ᲗᲐᲕᲘ 4
„უსწავლელი და უბრალო ადამიანები“
იეჰოვამ მოციქულების გაბედულება აკურთხა.
1, 2. რა სასწაული მოახდინეს ტაძრის კარიბჭესთან პეტრემ და იოანემ?
ᲜᲐᲨᲣᲐᲓᲦᲔᲕᲘᲐ, გულმოდგინე იუდეველები და ქრისტეს მოწაფეები ტაძრისკენ მიემართებიან. „ლოცვის საათი“ a ახლოვდება (საქ. 2:46; 3:1). პეტრეც და იოანეც იქ არიან. ისინი უახლოვდებიან შთამბეჭდავ ტაძრის კარიბჭეს, რომელსაც „მშვენიერი“ ეწოდება. ხალხის ზუზუნისა და ფეხების ფლატუნის ფონზე დედის მუცლიდან წელს ქვემოთ მოწყვეტილი შუახნის კაცის მოწყალების მუდარა ისმის (საქ. 3:2; 4:22).
2 პეტრეს და იოანეს დანახვაზე ხეიბარმა მათხოვარმა ჩვეული ფორმით სთხოვა მათ მოწყალება. მოციქულები შეყოვნდნენ, მათხოვარმაც იმედიანი თვალები შეანათა. „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმას მოგცემ; ნაზარეთელი იესო ქრისტეს სახელით გეუბნები: იარე!“ — უთხრა პეტრემ. ხალხის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მოციქულმა ხელი მოჰკიდა და ხეიბარი პირველად დადგა ფეხზე (საქ. 3:6, 7). აღტაცებული დაჰყურებდა თავის პირველ ნაბიჯებს, მალე სიხარულისგან ხტუნვა დაიწყო და ღმერთს განადიდებდა. ვის გაუკვირდებოდა ასეთი აღფრთოვანება?!
3. რას სთავაზობდა პეტრე ხალხს?
3 ხალხი პეტრესა და იოანემდე მისასვლელად „სოლომონის სვეტებიან დერეფანში“ შერბოდა. იქ, სადაც ერთ დროს იესო ასწავლიდა, ახლა პეტრე სასწაულის მიზეზს განმარტავდა (იოან. 10:23). ის ხალხს, თვით განკურნებულ კაცსაც კი, ვერცხლსა და ოქროზე ძვირფასს სთავაზობდა; იმას, რასაც გამოჯანსაღებაც კი ვერ შეედრებოდა. ეს იყო მონანიების, ცოდვების წაშლის და იეჰოვას დანიშნული „სიცოცხლის მეთაურის“, იესო ქრისტეს მიმდევრობის შესაძლებლობა (საქ. 3:15).
4. ა) რა გამოიწვია სასწაულებრივმა განკურნებამ? ბ) რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი?
4 არაჩვეულებრივი დღე იყო. კაცი განიკურნა და პირველად გაიარა; ათასობით ადამიანს მიეცა სულიერი განკურნებისა და ღვთის ღირსად სიარულის შესაძლებლობა (კოლ. 1:9, 10). მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ იმ დღის მოვლენებმა ქრისტეს ერთგულ მიმდევრებს ძალაუფლების მქონე ხალხი დაუპირისპირა, რომლებიც იესოს დავალების შესრულებისთვის, სამეფოს შესახებ ქადაგებისთვის, ხელის შეშლას ცდილობდნენ (საქ. 1:8). როგორ ქადაგებდნენ „უსწავლელი და უბრალო“ პეტრე და იოანე და რას ვსწავლობთ მათი მაგალითიდან? (საქ. 4:13). b როგორ უძლებდნენ მოწაფეები წინააღმდეგობას და როგორ მივბაძოთ მათ?
არა „ჩვენი ძალით“ (საქმეები 3:11—26)
5. რას ვსწავლობთ პეტრეს მიდგომიდან?
