დაახლოებით სამი კილომეტრითაა დაშორებული. აქ, შეიძლება, თავისი მეგობრის ლაზარეს სახლში, ის ატარებს კვირა ღამეს. მათე 21:1–11, 14-17; მარკოზი 11:1–11; ლუკა 19:29–44; იოანე 12:12–19; ზაქარია 9:9.
▪ როდის და როგორ შედის იესო, როგორც მეფე, იერუსალიმში?
▪ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ხალხი განადიდებს იესოს?
▪ რას გრძნობს იესო, როცა იერუსალიმს უყურებს და რას წინასწარმეტყველებს ის?
▪ რა ხდება, როცა იესო ტაძარში მიდის?