ძელზე წამება
თავი 125
ძელზე წამება
იესოსთან ერთად დასასჯელად გამოჰყავთ ორი ყაჩაღი. პროცესია ჩერდება ქალაქის შორიახლოს, იმ არც ისე შორ ადგილზე, რომელსაც გოლგოთას ანუ თხემს უწოდებენ.
პატიმრებს აშიშვლებენ. შემდეგ აძლევენ მურნარევ ღვინოს. ეს, ალბათ, იერუსალიმელმა ქალებმა დაამზადეს და რომაელები უარს არ ამბობენ ამ ტკივილგამაყუჩებელი საშუალების მიცემაზე მათთვის, რომლებიც ძელზე უნდა გააკრან. მაგრამ, როცა იესო გემოს უსინჯავს მას, უარს აცხადებს მის დალევაზე. რატომ? როგორც ჩანს, მას სურს, რომ სრულად შეინარჩუნოს თავისი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები მისი რწმენის ამ უმთავრესი გამოცდის დროს.
ახლა იესოს ძელზე აკრავენ ისე, რომ ხელები თავს ზემოთ აქვს. შემდეგ ჯარისკაცები დიდ ლურსმნებს აჭედებენ ხელებსა და ფეხებში. ის ტკივილებისგან იკლაკნება, როცა ლურსმანი იოგებში გადის. როცა ძელს სწევენ, ტკივილი აუტანელი ხდება, ვინაიდან სხეულის სიმძიმე კიდევ უფრო ადიდებს ლურსმნით მიყენებულ ჭრილობებს. მაგრამ იესო კი არ ემუქრება რომაელ ჯარისკაცებს, არამედ ლოცულობს მათთვის: „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ“.
პილატე ძელზე აკრავს წარწერას: „იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე“. როგორც ჩანს, ის ამას წერს არა მარტო იმიტომ, რომ პატივს სცემს იესოს, არამედ იმის გამო, რომ სძულს იუდეველი მღვდლები, რადგან მათ აიძულეს, რომ იესოსთვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა. პილატე სამ ენაზე აკეთებს წარწერას, რათა ყველამ შეძლოს მისი წაკითხვა — ებრაულზე, ოფიციალურ ლათინურსა და ბერძნულზე.
მღვდელმთავრები, კაიაფასა და ანას ჩათვლით, შეშფოთებული არიან. ეს დადებითი საჯარო განაცხადი უშხამავს საზეიმო წუთებს. ამიტომ ისინი პროტესტს აცხადებენ: „ნუ სწერ: ‘იუდეველთა მეფე’, არამედ, რაც თქვა: ‘იუდეველთა მეფე ვარ’“. იმით გაღიზიანებული, რომ მღვდლები პაიკივით ათამაშებენ, პილატე გადაჭრით პასუხობს: „რაც დავწერე, დავწერე“.
ახლა მღვდლები უამრავ ხალხთან ერთად თავს იყრიან დასჯის ადგილზე და უარყოფენ წარწერის მტკიცებას. ისინი იმეორებენ ცრუ მოწმობას, რომელიც ადრე მოიყვანეს სინედრიონის სასამართლო პროცესებზე. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გამვლელები იწყებენ ლანძღვას, დაცინვით თავს აქნევენ და ამბობენ: „ეჰე, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო! იხსენ საკუთარი თავი და გადმოდი ჯვრიდან“.
„სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია“, — ამბობენ მღვდელმთავრები და მათი თანამზრახველები. „თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას. ღმერთს იყო მინდობილი და, ახლა იხსნას იგი, თუ ნებავს, ვინაიდან თქვა, ძე ღვთისა ვარო“.
ამ სულს აყოლილი ჯარისკაცებიც დასცინიან იესოს. ისინი დაცინვით აწვდიან დაძმარებულ ღვინოს და როგორც ჩანს, ის პირდაპირ მის გამშრალ ტუჩებთან უჭირავთ. „თუ იუდეველთა მეფე ხარ, — მასხარად იგდებენ ისინი, — იხსენი შენი თავი“. ყაჩაღებიც კი, რომლებიც იესოს მარჯვენა და მარცხენა მხარეს არიან ძელზე გაკრული, დასცინიან მას. მხოლოდ დაფიქრდი! ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი, დიახ, პიროვნება, რომელიც იეჰოვა ღმერთთან ერთად მონაწილეობდა ყოველივეს შექმნაში, მტკიცედ იტანს ყოველგვარ შეურაცხყოფას!
ჯარისკაცები იესოს მოსასხამს ოთხ ნაწილად ყოფენ. ისინი წილს ყრიან, თუ ვის რომელი ნაწილი შეხვდეს. მაგრამ კვართი შეკერილი არ არის, უმაღლესი ხარისხისაა. ამიტომ ჯარისკაცები ერთმანეთს ეუბნებიან: „ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე. ვნახოთ, ვის შეხვდება“. ამგვარად, თვითდაუნებურად, ისინი ასრულებენ საღვთო წერილს, რომელშიც ნათქვამია: „გაინაწილეს ჩემი სამოსელი და წილი ჰყარეს ჩემს ტანსაცმელზე“.
დროთა განმავლობაში ერთ-ერთი ყაჩაღი ხვდება, რომ იესო ნამდვილად მომავალი მეფეა. ამიტომ ის უწყრება მეორე ყაჩაღს და ეუბნება:
— ნუთუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ? ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი ცუდი არ ჩაუდენია.
შემდეგ იესოს მიმართავს თხოვნით:
— გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მოხვალ.
— ჭეშმარიტად გეუბნები შენ დღეს, — პასუხობს იესო, — ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში (აქ).
ეს აღთქმა შესრულდება იესოს ზეციერი მმართველობის დროს, როცა ამ მომნანიებელ ბოროტმოქმედს დედამიწაზე სამოთხეში საცხოვრებლად აღადგენს, რომლის დამუშავების უპირატესობაც ექნებათ არმაგედონგადატანილებსა და მათ ამხანაგებს. მათე 27:33–44; მარკოზი 15:22–32; ლუკა 23:27, 32–43; იოანე 19:17–24.
▪ რატომ არ სვამს იესო მურნარევ ღვინოს?
▪ როგორც ჩანს, რატომ კეთდება წარწერა იესოს ძელზე და რა კამათს იწვევს ეს პილატესა და მღვდელმთავრებს შორის?
▪ რა შემდგომ შეურაცხყოფას აყენებენ ძელზე გაკრულ იესოს და, როგორც ჩანს, რა იწვევს ამას?
▪ როგორ სრულდება იესოს სამოსელთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება?
▪ რა ცვლილება ხდება ერთ-ერთ ყაჩაღში და როგორ შეასრულებს იესო მის თხოვნას?