ᲗᲐᲕᲘ 20
წინააღმდეგობის მიუხედავად, იეჰოვას სიტყვა „იკიდებდა ფეხს და ვრცელდებოდა“
რას აკეთებდნენ აპოლოსი და პავლე სასიხარულო ცნობისთვის?
1, 2. ა) რა საფრთხე შეექმნათ ეფესოში პავლესა და მის თანამსახურებს? ბ) რას განვიხილავთ ამ თავში?
ᲔᲤᲔᲡᲝᲡ ქუჩებში აურზაურია, ყვირილი და შეძახილები ისმის, აღშფოთებული ბრბო გუგუნებს! პავლეს ორი თანამსახური შეუპყრიათ და სადღაც მიათრევენ. განიერი ქუჩა, რომლის ორივე მხარეს სვეტები და დუქნებია ჩამწკრივებული, უცბად ცარიელდება, ბრბო გორდება და გაშმაგებით ქალაქის უზარმაზარი ამფითეატრისკენ მიექანება, რომელიც 25 000 მაყურებელს იტევს. უმეტესობას წარმოდგენა არა აქვს არეულობის გამომწვევ მიზეზზე, თუმცა ფიქრობენ, რომ მათ საყვარელ ქალღმერთ არტემიდასა და მის ტაძარს რაღაც საფრთხე ემუქრება. ამიტომ ყველა ერთხმად აყვირდა: „დიდებულია ეფესოელთა არტემიდა!“ (საქ. 19:34).
2 ეს სატანის მორიგი მცდელობაა, ის კიდევ ერთხელ იყენებს გაშმაგებულ ბრბოს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის წინააღმდეგ. მაგრამ სატანა მხოლოდ ძალადობით როდი ცდილობს ღვთის მსახურების შეშინებას. ამ თავში განვიხილავთ მის არაერთ ხრიკს, რომლებსაც ის პირველ საუკუნეში სამქადაგებლო საქმიანობის შესაჩერებლად და ქრისტიანთა ერთიანობის დასარღვევად მიმართავდა. რაც ყველაზე მთავარია, დავინახავთ, რომ მისი ყველა ხრიკი წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან იეჰოვას სიტყვა „იკიდებდა ფეხს და ვრცელდებოდა“ (საქ. 19:20). რამ გაამარჯვებინა ქრისტიანებს სატანაზე? სწორედ იმან, რაც ღვთის მსახურებს დღესაც ამარჯვებინებთ. მართალია, გამარჯვება იეჰოვასგანაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არაფერი მოგვეთხოვება; ამაში პირველი საუკუნის ქრისტიანების მაგალითი გვარწმუნებს. იეჰოვას სულის დახმარებით ისეთი თვისებების განვითარება შეგვიძლია, რომლებიც მსახურების წარმატებით შესრულებას შეგვაძლებინებს. ჯერ აპოლოსის მაგალითი განვიხილოთ.
საქმეები 18:24—28)
„წმინდა წერილებიც კარგად იცოდა“ (3, 4. რა შენიშნეს აკვილამ და პრისკილამ აპოლოსის მოსმენისას, და რა გააკეთეს?
3 მესამე მისიონერული მოგზაურობისას პავლე ჯერ კიდევ ეფესოსკენ მიმავალ გზას ადგა, როცა ეფესოში ერთი იუდეველი კაცი, სახელად აპოლოსი ჩავიდა; ის წარმოშობით ეგვიპტის სახელოვან ქალაქ ალექსანდრიიდან იყო. აპოლოსს არაერთი ღირსება ჰქონდა — მჭევრმეტყველებით გამოირჩეოდა, „წმინდა წერილებიც კარგად იცოდა“ და „ღვთის სულით იყო ანთებული“. ენთუზიაზმით სავსე აპოლოსი გაბედულად უქადაგებდა იუდეველებს სინაგოგაში (საქ. 18:24, 25).
4 მისი ქადაგება აკვილამ და პრისკილამ მოისმინეს. ისინი აუცილებლად გაიხარებდნენ იმით, რომ აპოლოსი „სწორად ლაპარაკობდა და ასწავლიდა იესოზე“. რასაც იესოზე ამბობდა სიმართლე იყო. მაგრამ აკვილამ და პრისკილამ მალევე შენიშნეს, რომ მან „იოანეს ნათლობის“ გარდა სხვა ნათლობა არ იცოდა. კარვების მკერავ თავმდაბალ ცოლ-ქმარს აპოლოსის განათლებულობისა და ნიჭიერების გამო არ მორიდებია მასთან მისვლა. პირიქით, „წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს ღვთის გზა“ (საქ. 18:25, 26). შეურაცხყოფილად ხომ არ იგრძნო თავი ამ განათლებულმა და ოქროპირმა კაცმა? არა, მისი რეაქციიდან გამოჩნდა, რომ თავმდაბალი იყო; თავმდაბლობა კი ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა.
