ცრემლები დიდი სიხარულით იცვლება
თავი 47
ცრემლები დიდი სიხარულით იცვლება
როცა იაიროსი ხედავს, რომ ქალი სისხლდენისგან განიკურნა, მისი ნდობა იესოს სასწაულებრივი ძალისადმი, რასაკვირველია, იზრდება. მანამდე იაიროსმა იესოს სთხოვა სიკვდილის პირას მყოფი მისი 12 წლის საყვარელი გოგონას დასახმარებლად მისვლა. მაგრამ ახლა ხდება ის, რისიც იაიროსს ყველაზე მეტად ეშინია. როცა იესო ჯერ კიდევ ქალს ელაპარაკება, რამდენიმე კაცი მოდის და იაიროსს ჩუმად ეუბნება: „შენი ასული მოკვდა, რაღად აწუხებ მოძღვარს?“
რამდენად გამანადგურებელი ცნობაა! წარმოიდგინე: კაცი, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში, ახლა, როცა თავისი ქალიშვილის სიკვდილს გებულობს, სრულიად უმწეოა. მაგრამ იესოს ესმის ეს ლაპარაკი. ამიტომ იაიროსისკენ ბრუნდება და გამამხნევებლად ეუბნება: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს“.
იესო სახლში მიჰყვება დარდით შთანთქმულ მამაკაცს. როცა უახლოვდებიან, ხედავენ ტირილითა და მოთქმით გამოწვეულ აურზაურს. უამრავ ხალხს მოუყრია თავი და მწუხარებისგან მკერდში იცემენ ხელებს. სახლში შესვლისას იესო კითხულობს: „რაზე სწუხხართ და სტირით? არ მომკვდარა ბავშვი, სძინავს მხოლოდ“.
ამის მოსმენაზე ხალხი გესლიანად დასცინის იესოს, ვინაიდან იციან, რომ ბავშვი ნამდვილად მკვდარია. მაგრამ იესო ამბობს, რომ გოგონას მხოლოდ სძინავს. ღვთის მიერ ბოძებული ძალით ის აჩვენებს, რომ ადამიანებისთვის სიცოცხლის დაბრუნება ისევე ადვილად შესაძლებელია, როგორც მათი ღრმა ძილისგან გამოღვიძება.
პეტრეს, იაკობის, იოანესა და მკვდარი გოგონას დედ-მამის გარდა, იესო ყველას გარეთ უშვებს. შემდეგ ეს ხუთი მიჰყავს იქ, სადაც გოგონა ასვენია. იესო ხელს ხელზე ჰკიდებს და ეუბნება: „ტალითა კუმი!“ რაც ნიშნავს: „შენ გეუბნები, გოგონა, ადექ!“ გოგონა მაშინვე დგება და იწყებს სიარულს! ამის დანახვაზე მშობლები სიხარულისგან გაოგნებული არიან.
მას შემდეგ, რაც მშობლებს რჩევას აძლევს, მისცენ რამე ბავშვს საჭმელად, იესო იაიროსსა და მის ცოლს აფრთხილებს, არავის უთხრან მომხდარის შესახებ. მაგრამ, იესოს გაფრთხილების მიუხედავად, ეს ამბავი მთელ იმ მხარეში ვრცელდება. ეს არის იესოს მიერ მკვდრეთით აღდგენის მეორე შემთხვევა. მათე 9:18–26; მარკოზი 5:35–43; ლუკა 8:41–56.
▪ რა ახალ ამბავს გებულობს იაიროსი და როგორ ამხნევებს მას იესო?
▪ რა მდგომარეობაა გამეფებული, როცა ისინი სახლში მიდიან?
▪ რატომ ამბობს იესო, რომ მკვდარ ბავშვს მხოლოდ სძინავს?
▪ რომელი ხუთი პიროვნება ხდება აღდგენის მოწმე?