ᲗᲐᲕᲘ 5
„ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ როგორც მმართველს“
მოციქულები მტკიცედ დაუდგნენ წინააღმდეგობას, რაც ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის სამაგალითოა.
1—3. ა) რატომ წარადგინეს მოციქულები სინედრიონის წინაშე და რა არჩევანის წინაშე დადგნენ ისინი? ბ) რატომ არის საგულისხმო მოციქულების გადაწყვეტილება?
ᲡᲘᲜᲔᲓᲠᲘᲝᲜᲘᲡ მოსამართლეები რისხვით ენთებიან! იესოს მოციქულები უზენაესი სასამართლოს წინაშე დგანან. ნეტავ რაში ადანაშაულებენ მათ? მღვდელმთავარი კაიაფა, რომელიც სინედრიონს უძღვება, მკაცრად საყვედურობს მოციქულებს: „ჩვენ სასტიკად აგიკრძალეთ, რომ აღარ გესწავლებინათ ამ სახელით“, — განრისხებულს იესო სახელის ხსენების ღირსადაც კი არ ჩაუთვლია — „თქვენ კი თქვენი სწავლებით აავსეთ იერუსალიმი და გინდათ, რომ ამ კაცის სისხლი ჩვენ მოგვეკითხოს“ (საქ. 5:28). კაიაფამ ნათლად გამოხატა სათქმელი — თუ მოციქულები ქადაგებას არ შეწყვეტდნენ, დაისჯებოდნენ!
2 რას გადაწყვეტდნენ მოციქულები? მათ ქადაგება იესომ დაავალა, რომელსაც, თავის მხრივ, უფლებამოსილება ღვთისგან ჰქონდა მიღებული (მათ. 28:18—20). სძლევდათ კაცთმოშიშება და დადუმდებოდნენ თუ მტკიცედ დაუდგებოდნენ წინააღმდეგობას და განაგრძობდნენ ქადაგებას? მოკლედ რომ ვთქვათ, მათ უნდა აერჩიათ, ვის დაემორჩილებოდნენ, ღმერთს თუ ადამიანს. პეტრემ მოციქულთა სახელით არაორაზროვნად, მტკიცედ და უყოყმანოდ გასცა პასუხი.
3 სინედრიონის მუქარაზე მოციქულების რეაქცია ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის საგულისხმოა. ქადაგება ჩვენც გვევალება. ღვთისგან მიღებული დავალების შესრულებისას შეიძლება ჩვენც შევხვდეთ წინააღმდეგობას (მათ. 10:22). მოწინააღმდეგეებმა შეიძლება სამქადაგებლო საქმიანობის შეზღუდვა ან აკრძალვა მოინდომონ. როგორ მოიქცეოდით ასეთ შემთხვევაში? განვიხილოთ, რა გადაწყვეტილება მიიღეს მოციქულებმა და რა მოხდა მანამ, სანამ მათ სინედრიონის წინაშე წარადგენდნენ. a
საქმეები 5:12—21ა)
„იეჰოვას ანგელოზმა საპატიმროს კარები გააღო“ (4, 5. რატომ აღივსნენ შურით კაიაფა და სადუკეველები?
4 მაშინ, როცა სინედრიონმა მოციქულებს პირველად აუკრძალა ქადაგება, პეტრემ და იოანემ მიუგეს: „ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“ (საქ. 4:20). ასე რომ, პეტრე, იოანე და სხვა მოციქულები მაინც ქადაგებდნენ ტაძარში. მის აღმოსავლეთ ნაწილში, „სოლომონის სვეტებიან დერეფანში“ (დახურული გალერეა), სადაც იუდეველები იკრიბებოდნენ ხოლმე, მოციქულები სასწაულებს ახდენდნენ, ავადმყოფებს კურნავდნენ და დემონებს დევნიდნენ. ამბობდნენ, რომ პეტრეს ჩრდილსაც კი შეეძლო ავადმყოფის განკურნება. განკურნების შემდეგ მრავალი სიამოვნებით ისმენდა ჭეშმარიტებას. და შედეგად, „უფლის მორწმუნეთა რიცხვი იზრდებოდა; მათ რიგებს კაცებიც ემატებოდნენ და ქალებიც“ (საქ. 5:12—15).