5, 6. რისი წყალობით გახდა აპოლოსი იეჰოვას უკეთესი მსახური და რას ვსწავლობთ მისგან?
5 აპოლოსმა დააფასა აკვილასა და პრისკილას რჩევა, რისი წყალობითაც იეჰოვას უკეთესი მსახური გახდა. აპოლოსი აქაიაში ჩავიდა და „დიდად დაეხმარა“ მორწმუნეებს; იმ იუდეველებსაც კარგად უქადაგა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იესო ნაწინასწარმეტყველები მესია არ იყო. ლუკა წერს: „ის სახალხოდ მთელი გულმოდგინებით უმტკიცებდა იუდეველებს, რომ ცდებოდნენ, და წმინდა წერილებიდან უჩვენებდა, რომ იესო იყო ქრისტე“ (საქ. 18:27, 28). აპოლოსი, მართლაც, კურთხევა იყო კრებისთვის! იეჰოვას სიტყვის გავრცელებაში მასაც დიდი წვლილი შეჰქონდა. რას ვსწავლობთ აპოლოსისგან?
6 თავმდაბლობის გამომუშავება უაღრესად მნიშვნელოვანია ქრისტიანისთვის. თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა ძღვენი გვაქვს — ნიჭი, გამოცდილება თუ ცოდნა, — მაგრამ ჩვენ თავმდაბლობით უნდა გვიცნობდნენ. სხვა შემთხვევაში შეიძლება ჩვენი შესაძლებლობები მტრად გვექცეს და გული გაგვიამპარტავნდეს (1 კორ. 4:7; იაკ. 4:6). თუ თავმდაბლები ვართ, სხვებს საკუთარ თავზე აღმატებულად მივიჩნევთ (ფილ. 2:3). არ გვეწყინება, თუ შენიშვნას მოგვცემენ, და არ ვიუკადრისებთ, თუ რამეს გვასწავლიან; ჯიუტად არ დავრჩებით ჩვენს აზრზე, როცა წმინდა სული სხვაგვარად გვასწავლის. სანამ თავმდაბლები ვიქნებით, იეჰოვა და მისი ძე წმინდა მსახურებას შეგვაძლებინებენ (ლუკ. 1:51, 52).
7. რატომ არიან პავლე და აპოლოსი თავმდაბლობის მაგალითები?
7 თავმდაბლობა შურისგანაც დაგვიცავს. ადვილი წარმოსადგენია, რომ სატანას ძალიან უნდოდა, ადრინდელ ქრისტიანებს შორის განხეთქილების ჩამოგდება. სატანა გაიხარებდა, ორი გამორჩეული ძმა, აპოლოსი და პავლე, მეტოქეებად რომ ექცია და ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა — ვის უფრო მეტი გავლენა ექნებოდა კრებებში. ეს ადვილი შესაძლებელი იყო, რადგან კორინთში ზოგი ამბობდა, მე პავლესი ვარო, ზოგი კი — მე აპოლოსისო. ამწვავებდნენ პავლე და აპოლოსი მდგომარეობას? რა თქმა უნდა არა. პავლემ თავმდაბლად აღიარა აპოლოსის წვლილი სამქადაგებლო საქმიანობაში და მას სხვა პასუხისმგებლობებიც მიანდო. თავის მხრივ, აპოლოსიც ითვალისწინებდა პავლეს მითითებებს (1 კორ. 1:10—12; 3:6, 9; ტიტ. 3:12, 13). თავმდაბლობის რა კარგი მაგალითია ჩვენთვის!
„დამაჯერებლად მსჯელობდა ღვთის სამეფოს შესახებ“ (საქმეები 18:23; 19:1—10)
8. რა გზით დაბრუნდა პავლე ეფესოში და რატომ?
