არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 3

„ყველანი წმინდა სულით აღივსნენ“

„ყველანი წმინდა სულით აღივსნენ“

ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სულის მოქმედება.

საქმეები 2:1—47

1. გადმოეცით ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის განწყობა.

 ᲘᲔᲠᲣᲡᲐᲚᲘᲛᲘᲡ ქუჩებში სადღესასწაულო განწყობაა. a ტაძრის სამსხვერპლოს თავზე კვამლი ტრიალებს, ლევიანები მონაცვლეობით მღერიან ფსალმუნებს (113—118) და ღმერთს უგალობენ. ქალაქის ქუჩებში შორეული მხარეებიდან — ელამიდან, შუამდინარეთიდან, კაპადოკიიდან, პონტოდან, ეგვიპტიდან, რომიდან — ჩამოსული ხალხი ირევა. b რა ხდება? ორმოცდამეათე დღის დღესასწაულია — „პირველმოწეული ნაყოფის დღე“ (რიცხ. 28:26). ყოველწლიური დღესასწაულია — ქერის აღების ბოლო და ხორბლის აღების დასაწყისი. ყველა ხარობს!

2. რა მოხდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე?

2 ახ. წ. 33 წლის გაზაფხულის ამ დილას, დაახლოებით ცხრა საათზე, ისეთი რამ მოხდა, რაც საუკუნეები აკვირვებდა ხალხს. „უეცრად ციდან ხმაური გაისმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო“ ან „თითქოს გრიგალი აგუგუნდაო“ (საქ. 2:2, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ხმაური ისმოდა მთელ სახლში, სადაც იესოს დაახლოებით 120 მოწაფე იყო შეკრებილი. მერე რაღაც უჩვეულო მოხდა; მოწაფეებმა დაინახეს, როგორ დაეშვა ცეცხლის ენები c თითოეული მათგანის თავზე. მაშინ ისინი წმინდა სულით აღივსნენ და სხვადასხვა ენაზე დაიწყეს ლაპარაკი. როცა ქუჩაში გავიდნენ და იერუსალიმში ჩასულ სტუმრებს გაესაუბრნენ, გაოცებას ვერავინ მალავდა, „რადგან ესმოდათ, რომ მათ ენებზე ლაპარაკობდნენ“ (საქ. 2:1—6).

3. ა) რატომ ვამბობთ, რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა? ბ) როგორ გამოიყენა პეტრემ „სამეფოს გასაღები“ მოხსენების წარმოთქმისას?

3 ეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო — ჩამოყალიბდა სულიერი ისრაელი, ცხებულ ქრისტიანთა კრება (გალ. 6:16). მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. მოგვიანებით, იმავე დღეს, პეტრემ შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას „სამეფოს გასაღებებიდან“ პირველი „გამოიყენა“. სამივე გასაღები სხვადასხვა კატეგორიის ადამიანისთვის განსაკუთრებულ კურთხევას ნიშნავდა (მათ. 16:18, 19). პირველი გასაღების წყალობით იუდეველებსა და პროზელიტებს სასიხარულო ცნობის გაგებისა და ღვთის წმინდა სულის მიღების შესაძლებლობა მიეცათ d. ამგვარად, ისინი სულიერი ისრაელის წარმომადგენლები გახდნენ და მესიასთან ერთად მის სამეფოში მეფეებად და მღვდლებად მსახურების იმედს ეზიარნენ (გამოცხ. 5:9, 10). მოგვიანებით ეს იმედი სამარიელებმაც და უცხოტომელებმაც გაიზიარეს. რას ვსწავლობთ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენებიდან?

„ყველანი ერთად იყვნენ შეკრებილნი“ (საქმეები 2:1—4)

4. რა გაგებით ჩამოყალიბდა ახ. წ. 33 წელს დღეს არსებული ქრისტიანული კრება?

4 ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებისას მოწაფეთა რიცხვი 120 იყო. ზედა ოთახში „ყველანი ერთად იყვნენ შეკრებილნი“, როცა ღმერთმა წმინდა სულით სცხო ისინი (საქ. 2:1). დღის განმავლობაში ათასობით კაცი მოინათლა და კრებას შეუერთდა. მაშინ დაწყებული ზრდა დღემდე გრძელდება! დღეს, ქვეყნიერების აღსასრულის დადგომამდე, ქრისტიანულ კრებაში გაერთიანებული ღვთისმოშიში მამაკაცები და ქალები „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად“ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ქადაგებენ (მათ. 24:14).

5. პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, რა მოაქვს დღეს ქრისტიანულ კრებაში ყოფნას?

