არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჯერ სინედრიონის წინაშე, შემდეგ პილატესთან

ჯერ სინედრიონის წინაშე, შემდეგ პილატესთან

თავი 121

ჯერ სინედრიონის წინაშე, შემდეგ პილატესთან

ღამე დასასრულს უახლოვდება. პეტრემ მესამეჯერ უარყო იესო; სინედრიონის წევრებმა დაამთავრეს თავიანთი ყალბი სასამართლო პროცესი და დაიშალნენ. მაგრამ, პარასკევს, განთიადისას, ისინი კვლავ იკრიბებიან, ამჯერად სინედრიონის დარბაზში. ალბათ, მათი მიზანია, ღამის სასამართლო პროცესს გარკვეულწილად კანონიერი სახე მისცენ. როცა იესო მათთან მიჰყავთ, ისინი იმავე კითხვას უსვამენ, რაც წინა ღამეს დაუსვეს:

— თუ ქრისტე ხარ, გვითხარი.

— რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ, — პასუხობს იესო, — და თუ შეგეკითხებით, არ მიპასუხებთ.

მაგრამ იესო გაბედულად ადასტურებს თავისი პიროვნების შესახებ და ამბობს:

— ამიერიდან კაცის ძე იქნება ღვთის ძალის მარჯვნივ მჯდომარე.

— მაშ, შენა ხარ ძე ღვთისა? — აინტერესებს ყველას.

— თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ, — პასუხობს იესო.

ამ მამაკაცებისთვის, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ მისი მოკვლა, ეს პასუხი საკმარისია. ისინი ამას ღვთისგმობად მიიჩნევენ. „მეტი რაღა მოწმობა გვჭირდება? — კითხულობენ ისინი, — ვინაიდან ჩვენ თვითონ მოვისმინეთ მისი პირიდან“. ამიტომ ისინი იესოს ბოჭავენ და რომაელ გამგებელთან, პონტოელ პილატესთან, მიჰყავთ.

იუდა, იესოს გამცემი, თვალს ადევნებს ამ პროცესს. როცა ის ხედავს, რომ იესოს მსჯავრი დასდეს, მას სინდისი ქენჯნის. ამიტომ 30 ვერცხლის დასაბრუნებლად მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან მიდის და განუმარტავს: „შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი“.

ჩვენ რა? შენ იცი, — უგულოდ პასუხობენ ისინი. იუდა ტაძარში ყრის ვერცხლის მონეტებს, მიდის და თავის ჩამოხრჩობას ცდილობს. მაგრამ ტოტი, რომელზეც იუდა თოკს აბამს, როგორც ჩანს, ტყდება, მისი სხეული კლდეზე ენარცხება, სკდება და მთელი შიგნეულობა გადმოიფანტება.

მღვდელმთავრებმა არ იციან, რა უყონ ამ ვერცხლის მონეტებს. „დაუშვებელია ამის საგანძურში დადება, — ასკვნიან ისინი, — ვინაიდან სისხლის საფასურია“. ამიტომ მოთათბირების შემდეგ ამ ფულით უცხოელების სასაფლაოდ მეთუნის მინდორს ყიდულობენ. ამგვარად, ამ მინდორს „სისხლის მინდორი“ ეწოდება.

დილით ადრე იესო სამთავრობო სასახლეში მიჰყავთ. მაგრამ იესოს თანმხლები იუდეველები უარს ამბობენ შიგნით შესვლაზე, ვინაიდან მათ სწამთ, რომ წარმართებთან ასეთი ახლო ურთიერთობა გააუწმინდურებს მათ. ამიტომ პილატე სამსახურს უწევს მათ და თვითონ გამოდის გარეთ.

— რა ბრალსა სდებთ ამ კაცს? — ეკითხება ის.

— ეს რომ ბოროტის მოქმედი არ იყოს, არ გადმოგცემდით, — პასუხობენ ისინი.

პილატეს არ სურს ამ საქმეში ჩარევა და პასუხობს:

— წაიყვანეთ თქვენთან და მსჯავრი დასდეთ თქვენი რჯულის მიხედვით.

იუდეველები მკვლელობის განზრახვას ავლენენ და აცხადებენ:

— ჩვენ ნება არა გვაქვს ვინმე მოვკლათ.

ნამდვილად, თუ ისინი პასექის დღესასწაულზე მოკლავდნენ იესოს, ეს, ალბათ, ხალხის მღელვარებას გამოიწვევდა, რადგან მრავალი იესოს დიდ პატივს სცემს. მაგრამ, თუ ისინი შეძლებენ პოლიტიკური დანაშაულის საფუძველზე რომაელებს სიკვდილით დაასჯევინონ იესო, ეს მათ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს.

ამიტომ რელიგიური წინამძღოლები არ ახსენებენ მათ მიერ ადრე ჩატარებულ სასამართლო პროცესს, რომელზეც იესო ღვთისგმობაში დაადანაშაულეს და სხვა ბრალდებას იგონებენ, რაც სამი ნაწილისაგან შედგება: „ჩვენ ვნახეთ, რომ ეს [ 1 ] აქეზებს ჩვენს ხალხს და [2] კრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას, ხოლო [3] თავის თავს უწოდებს ქრისტე მეფეს“.

პილატეს მხოლოდ ის აწუხებს, რომ იესო საკუთარ თავს მეფედ აცხადებს. ამიტომ ის კვლავ შედის სასახლეში, უხმობს იესოს და ეკითხება:

— შენ ხარ იუდეველთა მეფე?

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არღვევ თუ არა კანონს კეისრის წინააღმდეგ იმის გამოცხადებით, რომ საკუთარ თავს მეფეს უწოდებ?

იესოს სურვილია, იცოდეს, თუ რა იცის პილატემ მის შესახებ და ამიტომ ეკითხება:

— შენით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?

პილატე თავს აჩვენებს, თითქოს არ იცნობს მას და სურს, გამოიკვლიოს ფაქტები.

— განა მე იუდეველი ვარ? — პასუხობს ის. — შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. რა ჩაიდინე?

იესოს არასდროს უცდია, თავი აერიდებინა საკამათო საკითხისთვის, კერძოდ კი მეფობბის შესახებ საკითხისთვის. იესოს პასუხი, ეჭვგარეშეა, პილატეს განცვიფრებას იწვევს. ლუკა 22:66—23:3; მათე 27:1–11; მარკოზი 15:1; იოანე 18:28–35; საქმეები 1:16–20.

▪ რისთვის იკრიბება კვლავ სინედრიონი დილით?

▪ როგორ კვდება იუდა და რაში იყენებენ 30 ვერცხლს?

▪ რატომ სურთ იუდეველებს, რომ მათ ნაცვლად რომაელებმა მოკლან იესო?

▪ რა ბრალდებებს უყენებენ იუდეველები იესოს?