8 დაპირებისამებრ პავლე ეფესოში დაბრუნდა a (საქ. 18:20, 21). მაგრამ აღსანიშნავია ის, თუ რა გზით დაბრუნდა. როგორც გვახსოვს ბოლოს ის სირიის ანტიოქიაში იყო. ეფესოში ჩასასვლელად მას შეეძლო სელევკიაში ჩასულიყო, რომელიც არც ისე შორს იყო, და იქიდან პირდაპირ ეფესოში გაეცურა გემით. მაგრამ ნაცვლად ამისა, პავლემ „მთიანი მხარე“ გაიარა. არსებობს ვარაუდი, რომ საქმეების 18:23-სა და 19:1-ში აღწერილი მოგზაურობისას პავლემ დაახლოებით 1 600 კილომეტრი გაიარა. რატომ აირჩია პავლემ ასეთი დამქანცველი გზა? იმიტომ, რომ მას მოწაფეების განმტკიცება ჰქონდა მიზნად (საქ. 18:23). როგორც პირველი და მეორე მისიონერული მოგზაურობა, ისე მესამე მისიონერული მოგზაურობაც ბევრს ითხოვდა მისგან, მაგრამ ის ყველაფრისთვის მზად იყო. სარაიონო ზედამხედველებსა და მათ მეუღლეებს მსგავსი დამოკიდებულება აქვთ. ჩვენც დიდად ვაფასებთ მათ სიყვარულსა და თავგანწირვას!
9. რატომ მართებდათ მოწაფეებს ხელმეორედ მონათვლა და რას ვსწავლობთ მათგან?
9 ეფესოში ჩასვლისას პავლე იოანე ნათლისმცემლის რამდენიმე მოწაფეს შეხვდა. ისინი იოანეს ნათლობით იყვნენ მონათლულნი, რომელსაც უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, და უფრო მეტიც, მათ თითქმის არაფერი იცოდნენ წმინდა სულზე. პავლემ აუხსნა მათ, რას ნიშნავდა იესოს სახელით მონათვლა. აპოლოსის მსგავსად ისინი თავმდაბლები იყვნენ და მზად იყვნენ, ესწავლათ. მას შემდეგ, რაც იესოს სახელით მოინათლნენ, წმინდა სული და მისი სასწაულებრივი ძღვენი მიიღეს. აშკარაა, სულ წინ და წინ მავალი იეჰოვას ორგანიზაციის მითითებების გათვალისწინება უამრავ კარგ შედეგს მოგვიტანს (საქ. 19:1—7).
10. რატომ შეწყვიტა პავლემ ქადაგება სინაგოგაში და როგორ მივბაძოთ მას?
10 სასიხარულო ცნობა სულ უფრო და უფრო ვრცელდებოდა. პავლე სინაგოგაში სამ თვეს ქადაგებდა. მიუხედავად იმისა, რომ „დამაჯერებლად მსჯელობდა ღვთის სამეფოს შესახებ“, ზოგი გაჯიუტდა და მტრად ექცა. პავლეს დრო არ დაუკარგავს მათთან კამათში, ვინც „გმობდა უფლის გზას“ და სინაგოგის ნაცვლად ტირანეს სკოლაში დაიწყო ქადაგება (საქ. 19:8, 9). ვისაც უნდოდა სულიერად გაზრდილიყო, ტირანეს სკოლაში უნდა მისულიყო და არა სინაგოგაში. პავლეს მსგავსად ჩვენც ვწყვეტთ მათთან საუბარს, ვისაც ჩვენი მოსმენა არ სურს ან მარტო კამათი უნდა, რადგან გვესმის, რომ ჯერ კიდევ უამრავი ცხვრისმაგვარი ადამიანი ელოდება სასიხარულო ცნობას.
11, 12. ა) საიდან ჩანს, რომ პავლე გულმოდგინე მქადაგებელი იყო და სიტუაციას ადვილად ერგებოდა? ბ) როგორ ცდილობენ იეჰოვას მოწმეები, მიჰბაძონ პავლეს?
11 პავლე შესაძლოა სკოლაში ყოველდღე ქადაგებდა დილის 11 საათიდან დღის 4 საათამდე (საქ. 19:9). ეს დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთად ითვლებოდა, ამ დროს მრავალი ისვენებდა და სადილობდა. პავლეს ყოველდღე ასეთი გადატვირთული განრიგი რომ ჰქონოდა, ორი წლის განმავლობაში 3 000-ზე მეტ საათს იქადაგებდა. b ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომ იზრდებოდა და ძლიერდებოდა იეჰოვას სიტყვა. პავლე გულმოდგინე მქადაგებელი იყო და სიტუაციას ადვილად ერგებოდა. მსახურებას მსმენელისთვის მოსახერხებელ დროს გეგმავდა. ამის შედეგად „უფლის სიტყვა მთელი აზიის მოსახლეობამ მოისმინა, იუდეველებმაც და ბერძნებმაც“ (საქ. 19:10). პავლემ მართლაც საგულდაგულოდ იქადაგა!
