ᲗᲐᲕᲘ 22
„დაე იყოს იეჰოვას ნება“
პავლეს ვერავინ და ვერაფერი უდგება წინ და ღვთის ნების შესასრულებლად იერუსალიმში მიდის.
1—4. რატომ მიდიოდა პავლე იერუსალიმში და რა ელოდა მას იქ?
ᲞᲐᲕᲚᲔᲡ, ლუკას და მილეტში ჩასულ საყვარელ ეფესოელ ძმებს იმდენად უჭირთ ერთმანეთთან განშორება, რომ ცრემლებს ვერ იკავებენ. ორი მისიონერის გული ძმებთან რჩება. ისინი გემბანზე ბარგით დატვირთული ადიან, და მგზავრობისთვის საჭირო ნივთების გარდა, იუდეაში მცხოვრები გაჭირვებული ქრისტიანებისთვის შეგროვებული შესაწირავებიც მიაქვთ თან; და ერთი სული აქვთ, დანიშნულების ადგილზე ჩაიტანონ.
2 ნიავი აფრებს აფრიალებს და გემი ნელ-ნელა უკან იტოვებს ხმაურიან ნავსადგურს. ეს ორი მისიონერი და კიდევ შვიდი ძმა სანაპიროზე მდგომ დანაღვლიანებულ ძმებს გასცქერიან (საქ. 20:4, 14, 15) და, ვიდრე თვალს არ ეფარებიან, ხელის ქნევით ემშვიდობებიან საყვარელ მეგობრებს.
3 პავლე დაახლოებით სამ წელიწადს მსახურობდა ეფესოელი უხუცესების გვერდით, ახლა კი წმინდა სულის მითითებით იერუსალიმისკენ მიემართება. მას დაახლოებით შეუძლია იმის წარმოდგენა, რა ელოდება იქ. ცოტა ხნით ადრე პავლეს უხუცესებისთვის ნათქვამი ჰქონდა: „ღვთის სულს იერუსალიმში მივყავარ, თუმცა არ ვიცი, რა შემემთხვევა იქ, ის კი ვიცი, რომ ბორკილები და გასაჭირი მელის, რასაც წმინდა სული განუწყვეტლივ მიმეორებს ქალაქიდან ქალაქში“ (საქ. 20:22, 23). საფრთხის მიუხედავად, პავლე ღვთის სულის ხელმძღვანელობას მიჰყვება, ანუ თავს ვალდებულად თვლის და მზადაცაა, რომ წმინდა სულის მითითებისამებრ იერუსალიმში წავიდეს. ის აფასებს თავის სიცოცხლეს, თუმცა უმთავრესი მისთვის მაინც ღვთის ნების შესრულებაა.
4 თქვენც ასე ფიქრობთ? თავის მიძღვნისას იეჰოვას დაჰპირდით, რომ თქვენს ცხოვრებაში უმთავრეს მნიშვნელობას მისი ნების შესრულებას მიანიჭებდით. მოციქულ პავლეს ერთგულებაზე ფიქრი ბევრ რამეს შეგმატებთ.
„კუნძული კვიპროსი . . . უკან მოვიტოვეთ“ (საქმეები 21:1—3)
5. რა მარშრუტით წავიდნენ ტვიროსში პავლე და მისი თანამსახურები?
5 გემი, რომელზეც პავლე და მისი თანამსახურები იყვნენ, ქარის მიმართულებით მიცურავდა, რისი წყალობითაც იმავე დღეს ჩავიდა კოსზე (საქ. 21:1). როგორც ჩანს, იქ ერთი ღამით გაჩერდა, მეორე დღეს კი ჯერ როდოსამდე და მერე პატარამდე გასცურა. პატარაში, მცირე აზიის სანაპიროზე, ძმები დიდ სატვირთო გემზე გადასხდნენ, რომელმაც ისინი ფინიკიის ქალაქ ტვიროსში ჩაიყვანა. ტვიროსისკენ მიმავალ გემზე ყოფნისას მარცხენა მხარეს კუნძული კვიპროსი გამოჩნდა, რომელსაც გვერდი აუარეს (საქ. 21:3). რატომ მოიხსენია საქმეების დამწერმა ლუკამ ეს დეტალი?
6. ა) რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო პავლესთვის გამამხნევებელი კვიპროსის დანახვა? ბ) რა დასკვნამდე მივყავართ იეჰოვას მხარდაჭერასა და დახმარებაზე ფიქრს?
