არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 9

„ღმერთი მიუკერძოებელია“

„ღმერთი მიუკერძოებელია“

ქრისტიანები წინადაუცვეთელებთან იწყებენ ქადაგებას.

საქმეები 10:1—11:30

1—3. რა ხილვა ნახა პეტრემ და რატომ უნდა გვესმოდეს მისი მნიშვნელობა?

 ᲐᲮ. Წ. 36 ᲬᲔᲚᲘᲐ. ზღვისპირა ქალაქ იოპეში, ზღვასთან ახლოს, შემოდგომის მზის გულზე ერთი სახლის ბანზე პეტრე მოციქული ლოცულობს. ის დიდი ხანია, რაც ამ სახლს სტუმრობს. მისი იქ ყოფნა, გარკვეულწილად, პეტრეს მიუკერძოებლობის მაჩვენებელია. მას მეტყავე სიმონი მასპინძლობს; ბევრი იუდეველი არ მივიდოდა სტუმრად მის სახლში. a აქ პეტრე კიდევ უფრო ცხადად დაინახავს, რომ იეჰოვა მიუკერძოებელი ღმერთია.

2 პეტრე ლოცვის დროს ბურანში მიდის და ისეთ ხილვას ხედავს, რომელიც ნებისმიერ იუდეველს შეაშფოთებდა. ხედავს, როგორ ეშვება ციდან რაღაც ტილოს მსგავსი, რომელიც კანონის მიხედვით უწმინდური ცხოველებით არის სავსე. პეტრეს ხმა მოესმა, რომ დაეკლა და ეჭამა ისინი, რასაც ასე უპასუხა: „არასოდეს მიჭამია ბილწი და უწმინდური“. პეტრეს კიდევ სამჯერ უმეორებს ხმა: „ნუღარ უწოდებ ბილწს იმას, რაც ღმერთმა განწმინდა“ (საქ. 10:14—16). ცოტა არ იყოს, ხილვა აბნევს პეტრეს, მაგრამ მალე ყველაფერს ნათელი ეფინება.

3 რას ნიშნავდა პეტრეს ხილვა? თუ გვინდა, უკეთ გავიგოთ, როგორ უყურებს იეჰოვა ადამიანებს, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ამ ხილვის არსი. როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები, ჩვენ საგულდაგულოდ ვერ ვიქადაგებთ ღვთის სამეფოზე, თუ ისეთივე დამოკიდებულება არა გვაქვს ადამიანების მიმართ, როგორიც ღმერთს. პეტრეს ხილვის მნიშვნელობა რომ გავიგოთ, ვნახოთ, რა საოცარი რამ მოხდა, ვიდრე პეტრე ხილვას ნახავდა.

„ყოველთვის მხურვალედ ლოცულობდა ღვთის წინაშე“ (საქმეები 10:1—8)

4, 5. ვინ იყო კორნელიუსი და რა მოხდა მაშინ, როცა ლოცულობდა?

4 პეტრეს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ წინა დღეს ჩრდილოეთით დაახლოებით 50 კილომეტრით დაშორებულ კესარეაში მცხოვრებმა ერთმა კაცმაც, სახელად კორნელიუსმა, ხილვა იხილა. კორნელიუსი რომაელთა ჯარის ცენტურიონი (ასისთავი) იყო. b მას მორწმუნე კაცად იცნობდნენ და სამაგალითოდ უძღვებოდა ოჯახს, რადგან „ის და მისი შინაურები . . . ღვთისმოშიშები იყვნენ“. კორნელიუსი არ ყოფილა იუდეველი პროზელიტი, ის წინადაუცვეთელი უცხოტომელი იყო; თუმცა ყოველთვის თანაუგრძნობდა გაჭირვებულ იუდეველებს და მატერიალურად ეხმარებოდა. ეს გულწრფელი კაცი „ყოველთვის მხურვალედ ლოცულობდა ღვთის წინაშე“ (საქ. 10:2).

5 შუადღის სამი საათი იქნებოდა, როცა კორნელიუსი ლოცულობდა. ამ დროს ხილვაში ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „ხედავს ღმერთი, რომ ლოცულობ და გაჭირვებულებს ეხმარები“ (საქ. 10:4). ანგელოზის სიტყვებისამებრ კორნელიუსმა კაცები გაგზავნა მოციქულ პეტრეს მოსაყვანად. წინადაუცვეთელი უცხოტომელი კორნელიუსის წინაშე პეტრეს „გასაღებით“ ძალიან მალე გაიღებოდა „კარი“, რომელიც აქამდე მისთვის დაკეტილი იყო, და მიიღებდა ცნობას, რომელსაც მისი გადარჩენა შეეძლო.