5 ხალხის წინაშე მდგარმა პეტრემ და იოანემ იცოდნენ, რომ მსმენელთა შორის ისინიც იქნებოდნენ, ვინც არც ისე დიდი ხნის წინ იესოს ბოძზე გაკვრას ითხოვდნენ (მარ. 15:8—15; საქ. 3:13—15). პეტრეს დიდი სიმამაცე დასჭირდებოდა იმის სათქმელად, რომ ხეიბარი კაცი იესოს სახელით განიკურნა. პეტრეს არაფერი შეულამაზებია. მან დაუფარავად დასდო მსჯავრი ხალხს ქრისტეს სიკვდილში, მაგრამ მას ისინი მტრებად არ შეურაცხავს, რადგან ასე მიმართა: „არ იცოდით, რას აკეთებდით“ (საქ. 3:17). პეტრემ მათ ძმები უწოდა და მათი ყურადღება სამეფოს კურთხევებზე გადაიტანა. თუ მოინანიებდნენ და იესოს იწამებდნენ, იეჰოვა გამოაცოცხლებდა მათ (საქ. 3:19). ჩვენც გაბედულებით და დაუფარავად უნდა ვაცხადებდეთ ღვთის განაჩენს, მაგრამ არა უხეშად და მსჯავრდადებით. მსმენელებს მომავალ და-ძმებად უნდა აღვიქვამდეთ და პეტრესავით სამეფოს კურთხევებზე უნდა ვუმახვილებდეთ ყურადღებას.
6. როგორ გამოავლინეს თავმდაბლობა მოციქულებმა?
6 მოციქულები თავმდაბლები იყვნენ და სასწაულს საკუთარ თავს არ უმადლოდნენ. პეტრემ ხალხს უთხრა: „რატომ გვიყურებთ ასე? გგონიათ, მან სიარული ჩვენი ძალით ან ღვთისადმი ჩვენი ერთგულების გამო დაიწყო?!“ (საქ. 3:12). პეტრემ და სხვა მოციქულებმა იცოდნენ, რომ ყველა კეთილ საქმეს ღვთის ძალით აკეთებდნენ და არა საკუთარით; ამიტომ დიდებას თავმდაბლად იეჰოვასა და იესოს უძღვნიდნენ.
7, 8. ა) რა შეგვიძლია შევთავაზოთ ხალხს? ბ) რა გაგებით არის დღეს „ყველაფრის აღდგენის“ დრო?
7 ჩვენც გვმართებს თავმდაბლობა. დღეს წმინდა სული არ გვაძლევს ქრისტიანებს სასწაულის მოხდენის საშუალებას; თუმცა შეგვიძლია დავეხმაროთ ხალხს, ირწმუნონ ღმერთი და ქრისტე და მიიღონ ის, რაც პეტრემ ხალხს შესთავაზა — ცოდვების პატიება და სულიერი გამოცოცხლება. ყოველ წელს ათასობით ადამიანი ეჭიდება ამ შესაძლებლობას და ქრისტეს მონათლული მოწაფე ხდება.
8 ჩვენ ვცხოვრობთ „ყველაფრის აღდგენის“ დროში, რაზეც პეტრეც საუბრობდა. 1914 წელს ზეცაში სამეფო დამყარდა და შესრულდა ის, „რაზეც ღმერთი ძველ დროს თავის წმინდა წინასწარმეტყველთა პირით ლაპარაკობდა“ (საქ. 3:21; ფსალმ. 110:1—3; დან. 4:16, 17). გამეფებიდან მალევე ქრისტემ დედამიწაზე სულიერი განახლება დაიწყო. შედეგად მილიონები დამკვიდრდნენ სულიერ სამოთხეში და ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობა აირჩიეს. მათ მოიშორეს ძველი პიროვნება და შეიმოსნენ „ახალი პიროვნებით, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად“ (ეფეს. 4:22—24). როგორც ხეიბარი განიკურნა ღვთის ძალით და არა — ადამიანის, ისე სულიერი განახლებაც მხოლოდ ღვთის სულს შეუძლია. პეტრეს მსგავსად გაბედულად და ეფექტიანად უნდა ვიყენებდეთ ღვთის სიტყვას. ადამიანები ქრისტეს მოწაფეები ღვთის ძალით ხდებიან და არა — ჩვენი ძალით.
„ჩვენ ვერ შევწყვეტთ . . . ლაპარაკს“ (საქმეები 4:1—22)
9—11. ა) როგორ შეხვდნენ იუდეველი წინამძღოლები პეტრესა და იოანეს ქადაგებას? ბ) როგორი იყო მოციქულების გადაწყვეტილება?
