არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შემდგომი სწავლება მეშვიდე დღეს

შემდგომი სწავლება მეშვიდე დღეს

თავი 68

შემდგომი სწავლება მეშვიდე დღეს

კარვობის დღესასწაულის ბოლო, მეშვიდე, დღე ჯერ არ დამთავრებულა. იესო ასწავლის ტაძრის იმ ნაწილში, რომელსაც ‘საგანძური’ ეწოდება. ეს, როგორც ჩანს, არის ადგილი, რომელსაც უწოდებენ ქალთა ეზოს, სადაც დგას ყუთები, რომლებშიც ხალხი თავიანთ შესაწირავებს ყრის.

დღესასწაულის განმავლობაში, ყოველ ღამე, ტაძრის ამ ნაწილში არის განსაკუთრებული განათება. აქ არის ოთხი დიდი სალამპრე და თითოეულს აქვს ზეთით სავსე ოთხი დიდი ლამპარი. 16 ლამპარში ზეთის წვის შედეგად მიღებული სინათლე საკმარისია ირგვლივ მდებარე დიდი ტერიტორიის გასანათებლად. რასაც ახლა იესო ამბობს, მის მსმენელებს შეიძლება ამ სინათლეს ახსენებს: „მე ნათელი ვარ წუთისოფლისა, — აცხადებს ის, — ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას“.

ფარისევლები ეწინააღმდეგებიან: „შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე. შენი მოწმობა არაა ჭეშმარიტი“.

პასუხად იესო ეუბნება: „მე თუ ჩემ თავზე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ, — შემდეგ ამატებს: — მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამა, რომელმაც მე მომავლინა“.

— სად არის მამაშენი? — ინტერესდებიან ფარისევლები.

— არც მე მიცნობთ, არც მამაჩემს, — პასუხობს იესო. — მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ფარისევლებს იესოს დაპატიმრება სურთ, ვერავინ ეხება მას.

— მე მივდივარ, — კვლავ ეუბნება იესო. — სადაც მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ.

ეს აკვირვებს იუდეველებს: „თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ მოსვლასო?“

— თქვენ ქვენანი ხართ, — განუმარტავს იესო, — მე კი ზემოთიდან ვარ; თქვენ წუთისოფლისანი ხართ, მე კი წუთისოფლისა არა ვარ.

შემდეგ იესო ამატებს:

— თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით.

რასაკვირველია, იესო მიუთითებს თავის განკაცებამდე არსებობაზე და იმაზე, რომ ის არის აღთქმული მესია, ანუ ქრისტე. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ეკითხებიან, ეჭვგარეშეა, დიდი ზიზღით: „ვინ ხარ შენ?“

რადგან ხვდება, რომ ისინი არ ღებულობენ მას, იესო პასუხობს: „რას გეუბნებოდით თავიდანვე“. მაგრამ განაგრძობს: „ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია, და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ წუთისოფელზე“. იესო განაგრძობს: „როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ. ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო“.

როცა იესო ამას ამბობს, მრავალი ავლენს მისადმი რწმენას. მათ იესო ეუბნება: „თუ ჩემ სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“.

— ჩვენ აბრაამის შთამომავალნი ვართ, — ერთხმად ეპასუხებიან მოწინააღმდეგეები, — და არასოდეს არავისი მონები არ ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?

თუმცა იუდეველები ხშირად იყვნენ უცხოელთა ბატონობის ქვეშ, ისინი არც ერთ მჩაგვრელს არ სცნობენ ბატონად. ისინი უარს აცხადებენ მონებად წოდებაზე. მაგრამ იესო მიუთითებს, რომ ისინი ნამდვილად მონები არიან. როგორ? „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, — ეუბნება იესო, — ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა“.

იუდეველები უარყოფენ, რომ ცოდვის მონები არიან, რითაც თავს საშიშროებაში იგდებენ. „მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ, — უხსნის იესო. — ძე რჩება საუკუნოდ“. რადგან მონას არა აქვს მემკვიდრეობის მიღების უფლება, ის ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს გაგდების საშიშროების წინაშე. მხოლოდ ნამდვილი ან ნაშვილები ძე რჩება სახლში „საუკუნოდ“, ესე იგი მთელი სიცოცხლე.

— ამიტომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, — ეუბნება იესო, — ნამდვილად თავისუფლები იქნებით.

ამგვარად, ჭეშმარიტება, რომელიც ხალხს ათავისუფლებს, არის ჭეშმარიტება ძის, იესო ქრისტეს, შესახებ. მხოლოდ მისი, როგორც სრულყოფილი ადამიანის, სიცოცხლის შეწირვით შეიძლება სიკვდილისმომტანი ცოდვისგან გათავისუფლება. იოანე 8:12–36.

▪ სად ასწავლის იესო მეშვიდე დღეს? რა ხდება აქ ღამით და როგორ უკავშირდება ეს იესოს სწავლებას?

▪ რას ამბობს იესო თავისი წარმოშობის შესახებ და რას ცხადყოფს ეს მისი პიროვნების შესახებ?

▪ რა გაგებით არიან იუდეველები მონები, მაგრამ რომელი ჭეშმარიტება გაათავისუფლებს მათ?