შემდგომი გამოცხადებები
თავი 129
შემდგომი გამოცხადებები
მოწაფეები ჯერაც გულდამძიმებულები არიან. მათ არ ესმით ცარიელი სამარხის მნიშვნელობა, არც ქალების მიერ მოტანილი ცნობა სჯერათ. ასე რომ, კვირა დღეს, ცოტა მოგვიანებით კლეოპა და სხვა მოწაფე ემაუსში მიდიან, რომელიც 11 კილომეტრითაა დაშორებული იერუსალიმიდან.
გზაზე, როცა ისინი დღის მოვლენების შესახებ საუბრობენ, უცნობი უერთდება:
— რაზე მსჯელობდით გზაში ერთმანეთში? — ეკითხება ის.
მოწაფეები თავჩაღუნულები ჩერდებიან და კლეოპა პასუხობს:
— ნუთუ ერთი შენა ხარ უცხო იერუსალიმში, რომ არ იცი, რაც იქ ამ დღეებში მოხდა?
ის ეკითხება:
— რა მოხდა?
— იესო ნაზარეველზე ვლაპარაკობთ, — პასუხობენ ისინი, — რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვით ღვთისა და მთელი ხალხის წინაშე, როგორ გადასცეს იგი ჩვენმა მღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილის მისასჯელად და ჯვარს აცვეს. ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ იგი სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოესყიდა ისრაელი.
კლეოპა და მისი ამხანაგი უყვებიან დღის განსაცვიფრებელ მოვლენებს — ცნობას ანგელოზების ზებუნებრივი გამოცხადებისა და ცარიელი სამარხის შესახებ — მაგრამ აღიარებენ, რომ არ იციან ამ მოვლენების მნიშვნელობა და საგონებელში არიან ჩავარდნილი. უცნობი საყვედურობს მათ: „ჰოი, უგუნურნო და გულით მძიმენო, ყველაფრის იმის სარწმუნებლად, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ. განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?“ შემდეგ ის განუმარტავს საღვთო წერილის იმ ადგილებს, რომლებიც ქრისტეს ეხება.
ბოლოს და ბოლოს, ისინი უახლოვდებიან ემაუსს და უცნობი თითქოს გზას აგრძელებს. მოწაფეებს კიდევ უნდათ მოსმენა და დაჟინებით სთხოვენ: „დარჩი ჩვენთან, ვინაიდან დღე უკვე მიიწურა“. ასე რომ, ის ვახშამზე მათთან რჩება. როცა ის ლოცულობს, ამტვრევს პურს და აძლევს მათ, ისინი ხვდებიან, რომ ეს ნამდვილად იესოა ადამიანის სხეულში. მაგრამ ამ დროს ის უჩინარდება.
ახლა ისინი ხვდებიან, თუ საიდან იცოდა უცნობმა ამდენი რამ! „განა არ ღვიოდა ჩვენი გული ჩვენში, — კითხულობენ ისინი, — როცა გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს გვიხსნიდა?“ ისინი დაუყოვნებლივ დგებიან და იერუსალიმისკენ მიიჩქარიან, სადაც პოულობენ მოციქულებსა და მათთან შეკრებილებს. ვიდრე კლეოპა და მისი ამხანაგი რამეს იტყვიან, სხვები აღელვებულები ეუბნებიან: „უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს“. შემდეგ ეს ორი ყვება, თუ როგორ გამოეცხადა იესო მათაც. ეს უკვე ოთხჯერ ეჩვენა იესო ერთი დღის განმავლობაში თავის სხვადასხვა მოწაფეს.
მოულოდნელად იესო მეხუთეჯერ ცხადდება. თუმცა კარი ჩაკეტილია, რადგან მოწაფეებს იუდეველების ეშინიათ, ის შემოდის, მათ შუაში დგება და ამბობს: „მშვიდობა თქვენდა!“ მათ შიში იპყრობს, ვინაიდან ჰგონიათ, რომ სულს ხედავენ. ამიტომ იესო განუმარტავს მათ, რომ მოჩვენება არ არის: „რატომ შეძრწუნდით და რატომ გებადებათ გულში ასეთი ფიქრები? შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არ გააჩნია ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ“. ისინი მაინც ყოყმანობენ და ვერ იჯერებენ.
რათა დაეხმაროს მათ იმის დაჯერებაში, რომ ის ნამდვილად იესოა, ეკითხება: „გაქვთ აქ რამე საჭმელი?“ მას აწვდიან შემწვარ თევზს; ის ჭამს და ეუბნება: „ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი [სიკვდილამდე]: უნდა შესრულდეს ყოველივე, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებში და ფსალმუნებში“.
იესო განაგრძობს, ფაქტიურად, მათთან ბიბლიის შესწავლას ატარებს და ასწავლის: „ასე წერია, რომ ქრისტე უნდა ტანჯულიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო მესამე დღეს; უნდა ქადაგებულიყო მისი სახელით მონანიება ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, მოყოლებული იერუსალიმიდან. თქვენ კი ამის მოწმენი ხართ“.
გარკვეული მიზეზების გამო თომა არ ესწრება კვირა საღამოს ამ მნიშვნელოვან შეხვედრას. ამიტომ მომდევნო დღეების განმავლობაში სხვები სიხარულით ეუბნებიან:
— ჩვენ ვიხილეთ უფალი.
— თუ მის ხელებზე ნალურსმნევს არ ვნახავ, — უარზეა თომა, — და ნალურსმნევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში — საკუთარ ხელს, არ ვიწამებ!
რვა დღის შემდეგ მოწაფეები კვლავ ოთახში იკრიბებიან. ამჯერად თომაც მათთანაა. თუმცა კარი ჩაკეტილია, იესო კიდევ ერთხელ დგება მათ შორის და ამბობს: „მშვიდობა თქვენდა“. შემდეგ თომას მიმართავს და იწვევს:
— მოიტა აქ შენი თითი და ნახე ჩემი ხელები. მოიტა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ.
— უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! — წამოიძახებს თომა.
— შენ მირწმუნე, იმიტომ, რომ მიხილე, — ეუბნება იესო. — ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და სწამთ. ლუკა 24:11, 13–48; იოანე 20:19–29.
▪ რას ეკითხება უცნობი ემაუსში მიმავალ ორ მოწაფეს?
▪ რას ამბობს უცხო ისეთს, რაც მოწაფეების გულებს აღვივებს?
▪ როგორ ხვდებიან მოწაფეები უცნობის ვინაობას?
▪ რა ამაღელვებელ ცნობას ისმენენ კლეოპა და მისი ამხანაგი იერუსალიმში დაბრუნებისას?
▪ როგორ ეცხადება იესო მეხუთედ თავის მოწაფეებს და რა ხდება ამ დროს?
▪ რა ხდება იესოს მეხუთეჯერ გამოცხადებიდან 8 დღის შემდეგ და ბოლოს და ბოლოს, როგორ რწმუნდება თომა, რომ იესო ცოცხალია?