6, 7. ა) პასუხობს ღმერთი იმ გულწრფელი ადამიანის ლოცვას, რომელსაც მის შესახებ ჭეშმარიტების გაგება სწყურია? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) რა შეიძლება დავასკვნათ?

6 პასუხობს ღმერთი იმ გულწრფელი ადამიანის ლოცვას, რომელსაც მის შესახებ ჭეშმარიტების გაგება სწყურია? მოვიყვანოთ ერთი მაგალითი. ალბანეთში ერთ ქალს იეჰოვას მოწმემ ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთი ნომერი მისცა, რომელშიც დაბეჭდილი იყო სტატია ბავშვების აღზრდაზე. c მან მოწმეს უთხრა: „დამიჯერებთ, ღმერთს იმას ვეხვეწებოდი, როგორმე ჩემი გოგოების აღზრდაში მომხმარებოდა?! მან კი თქვენი თავი გამომიგზავნა! თქვენ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ!“. ქალმა თავის გოგონებთან ერთად ბიბლიის შესწავლა დაიწყო, მოგვიანებით შესწავლაში მეუღლეც შეუერთდა.

7 როგორ ფიქრობთ, იშვიათად ხდება მსგავსი რამ? ცხადია, არა! მსოფლიოს ყველა კუთხეში ასეთი შემთხვევები იმდენად ხშირია, რომ შეუძლებელია შემთხვევითობას მივაწეროთ. რა შეიძლება დავასკვნათ? უპირველეს ყოვლისა ის, რომ იეჰოვა პასუხობს მათ ლოცვებს, ვინც გულწრფელად ეძებს მას (1 მეფ. 8:41—43; ფსალმ. 65:2). და მეორე, სამქადაგებლო საქმიანობაში ანგელოზები გვეხმარებიან (გამოცხ. 14:6, 7).

„პეტრე . . . საგონებელში იყო ჩავარდნილი“ (საქმეები 10:9—23ა)

8, 9. რა უთხრა სულმა პეტრეს და როგორ იმოქმედა მოციქულმა?

8 ბანზე ასული „პეტრე . . .საგონებელში იყო ჩავარდნილი ამ ხილვის გამო“. ამ დროს სახლს კორნელიუსის გაგზავნილი კაცები მიადგნენ (საქ. 10:17). გაჰყვებოდა ამ კაცებს უცხოტომელის სახლში პეტრე, რომელმაც სამჯერ თქვა უარი კანონის მიხედვით უწმინდური ცხოველების ჭამაზე? ამ დროს წმინდა სულმა განუცხადა პეტრეს ღვთის ნება: „სამი კაცი გკითხულობს. ადექი, ჩადი დაბლა და გაჰყევი მათ. არაფერმა დაგაეჭვოს, ჩემი გამოგზავნილები არიან“ (საქ. 10:19, 20). ნანახი ხილვა უეჭველად დაეხმარებოდა პეტრეს, მიჰყოლოდა წმინდა სულის ხელმძღვანელობას.

9 როგორც კი გაიგო პეტრემ, რომ კორნელიუსს ღვთის დავალებით მასთან კაცები გაეგზავნა, „შინ შეიპატიჟა ისინი და ღამით იქ დარჩნენ“ (საქ. 10:23ა). აქედან ჩანს, რომ მორჩილმა მოციქულმა უკეთ გაიგო ღვთის ნება და ამის შემდეგ თავისი დამოკიდებულებაც შესაბამისად შეცვალა.

10. როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა თავის ხალხს და რა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს?

10 იეჰოვა დღემდე ნელ-ნელა უმხელს თავის განზრახვებს თავის ხალხს (იგავ. 4:18). ის წმინდა სულით ხელმძღვანელობს „ერთგულ და გონიერ მონას“ (მათ. 24:45). დროდადრო შეიძლება გონიერმა მონამ უფრო ნათლად ახსნას ესა თუ ის ბიბლიური მუხლი ან გარკვეული ცვლილებები შეიტანოს ორგანიზაციულ საკითხებში. როგორ ვრეაგირებთ სიახლეზე? ვემორჩილებით ამ დროს ღვთის სულის ხელმძღვანელობას?