6 შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ პავლემ ხელი კუნძულისკენ გაიშვირა და იმ ამბის მოყოლა დაიწყო, რაც იქ თავს გადახდა. დაახლოებით ცხრა წლით ადრე, პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს, პავლე, ბარნაბა და მარკოზად წოდებული იოანე ჯადოქარ ელიმას შეხვდნენ, რომელიც მათთვის ქადაგებაში ხელის შეშლას ცდილობდა (საქ. 13:4—12). ამ კუნძულის დანახვა და იქ მომხდარის გახსენება გაამხნევებდა პავლეს და მოსალოდნელთან შესახვედრად ძალას შემატებდა. ჩვენთვისაც სასარგებლოა ღვთის მხარდაჭერაზე ფიქრი და იმის გახსენება, ღმერთი როგორ გვეხმარება განსაცდელების გადატანაში. ამის შემდეგ, ალბათ, ჩვენც გავიზიარებთ დავითის გრძნობებს: „მრავალი უბედურება ატყდება მართალს, მაგრამ იეჰოვა ყველაფრისგან დაიხსნის მას“ (ფსალმ. 34:19).
საქმეები 21:4—9)
„მოწაფეები მოვნახეთ“ (7. რა გააკეთეს ტვიროსში ჩასვლისთანავე პავლემ და მასთან მყოფებმა?
7 პავლე აფასებდა ქრისტიანებთან ურთიერთობას და ყოველთვის ცდილობდა, თანამორწმუნეებთან ყოფილიყო. როგორც ლუკა წერს, ტვიროსში ჩასვლისთანავე „მოწაფეები მოვნახეთ“ (საქ. 21:4). მათ იცოდნენ, რომ ტვიროსში თანაქრისტიანები ცხოვრობდნენ, ამიტომ მოძებნეს ისინი და, შესაძლოა, მათთან დარჩნენ კიდეც. ერთ-ერთი, რაც ჭეშმარიტებას მოაქვს, ისაა, რომ, სადაც უნდა წავიდეთ, ყველგან ვხვდებით თანამორწმუნეებს, რომლებიც გულისკარს გვიღებენ! ღვთის მოყვარულ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს ყველგან ჰყავთ მეგობრები.
8. როგორ უნდა გავიგოთ საქმეების 21:4?
8 ლუკა ტვიროსში შვიდდღიანი სტუმრობის აღწერისას, ისეთ რაღაცას მოიხსენიებს, რაც ერთი შეხედვით უცნაური ჩანს: „[ტვიროსელ ძმებს] სულმა გაუმჟღავნა, რაც პავლეს იერუსალიმში ელოდა; ამიტომ ისინი მას არწმუნებდნენ, რომ არ წასულიყო იქ“ (საქ. 21:4). გადაიფიქრა იეჰოვამ პავლეს იერუსალიმში გაგზავნა და სხვაგან წასვლა დაავალა? არა, ღვთის სულმა გააგებინა, რომ იერუსალიმში ცუდად მოეპყრობოდნენ, და არა ის, რომ თავი აერიდებინა იქ ჩასვლისთვის. როგორც ჩანს, ტვიროსელ ძმებს წმინდა სულის ხელმძღვანელობით უსაფუძვლოდ არ უფიქრიათ, რომ პავლე იერუსალიმში სირთულეებს შეხვდებოდა. ამიტომ პავლეს კეთილისმსურველებმა სთხოვეს, არ წასულიყო იერუსალიმში. გასაკვირი არ იყო, რატომ უნდოდათ მათ პავლეს დაცვა მოსალოდნელი საფრთხისგან. ამის მიუხედავად, პავლე დაადგა იერუსალიმისკენ მიმავალ გზას, რადგან იეჰოვას ნების შესრულება ჰქონდა გადაწყვეტილი (საქ. 21:12).
9, 10. ა) ტვიროსელი ძმების მოსმენისას რა გაახსენდებოდა პავლეს? ბ) რა თვალსაზრისია გავრცელებული დღეს და როგორ უპირისპირდება იმას, რასაც იესო ასწავლიდა?
9 დანაღვლიანებული ძმების მოსმენისას შესაძლოა პავლეს მოწაფეების რეაქცია გახსენებოდა, როცა იესომ მათ უთხრა, იერუსალიმში ბევრი უნდა ვიტანჯო და მტრის ხელით უნდა მოვკვდეო. მაშინ ემოციებს აყოლილმა პეტრემ იესოს სთხოვა: „შეიწყალე თავი, უფალო! ნუ დამართებ თავს ამას“. იესომ კი მიუგო: „მომცილდი, სატანა! დაბრკოლება ხარ ჩემთვის, რადგან ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ!“ (მათ. 16:21—23). იესოს გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლომდე შეესრულებინა ღვთის ნება, რაც მისგან თავგანწირვას მოითხოვდა. პავლეს დამოკიდებულებაც ასეთივე იყო. მოციქული პეტრეს მსგავსად ტვიროსელი ძმები, უეჭველია, კეთილისმსურველები იყვნენ, მაგრამ ისინი ბოლომდე ვერ სწვდებოდნენ ღვთის ნებას.