5 კაიაფა და სადუკეველთა სექტის სხვა წევრები „ადგნენ შურით აღვსილი“ და მოციქულების საპატიმროში ჩაყრა ბრძანეს (საქ. 5:17, 18). რამ განარისხა ისინი? მოციქულები იესოს მკვდრეთით აღდგომაზე ქადაგებდნენ, სადუკეველებს კი მკვდრეთით აღდგომის არ სწამდათ. მოციქულები ამბობდნენ, რომ გადარჩენისთვის იესო უნდა ერწმუნათ, სადუკეველები კი იმას შიშობდნენ, რომ ხალხი თუ იესოს აირჩევდა წინამძღოლად, რომისგან დასჯა არ ასცდებოდათ (იოან. 11:48). ასე რომ, გასაკვირი არ არის, რატომ უნდოდათ სადუკეველებს მოციქულების დადუმება.
6. ძირითადად, ვინ აქეზებს ხალხს იეჰოვას მსახურთა წინააღმდეგ და რატომ არ არის ეს გასაკვირი?
6 იეჰოვას მსახურების დევნისკენ დღესაც, ძირითადად, რელიგიური მოწინააღმდეგეები აქეზებენ ხალხს. ისინი ხშირად ცდილობენ, მთავრობასა და მასმედიაზე თავიანთი გავლენა სამქადაგებლო საქმიანობის შესაჩერებლად გამოიყენონ. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ქადაგებით ცრუ რელიგიას ვამხელთ და გულწრფელი ადამიანები, რომლებიც ბიბლიურ ჭეშმარიტებას ეხმაურებიან, თავისუფლდებიან არაბიბლიური მოძღვრებების გავლენისა და ადათ-წესებისგან (იოან. 8:32). ამიტომაც არ უნდა გვიკვირდეს, თუკი ჩვენი ქადაგების შემყურე რელიგიური წინამძღოლები შურით ივსებიან.
7, 8. როგორ იმოქმედა ანგელოზის სიტყვებმა მოციქულებზე და რაზე უნდა დავფიქრდეთ?
7 სასამართლოს წინაშე წარდგომამდე საპყრობილეში მყოფი მოციქულები შეიძლება იმაზე ფიქრობდნენ, რომ ძალიან მალე მტრების ხელით დაიხოცებოდნენ (მათ. 24:9). მაგრამ იმ ღამით მოულოდნელად „იეჰოვას ანგელოზმა საპატიმროს კარები გააღო“ (საქ. 5:19). b ანგელოზმა მოციქულებს კონკრეტული მითითებები მისცა: „წადით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს“ (საქ. 5:20). უეჭველია, ამის გაგებამ მოციქულები დაარწმუნა, რომ სწორად მოქმედებდნენ. ანგელოზის სიტყვები გააძლიერებდა მათ, ნებისმიერი მდგომარეობის მიუხედავად, მტკიცენი რომ ყოფილიყვნენ. რწმენაში განმტკიცებული და გამხნევებული მოციქულები გამთენიისას „ტაძარში შევიდნენ და ქადაგება დაიწყეს“ (საქ. 5:21).
8 ვკითხოთ საკუთარ თავს: მექნება იმდენი რწმენა და გამბედაობა, რომ მსგავს მდგომარეობაში მეც განვაგრძო ქადაგება? მხნეობას გვმატებს იმის ცოდნა, რომ ღვთის სამეფოს შესახებ საგულდაგულოდ საქადაგებლად ანგელოზები გვეხმარებიან და გვხელმძღვანელობენ (საქ. 28:23; გამოცხ. 14:6, 7).
„ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ როგორც მმართველს და არა ადამიანებს“ (საქმეები 5:21ბ—33)
9—11. როგორ უპასუხეს მოციქულებმა სინედრიონის მოთხოვნას და რა მაგალითი მისცეს ჭეშმარიტ ქრისტიანებს?