5 ქრისტიანულ კრებაში სულიერად ძლიერდებოდნენ როგორც სულითცხებულები, ისე მოგვიანებით „სხვა ცხვარიც“ (იოან. 10:16). რომაელებისთვის მიწერილი წერილიდან ვიგებთ, როგორ აფასებდა პავლე იმას, რომ კრების წევრები ერთმანეთს ამხნევებდნენ: „ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ძღვენი თქვენივე განსამტკიცებლად, უფრო სწორად, რათა გავამხნეოთ ერთმანეთი ჩვენ-ჩვენი რწმენით“ (რომ. 1:11, 12).

6, 7. დღეს როგორ ასრულებს ქრისტიანული კრება იესოს დავალებას, უქადაგოს ყველა ერს?

6 ქრისტიანულ კრებას დღესაც იგივე მიზანი აქვს, რაც პირველ საუკუნეში ჰქონდა. იესომ თავის მოწაფეებს რთული, მაგრამ სასიხარულო დავალება მისცა: „წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი; მონათლეთ მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ჩემგან ისწავლეთ“ (მათ. 28:19, 20).

7 იეჰოვა დღეს ამ დავალებას იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულ კრებას ასრულებინებს. თავისთავად ადვილი არ არის სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებამდე ხმის მიწვდენა, მაგრამ ამის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს 1 000-ზე მეტ ენაზე გამოსცემენ. თუ სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში აქტიურად იღებთ მონაწილეობას, სიხარულის დიდი მიზეზი გაქვთ. თქვენ წილად გხვდათ პატივი, საგულდაგულოდ იქადაგოთ იეჰოვას სახელის შესახებ, რისი უფლებაც ბევრს არ მიუღია!

8. რა შედეგები მოაქვს ქრისტიანულ კრებაში ყოფნას?

8 ამ ურთულეს დროში სიხარულის შესანარჩუნებლად იეჰოვა ღმერთმა მსოფლიო საძმო გვაჩუქა. პავლემ ებრაელ ქრისტიანებს მისწერა: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ. ნუ მოვიშლით ერთად შეკრებას ზოგიერთებივით, პირიქით, გავამხნეოთ ერთმანეთი, მით უმეტეს, რომ ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრ. 10:24, 25). იეჰოვამ ქრისტიანული კრება იმიტომ გვაჩუქა, რომ სხვებიც გავამხნეოთ და თავადაც გავმხნევდეთ. ყოველთვის ახლო ურთიერთობა გქონდეთ სულიერ და-ძმებთან. ნურასდროს მოვიშლით ერთად შეკრებას!

„ესმოდათ, რომ მათ ენებზე ლაპარაკობდნენ“ (საქმეები 2:5—13)

„ყველას გვესმის, როგორ ლაპარაკობენ ჩვენს ენებზე ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ (საქმეები 2:11).

9, 10. როგორ ცდილობს ზოგი ქრისტიანი, სასიხარულო ცნობა მიაწვდინოს უცხო ენაზე მოლაპარაკე ხალხს?

9 ალბათ ადვილი წარმოსადგენია, როგორი აღტაცებულები იქნებოდნენ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ჩასული ებრაელები და პროზელიტები. სტუმართა უმეტესობამ ისედაც იცოდა ან ბერძნული ან ებრაული, მაგრამ ახლა „ესმოდათ, რომ [მოწაფეები] მათ ენებზე ლაპარაკობდნენ“ (საქ. 2:6). უდავოა, რომ მსმენელებზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა სასიხარულო ცნობის მშობლიურ ენაზე მოსმენა. მართალია, დღეს ქრისტიანები უცხო ენებზე სასწაულებრივად არ ალაპარაკდებიან ხოლმე, მაგრამ, ამის მიუხედავად, მზად არიან, სამეფოს ცნობა ყველა ერის ადამიანს მიაწვდინონ. ზოგმა უცხო ენა ისწავლა და მსახურებისთვის მეზობელ უცხოენოვან კრებაში გადავიდა, ზოგიც უცხო ქვეყანაში გაემგზავრა. მსმენელებს ხშირად აღაფრთოვანებს მათი მონდომება.

10 მაგალითად, ქრისტინმა შვიდ მოწმესთან ერთად გუჯარათული ენის შემსწავლელი კურსი გაიარა. როცა სამსახურში გუჯარათულ ენაზე მოლაპარაკე ახალგაზრდა ქალს მის ენაზე მიესალმა, ქალი ყურებს არ უჯერებდა; დაინტერესდა, რატომ ცდილობდა ქრისტინი ასეთი რთული ენის შესწავლას. ქრისტინს ქადაგების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვია. ახალგაზრდა ქალმა მიუგო: „თქვენ აშკარად მნიშვნელოვანი რამ გაქვთ სათქმელი“.

