ძლიერი ტანჯვა ბაღში
თავი 117
ძლიერი ტანჯვა ბაღში
როცა იესო ლოცვას ამთავრებს, ის და მისი 11 ერთგული მოციქული მღერის იეჰოვას სადიდებელ სიმღერებს. შემდეგ ისინი გამოდიან ზემოთა ოთახიდან, უჩინარდებიან ცივი ღამის სიბნელეში, კვეთენ კედრონის ხევს და ბეთანიაში მიდიან. მაგრამ გზაში ჩერდებიან თავიანთ საყვარელ ადგილზე, გეთსემანიის ბაღში. ის ზეთისხილის მთაზე ან მის მახლობლად მდებარეობს. აქ, ზეთისხილის ხეებს შორის, იესო ხშირად შეხვედრია თავის მოციქულებს.
იესო რვა მოციქულს, შესაძლოა, ბაღის შესასვლელთან ტოვებს და არიგებს: „აქ დასხედით, ვიდრე იქ წავიდოდე და ვილოცებდე“. შემდეგ თან მიჰყავს დარჩენილი სამი მოციქული: პეტრე, იაკობი, იოანე და ბაღში შედის. იესო შეწუხებული და უკიდურესად შეშფოთებულია. „სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული, — ეუბნება ის. — იყავით აქ და იფხიზლეთ ჩემთან ერთად“.
იესო ცოტა მოშორებით მიწაზე ემხობა, ჩაღუნავს თავს და იწყებს მხურვალე ლოცვას: „მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ როგორც შენ“. რა აქვს მას მხედველობაში? რატომ არის ‘მისი სული სასიკვდილოდ დამწუხრებული’? ცვლის იესო თავის გადაწყვეტილებას, მოკვდეს კაცობრიობის გამოსასყიდად?
არავითარ შემთხვევაში! იესო არ ითხოვს სიკვდილის თავიდან აცილებას. მისთვის მიუღებელია გამომსყიდველური სიკვდილის თავიდან აცილებაზე ფიქრიც კი, როგორიც ერთხელ პეტრემ ურჩია. პირიქით, მისი ძლიერი ტანჯვა გამოწვეულია იმის შიშით, რომ რა სახითაც მალე ის მოკვდება — როგორც საძაგელი ბოროტმოქმედი — შეარცხვენს მამამისის სახელს. ახლა მას ესმის, რომ რამდენიმე საათში ერთ-ერთ უსაშინლეს პიროვნებასავით, ღვთის მგმობელივით, წაიყვანენ და ძელზე გააკრავენ! სწორედ ეს აწუხებს მას.
ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ იესო ბრუნდება და ხედავს, რომ სამ მოციქულს სძინავს. ის პეტრეს მიმართავს და ამბობს: „ნუთუ ვერ შესძელით, ერთ საათს გეფხიზლათ ჩემთან ერთად? იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში“. მაგრამ იესოს ესმის, თუ რა გავლენას ახდენს სტრესი, რაც მათ გადაიტანეს, და ის, რომ უკვე გვიანი ღამეა, ამიტომ ამბობს: „სული მხნეა, ხორცი კი — უძლური“.
იესო კვლავ მიდის და იეჰოვას სთხოვს, აარიდოს „ეს სასმისი“, ანუ მის მიერ დადგენილი ხვედრი, იეჰოვას ნება მის მიმართ. დაბრუნებისას ხედავს, რომ სამივეს ისევ ძინავს, მაშინ, როცა მათ უნდა ელოცათ, რათა არ ჩავარდნილიყვნენ განსაცდელში. როცა იესო ელაპარაკება, მათ არ იციან რა უპასუხონ.
ბოლოს იესო მესამეჯერ მიდის დაახლოებით ქვის სასროლ მანძილზე, მუხლებზე ეცემა და ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით ლოცულობს: „მამაო! თუ გსურს, ამაცდინე ეს სასმისი“. იესო მძაფრად გრძნობს ძლიერ ტკივილებს იმის გამო, რასაც მისი, როგორც ბოროტმოქმედის, მოახლოებული სიკვდილი მოუტანს ღვთის სახელს. დადანაშაულება ღვთისმგმობლობაში — ღვთის გალანძღვაში — თითქმის აუტანელია!
მიუხედავად ამისა, იესო განაგრძობს ლოცვას: „არა რაც მე მსურს, არამედ, რაც — შენ“. იესო მორჩილად უქვემდებარებს თავის ნებას ღვთის ნებას. ამ დროს ზეციდან ცხადდება ანგელოზი და ამხნევებს მას. ალბათ, ანგელოზი ეუბნება, რომ მან მამამისის მოწონება დაიმსახურა.
მაგრამ რა დიდ ტვირთს იღებს იესო საკუთარ თავზე! მისი და მთელი კაცობრიობის მარადიული სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. ემოციური დაძაბულობა უსაზღვროა. ამიტომ იესო უფრო მხურვალედ განაგრძობს ლოცვას და მისი ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურება მიწას. „თუმცა ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა, — აღნიშნავს ერთ-ერთი ჟურნალი, — სისხლიანი ოფლი. . . შეიძლება წარმოიქმნას ძლიერი ემოციური დაძაბულობის დროს“ (The Journal of the American Medical Association).
შემდეგ იესო მესამეჯერ ბრუნდება თავის მოციქულებთან და კვლავ მძინარეებს ნახულობს მათ. ისინი დიდი მწუხარების გამო ღონეგამოლეულები არიან. „თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? — წამოიძახებს ის. — კმარა. მოვიდა ჟამი. აჰა, კაცის ძე გადაეცემა ცოდვილთა ხელთ. ადექით, წავიდეთ. აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი“.
ის ჯერ კიდევ ლაპარაკობს, როცა იუდა ისკარიოტელი უახლოვდება, რომელსაც თან ახლავს ჩირაღდნებით, ლამპრებითა და იარაღით აღჭურვილი უამრავი ხალხი. მათე 26:30, 36–47; 16:21–23; მარკოზი 14:26, 32–43; ლუკა 22:39–47; იოანე 18:1–3; ებრაელთა 5:7.
▪ სად მიჰყავს იესოს მოციქულები ზემოთა ოთახიდან გამოსვლის შემდეგ და რას აკეთებს ის იქ?
▪ რას აკეთებენ მოციქულები მაშინ, როცა იესო ლოცულობს?
▪ რატომ იტანჯება იესო ძალიან და რას სთხოვს ის ღმერთს?
▪ რას ცხადყოფს იესოს ოფლის სისხლის წვეთების მსგავსად გადაქცევა?