9 კაიაფა და სინედრიონის სხვა მოსამართლეები მზად იყვნენ მოციქულების მოსასმენად. მათ არაფერი იცოდნენ წინა ღამეს მომხდარის შესახებ, ამიტომ მოციქულების მოსაყვანად კაცები გაგზავნეს. წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდნენ მსახურები, როცა დაინახავდნენ, რომ „საპატიმრო ჩაკეტილი იყო და მცველებიც კარებთან იდგნენ“, პატიმრები კი აღარსად ჩანდნენ (საქ. 5:23). ტაძრის მცველთა უფროსს მალევე შეატყობინეს, რომ მოციქულები ტაძარში დაბრუნებულან იმავე საქმის გასაგრძელებლად, რისთვისაც დაპატიმრებულები იყვნენ, და ისევ იესოს შესახებ ქადაგებდნენ. მცველთა უფროსი და მისი ხალხი ტაძარში შეცვივდნენ და პატიმრები კვლავ სინედრიონის წინაშე წარადგინეს.
10 როგორც ამ თავის დასაწყისში აღვნიშნეთ, განრისხებულმა წინამძღოლებმა მოციქულებს ქადაგების შეწყვეტა მოსთხოვეს. როგორ მოიქცნენ მოციქულები? მათი სახელით პეტრემ გაბედულად მიუგო: „ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ როგორც მმართველს და არა ადამიანებს“ (საქ. 5:29). ამგვარად მოციქულებმა მაგალითი მისცეს ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს. მმართველებს არა აქვთ უფლება, მოითხოვონ მორჩილება, როცა კრძალავენ იმას, რასაც ღმერთი ითხოვს ან ითხოვენ იმას, რასაც ღმერთი კრძალავს. ასე რომ, ხელისუფლება რომც გვიკრძალავდეს ქადაგებას, ჩვენ არ ვწყვეტთ ღვთის დავალების შესრულებას — სასიხარულო ცნობის გაცხადებას (რომ. 13:1). ამ დროს მართალია, წინდახედულობას ვიჩენთ, მაგრამ მაინც არ ვწყვეტთ ღვთის სამეფოს შესახებ საგულდაგულოდ ქადაგებას.
11 გასაკვირი არ არის, რომ მოციქულების მტკიცე პასუხმა განრისხებული მოსამართლეები კიდევ უფრო განარისხა და „მათი დახოცვა მოინდომეს“ (საქ. 5:33). ამ გაბედული და გულმოდგინე მოწმეების სიკვდილით დასჯა გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მალე წარმოუდგენელი რამ მოხდა.
„თქვენ მათ ვერაფერს დააკლებთ“ (საქმეები 5:34—42)
12, 13. ა) რა ურჩია გამალიელმა სხვა მოსამართლეებს და როგორ მოიქცნენ ისინი? ბ) როგორ შეიძლება დაიცვას იეჰოვამ დღეს თავისი ხალხი და რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, თუ სიმართლის გამო ვიტანჯებით?
12 ამ დროს წამოდგა გამალიელი, „კანონის მასწავლებელი, რომელსაც ყველა პატივს სცემდა“. c მისი სიტყვა მოსამართლეთა შორის დიდად ფასობდა, რაც იმითაც გამოჩნდა, რომ საქმის განხილვა თავად განაგრძო და ბრძანა, მოციქულები „ცოტა ხნით გარეთ გაეყვანათ“ (საქ. 5:34). ჯერ ის მაგალითები გაიხსენა, როცა აჯანყების მოთავეთა სიკვდილის შემდეგ მეამბოხენი მალევე დაცხრნენ; მერე კი მოსამართლეებს მოუწოდა, მოეცადათ და მომთმენები ყოფილიყვნენ მოციქულთა მიმართ, რომელთა წინამძღოლი, იესო, არც ისე დიდი ხნის წინ მოეკლათ. გამალიელის მსჯელობა დამაჯერებელი იყო: „ნუ ჩაერევით ამ ხალხის საქმეში, თავი დაანებეთ. თუ ეს ზრახვა ან საქმე ადამიანთაგანაა, ჩაიშლება, მაგრამ, თუ ღვთისგანაა, თქვენ მათ ვერაფერს დააკლებთ; ფრთხილად იყავით, რომ ღვთის წინააღმდეგ მებრძოლები არ გამოხვიდეთ“ (საქ. 5:38, 39). მოსამართლეებმა დაუჯერეს მას. მაგრამ ვიდრე გაათავისუფლებდნენ, მოციქულები სცემეს და უბრძანეს, „აღარ ელაპარაკათ იესოს სახელით“ (საქ. 5:40).