10 დღეს ბევრს ურჩევნია, დაზოგოს საკუთარი თავი და იოლი გზა აირჩიოს. ხალხი ძირითადად ისეთ რელიგიას ირჩევს, რომელიც ხელს აძლევს მათ და ბევრს არაფერს მოითხოვს მათგან. იესომ მოწაფეებს დაანახვა, რომ მათი შეხედულება სულ სხვაგვარი უნდა ყოფილიყო: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ძელი და გამომყვეს“ (მათ. 16:24). იესოს მიბაძვა ბრძნული და მართებულია, მაგრამ ადვილი არ არის.
11. საიდან ჩანს, რომ ტვიროსელ მოწაფეებს უყვარდათ პავლე და აფასებდნენ?
11 დადგა პავლეს, ლუკასა და სხვა ძმების გამგზავრების დრო. ლუკა ტვიროსელ და-ძმებთან განშორების აღწერისას, მძაფრად გამოხატავს, როგორ უყვარდათ მათ პავლე და როგორ აფასებდნენ მის მსახურებას. კაცებმა, ქალებმა და ბავშვებმა ნავსადგურში მიაცილეს პავლე და მასთან მყოფი ძმები. ყველამ მუხლი მოიყარა, ილოცა და გამოემშვიდობნენ პავლესა და ძმებს. პავლე, ლუკა და მათთან მყოფი ძმები გემზე ავიდნენ და პტოლემაიდაში გაცურეს, იქაურ ძმებს შეხვდნენ და იმ დღეს მათთან დარჩნენ (საქ. 21:5—7).
12, 13. ა) რა ვიცით ფილიპეს ერთგულად მსახურების შესახებ? ბ) რატომ არის ფილიპე ქრისტიანი მამებისთვის მისაბაძი მაგალითი?
12 ლუკა წერდა, რომ პავლე და მასთან მყოფი ძმები პტოლემაიდადან კესარეაში a წავიდნენ და „მახარობელ ფილიპეს სახლში“ მივიდნენ (საქ. 21:8). ფილიპეს დანახვა ძალიან გაუხარდებოდათ. ჯერ კიდევ 20 წლის წინ ის ერთ-ერთი იყო, ვისაც იერუსალიმში მოციქულებმა ახლად ჩამოყალიბებული კრებისთვის საკვების განაწილება მიანდეს. ის უკვე მრავალ წელიწადს მსახურობდა გულმოდგინედ. როცა დევნის გამო მოწაფეები გაიფანტნენ, ფილიპე სამარიაში წავიდა საქადაგებლად. მოგვიანებით მან ეთიოპ საჭურისს უქადაგა და მონათლა (საქ. 6:2—6; 8:4—13, 26—38). ერთგულად მსახურების რა შესანიშნავი მაგალითია!
13 მსახურებაში ფილიპეს არ დაუკარგავს ენთუზიაზმი. ის კესარეაშიც გულმოდგინედ ქადაგებდა, რაც იქიდანაც ჩანს, რომ ლუკა მას „მახარობელ ფილიპედ“ მოიხსენიებდა. „საქმეების“ დამწერის სიტყვებიდან იმასაც ვიგებთ, რომ ფილიპეს ახლა უკვე ოთხი ქალიშვილი ჰყავდა, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მამას ჰბაძავდნენ (საქ. 21:9). b აშკარაა, ფილიპე ბევრს შრომობდა, თავისი ოჯახი სულიერად რომ განემტკიცებინა. დღეს ქრისტიანმა ოჯახისთავებმა უნდა მიჰბაძონ ფილიპეს, მსახურებაში გულმოდგინების მაგალითი მისცენ ოჯახს და შვილებს შეაყვარონ მახარობლის საქმე.
14. რა შედეგი მოჰყვებოდა თანაქრისტიანებთან პავლეს სტუმრობას და რისი შესაძლებლობა გვეძლევა დღეს?
