ცნობები ზეციდან
თავი 1
ცნობები ზეციდან
ფაქტიურად, მთელი ბიბლია წარმოადგენს ცნობას ზეციდან, რომელიც ჩვენმა ზეციერმა მამამ სასწავლებლად მოგვცა. მაგრამ ორი განსაკუთრებული ცნობა დაახლოებით 2 000 წლის წინ წარმოთქვა ‘ღვთის წინაშე მდგომმა’ ანგელოზმა. ამ ანგელოზს გაბრიელი ჰქვია. მოდი დაწვრილებით გამოვიკვლიოთ ეს ორი მნიშვნელოვანი ვიზიტი დედამიწაზე.
ძვ. წ. მე-3 წელია. იუდეის მთიანეთში, იერუსალიმიდან არც ისე შორს, ცხოვრობს იეჰოვას მღვდელი, სახელად ზაქარია. მოხუცდნენ ის და მისი ცოლი, ელისაბედი, შვილები კი არ ჰყავთ. ზაქარია იერუსალიმში, ღვთის ტაძარში, მღვდლის სამსახურის რიგს ასრულებს. უეცრად საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვენა მხარეს ცხადდება გაბრიელი.
ზაქარია ძალიან შეშინებულია. მაგრამ გაბრიელი ამშვიდებს: „ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილია შენი ლოცვა, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იოანეს“. გაბრიელი განაგრძობს უწყებას, რომ იოანე „დიდი იქნება. . . უფლის წინაშე“ და ის ‘წარუდგენს უფალს მომზადებულ ხალხს’.
მაგრამ ზაქარიას უჭირს ამის დაჯერება. შეუძლებლად მიაჩნია, რომ მას და ელისაბედს ამ ასაკში ეყოლებათ შვილი. ამიტომ გაბრიელი ეუბნება: „აჰა, დადუმდები და ვერ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს ახდებოდეს, რაკი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს“.
ამასობაში გარეთ მყოფ ხალხს უკვირს, თუ ასე დიდხანს რატომ ყოვნდება ზაქარია ტაძარში. ბოლოს და ბოლოს, როცა ის გამოდის, ვეღარ ლაპარაკობს და მხოლოდ ხელებით აკეთებს რაღაც ნიშნებს, ხალხი ხვდება, რომ მან რაღაც ზებუნებრივი იხილა.
ტაძარში მსახურების დასრულების შემდეგ ზაქარია სახლში ბრუნდება. მალე, ახლო მომავალში, მართლაც ასე ხდება — ელისაბედი ორსულდება! ორსულობის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ელისაბედი რჩება სახლში, ხალხის თვალისგან მოშორებით.
მოგვიანებით გაბრიელი ისევ ცხადდება. ახლა ვიღას ელაპარაკება? ნაზარეველ ახალგაზრდა გასათხოვარ ქალს, მარიამს. რა ცნობას გადმოსცემს ის ამჯერად? მოისმინე! „[შენ] მადლი ჰპოვე ღმერთთან, — ეუბნება გაბრიელი მარიამს. — აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ“. გაბრიელი განაგრძობს: „დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. . . და უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული“.
შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ გაბრიელი ამ ცნობების უწყებას უპირატესობად მიიჩნევს. და, როცა უფრო მეტს წავიკითხავთ იოანესა და იესოს შესახებ, უფრო ნათლად დავინახავთ, თუ რატომ არის ეს ცნობები ზეციდან ასე მნიშვნელოვანი. 2 ტიმოთე 3:16; ლუკა 1:5–33.
▪ რომელი ორი მნიშვნელოვანი ცნობა გადმოიცემა ზეციდან?
▪ ვინ გადასცემს ამ ცნობებს და ვის?
▪ რატომ არის მათი დაჯერება ასე ძნელი?