9 დიდი არეულობა გამოიწვია პეტრეს ლაპარაკმა, განკურნებული კაცის სიხარულმა და შეძახილმა. ტაძრის მცველთა უფროსი და უფროსი მღვდლები ამბის გასარკვევად მივიდნენ. როგორც ჩანს, ისინი სადუკეველები, მდიდარი და პოლიტიკაში თავისი სიტყვის მთქმელი სექტის წევრები იყვნენ, რომლებიც რომაელთა გულის მოგებას ცდილობდნენ, უარყოფდნენ ფარისეველთა საამაყო ზეპირ კანონს და სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ აღდგომის თემა. c როგორ გააღიზიანებდა მათ ტაძარში პეტრესა და იოანეს დანახვა, რომლებიც გაბედულად ქადაგებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას!
10 განრისხებულებმა შეიპყრეს პეტრე და იოანე, დააპატიმრეს და მეორე დღეს ებრაელების უზენაეს სასამართლოში წაათრიეს. ამ მაღალი საზოგადოებისთვის პეტრე და იოანე „უსწავლელი და უბრალო“ ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ტაძარში სწავლების უფლება არ ჰქონდათ, რადგან არ უსწავლიათ რელიგიურ სკოლებში. მაგრამ სასამართლო გააოცა მოციქულების პირდაპირმა და დამაჯერებელმა ლაპარაკმა. რატომ იყვნენ ისინი ღვთის სიტყვის კარგი მასწავლებლები? ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ „იესოსთან იყვნენ ხოლმე“ (საქ. 4:13). მათი მოძღვარი მწიგნობრებისგან განსხვავებით, ღვთიური ძალაუფლებით ასწავლიდა (მათ. 7:28, 29).
11 სასამართლომ მოციქულებს ქადაგების შეწყვეტა უბრძანა. იუდეველებისთვის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი ძალა ჰქონდა. რამდენიმე კვირით ადრე იმავე სასამართლომ იესოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა (მათ. 26:59—66). მაგრამ პეტრესა და იოანეს არ შეშინებიათ. მდიდარ, განათლებულ და გავლენიან ხალხთა წინაშე მდგარმა მოციქულებმა გაბედულად, თუმცა პატივისცემით გამოხატეს თავიანთი სათქმელი: „თავად განსაჯეთ, რამდენად სწორია ღვთის თვალში, თქვენ მოგისმინოთ და არა ღმერთს. ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“ (საქ. 4:19, 20).
12. რა შეგმატებთ გამბედაობასა და დამაჯერებლობას?
12 შეგიძლიათ მოციქულებივით მამაცები იყოთ? რა გრძნობა გეუფლებათ, როცა მდიდარ, განათლებულ და გავლენიან ადამიანებთან ქადაგების შესაძლებლობა გეძლევათ? რას განიცდით, თუ ოჯახის წევრები, თანაკლასელები ან თანამშრომლები რწმენის გამო დაგცინიან? ვეღარ ბედავთ ქადაგებას? თქვენ შეგიძლიათ დაძლიოთ გაუბედაობა. დედამიწაზე ყოფნისას იესო ასწავლიდა მოციქულებს, თავიანთი რწმენის დაცვისას დამაჯერებლად ელაპარაკათ და სხვების მიმართ პატივისცემა არ დაეკარგათ (მათ. 10:11—18). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო თავის მოწაფეებს დაჰპირდა, რომ „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ მათთან ერთად იქნებოდა (მათ. 28:20). დღეს ის ერთგული და გონიერი მონის მეშვეობით გვასწავლის ჩვენი რწმენის დაცვას (მათ. 24:45—47; 1 პეტ. 3:15). მაგალითად, გონიერმა მონამ გამოსცა „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურების“ პროგრამა და შეადგინა სტატიათა სერია „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე jw.org. ითვალისწინებთ მათში მოცემულ რჩევებს? მათი გათვალისწინება გამბედაობასა და დამაჯერებლობას შეგმატებთ, და ვეღარაფერი შეგიშლით ხელს, ისაუბროთ იმ შეუდარებელ ჭეშმარიტებაზე, რაც ბიბლიიდან გისწავლიათ.
„მათ ღმერთს ხმამაღლა მიმართეს“ (საქმეები 4:23—31)
13, 14. როგორ უნდა მოვიქცეთ წინააღმდეგობის დროს და რატომ?
