არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘ჭეშმარიტი პური ზეციდან’

‘ჭეშმარიტი პური ზეციდან’

თავი 54

‘ჭეშმარიტი პური ზეციდან’

წინა დღე ნამდვილად მოვლენებით იყო აღსავსე. იესომ სასწაულით გამოკვება ათასები და შემდეგ გაექცა ხალხს, რომლებიც მის გამეფებას ცდილობდნენ. იმ ღამეს ის დადიოდა გალილეის ზღვის აბობოქრებულ ტალღებზე; იხსნა პეტრე, რომელმაც აზვირთებულ ტალღებზე სიარულისას ჩაძირვა იწყო, და ჩააწყნარა ქარი, რათა თავისი მოწაფეები ეხსნა ნავის დამსხვრევისაგან.

ახლა ხალხი, რომელიც იესომ სასწაულით დააპურა გალილეის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კაპერნაუმის მახლობლად პოულობს მას და ეკითხება: „როდის მოხვედი აქ?“ იესო კიცხავს მათ და ეუბნება, რომ ისინი მხოლოდ იმიტომ მოვიდნენ მასთან, რომ კიდევ უფასოდ სადილობას მოელიან. ის მოუწოდებს მათ, იშრომონ არა ხრწნადი საზრდოსთვის, არამედ საზრდოსთვის, რომელიც რჩება მარადიული სიცოცხლისთვის. ამიტომ ხალხი ეკითხება: „როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთის საქმენი ვაკეთოთ?“

იესო ასახელებს მხოლოდ ერთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან, საქმეს. „ესაა საქმე ღვთისა, — განმარტავს ის, — რომ ირწმუნოთ იგი, ვინც მან მოავლინა“.

მაგრამ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულების მიუხედავად, ხალხი არ ავლენს მისადმი რწმენას. ყველა იმ სასწაულის შემდეგაც კი, რომლებიც მან მოახდინა, ისინი ეკითხებიან:

— რა ნიშანს იქმ, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ? რას მოიმოქმედებ? ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ‘პური ზეციდან მისცა მათ საზრდოდ’.

ნიშნის შესახებ მათ თხოვნაზე საპასუხოდ იესო ნათელყოფს სასწაულების წყაროს, როცა ამბობს:

— მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ მამაჩემი გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან. რადგან ღვთის პური ისაა, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს წუთისოფელს.

— უფალო, — ეუბნება ხალხი, — მუდამ მოგვეცი ეს პური.

— მე ვარ პური სიცოცხლისა, — განმარტავს იესო. — ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასდროს მოსწყურდება. მე კი გითხარით, რომ კიდევაც მიხილავთ, მაგრამ არ იწამებთ. ყველაფერი, რასაც მამა მაძლევს, ჩემთან მოვა. ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ. რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა. ეს არის ნება იმისი, ვინც მე მომავლინა, რათა რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ ყველაფერი აღვადგინო უკანასკნელ დღეს. ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს.

ამის მოსმენისას იუდეველები დრტვინვას იწყებენ იესოზე, ვინაიდან მან თქვა: „მე ვარ პური, ზეციდან ჩამოსული“. ეს ხალხი მასში მხოლოდ ადამიანის ძეს ხედავს და ნაზარეველების მსგავსად ისინიც უარყოფენ მას და ამბობენ: „ეს იესო არაა, იოსების ძე, რომლის მამას და დედას ვიცნობთ? როგორღა ამბობს: ზეციდან ჩამოვედიო?“

„ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის, — ეუბნება იესო. — არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა. მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. წინასწარმეტყველებს უწერიათ: ‘ყველა განისწავლება ღვთის მიერ.’ ყველა ვინც უსმენს მამას და სწავლობს, ჩემთან მოდის. ისე კი არა, თითქოს ვინმეს ეხილოს მამა, გარდა იმისა, ვინც ღვთისგანაა, მხოლოდ მან იხილა მამა. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს“.

იესო განაგრძობს და იმეორებს: „მე ვარ პური სიცოცხლისა. თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და დაიხოცნენ. ეს არის პური, ჩამომავალი ზეციდან, რათა კაცმა შეჭამოს იგი და არ მოკვდეს. მე ცოცხალი პური ვარ, ზეციდან ჩამოსული. ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ იცოცხლებს“. დიახ, ღვთის მიერ გამოგზავნილი იესოსადმი რწმენის გამოვლენით ადამიანებს შეუძლიათ მარადიულად იცოცხლონ. არც მანანას და არც სხვა არავითარ პურს არ შეუძლია ამის უზრუნველყოფა!

როგორც ჩანს, ზეციდან პურის შესახებ საუბარი კაპერნაუმის მახლობლად ხალხის მიერ იესოს პოვნიდან ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო. მაგრამ ის გრძელდება და მოგვიანებით, როცა იესო კაპერნაუმის სინაგოგაში ასწავლის, უმაღლეს წერტილს აღწევს. იოანე 6:25–51, 59; ფსალმუნი 77:24; ესაია 54:13; მათე 13:55–57.

▪ რა მოვლენები უძღოდა წინ ზეციდან პურის შესახებ იესოს საუბარს?

▪ რატომ არის ნიშნის თხოვნა უადგილო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც იესომ ეს-ესაა გააკეთა?

▪ რატომ დრტვინავენ იუდეველები იესოს ნათქვამზე, რომ ის არის ჭეშმარიტი პური ზეციდან?

▪ სად მოხდა ზეციდან პურის შესახებ საუბარი?