11. რა დაგვეხმარება, რომ სამეფოს შესახებ უცხოენოვან ხალხთან ვიქადაგოთ?

11 მართალია, ყველა ვერ შევძლებთ უცხო ენის შესწავლას, მაგრამ მაინც შეგვიძლია უცხოენოვან ხალხთან სამეფოს ცნობის გასაცხადებლად მოვემზადოთ. მაგალითად, შეგვიძლია გამოვიყენოთ აპლიკაცია „jw ენები“, რომელიც დაგვეხმარება, მარტივი მისალმება ან რაიმე ფრაზა ვისწავლოთ იმ ენაზე, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამან შეიძლება ინტერესიც კი აღძრას ჩვენს მსმენელში. კარგი იქნება, თუ მათ ყურადღებას ჩვენი ვებგვერდისკენ jw.org მივაპყრობთ და ვაჩვენებთ მათ ენაზე განთავსებულ ვიდეოებსა და პუბლიკაციებს. თუ ვეცდებით, რომ მსახურებაში მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს საშუალებები, პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც უდიდესი სიხარული დაგვეუფლება. ისინი ბედნიერები იყვნენ, როცა ხალხმა განცვიფრება ვერ დამალა და აღმოხდა: „ესენი . . . ჩვენს მშობლიურ ენებზე [ლაპარაკობენ]“.

„წამოდგა პეტრე“ (საქმეები 2:14—37)

12. ა) იოელის რომელი წინასწარმეტყველება შესრულდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე? ბ) რატომ იყო მოსალოდნელი, რომ იოელის წინასწარმეტყველება პირველ საუკუნეში შესრულდებოდა?

12 „წამოდგა პეტრე“, რათა სიტყვით გამოსულიყო მრავალი ქვეყნიდან ჩასული ხალხის წინაშე (საქ. 2:14). მან თქვა, რომ უცხო ენებზე ალაპარაკებით იოელის წინასწარმეტყველება შესრულდა: „გადმოვღვრი ჩემს სულს ყველანაირ ადამიანზე“ (იოელ. 2:28). იესომ ზეცად ამაღლებამდე მოწაფეებს უთხრა: „მე ვთხოვ მამას და ის მოგცემთ სხვა დამხმარეს“. დამხმარეში იესო წმინდა სულს გულისხმობდა (იოან. 14:16, 17).

13, 14. როგორ ცდილობდა პეტრე მოსასმენად განეწყო ხალხი და როგორ მივბაძოთ მას?

13 პეტრემ თავისი გამოსვლის ბოლოს განაცხადა: „მთელმა ისრაელმა იცოდეს, რომ იესო, რომელიც თქვენ ძელზე გააკარით, ღმერთმა უფლად და ქრისტედ აქცია“ (საქ. 2:36). მართალია, პეტრეს მსმენელთა უმეტესობას არც კი უნახავს იესოს წამების ბოძზე გაკვრა, მაგრამ მთლიანობაში ერი იყო მის სიკვდილზე პასუხისმგებელი. მიუხედავად ამისა, პეტრემ პატივისცემით მიმართა იუდეველებს და შეეცადა, ისინი მოსასმენად განეწყო. მისი მიზანი მსმენელების განსჯა კი არ იყო, არამედ ის, რომ მონანიებისკენ აღეძრა ისინი. განაწყენდა ხალხი? არა, ისინი „სულით ხორცამდე შეიძრნენ“ და იკითხეს: „როგორ მოვიქცეთ?“. პეტრე პატივისცემით იყო მათ მიმართ განწყობილი და, როგორც ჩანს, ამან აღძრა ისინი მოსანანიებლად (საქ. 2:37).

14 ჩვენც შეგვიძლია მივბაძოთ პეტრეს. არ არის საჭირო, ქადაგებისას მსმენელს ყოველ ჯერზე შევუსწოროთ არასწორი თვალსაზრისი. ნაცვლად ამისა, საუბარი იმაზე უნდა ავაგოთ, რაშიც ვეთანხმებით. როცა საერთო ენას გამოვნახავთ, მაშინ შევძლებთ ტაქტიანად დავანახვოთ ბიბლიის თვალსაზრისი. ასეთი მიდგომა გულწრფელ ადამიანებს ხშირად მოსასმენად განაწყობს.