პეტრემ „უბრძანა მათ, . . მონათლულიყვნენ“ (საქმეები 10:23ბ—48)

11, 12.რა გააკეთა კესარეაში ჩასულმა პეტრემ და რა ისწავლა მან?

11 ხილვის ნახვიდან მეორე დღეს პეტრე კესარეაში გაემგზავრა ცხრა კაცთან ერთად; სამი კორნელიუსის გაგზავნილი იყო, ექვსი კი — იოპელი [იუდეველი] ძმა (საქ. 11:12). პეტრეს მოლოდინში კორნელიუსმა ნათესავები და ახლო მეგობრები შეკრიბა; სავარაუდოდ, ყველა უცხოტომელი იყო (საქ. 10:24). იქ ჩასულმა მოციქულმა ისეთი რამ გააკეთა, რასაც მანამდე არასდროს გააკეთებდა — წინადაუცვეთელი უცხოტომელის სახლში შევიდა. მან ასე ახსნა ეს ნაბიჯი: „თქვენ კარგად იცით, რომ კანონი იუდეველს უცხოტომელთან მისვლასაც უკრძალავს და ურთიერთობასაც, მაგრამ ღმერთმა დამანახვა, რომ არავის ვუწოდო ბილწი და უწმინდური“ (საქ. 10:28). პეტრე მიხვდა ნანახი ხილვის მნიშვნელობას, რომ მთავარი იყო არა ის, რა ეჭამა და რა — არა, არამედ ის, რომ აღარავინ მიეჩნია ბილწად, უცხოტომელებიც კი.

„კორნელიუსი ელოდა მათ. მას ნათესავებისა და ახლო მეგობრებისთვისაც დაეძახა“ (საქმეები 10:24).

12 ყველა მოთმინებით ელოდა პეტრეს სიტყვას. კორნელიუსმა პეტრეს უთხრა: „ახლა ყველანი ღვთის წინაშე ვდგავართ, რომ მოვისმინოთ ყველაფერი, რისი თქმაც იეჰოვასგან გაქვს ნაბრძანები“ (საქ. 10:33). რას იგრძნობდით, ღვთის სიტყვით დაინტერესებულ ადამიანს ეს თქვენთვის რომ ეთქვა?! პეტრემ თავისი სიტყვის დასაწყისში მნიშვნელოვანი რამ აღნიშნა: „ახლა მართლა ვხედავ, რომ ღმერთი მიუკერძოებელია და ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქნელი მოსაწონია მისთვის“ (საქ. 10:34, 35). მან დაინახა, რომ ღმერთი რასით, წარმომავლობითა თუ გარეგნული იერით არ აფასებს კაცს, და მერე იესოს მსახურების, სიკვდილისა და აღდგომის შესახებ იქადაგა.

13, 14. ა) რა იყო მნიშვნელოვანი ახ. წ. 36 წელს კორნელიუსისა და სხვა უცხოტომელების მოქცევაში? ბ) რატომ არ უნდა განვსაჯოთ ადამიანები წარმომავლობისა თუ გარეგნული მახასიათებლების გამო?

13 ამ დროს ისეთი რამ მოხდა, რაც არასდროს მომხდარა: „პეტრეს ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ წმინდა სული გადავიდა ყველაზე“, ანუ უცხოტომელებზე (საქ. 10:44, 45). წმინდა წერილების თანახმად, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა წმინდა სული ნათლობამდე გადავიდა ხალხზე. პეტრემ ნათლად დაინახა, რომ ღმერთმა მოიწონა ისინი და „უბრძანა მათ [უცხოტომელებს], . . მონათლულიყვნენ“ (საქ. 10:48). ახ. წ. 36 წელს ამ უცხოტომელების მოქცევით დასრულდა ის პერიოდი, როცა იუდეველები ღვთის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდნენ (დან. 9:24—27). პეტრემ უცხოტომელებთან ქადაგებისას მესამე და ბოლო „სამეფოს გასაღები“ გამოიყენა (მათ. 16:19). ამ „გასაღების“ გამოყენებამ წინადაუცვეთელ უცხოტომელებს სულითცხებულ ქრისტიანებად გახდომის შესაძლებლობა მისცა.