12 პავლეს მსგავსად დღეს იეჰოვას მოწმეები გულმოდგინედ ქადაგებენ და მსახურების დროს სიტუაციასაც ადვილად ერგებიან. ჩვენ ვცდილობთ, ისეთი ადგილი და დრო შევარჩიოთ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვუქადაგოთ; ვქადაგებთ ქუჩებში, ბაზრებში, ავტოსადგომებზე, ტელეფონითა თუ წერილებით. ვცდილობთ, მაშინ ვიაროთ კარდაკარ, როცა ხალხი სახლშია.
წინააღმდეგობის მიუხედავად, „იკიდებდა ფეხს და ვრცელდებოდა იეჰოვას სიტყვა“ (საქმეები 19:11—22)
13, 14. ა) რა შეაძლებინა იეჰოვამ პავლეს? ბ) რაში შეცდნენ სკევას ვაჟები და რა მსგავს შეცდომას უშვებენ დღეს ეგრეთ წოდებული ქრისტიანები?
13 ლუკა გვეუბნება, რომ პავლეს ქადაგებას არაჩვეულებრივი შედეგები მოჰყვა, რადგან იეჰოვა მისი „ხელით სასწაულებს ახდენდა“. პავლეს ნაქონი ნაჭრები და წინსაფრები ავადმყოფებთან მიჰქონდათ და ისინიც იკურნებოდნენ; ამგვარად იდევნებოდნენ ბოროტი სულებიც (საქ. 19:11, 12). c სატანაზე გამარჯვება ბევრისთვის ცხადი გახდა, თუმცა ამით ყველამ როდი გაიხარა.
14 პავლეს მსგავსად სასწაულების მოხდენას შეეცადნენ „იუდეველებიც, რომლებიც დადიოდნენ და დემონებს დევნიდნენ“. ზოგი მათგანი იესოსა და პავლეს სახელით ცდილობდა დემონების განდევნას. ლუკა წერს, რომ უფროსი მღვდლის, სკევას შვიდი ვაჟიც ასე იქცეოდა, მაგრამ დემონმა ასე მიმართა მათ: „იესოსაც ვიცნობ და პავლესაც, მაგრამ თქვენ ვინღა ხართ?“. დემონით შეპყრობილი კაცი მხეცივით ეცა შვიდ თვითმარქვიას, დაასახიჩრა და ტანსაცმელი შემოაფლითა; გაშიშვლებულებმა გაქცევით უშველეს თავს (საქ. 19:13—16). ამ დროს აშკარად გაიმარჯვა „იეჰოვას სიტყვამ“. ცხადად გამოჩნდა, რა დიდი სხვაობა იყო პავლესა და იმ შვიდ უძლურ თვითმარქვიას შორის. დღეს მილიონობით ადამიანს ჰგონია, რომ იესოს სახელის მოხმობა და თავის ქრისტიანად წარმოჩენა საკმარისია. მაგრამ, როგორც იესომ თქვა, მხოლოდ ღვთის ნების შემსრულებლებს აქვთ მომავლის უტყუარი იმედი (მათ. 7:21—23).
15. როგორ უნდა მივბაძოთ ეფესოელებს, როცა საქმე სპირიტიზმსა და მასთან დაკავშირებულ ნივთებს ეხება?
15 სკევას ვაჟების შერცხვენის შემდეგ ბევრი ღვთის შიშმა მოიცვა, მორწმუნე გახდა და ზურგი აქცია სპირიტიზმს. მაგია ეფესოს კულტურის ნაწილი იყო. ეფესოელები, ჩვეულებრივ, ჯადოებსა და მაგიურ ფორმულებს მიმართავდნენ და ამულეტებს იყენებდნენ. მრავალმა მათგანმა სახალხოდ დაწვა მაგიური წიგნები, რომელთა ღირებულებაც დღეს ათობით ათას დოლარს შეადგენს. d ლუკა წერს: „ასე იკიდებდა ფეხს და ვრცელდებოდა იეჰოვას სიტყვა“ (საქ. 19:17—20). ეს ჭეშმარიტების დიდებული გამარჯვება იყო სიცრუესა და დემონიზმზე! ღვთისმოშიში ეფესოელები მისაბაძნი არიან ჩვენთვის. ჩვენც სპირიტიზმით სავსე ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ. თუ აღმოგვაჩნდება სპირიტიზმთან დაკავშირებული ნივთები, ისინი ეფესოელებივით უყოყმანოდ უნდა გავანადგუროთ! რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, შორს უნდა დავიჭიროთ თავი ასეთი სისაძაგლისგან!