13 იეჰოვა თავისი ხალხის დასაცავად ზოგჯერ დღესაც გამალიელივით გავლენიან ადამიანებს იყენებს (იგავ. 21:1). იეჰოვას სულს შეუძლია აღძრას ძლევამოსილი მმართველები, მოსამართლეები და კანონმდებლები, მისი ნებისამებრ იმოქმედონ (ნეემ. 2:4—8). მაგრამ ღმერთმა სიმართლის გამო ჩვენი ტანჯვა რომც დაუშვას, არ უნდა დაგვავიწყდეს ორი რამ (1 პეტ. 3:14). პირველი, იეჰოვა მოგვათმენინებს (1 კორ. 10:13); და მეორე, მოწინააღმდეგეები ღვთის საქმის წინააღმდეგ ვერაფერს გახდებიან (ეს. 54:17).
14, 15. ა) როგორ შეხვდნენ მოციქულები სასტიკ მოპყრობას და რატომ? ბ) გაიხსენეთ შემთხვევა, რომელიც აჩვენებს, რომ იეჰოვას ხალხი სიხარულით იტანს განსაცდელებს.
14 დაუკარგა მოციქულებს ენთუზიაზმი და სიმტკიცე სასტიკმა მოპყრობამ? არამც და არამც! „წავიდნენ ისინი სინედრიონიდან და უხაროდათ“ (საქ. 5:41). მაგრამ რა ახარებდათ? ცხადია, მათ დარტყმით მიყენებული ტკივილი კი არა, იმის ცოდნა ახარებდათ, რომ იეჰოვას ერთგულებისა და იესოს მიმდევრობისთვის იდევნებოდნენ (მათ. 5:11, 12).
15 პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, სასიხარულო ცნობის გულისთვის ტანჯვას ჩვენც სიხარულით ვითმენთ (1 პეტ. 4:12—14). არც ჩვენ გვიხარია მუქარა, დევნა და პატიმრობა, სიხარულს უბრალოდ ერთგულების შენარჩუნება გვანიჭებს. ამის კარგი მაგალითია ჰენრიკ დორნიკი, რომელიც ტოტალიტარული რეჟიმის დროს წლების განმავლობაში სასტიკ მოპყრობას იტანდა. 1944 წლის აგვისტოში მთავრობამ ის და მისი ძმა საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა. მთავრობის წარმომადგენლებმა თქვეს: „შეუძლებელია ისინი გადაარწმუნო და გააკეთებინო ის, რისი გაკეთებაც არ სურთ. მათ უხარიათ, როცა რწმენის გამო იტანჯებიან“. ძმა ჰენრიკი ამბობს: „მართალია, სულაც არ მსურდა ტანჯვა, მაგრამ სიხარულს მგვრიდა ის, რომ იეჰოვასადმი ერთგულების გამო განსაცდელებს ვაჟკაცურად და ღირსეულად ვხვდებოდი“ (იაკ. 1:2—4).
16. საიდან ჩანს, რომ მოციქულებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, საგულდაგულოდ ექადაგათ, და როგორ ვბაძავთ მათ მაგალითს?
16 მოციქულებმა დრო არ დაკარგეს და ქადაგება განაგრძეს. ისინი უშიშრად „ყოველდღე დაუღალავად ასწავლიდნენ და აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე ტაძარში და კარდაკარ“ (საქ. 5:42). d ამ გულმოდგინე მქადაგებლებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, საგულდაგულოდ ექადაგათ. საყურადღებოა, რომ ისინი იესო ქრისტეს მითითებისამებრ სასიხარულო ცნობას კარდაკარ ქადაგებდნენ (მათ. 10:7, 11—14). მოწაფეებმა სწორედ კარდაკარ ქადაგებით აავსეს იერუსალიმი თავიანთი სწავლებით. დღესაც იეჰოვას მოწმეები იმით არიან ცნობილნი, რომ მოციქულების მაგალითს მიჰყვებიან. ჩვენი კრების ტერიტორიაზე ყოველ კართან მისვლით ვაჩვენებთ, რომ გვინდა ყველას გავაგებინოთ სასიხარულო ცნობა და საგულდაგულოდ ვიქადაგოთ. როგორ აკურთხა იეჰოვამ კარდაკარ მსახურება? ქვეყნიერების ბოლო დღეებში მილიონობით ადამიანი გამოეხმაურა სამეფოს ცნობას, რომელიც ბევრმა პირველად სწორედ მაშინ მოისმინა, როცა მოწმეებმა შინ მიაკითხეს.