14 პავლე, სადაც უნდა წასულიყო, ყველგან ეძებდა თანამორწმუნეებს და, შეძლებისდაგვარად, მათთან ყოფნას ცდილობდა. ძმები დიდი სიამოვნებით მასპინძლობდნენ ამ მისიონერსა და მის თანამსახურებს. ასეთი სტუმრობით მხნევდებოდნენ როგორც სტუმრები, ისე მასპინძლები (რომ. 1:11, 12). ქრისტიანებს დღესაც ეძლევათ მსგავსი შესაძლებლობები. როგორი უბრალოც უნდა იყოს თქვენი საცხოვრებელი სახლი, დიდად გამხნევდებით, თუ სარაიონო ზედამხედველსა და მის ცოლს სტუმრად მიიპატიჟებთ (რომ. 12:13).
„მზად ვარ . . . მოვკვდე კიდეც“ (საქმეები 21:10—14)
15, 16. რა წინასწარმეტყველება წარმოთქვა აგაბემ და როგორ იმოქმედა ამან ძმებზე?
15 პავლე ჯერ კიდევ ფილიპესთან იყო, როცა იქ აგაბე მივიდა, რომელსაც კრებაში დიდ პატივს სცემდნენ. ფილიპეს სახლში შეკრებილებმა იცოდნენ, რომ აგაბე წინასწარმეტყველი იყო; მან იმპერატორ კლავდიუსის დროს მომხდარი დიდი შიმშილობა იწინასწარმეტყველა (საქ. 11:27, 28). ალბათ ყველას აინტერესებდა, რატომ მოვიდა ის და რა ჰქონდა სათქმელი. ყველა გაფაციცებით უყურებდა აგაბეს, რომელმაც აიღო პავლეს სარტყელი, ანუ გრძელი ნაჭერი, რაშიც ფული ან პატარ-პატარა ნივთები ედოთ ხოლმე, სარტყლით ხელ-ფეხი შეიკრა და ავისმომასწავებელი წინასწარმეტყველება წარმოთქვა: „იუდეველები ასე შებოჭავენ ამ სარტყლის პატრონს იერუსალიმში და უცხოტომელებს გადასცემენ“ (საქ. 21:11).
16 წინასწარმეტყველების თანახმად, პავლე უეჭველად წავიდოდა იერუსალიმში და იუდეველებთან ქადაგების გამო უცხოტომელებს ჩაუვარდებოდა ხელში. ამის გაგონებაზე ძმებს გულები შეუკრთათ. ლუკა გვიამბობს: «ეს რომ თქვა, ჩვენც და იქაურებმაც პავლეს ხვეწნა დავუწყეთ, რომ არ წასულიყო იერუსალიმში. მაშინ პავლემ გვითხრა: „რატომ ტირით და რატომ ცდილობთ, რომ გადამაფიქრებინოთ წასვლა? დარწმუნებულნი იყავით, რომ მე არა მხოლოდ შესაბოჭად, არამედ იმისთვისაც მზად ვარ, რომ უფალ იესოს სახელისთვის მოვკვდე კიდეც იერუსალიმში“» (საქ. 21:12, 13).
17, 18. როგორ აჩვენა პავლემ ძმებს, რომ მისი გადაწყვეტილება მტკიცე იყო და როგორი რეაქცია ჰქონდათ მათ?
17 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ხდებოდა იქ? ყველა ძმა, მათ შორის ლუკაც, ეხვეწებოდა პავლეს, არ წასულიყო იერუსალიმში; ზოგი ცრემლსაც კი ვერ იკავებდა. პავლეს ეჭვი არ შეჰპარვია მათ მზრუნველობაში, მაგრამ მაინც უსაყვედურა მათ და რბილად უთხრა, რომ გულს უღონებდნენ; ზოგი ბერძნულიდან ამ ფრაზას „გულის გატეხვად“ თარგმნის. ამის მიუხედავად, მას ვერაფერმა შეაცვლევინა გადაწყვეტილება. როგორც ტვიროსში, ისე ვერც ახლა იმოქმედა მასზე ხვეწნამ და ცრემლმა. პირიქით, პავლემ ძმებს აუხსნა, რატომ უნდა წასულიყო. ის მართლაც გაბედული და მტკიცე იყო, და იესოს მსგავსად არ დაიშალა იერუსალიმში წასვლა (ებრ. 12:2). პავლე მარტვილობას არ ესწრაფოდა, მაგრამ რწმენის გამო რომც წამებულიყო, ის დიდ პატივად მიიჩნევდა იესო ქრისტეს მიმდევრობისთვის სიკვდილს.