„დიდი აურზაური ატყდა“ (საქმეები 19:23—41)
16, 17. ა) როგორ ატეხა დემეტრიოსმა შფოთი ეფესოში? ბ) როგორ გამოვლინდა ეფესოელების ფანატიზმი?
16 ლუკას არაფერი გაუზვიადებია, როცა დაწერა, უფლის გზის გამო დიდი აურზაური ატყდაო. e ეს სატანის კიდევ ერთი ხრიკი იყო (საქ. 19:23). შფოთი ვერცხლის მჭედელმა დემეტრიოსმა ატეხა, რომელმაც ჯერ სხვა მჭედლებს გაახსენა, რომ სწორედ კერპების გაყიდვით მდიდრდებოდნენ; მერე კი იმაზე მიანიშნა, რომ პავლეს ქადაგება ძირს უთხრიდა მათ საქმიანობას, რადგან ქრისტიანები არ სცემდნენ თაყვანს კერპებს. ეფესოელები ამაყობდნენ საკუთარი ქალაქითა და ქვეყნით, და სწორედ ამით მანიპულირებდა დემეტრიოსი, როცა აფრთხილებდა მათ, რომ ქალღმერთ არტემიდასა და მის საქვეყნოდ ცნობილ ტაძარს ბოლო მოეღებოდა (საქ. 19:24—27).
17 დემეტრიოსმა მიაღწია მიზანს. ვერცხლის მჭედლები აყვირდნენ: „დიდებულია ეფესოელთა არტემიდა!“. ქალაქი აურზაურმა მოიცვა და, როგორც ამ თავის დასაწყისში აღვნიშნეთ, გაშმაგებულმა ბრბომ აურზაური ატეხა. f თავგანწირული სულისკვეთებით აღძრულმა პავლემ ამფითეატრში შესვლა და აღელვებულ ხალხთან საუბარი მოისურვა, მაგრამ მოწაფეები ეხვეწებოდნენ, თავი საფრთხეში არ ჩაეგდო. ერთი იუდეველი, სახელად ალექსანდრე, შეეცადა ბრბოსთან ლაპარაკს. შესაძლოა მას უნდოდა ეჩვენებინა, რა განსხვავება იყო იუდეველებსა და ქრისტიანებს შორის. მაგრამ ბრბოსთვის ამ საკითხის ახსნას აზრი არ ჰქონდა. როცა მიხვდნენ, რომ იუდეველი იყო, ხმა აღარ ამოაღებინეს და ერთხმად თითქმის ორ საათს გაჰყვიროდნენ: „დიდებულია ეფესოელთა არტემიდა!“. რელიგიური ფანატიზმი დღესაც მსგავსად მოქმედებს ხალხზე და შეურაცხადს ხდის მათ (საქ. 19:28—34).
18, 19. ა) როგორ დააშოშმინა ქალაქის მწერალმა ბრბო? ბ) ზოგჯერ როგორ იცავენ სახელმწიფო მოხელეები იეჰოვას ხალხს და რა შეგვიძლია ჩვენ?
18 ბოლოს ქალაქის გამგებელმა დააშოშმინა ბრბო. ამ გონიერმა და საღად მოაზროვნე სახელმწიფო მოხელემ დაარწმუნა ისინი, რომ ქრისტიანებს არც მათი ტაძრისთვის შეუქმნიათ საფრთხე და არც მათი ქალღმერთისთვის; პავლესა და მის თანამსახურებს არაფერი ჩაუდენიათ არტემიდას ტაძრის წინააღმდეგ და, რომ ამგვარი საქმეების განხილვას თავისი წესი და რიგი ჰქონდა. შესაძლოა მისი ყველაზე ძლიერი არგუმენტი ის იყო, რომ ამ უკანონო და უწესრიგო თავყრილობის გამო შეიძლებოდა რომის რისხვა დაეტეხათ თავს. ეს თქვა და ბრბოც დაიშალა. როგორც სწრაფად აინთო მათი რისხვა, ისევე სწრაფად ჩაქრა. სწორედ გამგებლის გონივრულმა სიტყვებმა დაამშვიდა ბრბო (საქ. 19:35—41).