13 პეტრე და იოანე გათავისუფლებისთანავე თანაქრისტიანებთან მივიდნენ. შეკრებილებმა „ღმერთს ხმამაღლა მიმართეს“ და ქადაგების გასაგრძელებლად გამბედაობა სთხოვეს (საქ. 4:24). პეტრემ კარგად იცოდა, რომ ღვთის ნების შესასრულებლად საკუთარ თავზე დაიმედება უგუნურება იქნებოდა. სულ რამდენიმე კვირით ადრე ის უმტკიცებდა იესოს: „ყველამ რომ მიგატოვოს, მე არ მიგატოვებ!“, მაგრამ მალე, იესოს სიტყვისამებრ, პეტრეს კაცთმოშიშებამ სძლია და თავისი მეგობარი და მოძღვარი უარყო. საბედნიეროდ, პეტრემ ისწავლა ჭკუა! (მათ. 26:33, 34, 69—75).
14 ქრისტეს დავალების შესასრულებლად მხოლოდ სურვილი არ კმარა. თუ მოწინააღმდეგეები ცდილობენ, რწმენა შეგირყიონ და ქადაგება შეგაწყვეტინონ, პეტრესა და იოანეს მიჰბაძეთ. იეჰოვას სთხოვეთ, გაგაძლიეროთ; დახმარებისთვის თანაქრისტიანებს მიმართეთ; თქვენი გასაჭირი უხუცესებსა და სხვა სულიერად მოწიფულ ქრისტიანებს უამბეთ. სხვების ლოცვებს თქვენი გაძლიერება შეუძლია (ეფეს. 6:18; იაკ. 5:16).
15. რატომ არ უნდა დაყაროთ ფარ-ხმალი, თუ ქადაგება შეწყვიტეთ?
15 თუ წინააღმდეგობამ გძლიათ და ქადაგება შეწყვიტეთ, ფარ-ხმალს ნუ დაყრით! არ დაგავიწყდეთ, რომ იესოს სიკვდილის შემდეგ ყველა მოციქულმა შეწყვიტა ქადაგება, თუმცა დროებით (მათ. 26:56; 28:10, 16—20). ნაცვლად იმისა, რომ დაშვებულმა შეცდომებმა გული გაგიტეხოთ, შეძენილი გამოცდილება სხვების გასაძლიერებლად გამოიყენეთ!
16, 17. რას გვასწავლის მოწაფეების ლოცვა?
16 რა უნდა ვთხოვოთ ღმერთს, თუ წინააღმდეგობას უფლებამოსილი პირები გვიწევენ? ყურადღება მიაქციეთ, რომ მოწაფეებს ღვთისთვის განსაცდელების არიდება არ უთხოვიათ. მათ ახსოვდათ იესოს სიტყვები: „თუ მე მდევნიან, თქვენც გაგდევნიან“ (იოან. 15:20). მათ იეჰოვას სთხოვეს, დაენახა მოწინააღმდეგეთა მუქარა (საქ. 4:29). ისინი სწორად აფასებდნენ მდგომარეობას და იცოდნენ, რომ დევნა წინასწარმეტყველების შესრულება იყო. მოწაფეებს არ დავიწყებიათ, რომ მმართველების დამოკიდებულების მიუხედავად, იესოს ნასწავლი ლოცვისამებრ, დედამიწაზე მაინც შესრულდებოდა ღვთის ნება (მათ. 6:9, 10).
17 ღვთის ნების შესასრულებლად მოწაფეებმა იეჰოვას სთხოვეს: „ძალა მიეცი შენს მონებს, რომ შენი სიტყვა გაბედულად ილაპარაკონ“. იეჰოვამ მაშინვე უპასუხა მათ: „ადგილი, სადაც შეკრებილები იყვნენ, შეირყა; ყველანი წმინდა სულით აღივსნენ და დაიწყეს ღვთის სიტყვის გაბედულად ქადაგება“ (საქ. 4:29—31). წინ ვერაფერი დაუდგება ღვთის ნების შესრულებას (ეს. 55:11). ვინც არ უნდა იყოს მოწინააღმდეგე და როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს წინააღმდეგობა, თუ ღმერთს ლოცვით დახმარებას ვთხოვთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მისი სიტყვის გაბედულად ქადაგების ძალას მოგვცემს.
საქმეები 4:32—5:11)
ღვთის წინაშე ვაგებთ პასუხს და არა — ადამიანების წინაშე (18. როგორ ეხმარებოდნენ ერთმანეთს იერუსალიმში თანაქრისტიანები?