„საჭირო საქმეზე“ სანდო კაცები აირჩიეს (საქმეები 6:1—6)
17—19. რა პრობლემა წამოიჭრა და რა გააკეთეს მოციქულებმა მის მოსაგვარებლად?
17 კრებაში გაჩენილმა პრობლემამ ახლად ჩამოყალიბებულ კრებას ფარული საფრთხე შეუქმნა. იერუსალიმში ჩასვლის შემდეგ მონათლულ მრავალ მოწაფეს შინ დაბრუნებამდე ახალშეძენილი რწმენის განმტკიცება უნდოდა. იერუსალიმში მცხოვრები მოწაფეები არ ზოგავდნენ ფულს მათი საჭიროებებისთვის (საქ. 2:44—46; 4:34—37). ამ დროს ისეთმა პრობლემამ იჩინა თავი, რომლის გადაჭრაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვდა. „საკვების ყოველდღიური განაწილების დროს მხედველობიდან რჩებოდათ“ ბერძნულენოვანი ქვრივები (საქ. 6:1). მაგრამ ებრაულენოვან ქვრივებს არაფერი დაჰკლებიათ. აშკარა იყო, რომ ძმები მიკერძოებულები იყვნენ; მიკერძოება კი ხშირად განხეთქილების მიზეზი ხდება.
18 მოციქულები, დღითი დღე მზარდი კრების მწყემსები, რომლებიც ხელმძღვანელ საბჭოს წარმოადგენდნენ, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გონივრული არ იქნებოდა, ღვთის სიტყვის სწავლება შეეწყვიტათ და საკვების დანაწილება დაეწყოთ (საქ. 6:2). ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოციქულებმა ძმებს სთხოვეს, გამოენახათ „წმინდა სულითა და სიბრძნით სავსე“ შვიდი კაცი, რათა „საჭირო საქმეზე“ დაენიშნათ (საქ. 6:3). ისინი სანდონი უნდა ყოფილიყვნენ, რადგან საკვების დანაწილების გარდა, უნდა ეყიდათ ყველაფერი, რაც საჭირო იყო და ჩანაწერები უნდა ეწარმოებინათ. ამ საქმისთვის არჩეულ კაცებს ბერძნული სახელები ერქვათ, რაც, ალბათ, თავის მხრივ, დადებითად იმოქმედებდა ნაწყენ ქვრივებზე. მას შემდეგ, რაც მოციქულებმა ძმებისგან მიღებული რეკომენდაცია განიხილეს და ილოცეს, შვიდივე „საჭირო საქმეზე“ დანიშნეს. e
19 ათავისუფლებდა მათ ეს პასუხისმგებლობა სასიხარულო ცნობის ქადაგებისგან? არავითარ შემთხვევაში! შვიდიდან ერთ-ერთი იყო სტეფანე, სიტყვაში ძლიერი და გაბედული მქადაგებელი (საქ. 6:8—10), მეორე ფილიპე იყო, რომელსაც მახარობელს ეძახდნენ (საქ. 21:8). აშკარაა, რომ შვიდივე სამეფოს ცნობის გულმოდგინე მქადაგებლები იქნებოდნენ.
20. კიდევ რაში ჰბაძავენ დღეს ღვთის მსახურები მოციქულებს?
