შინ, კაპერნაუმში, დაბრუნება
თავი 26
შინ, კაპერნაუმში, დაბრუნება
ახლა იესოს სახელი უფრო მეტად გახდა ცნობილი და მრავალი ადამიანი მიდის მასთან იმ დაშორებულ ადგილზე, სადაც ის იმყოფება. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ის გალილეის ზღვისპირა ქალაქ კაპერნაუმში ბრუნდება. მისი დაბრუნების ამბავი სწრაფად ვრცელდება ქალაქში და მრავალი მიდის მასთან სახლში. ფარისევლები და რჯულის მოძღვრები ისე შორი მანძილიდანაც ჩადიან, როგორიცაა იერუსალიმი.
ხალხის ჯგუფი იმდენად დიდია, რომ კართან ტევა აღარ არის და ოთახში კიდევ ვინმეს შესვლა შეუძლებელია. იქმნება ვითარება ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენისთვის. რაც ამ შემთხვევის დროს ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან გვეხმარება, გავიგოთ, რომ იესოს ძალა შესწევს, მოსპოს ადამიანთა ტანჯვის წყარო და ჯანმრთელობა აღუდგინოს ყველას, ვისაც ირჩევს.
მაშინ, როცა იესო უამრავ ხალხს ასწავლის, ოთხ მამაკაცს საკაცით მოჰყავს დამბლადაცემული. მათ სურთ, იესომ განკურნოს მათი მეგობარი, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო სახლში ვერ შედიან. რა სამწუხაროა! მაგრამ ისინი ფარ-ხმალს არ ყრიან. ადიან სახურავზე, ხდიან და საკაცეს, რომელზეც დამბლადაცემული მამაკაცი წევს, უშვებენ დაბლა, იესოსთან.
ბრაზდება იესო იმის გამო, რომ ხელი შეუშალეს? სულაც არა! პირიქით, ამ მამაკაცების რწმენა მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ის დამბლადაცემულს ეუბნება: „მოგეტევა შენი ცოდვები!“ მაგრამ ნამდვილად შეუძლია იესოს ცოდვების მიტევება? მწიგნობრები და ფარისევლები ასე არ ფიქრობენ. ისინი გულში ფიქრობენ: „რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღვთის გარდა“.
იესომ იცის მათი ფიქრები და ეუბნება: „ასეთი რამ გულში რად გაივლეთ? რა უფრო ადვილია — თქმა დავრდომილის მიმართ: შენი ცოდვები მოგეტევა, თუ თქმა: ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარეო?“
შემდეგ იესო ხალხს, ამ გამკრიტიკებლების ჩათვლით, აძლევს შესაძლებლობას, იხილონ იმის შესანიშნავი დემონსტრირება, რომ მას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე და რომ ის, მართლაც, ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანია. ის დამბლადაცემულისკენ ბრუნდება და უბრძანებს: „ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!“ და ავადმყოფი მაშინვე დგება და თავის საკაციანად გადის ყველას წინაშე! გაოცებული ხალხი განადიდებს ღმერთს და ამბობს: „არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ“.
მიაქციე თუ არა ყურადღება, რომ იესო ცოდვებს მოიხსენიებს დაავადებებთან კავშირში და რომ ცოდვების მიტევებაზე დამოკიდებულია ფიზიკური გამოჯანმრთელება? ბიბლია განმარტავს, რომ ჩვენმა პირველმა მშობელმა, ადამმა, შესცოდა და თითოეულმა ჩვენგანმა მემკვიდრეობით მიიღო ამ ცოდვის შედეგები, კერძოდ კი, ავადმყოფობა და სიკვდილი. მაგრამ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს იესო ყველას, ვისაც უყვარს ღმერთი და ემსახურება მას, მიუტევებს ცოდვებს და მაშინ არავითარი ავადმყოფობა აღარ იარსებებს. რა შესანიშნავი იქნება ეს! მარკოზი 2:1–12; ლუკა 5:17–26; მათე 9:1–8; რომაელთა 5:12, 17–19.
▪ რა ვითარება იქმნება ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენისთვის?
▪ როგორ მოხვდა დამბლადაცემული იესოსთან?
▪ რატომ არის თითოეული ჩვენგანი ცოდვილი, მაგრამ როგორ უზრუნველგვყო იესომ ჩვენი ცოდვების მიტევებისა და სრულყოფილი ჯანმრთელობის შესაძლებლობის იმედით?