არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის მარჯვნივ

ღვთის მარჯვნივ

თავი 132

ღვთის მარჯვნივ

ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სულიწმიდის გადმოფრქვევა ნათელყოფს, რომ იესო ზეცაში დაბრუნდა. ხილვა, რომლითაც ცოტა ხნის შემდეგ მოწაფე სტეფანე დაჯილდოვდა, აგრეთვე ამტკიცებს ამას. თავისი ერთგული ქადაგებისთვის ჩაქოლვის წინ სტეფანე წამოიძახებს: „აჰა, მე ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს“.

ღვთის მარჯვნივ მყოფი იესო ელოდება მამამისის ბრძანებას: „იბატონე შენს მტერთა შორის“. მაგრამ რას აკეთებს იესო თავისი მტრების წინააღმდეგ მოქმედების დაწყებამდე? ის მმართველობს, ანუ მეფობს, თავის ცხებულ მოწაფეებზე, ხელმძღვანელობს მათ სამქადაგებლო საქმიანობას და ამზადებს იმისათვის, რომ აღდგენის საშუალებით მასთან ერთად იყვნენ თავისი ზეციერი მამის სამეფოში მისი თანამეფეები.

მაგალითად, იესო ირჩევს სავლეს (მოგვიანებით ის უფრო ცნობილია თავისი რომაული სახელით, პავლე), რათა სხვა ქვეყნებშიც უხელმძღვანელოს მოწაფეების მომზადების საქმიანობას. სავლე ღვთის რჯულის მოშურნეა, მაგრამ ის იუდეველთა რელიგიური წინამძღოლების მიერ შეცდომაშია შეყვანილი. ამიტომ სავლე არა მარტო იწონებს სტეფანეს მოკვლას, არამედ მღვდელმთავარ კაიაფას დავალებით დამასკოშიც მიდის, რათა შეიპყროს და იერუსალიმში მიიყვანოს იესოს მიმდევარი ყველა კაცი და ქალი. მაგრამ გზაზე მოულოდნელად კაშკაშა სინათლე ანათებს იქაურობას და სავლე მიწაზე ეცემა.

— სავლე, სავლე, რად მდევნი მე? — ისმის ხმა.

— ვინ ხარ შენ, უფალო? — ეკითხება სავლე.

— მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი, — ისმის პასუხი.

სასწაულებრივი სინათლით დაბრმავებულ სავლეს იესო ეუბნება, შევიდეს დამასკოში და დაელოდოს შემდგომ მითითებებს. შემდეგ იესო ხილვაში ევლინება ანანიას, ერთ-ერთ მოწაფეს. სავლეს შესახებ იესო ეუბნება ანანიას: „ის არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა ატაროს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე“.

მართლაც, იესოს დახმარებით სავლე (ახლა უკვე ცნობილი, როგორც პავლე) და კეთილი ცნობის სხვა მახარებლები სამქადაგებლო საქმიანობასა და სწავლებაში დიდ წარმატებას აღწევენ. ფაქტიურად, დამასკოს გზაზე იესოს გამოცხადებიდან დაახლოებით 25 წლის შემდეგ პავლე წერს, რომ ‘სახარება’ „ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“.

მრავალი წლის შემდეგ იესო მთელ რიგ ხილვებს აძლევს თავის საყვარელ მოციქულს, იოანეს. იმ ხილვების საშუალებით, რომლებსაც იოანე ბიბლიის წიგნ „გამოცხადებაში“ აღწერს, ფაქტიურად, ცოცხლობს იესოს სამეფო ძალაუფლებით დაბრუნების ნახვამდე. იოანე ამბობს, რომ „სულში“ ის იყო გადაყვანილი მომავალში — ‘უფლის დღის’ პერიოდში. რა არის ეს ‘დღე’?

ბიბლიური წინასწარმეტყველებების — უკანასკნელი დღეების შესახებ იესოს საკუთარი წინასწარმეტყველების ჩათვლით — ყურადღებით შესწავლა ცხადყოფს, რომ ‘უფლის დღე’ დაიწყო ისტორიულ 1914 წელს. ასე რომ, იესო ქრისტე უხილავად, საჯარო გახმაურების გარეშე, დაბრუნდა 1914 წელს და მხოლოდ მისმა ერთგულმა მსახურებმა იცოდნენ ეს. ამ წელს იეჰოვამ იესოს უბრძანა, ებატონა თავის მტრებს შორის!

იესო დაემორჩილა მამის ბრძანებას, ზეცა გაასუფთავა სატანისა და მისი დემონებისგან და ისინი დედამიწაზე გადმოყარა. ამ მოვლენების ხილვის შემდეგ იოანეს ესმის ხმა ზეციდან, რომელიც იუწყება: „ახლა დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ხელმწიფება“. დიახ, 1914 წელს იესომ მეფობა დაიწყო!

როგორი კეთილი ცნობაა ეს იეჰოვას ზეციერი თაყვანისმცემლებისთვის! მათ მოუწოდებენ: „იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ!“ მაგრამ რა მდგომარეობაში არიან დედამიწის მკვიდრნი? „ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“.

ჩვენ სწორედ ამ მცირე დროის განმავლობაში ვცხოვრობთ. ხალხი ახლა ავლენს თვისებებს, რის მიხედვითაც ისინი ან შევლენ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ან განადგურდებიან. სინამდვილეში კი შენი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ რეაგირებ კეთილ ცნობაზე ღვთის სამეფოს შესახებ, რომელიც ქრისტეს ხელმძღვანელობით მთელ დედამიწაზე იქადაგება.

იესო ქრისტე იქნება ღვთის წარმომადგენელი, რათა გაათავისუფლოს დედამიწა სატანის მთელი სისტემისგან და მათგან, რომლებიც მხარს უჭერენ ამ სისტემას. იესო ყოველგვარ ბოროტებას მოსპობს ომში, რომელსაც ბიბლიაში არმაგედონი ეწოდება. შემდეგ იესო, იეჰოვა ღმერთის შემდეგ ყველაზე უდიდესი პიროვნება სამყაროში, შეიპყრობს სატანასა და მის დემონებს და ათასი წლით ჩაყრის „უფსკრულში“, რომელიც არის უმოქმედო, სიკვდილისმაგვარი მდგომარეობა. საქმეები 7:55–60; 8:1–3; 9:1–19; 16:6–10; ფსალმუნი 109:1, 2; ებრაელთა 10:12, 13; 1 პეტრე 3:22; ლუკა 22:28–30; კოლასელთა 1:13, 23; გამოცხადება 1:1, 10; 12:7–12; 16:14–16; 20:1–3; მათე 24:14.

▪ ზეცაში ამაღლების შემდეგ სად არის იესო და რას ელოდება?

▪ ვის ხელმძღვანელობს იესო ზეცაში ამაღლების შემდეგ და როგორ ვლინდება მისი ხელმძღვანელობა?

▪ როდის დაიწყო ‘უფლის დღე’ და რა მოხდა მის დასაწყისში?

▪ როგორ მოქმედებს დღეს მიმდინარე მზარდი სამქადაგებლო საქმიანობა თითოეულ ჩვენგანზე?

▪ რა მოვლენები მოჰყვება სამქადაგებლო საქმიანობის დასრულებას?