14 დღეს სამეფოს ცნობის მაუწყებლებმა კარგად ვიცით, რომ „ღმერთი ნამდვილად მიუკერძოებელია“ (რომ. 2:11). და მას სურს, რომ „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს“ (1 ტიმ. 2:4). ასე რომ, არავინ უნდა განვსაჯოთ წარმომავლობისა თუ გარეგნული მახასიათებლების გამო. ჩვენი დავალებაა, საგულდაგულოდ ვიქადაგოთ ღვთის სამეფოზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვუქადაგოთ ყველა ხალხს რასის, ეროვნების, გარეგნობისა თუ აღმსარებლობის მიუხედავად.

„ვეღარაფერი უთხრეს, ღმერთი განადიდეს“ (საქმეები 11:1—18)

15, 16. რატომ შეეკამათა პეტრეს ზოგი იუდეველი ქრისტიანი და რა პასუხი გასცა პეტრემ?

15 პეტრეს, ალბათ, ერთი სული ჰქონდა, როდის ჩავიდოდა იერუსალიმში და როდის მოჰყვებოდა კესარეაში მომხდარ ამბავს. როგორც ჩანს, წინადაუცვეთელ უცხოტომელთა მიერ ღვთის სიტყვის მიღების შესახებ იერუსალიმში პეტრეს ჩასვლამდე გაიგეს. კესარეიდან დაბრუნებული პეტრე „წინადაცვეთის მომხრეებმა გაკიცხეს“. ისინი შეშფოთებულნი იყვნენ იმის გამო, რომ პეტრე წინადაუცვეთელთა სახლში შევიდა და მათთან ერთად ჭამა (საქ. 11:1—3). იუდეველ მოწაფეებს ის არ გაუხდიათ საკამათო, შეეძლოთ თუ არა უცხოტომელებს ქრისტეს მიმდევრობა. ისინი დაჟინებით ამბობდნენ, რომ კანონის დაცვისა და წინადაცვეთის გარეშე მოსაწონი სახით ვერ ემსახურებოდნენ იეჰოვას. ამგვარად, ზოგი იუდეველი მოწაფე ვერ ურიგდებოდა მოსეს კანონის გაუქმებას.

16 რა პასუხი გასცა პეტრემ? საქმეების 11:4—16 მუხლებში მან ოთხი მტკიცება მოიყვანა იმისა, რომ ის, რაც მოხდა, ღვთისაგან იყო: 1) ღმერთმა ხილვა აჩვენა (მუხლები 4—10); 2) სულმა უთხრა (მუხლები 11, 12); 3) ანგელოზი კორნელიუსს გამოეცხადა (მუხლები 13, 14); 4) უცხოტომელებზე წმინდა სული გადმოვიდა (მუხლები 15, 16). პეტრემ თავისი სიტყვის დასასრულს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა გააკეთა: „ამიტომ, თუ ღმერთმა მათ [მორწმუნე უცხოტომელებს] ისევე მისცა ძღვენი [წმინდა სული], როგორც ჩვენ [იუდეველებს], ვინც უფალი იესო ქრისტე ვირწმუნეთ, მე ვინა ვარ, რომ ღმერთს შევეწინააღმდეგო?“ (საქ. 11:17).

17, 18. ა) რა გადაწყვეტილების წინაშე დააყენა პეტრემ იუდეველი ქრისტიანები? ბ) რატომ შეიძლება რთული იყოს კრებაში ერთიანობის შენარჩუნება და რა კითხვები უნდა დავუსვათ თავს?

17 პეტრეს სიტყვის დასრულების შემდეგ იუდეველ ქრისტიანებს გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. იქნებოდნენ მიუკერძოებლები და ახალმონათლულ უცხოტომელებს მიიღებდნენ თანაქრისტიანებად? ბიბლიაში ვკითხულობთ: «როცა ეს მოისმინეს [მოციქულებმა და სხვა იუდეველმა ქრისტიანებმა], ვეღარაფერი უთხრეს, ღმერთი განადიდეს და თქვეს: „ღმერთს უცხოტომელებისთვისაც მიუცია იმის ნება, რომ მოინანიონ და იცოცხლონ“» (საქ. 11:18). მათმა ასეთმა სწორმა დამოკიდებულებამ კრებას ერთიანობა შეუნარჩუნა.

