არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჯერ ანასთან, ხოლო შემდეგ კაიაფასთან მიყვანა

ჯერ ანასთან, ხოლო შემდეგ კაიაფასთან მიყვანა

თავი 119

ჯერ ანასთან, ხოლო შემდეგ კაიაფასთან მიყვანა

იესოს ბოჭავენ როგორც ბოროტმოქმედს და მიჰყავთ ანასთან, ყოფილ გავლენიან მღვდელმთავართან. ანა მღვდელმთავარი იყო მაშინ, როცა 12 წლის იესომ ტაძარში რაბინები გააოცა. მოგვიანებით ანას ზოგი ვაჟი მღვდელმთავრად მსახურობდა, ხოლო ახლა მის სიძეს, კაიაფას, უჭირავს ეს მდგომარეობა.

იესო, ალბათ, პირველად ანას სახლში მიჰყავთ, ვინაიდან ეს მღვდელმთავარი კარგა ხანს მეთაურობდა იუდეველთა რელიგიურ ცხოვრებას. ანასთან შეჩერება მღვდელმთავარ კაიაფას აძლევს იმის დროს რომ, შეკრიბოს სინედრიონი, იუდეველთა უმაღლესი სასამართლოს 71 წევრი, და ცრუ მოწმეები.

ახლა მღვდელმთავარი ანა იესოს ეკითხება მისი მოწაფეებისა და მოძღვრების შესახებ. მაგრამ იესო პასუხობს: „მე აშკარად ველაპარაკებოდი წუთისოფელს და მუდამ ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყველა იუდეველი იკრიბება. ფარულად არაფერი არ მილაპარაკნია. მე რას მეკითხები, ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი“.

ამის თქმაზე მასთან ახლოს მდგომი ერთი მსახური სახეში არტყამს და ეუბნება:

— ასე პასუხობ მღვდელმთავარს?

— თუ ცუდად ვთქვი, — პასუხობს იესო, — დამიმოწმე ცუდის შესახებ, და თუ კარგად — რადა მცემ?

ამის შემდეგ ანა შებოჭილ იესოს კაიაფასთან გზავნის.

ამ დროისთვის იკრიბება ყველა მღვდელმთავარი, უხუცესი და მწიგნობარი, დიახ, მთელი სინედრიონი. როგორც ჩანს, მათი შეხვედრის ადგილი კაიაფას სახლია. ასეთი სასამართლო პროცესიის ჩატარება პასექის ღამეს იუდეველთა რჯულის აშკარა დარღვევაა. მაგრამ რელიგიურ წინამძღოლებს ეს არ აკავებთ თავიანთი ბოროტი განზრახვებისგან.

რამდენიმე კვირით ადრე, როცა იესომ ლაზარე მკვდრეთით აღადგინა, სინედრიონმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის უნდა მომკვდარიყო. ზუსტად ორი დღის წინ, ოთხშაბათს, რელიგიურმა ხელმძღვანელებმა ერთობლივად მოილაპარაკეს, რომ იესო ეშმაკურად შეეპყროთ და მოეკლათ. წარმოიდგინე, ფაქტიურად, სასამართლო საქმის გარჩევამდე ის უკვე მსჯავრდადებული იყო!

ახლა ყოველ ღონეს ხმარობენ მოწმეების საპოვნელად, რომლებიც ცრუ მოწმობებს მოიყვანენ, რათა შეძლონ სასამართლო საქმის აღძვრა იესოს წინააღმდეგ. მაგრამ ვერ პოულობენ ისეთ მოწმეებს, რომელთა მოწმობებიც ერთმანეთს ემთხვევა. ბოლოს, მოდის ორი მოწმე და ამტკიცებს: „ჩვენ მოვუსმინეთ, რომ ლაპარაკობდა: მე დავანგრევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და სამ დღეში ავაშენებ სხვას, ხელთუქმნელსო“.

„ნუთუ არაფერს უპასუხებ? — ეკითხება კაიაფა, — რა არის, რასაც ესენი შენს წინააღმდეგ მოწმობენ?“

მაგრამ იესო ხმას არ იღებს. სინედრიონის სამარცხვინოდ, ამ შემთხვევაშიც კი ამ ცრუ მოწმეების მონაყოლი ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ მღვდელმთავარი სხვა ტაქტიკას მიმართავს.

კაიაფამ იცის, თუ როგორი მგრძნობიარეები არიან იუდეველები იმის მიმართ, როცა ვინმე საკუთარ თავს ღვთის ძეს უწოდებს. ადრე ორჯერ მათ ნაჩქარევად გამოუტანეს განაჩენი, რომ ის ღმერთს გმობდა და სიკვდილის ღირსი იყო, ერთხელ მცდარი წარმოდგენის საფუძველზე, რომ ის თავს ღვთის თანასწორად აცხადებდა. კაიაფა ახლა მზაკვრულად ეკითხება: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი შენა ხარ ქრისტე, ძე ღვთისა?“

მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ იუდეველები, იესო ნამდვილად ღვთის ძეა. სიჩუმე შეიძლება ჩათვლილიყო ქრისტედ ყოფნაზე უარის თქმად. ამიტომ იესო გაბედულად პასუხობს: „მე ვარ. თქვენ იხილავთ კაცის ძეს ძალის მარჯვნივ მჯდომარეს და ცის ღრუბლებთან ერთად მომავალს“.

ამის მოსმენაზე კაიაფა წარმოდგენას გაითამაშებს — ტანსაცმელს იხევს და ყვირის: „მან ჰგმო. რაღად გვინდა მოწმენი? აჰა, ახლა გაიგონეთ გმობა. რას ფიქრობთ?“

„სიკვდილის ღირსია“, — აცხადებს სინედრიონი. შემდეგ ისინი იწყებენ დაცინვასა და ლანძღვას. ისინი სილას აწნავენ და სახეში აფურთხებენ. ზოგი კი სახეს უფარავს, მუშტებს უშენს და სარკასტულად ეუბნება: „გვიწინასწარმეტყველე, ქრისტე, ვინ დაგარტყა?“ ეს შეურაცხმყოფელი, უკანონო მოქმედება ხდება ღამის სასამართლოზე. მათე 26:57–68; 26:3, 4; მარკოზი 14:53–65; ლუკა 22:54, 63–65; იოანე 18:13–24; 11:45–53; 10:31–39; 5:16–18.

▪ სად მიჰყავთ თავდაპირველად იესო და როგორ ეპყრობიან მას?

▪ სად მიჰყავთ შემდეგ იესო და რა მიზნით?

▪ როგორ ახერხებს კაიაფა სინედრიონს ათქმევინოს, რომ იესო სიკვდილს იმსახურებს?

▪ როგორი შეურაცხმყოფელი და უკანონო მოქმედებები ხდება სასამართლო პროცესზე?