20 იეჰოვას ხალხი დღესაც იმავე პრინციპით მოქმედებს, რომლითაც მოციქულები მოქმედებდნენ. სანამ ძმას კრებაში პასუხისმგებლობას დააკისრებენ, ის ღვთის სიბრძნეს უნდა ირეკლავდეს და წმინდა სულს მასზე მოქმედების საშუალებას უნდა აძლევდეს. ვინც ბიბლიაში ჩაწერილ მოთხოვნებს შეესაბამება, ხელმძღვანელი საბჭოს დადგენილი წესისამებრ კრებაში უხუცესად ან მომსახურედ ინიშნება (1 ტიმ. 3:1—9, 12, 13). f ვინც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, შეიძლება ითქვას, რომ წმინდა სულით იღებს ამ პასუხისმგებლობებს. ეს გამრჯე მამაკაცები მრავალ „საჭირო საქმეს“ აკეთებენ. მაგალითად, უხუცესები ზრუნავენ, რომ კრებაში სათანადო დახმარება აღმოუჩინონ ღვთის იმ ერთგულ მოხუცებულებს, რომლებსაც უჭირთ (იაკ. 1:27). ზოგი უხუცესი მსახურობს საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტში, მონაწილეობს დარბაზების მშენებლობასა და კონგრესების ორგანიზებაში; მომსახურეები კი კრებაში იმ ათასგვარ დავალებას ასრულებენ, რომლებიც უშუალოდ დასწავლებასა და დამწყემსვას არ უკავშირდება. ღვთის ორგანიზაციაში, კრებასა თუ კრების გარეთ, რა პასუხისმგებლობაც არ უნდა ეკისროს ქრისტიანს, მაინც არ თავისუფლდება ღვთის დავალების შესრულებისგან, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებისგან (1 კორ. 9:16).
„ვრცელდებოდა ღვთის სიტყვა“ (საქმეები 6:7)
21, 22. საიდან ჩანს, რომ იეჰოვამ აკურთხა ახლად ჩამოყალიბებული კრება?
21 იეჰოვას დახმარებით ახლად ჩამოყალიბებულმა კრებამ გაუძლო დევნას და მოერია პრობლემას, რომელიც მის ერთიანობას დაემუქრა. იეჰოვას მხარდაჭერა ცხადი იყო: „ვრცელდებოდა ღვთის სიტყვა და იერუსალიმში მოწაფეების რიცხვი საოცრად იზრდებოდა; ბევრმა მღვდელმაც ირწმუნა“ (საქ. 6:7). „საქმეების“ წიგნში ბევრგან არის აღნიშნული, რომ კრება რიცხობრივად იზრდებოდა (საქ. 9:31; 12:24; 16:5; 19:20; 28:31). ალბათ, თქვენც გამხნევებთ, როცა გესმით, როგორ ვრცელდება სამეფოს შესახებ ცნობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
22 ახ. წ. I საუკუნეში აგრესიულ რელიგიურ წინამძღოლებს აზრადაც არ მოსვლიათ ქრისტიანების დევნის შეწყვეტა. დევნის ახალი ტალღა გორდებოდა, რასაც მოწაფე სტეფანე შეეწირა. ამის შესახებ მომდევნო თავში ვისაუბრებთ.
a იხილეთ ჩარჩო „სინედრიონი — ებრაელთა უზენაესი სასამართლო“.
b ეს არის პირველი იმ ოცზე მეტი ადგილიდან, სადაც „საქმეებში“ გვხვდება სიტყვა „ანგელოზი“, თუმცა საქმეების 1:10-ში „ორ თეთრსამოსიან კაცშიც“ ანგელოზები იგულისხმებიან.
c იხილეთ ჩარჩო „გამალიელი პატივდებული იყო რაბინებს შორის“.
d იხილეთ ჩარჩო „კარდაკარ ქადაგება“.
e ეს მამაკაცები, ალბათ, უხუცესებისთვის არსებულ მოთხოვნებს შეესაბამებოდნენ, რადგან მათთვის დაკისრებული „საჭირო საქმე“ საპასუხისმგებლო იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ ბიბლიაში პირდაპირ არ წერია, როდის დაიწყეს ქრისტიანულ კრებაში უხუცესების დანიშვნა.
f პირველ საუკუნეში ზოგ ძმას იმის უფლებამოსილება ჰქონდა, რომ კრებაში უხუცესები დაენიშნა (საქ. 14:23; 1 ტიმ. 5:22; ტიტ. 1:5). მსგავსად, დღეს ხელმძღვანელი საბჭო ნიშნავს სარაიონო ზედამხედველებს, ხოლო სარაიონო ზედამხედველები — უხუცესებსა და მომსახურეებს.