18 დღეს ერთიანობის შენარჩუნება შეიძლება ადვილი არ იყოს, რადგან ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ შეიკრიბნენ (გამოცხ. 7:9). სწორედ ამიტომ არიან კრებებში სხვადასხვა რასის, კულტურისა და წარმოშობის ადამიანები. კარგი იქნება საკუთარ თავს ვკითხოთ — სრულად გავთავისუფლდი მიკერძოებისგან? გადავწყვიტე, არ მივცე ქვეყნიერებას იმის უფლება, რომ ნაციონალიზმმა, რასიზმმა და კულტურით ტრაბახმა ან ჩემი კუთხით სიამაყემ გავლენა იქონიოს თანაქრისტიანებთან ჩემს ურთიერთობაზე? გავიხსენოთ, რა დაემართა პეტრეს (კეფას) პირველი უცხოტომელების მოქცევიდან რამდენიმე წლის შემდეგ. სხვების გავლენის ქვეშ მოექცა და უცხოტომელი ქრისტიანებისგან „თავი შორს დაიჭირა“, რისთვისაც პავლემ უსაყვედურა (გალ. 2:11—14). მოდი ყოველთვის შორს გვეჭიროს თავი მიკერძოებისგან!

„დიდძალმა ხალხმა ირწმუნა“ (საქმეები 11:19—26ა)

19. ვისთან დაიწყეს ქადაგება ანტიოქიაში იუდეველმა ქრისტიანებმა და რა მოჰყვა ამას შედეგად?

19 დაიწყეს ქადაგება ქრისტეს მიმდევრებმა წინადაუცვეთელ უცხოტომელებთან? ვნახოთ, რა მოხდა მოგვიანებით სირიის ანტიოქიაში. d ამ ქალაქში ბევრი იუდეველი ცხოვრობდა, მაგრამ იუდეველებსა და უცხოტომელებს შორის მტრობა არ ყოფილა; ასე რომ, ანტიოქიაში მსახურებისთვის სასურველი გარემო იყო. ზოგმა იუდეველმა მოწაფემ სწორედ აქ დაიწყო „ბერძნულენოვან მოსახლეობასთან“ სასიხარულო ცნობის ქადაგება (საქ. 11:20). მათ არა მხოლოდ ბერძნულენოვან იუდეველებს უქადაგეს, არამედ წინადაუცვეთელ უცხოტომელებსაც. იეჰოვამ აკურთხა მათი შრომა და „დიდძალმა ხალხმა ირწმუნა“ (საქ. 11:21).

20, 21. რაში გამოვლინდა ბარნაბას მოკრძალებულობა და როგორ შეგვიძლია ჩვენც გამოვავლინოთ მოკრძალებულობა მსახურებისას?

20 იერუსალიმის კრებამ ანტიოქიაში მოსასმენად განწყობილ ხალხთან საქადაგებლად ბარნაბა გაგზავნა. მაგრამ იმდენს სურდა ჭეშმარიტების მოსმენა, რომ ერთი კაცი ვერ აუვიდოდა. ვინ შეეხიდებოდა ბარნაბას სავლეზე უკეთ, რომელიც მალე უცხოტომელთა მოციქული უნდა გამხდარიყო?! (საქ. 9:15; რომ. 1:5). მეტოქეს ხედავდა ბარნაბა სავლეში? არა, ბარნაბა მოკრძალებული ადამიანი იყო. ის თვითონ ჩავიდა ტარსოსში, მოძებნა სავლე და ანტიოქიაში ჩაიყვანა, რათა მსახურებაში დახმარებოდა. იქ ერთი წელი მსახურობდნენ ერთად და განამტკიცებდნენ კრებას (საქ. 11:22—26ა).

21 როგორ ვიყოთ მოკრძალებულნი მსახურებისას? ეს თვისება ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების აღიარებას გულისხმობს. ჩვენ ყველას სხვადასხვა უნარი და შესაძლებლობა გვაქვს. მაგალითად, ზოგი შეიძლება ადვილად ქადაგებდეს არაფორმალურად ან კარდაკარ, მაგრამ უჭირდეს განმეორებითი მონახულება და ბიბლიის შესწავლის დაწყება. თუ მსახურების რომელიმე სფეროში გაუმჯობესება გინდათ, ითხოვთ დახმარებას? თუ ითხოვთ, უფრო ეფექტური მქადაგებლები გახდებით და მსახურებაც მეტ სიხარულს მოგანიჭებთ (1 კორ. 9:26).