18 როგორი რეაქცია ჰქონდათ ძმებს? ისინი პატივს სცემდნენ მის გადაწყვეტილებას. ლუკა წერს: «ვერ გადავათქმევინეთ, შევეშვით და ვთქვით: „დაე იყოს იეჰოვას ნება“» (საქ. 21:14). ამის შემდეგ აღარავის უცდია მისი გადარწმუნება. მათ მოუსმინეს პავლეს, დაჰყვნენ მას, და აღიარეს, რომ მისი იერუსალიმში წასვლა იეჰოვას ნება ყოფილა, თუმცა ეს მათთვის ადვილი დასაჯერებელი როდი იყო. პავლე არჩეულ გზას საბოლოოდ სიკვდილამდე მიჰყავდა. მაგრამ მას ბევრი რამ გაუადვილდებოდა, თუ ძმები, რომლებსაც ძალიან უყვარდათ, არ შეეცდებოდნენ მის გადარწმუნებას.
19. რას ვსწავლობთ პავლეს შემთხვევიდან?
19 პავლეს შემთხვევა კარგი გაკვეთილია ჩვენთვის. არ უნდა შევეცადოთ ვინმეს გადავაფიქრებინოთ ღვთის მსახურებაში იმის კეთება, რაც მისგან განსაკუთრებულ თავგანწირვას მოითხოვს; ამის გათვალისწინება შეგვიძლია არა მხოლოდ მაშინ, როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება. მაგალითად, ბევრ ქრისტიან მშობელს ძალიან გაუჭირდა, როცა შვილები მსახურებისთვის დაშორებულ ტერიტორიაზე გადავიდნენ, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობენ, გული არ გაუტეხონ მათ. ინგლისში მცხოვრები ფილისი იხსენებს თავის განცდებს, როცა მისი ერთადერთი ქალიშვილი აფრიკაში მისიონერად წავიდა: „ემოციურად ძალიან გამიჭირდა. ვერ ვეგუებოდი იმ აზრს, რომ ჩემგან ასე შორს იქნებოდა. ვამაყობდი ჩემი ქალიშვილით, მაგრამ გულიც მწყდებოდა. ბევრს ვლოცულობდი. ეს მისი არჩევანი იყო და მე არასდროს მიცდია, მისთვის გადაწყვეტილება შემეცვლევინებინა. ბოლოს და ბოლოს, მე არ ვასწავლე, სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინა?! ის უკვე 30 წელია, საზღვარგარეთ მსახურობს; მე კი ყოველდღე ვემადლიერები იეჰოვას იმისთვის, რომ ჩემი ქალიშვილი მისი ერთგულია“. საქებარია, როცა ვამხნევებთ თავგანწირულ თანამორწმუნეებს!
საქმეები 21:15—17)
„ძმებმა სიხარულით მიგვიღეს“ (20, 21. საიდან ჩანს, რომ პავლე აფასებდა თანამორწმუნეებთან ურთიერთობას და რატომ უნდოდა მათთან ყოფნა?
20 პავლე და ისინი, ვინც თან ახლდნენ, გასამგზავრებლად გაემზადნენ, მათ კიდევ რამდენიმე ძმა გაჰყვა თან დიდი სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად. იერუსალიმისკენ მიმავალი პავლე და მასთან მყოფი ძმები გზადაგზა ყველგან ქრისტიანი და-ძმების მოძებნას ცდილობდნენ. მაგალითად, ტვიროსში მათ მოძებნეს მოწაფეები და მათთან შვიდ დღეს დარჩნენ; პტოლემაიდაში იქაური და-ძმები მოინახულეს და ის დღე მათთან გაატარეს; კესარეაში კარგა ხანს ფილიპეს სახლში დარჩნენ; იქიდან პავლე და მისი თანამსახურები რამდენიმე მოწაფემ გააცილა იერუსალიმში, სადაც ერთ-ერთმა პირველმა მოწაფემ, მნასონმა უმასპინძლა. ლუკა წერს, რომ „იერუსალიმში ძმებმა სიხარულით“ მიიღეს (საქ. 21:17).
21 აშკარაა, რომ პავლეს უნდოდა თანამორწმუნეებთან ყოფნა. მოციქულს ძალას მატებდა და-ძმებთან ურთიერთობა და ეს ჩვენთვისაც არ არის უცხო. ასეთი ურთიერთობა განამტკიცებდა პავლეს, რათა სულით არ დაცემულიყო მისი სიკვდილის მსურველ მრისხანე მოწინააღმდეგეთა წინაშე.
a იხილეთ ჩარჩო „რომის პროვინციის იუდეის დედაქალაქი კესარეა“.
b იხილეთ ჩარჩო „აქვთ ქალებს კრებაში დამოძღვრის უფლება?“.