19 ეს არც პირველი შემთხვევა იყო და არც უკანასკნელი, როცა იესოს მიმდევრები გონიერმა თანამდებობის პირმა დაიცვა. მოციქულმა იოანემ ხილვაში ნახა, რომ ბოლო დღეებში „მიწა“, ანუ ქვეყნიერების შედარებით სტაბილური ნაწილი, შთანთქავდა იესოს მიმდევრების წინააღმდეგ სატანის აგორებულ დევნის ტალღას (გამოცხ. 12:15, 16). და ეს ასეც ხდება. მიუკერძოებელმა მოსამართლეებმა არაერთხელ აღიარეს, რომ იეჰოვას მოწმეებს თაყვანისცემისთვის შეკრებისა და სასიხარულო ცნობის ქადაგების უფლება აქვთ. მაგრამ გამარჯვება გარკვეულწილად ჩვენს საქციელზეც შეიძლება იყოს დამოკიდებული. მაგალითად, პავლემ, როგორც ჩანს, ეფესოს ზოგი თანამდებობის პირის პატივისცემა დაიმსახურა. ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებდნენ მის დასაცავად (საქ. 19:31). ჩვენც პატიოსნებითა და პატივისცემით უნდა მოვიპოვოთ სხვების კეთილგანწყობა. ვინ იცის, როდის მოვიმკით ჩვენი პატიოსნების შედეგებს!
20. ა) რას გმატებთ იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვას სიტყვა იმარჯვებდა პირველ საუკუნეშიც და იმარჯვებს ჩვენს დროშიც? ბ) რისი გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი?
20 მართლაც გვახარებს იმაზე ფიქრი, რომ პირველ საუკუნეში იეჰოვას სიტყვა „იკიდებდა ფეხს და ვრცელდებოდა“. არანაკლებ სასიხარულოა იმის დანახვა, როგორ გვამარჯვებინებს დღეს იეჰოვა. თუ გსურთ, თქვენი, თუნდაც პატარა, წვლილი შეიტანოთ ამ გამარჯვებაში, დაფიქრდით განხილულ მაგალითებზე. იყავით თავმდაბლები, მიჰყევით იეჰოვას სულ წინ და წინ მავალ ორგანიზაციას, იყავით გულმოდგინენი, შორს იდექით სპირიტიზმისგან და ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ პატიოსნებითა და სხვების პატივისცემით კარგი სახელი მოიპოვოთ.
a იხილეთ ჩარჩო „აზიის დედაქალაქი ეფესო“.
b პავლემ კორინთელების მიმართ მიწერილი პირველი წერილიც ეფესოში დაწერა.
c პავლეს ნაჭრით ექნებოდა თავი წაკრული, სახეზე ოფლი რომ არ ჩამოსვლოდა; წინსაფარი კი იმიტომ ეკეთებოდა, რომ დილაობით, თავისუფალ დროს, კარვების კერვით იქნებოდა დაკავებული (საქ. 20:34, 35).
d ლუკა 50 000 ვერცხლს ახსენებს. თუ ის „ვერცხლში“ დინარს გულისხმობდა, მაშინ ეს თანხა მუშის 50 000 დღის, ანუ ყოველდღე მუშაობის შემთხვევაში 137 წლის, შრომის საზღაური იყო.
e ზოგი ფიქრობს, რომ პავლე ამ შემთხვევას გულისხმობდა, როცა კორინთელებს მისწერა: „გადარჩენის იმედიც აღარ გვქონდა“ (2 კორ. 1:8). მაგრამ შესაძლოა სხვა, უფრო საშიში მოვლენა ჰქონოდა მხედველობაში. მან ერთხელ თქვა, ეფესოში მხეცებთან მიბრძოლიაო, და შეიძლება ამაში არენაზე გამძვინვარებულ მხეცებთან ბრძოლა ან ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება ეგულისხმა (1 კორ. 15:32). ასე იყო თუ ისე, „მხეცებთან ბრძოლა“ შეგვიძლია როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით გავიგოთ.
f ხელოსნების გილდები (კავშირი) საკმაოდ დიდ გავლენას ახდენდნენ საზოგადოებაზე. დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ მეპურეთა გილდმა მსგავსი აურზაური ატეხა ეფესოში.