„მოინათლეთ“ (საქმეები 2:38—47)

15. ა) რისკენ მოუწოდა პეტრემ იუდეველებსა და პროზელიტებს და რა მოჰყვა ამ მოწოდებას? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ისინი სასიხარულო ცნობის მოსმენისთანავე იყვნენ მზად მონათვლისთვის?

15 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრემ მოსასმენად განწყობილ იუდეველებსა და პროზელიტებს მიმართა: „მოინანიეთ და მოინათლეთ“ (საქ. 2:38). იმ დღეს, სავარაუდოდ, იერუსალიმსა და მის მახლობლად მდებარე აუზებში დაახლოებით 3 000 კაცი მოინათლა. e დაუფიქრებლად და ემოციებზე აყოლილებმა გადადგეს ეს ნაბიჯი? ნიშნავს ეს იმას, რომ ბიბლიის შემსწავლელები ან მოწმეების შვილები მზადაც რომ არ იყვნენ, მაინც უნდა მოინათლონ? არავითარ შემთხვევაში! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მონათლული იუდეველები და პროზელიტები ღვთის სიტყვის გულმოდგინე შემსწავლელები და იეჰოვასთვის მიძღვნილი ერის ნაწილი იყვნენ. გარდა ამისა, აშკარა იყო, რომ ღვთის თაყვანისცემას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მათ ცხოვრებაში, რადგან ბევრ მათგანს დიდი მანძილი ჰქონდა გავლილი ამ დღესასწაულზე დასასწრებად. მას შემდეგ, რაც ჩასწვდნენ იესო ქრისტეს როლს ღვთის განზრახვაში, უკვე მზად იყვნენ ღვთის მსახურების გასაგრძელებლად როგორც მონათლული ქრისტეს მიმდევრები.

16. როგორ გამოავლინეს პირველი საუკუნის ქრისტიანებმა თავგანწირვის სული?

16 იეჰოვას მხარდაჭერა აშკარა იყო: „ვინც ირწმუნა, ყველანი ერთად იყვნენ და ყველაფერი საერთო ჰქონდათ. ისინი ყიდდნენ თავიანთ მიწებსა და ქონებას და რასაც იღებდნენ, ყველას საჭიროებისამებრ უნაწილებდნენ“ (საქ. 2:44, 45). f ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს სურს, განივითაროს მსგავსი სიყვარული და თავგანწირვის სული.

17. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მონათვლამდე?

17 ღვთისთვის თავის მიძღვნამდე და ნათლობამდე რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. ადამიანმა ჯერ ღვთის სიტყვა უნდა ისწავლოს (იოან. 17:3); რწმენა უნდა განივითაროს და მოინანიოს — გულწრფელად უნდა წუხდეს წარსულის გამო (საქ. 3:19); უნდა შეიცვალოს აზროვნება და ღვთისთვის მოსაწონი საქმეების კეთებას შეუდგეს (რომ. 12:2; ეფეს. 4:23, 24). ამის შემდეგ მას შეუძლია ლოცვით თავი მიუძღვნას ღმერთს და მოინათლოს (მათ. 16:24; 1 პეტ. 3:21).

18. რისი შესაძლებლობა აქვთ ქრისტეს მიმდევრებს?

18 ხართ იესო ქრისტეს მოწაფე, რომელმაც უკვე თავი მიუძღვენით ღმერთს და მოინათლეთ? თუ ასეა, ყოველთვის მადლიერები იყავით, რომ წმინდა სულით აღვსილი პირველი საუკუნის მოწაფეების მსგავსად, არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გაქვთ, შეასრულოთ იეჰოვას ნება და საგულდაგულოდ იქადაგოთ მისი სამეფოს შესახებ!

c არა პირდაპირი გაგებით ცეცხლის ენები, არამედ, როგორც ბიბლია ამბობს „თითქოს ცეცხლის ენები“, ანუ, რაც ცეცხლის ალს ჰგავდა.

e 1993 წლის 7 აგვისტოს კიევში (უკრაინა) ჩატარებულ იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო კონგრესზე 7 402 ადამიანი მოინათლა. ნათლობა ერთდროულად ექვს აუზში მიმდინარეობდა ორი საათისა და თხუთმეტი წუთის განმავლობაში.

f ეს დროებითი ღონისძიება იყო იმ სტუმართათვის, რომლებიც ახლად შეძენილი რწმენის გასაძლიერებლად იერუსალიმში დარჩნენ. თანამორწმუნეები ყველას ყველაფერს ნებაყოფლობით უზიარებდნენ; თუმცა ამ დამოკიდებულებას კომუნიზმის იდეოლოგიასთან არაფერი აქვს საერთო (საქ. 5:1—4).