18 იერუსალიმში ახლად ჩამოყალიბებული კრება სწრაფად გაიზარდა, მასში 5 000-ზე მეტი მოწაფე იყო. d მართალია, ისინი ერთმანეთისგან წარმოშობით, განათლებითა თუ სოციალური მდგომარეობით განსხვავდებოდნენ, მაგრამ „ერთ მუშტად [იყვნენ] შეკრული“ — გაერთიანებულნი გონებითა და აზრით (საქ. 4:32; 1 კორ. 1:10). მარტო ლოცვით არ შემოფარგლულან, მოწაფეები ერთმანეთს სულიერად აძლიერებდნენ და, საჭიროების შემთხვევაში, მატერიალურადაც ეხმარებოდნენ (1 იოან. 3:16—18). მაგალითად, იოსებმა, რომელსაც მოციქულებმა ბარნაბა შეარქვეს, მიწის ნაკვეთი გაყიდა და აღებული ფული შორეული ქვეყნებიდან ჩასული ძმების დასახმარებლად გაიღო (თავისთვის არაფერი დაუტოვებია), რათა ახალშეძენილი რწმენის განსამტკიცებლად იერუსალიმში დარჩენა შეძლებოდათ.
19. რატომ დახოცა იეჰოვამ ანანია და საფირა?
19 თავიანთი ქონების ნაწილი ანანიამ და საფირამაც გაყიდეს და ფული ძმებს შესწირეს. მათთვის რომ გეკითხათ, მიღებული ფულიდან თავიანთთვის არაფერი დაუტოვებიათ, მაგრამ სინამდვილეში მათ „თანხიდან ნაწილი“ გადამალეს (საქ. 5:2). დასცა ისინი იეჰოვამ და დახოცა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მცირედი შესწირეს, არამედ იმიტომ, რომ ბოროტი ჩანაფიქრი ჰქონდათ და სიმართლე არავისთვის გაუმხელიათ. ისინი „ადამიანების კი არა, ღვთის მოტყუებას“ შეეცადნენ (საქ. 5:4). იმ თვალთმაქცების მსგავსად, რომლებსაც იესო განსჯიდა, ანანია და საფირა ადამიანთა თვალში ცდილობდნენ სახელის მოხვეჭას და არა ღვთის წინაშე (მათ. 6:1—3).
20. როგორ ვაჩვენებთ, რომ ხელგაშლილები ვართ?
20 დღეს მილიონობით იეჰოვას მოწმე ჰბაძავს პირველ საუკუნეში მცხოვრებ ერთგულ მოწაფეებს ხელგაშლილობაში და სამქადაგებლო საქმიანობისთვის ნებაყოფლობით შესაწირავებს არ იშურებს. არავის აიძულებენ, ამ საქმეს თავიანთი სახსრები და დრო შესწირონ; იეჰოვას არ სურს უხალისო ან ნაძალადევი მსახურება (2 კორ. 9:7). მას ის კი არ აინტერესებს, რამდენს ვწირავთ, არამედ ის, თუ როგორ ვწირავთ (მარ. 12:41—44). ნუ დავემსგავსებით ანანიასა და საფირას და ნურასდროს ვემსახურებით ღმერთს ეგოისტური ინტერესებისა და სახელის მოხვეჭისთვის. ნაცვლად ამისა, პეტრეს, იოანესა და ბარნაბას მივბაძოთ და ღვთისა და მოყვასის სიყვარული იყოს მსახურებისთვის აღმძვრელი ძალა (მათ. 22:37—40).
a ტაძარში ლოცვას დილისა და საღამოს მსხვერპლშეწირვის დროს აღავლენდნენ. საღამოს მსხვერპლშეწირვა „მეცხრე საათზე“, ანუ დაახლოებით დღის სამ საათზე, იწყებოდა.
b იხილეთ ჩარჩოები „მეთევზე პეტრე გულმოდგინე მოციქული გახდა“, „იოანე იესოს საყვარელი მოწაფე იყო“.
c იხილეთ ჩარჩო „მღვდელმთავარი და უფროსი მღვდლები“.
d ვარაუდობენ, რომ ახ. წ. 33 წელს იერუსალიმში დაახლოებით 6 000 ფარისეველი იყო. რაც შეეხება სადუკეველებს, მათ რაოდენობა ფარისევლებზე ოდნავ მცირე იყო. როგორც ჩანს, ამ მიზეზითაც იყო გამოწვეული იესოს მოძღვრებების გავრცელების მიმართ მათი შიში.