„დახმარების გაგზავნა გადაწყვიტეს“ (საქმეები 11:26ბ—30)

22, 23. როგორ გამოავლინეს ანტიოქიელმა ძმებმა ძმური სიყვარული და რა მსგავსი დამოკიდებულებაა დღეს ღვთის ხალხს შორის?

22 „მოწაფეებს ღვთის ნებით პირველად ანტიოქიაში ეწოდათ ქრისტიანები“ (საქ. 11:26ბ). ეს სახელი ზუსტად ახასიათებს მათ, ვისთვისაც მთელი ცხოვრების მაგალითი ქრისტეა. ჩამოყალიბდა ძმური ურთიერთობა გაქრისტიანებულ უცხოტომელთა და იუდეველთა შორის? ვნახოთ, რა მოხდა ახ. წ. დაახლოებით 46 წელს, როცა დიდი შიმშილობა იყო. e ძველად შიმშილობის შედეგებს განსაკუთრებით ღარიბები იწვნევდნენ ხოლმე, რომლებსაც არც ფული ჰქონდათ გადანახული და არც სურსათი ჰქონდათ მომარაგებული. ამ შიმშილობის დროს იუდეაში მცხოვრებ იუდეველ ქრისტიანებს ხელის გამართვა სჭირდებოდათ, რადგან მათი უმრავლესობა, როგორც ჩანს, ღარიბი იყო. გაიგეს თუ არა მათი გაჭირვება, ანტიოქიელმა ძმებმა, მათ შორის უცხოტომელმა ქრისტიანებმა, „იუდეაში მცხოვრები ძმებისთვის“ დახმარება გაგზავნეს (საქ. 11:29). აი ეს არის ჭეშმარიტად ძმური სიყვარული!

23 ღვთის მსახურებს დღესაც ძმური სიყვარული აერთიანებთ. როცა ვიგებთ, რომ სხვა ქვეყანაში ან ჩვენ გვერდით ჩვენს ძმებს უჭირთ, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ მათ დასახმარებლად. ფილიალების კომიტეტები სასწრაფოდ აყალიბებენ დაზარალებულთა დახმარების კომიტეტებს, რომლებიც ზრუნავენ სტიქიების — ქარიშხლის, მიწისძვრისა თუ ცუნამის — შედეგად დაზარალებულ და-ძმებზე. ამგვარად გაწეული ნებისმიერი დახმარება ჩვენს საძმოში არსებულ სიყვარულზე მეტყველებს (იოან. 13:34, 35; 1 იოან. 3:17).

24. რითი შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ კარგად გვესმის პეტრეს ნანახი ხილვის მნიშვნელობა?

24 ჭეშმარიტ ქრისტიანებს კარგად უნდა გვესმოდეს იმ ხილვის მნიშვნელობა, რომელიც პირველ საუკუნეში პეტრემ იოპეში სიმონის სახლის ბანზე იხილა. ჩვენ მიუკერძოებელ ღმერთს ვეთაყვანებით. მისი ნებაა, რომ საგულდაგულოდ ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვუქადაგოთ ყველას რასის, ეროვნებისა თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად. მოდი გადაწყვეტილი გვქონდეს, რომ ყველას მივცეთ სასიხარულო ცნობის მოსმენის შესაძლებლობა (რომ. 10:11—13).

როცა ვიგებთ, რომ ჩვენს ძმებს უჭირთ, ძალ-ღონეს არ ვიშურებთ მათ დასახმარებლად.

a ბევრი იუდეველი ზემოდან დაჰყურებდა მეტყავეებს, რადგან დახოცილ ცხოველებს ეხებოდნენ და ტყავს ძაღლის განავლით ამუშავებდნენ. მათ ტაძარში შესვლის ღირსად არ თვლიდნენ. მათი სამუშაო ადგილი ქალაქიდან, სულ ცოტა, 50 წყრთით, ანუ 22 მეტრით, უნდა ყოფილიყო დაშორებული. შეიძლება სწორედ ამის გამო იდგა სიმონის სახლი ზღვის პირას (საქ. 10:6).

c 2006 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „საიმედო რჩევები ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით“, გვერდები 4—7.

d იხილეთ ჩარჩო  „სირიის ანტიოქია“.

e ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ამბობს, რომ „დიდი შიმშილობა“ იმპერატორ კლავდიუსის მმართველობის პერიოდში იყო (ახ. წ. 41—54).