ᲗᲐᲕᲘ 16
„ჩამოდი მაკედონიაში“
დავალების მზადყოფნით შესრულებასა და დევნის სიხარულით ატანას კარგი შედეგები მოაქვს.
1—3. ა) რაში გამოვლინდა წმინდა სულის ხელმძღვანელობა პავლესა და მისი თანამსახურებისთვის? ბ) რა მოვლენებს განვიხილავთ?
ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘᲛᲔ ქალი მაკედონიის ქალაქ ფილიპეს ტოვებს და მდინარე განგიტასკენ მიემართება. ჩვეულებისამებრ, ისინი მდინარის პირას სხდებიან და ისრაელის ღვთის წინაშე ლოცულობენ. იეჰოვას თვალს შეუმჩნეველი არ რჩება ისინი (2 მატ. 16:9; ფსალმ. 65:2).
2 ამ დროს ფილიპედან აღმოსავლეთით დაახლოებით 800 კილომეტრში სამხრეთ გალატიის ქალაქ ლისტრადან სამი მამაკაცი გამოდის. რამდენიმე დღის შემდეგ ისინი რომაულ გზატკეცილს, მოკირწყლულ გზას ადგებიან, რომელიც დასავლეთით აზიის პროვინციის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ მხარეში მიდის. ამ მამაკაცებს, პავლეს, სილასა და ტიმოთეს, ერთი სული აქვთ, როდის გალევენ ამ გზას და ეფესოსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანს როდის უქადაგებენ ქრისტეს შესახებ. მაგრამ გზაში, უცნობი მიზეზის გამო, მათ წმინდა სული აჩერებს და აზიაში ქადაგებას უკრძალავს. საინტერესოა, რატომ? იესოს უნდა, რომ წმინდა სულის ხელმძღვანელობით პავლემ და მისმა თანამსახურებმა გაიარონ მცირე აზია, გადაკვეთონ ეგეოსის ზღვა და მდინარე განგიტას პირას მივიდნენ.
3 ის, თუ როგორ უხელმძღვანელა იესომ პავლესა და მის თანამსახურებს უჩვეულო მოგზაურობისას მაკედონიისკენ მიმავალ გზაზე, ბევრ მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის. ამიტომ განვიხილოთ ახ. წ. დაახლოებით 49 წელს დაწყებული პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობისას მომხდარი ზოგი მოვლენა.
„ღმერთმა მიგვანიშნა“ (საქმეები 16:6—15)
4, 5. ა) რა მოხდა, როცა პავლე და მისი თანამსახურები ბითინიას მიუახლოვდნენ? ბ) რა გადაწყვიტეს მოწაფეებმა და რა მოჰყვა ამას შედეგად?
4 აზიაში რომ არ შეუშვეს საქადაგებლად, პავლემ და მისმა თანამსახურებმა გეზი ჩრდილოეთით ბითინიისკენ აიღეს. ფრიგიისა და გალატიის მეჩხრად დასახლებული ადგილების გავლით ბითინიისკენ მიმავალ ძმებს ღორღიან ბილიკებზე არაერთ დღეს უნდა ევლოთ. იქამდე თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი, როცა იესომ წმინდა სულით ბითინიაშიც აღარ შეუშვა ისინი (საქ. 16:6, 7). მათთვის ალბათ ძნელი გასაგები იქნებოდა, რა იყო ამის მიზეზი. მათ კარგად იცოდნენ რა უნდა ექადაგათ და — როგორ, მაგრამ ვეღარ გაეგოთ, სად უნდა ექადაგათ. აზიაში საქადაგებლად რომ შესულიყვნენ, აზიის „კარზე აკაკუნებდნენ“, მაგრამ უშედეგოდ. არც ბითინიის „კარი“ გაღებულა მათთვის. მიუხედავად ამისა, პავლეს არ შეუწყვეტია იმ „კარის“ ძებნა, რომელიც მათ წინაშე გაიღებოდა. გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, ერთი შეხედვით, უცნაური ჩანდა. მათ დასავლეთით გადაუხვიეს, 550 კილომეტრი იარეს, ქალაქებს გვერდი აუარეს და საპორტო ქალაქ ტროაში ჩავიდნენ, საიდანაც გემით მაკედონიაში შეიძლებოდა წასვლა (საქ. 16:8). მორიგი „დაკაკუნების“ შემდეგ პავლეს წინაშე ფართოდ გაიღო „კარი“.
5 სახარების დამწერი ლუკა, რომელიც პავლესა და მის თანამსახურებს ტროაში შეუერთდა, გვიამბობს: „ღამით პავლეს ხილვა ჰქონდა: ერთი მაკედონელი კაცი მის წინ იდგა და ეხვეწებოდა, ჩამოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო. როგორც კი მან ეს ხილვა იხილა, მაკედონიაში გადავწყვიტეთ წასვლა, რადგან დავასკვენით, რომ ღმერთმა მიგვანიშნა, მათთვის გვეუწყებინა სასიხარულო ცნობა“ (საქ. 16:9, 10). a ბოლოს და ბოლოს პავლემ გაიგო, სად უნდა ექადაგა! როგორ გაუხარდებოდა პავლეს, შუა გზიდან რომ არ დაბრუნდა უკან. პავლესა და მის სამ თანამსახურს დრო არ დაუკარგავს და მაშინვე მაკედონიაში გაცურეს.
6, 7. ა) როგორ უხელმძღვანელა იესომ პავლეს და რას გვასწავლის ეს შემთხვევა? ბ) რაში გვარწმუნებს ეს შემთხვევა?
6 რას ვსწავლობთ „საქმეების“ წიგნის ამ მონაკვეთიდან? იესომ ღვთის სულით პავლეს მაშინ უხელმძღვანელა, როცა ის ჯერ აზიისკენ გაემართა, შემდეგ, როცა ბითინიისკენ მიმავალი შეაჩერა, და ბოლოს, როცა ტროაში ჩასულს მაკედონიაში წასვლა უბრძანა. იესომ, კრების თავმა, დღესაც შეიძლება მსგავსად გვიხელმძღვანელოს (კოლ. 1:18). მაგალითად, შესაძლოა პიონერად მსახურებაზე ვფიქრობთ ან იქ გადასვლაზე, სადაც მქადაგებელთა დიდი საჭიროებაა. მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ წმინდა სულით იესომ მხოლოდ მას შემდეგ გვიხელმძღვანელოს, რაც კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი, მანქანისთვის საჭირო მიმართულების მიცემა მხოლოდ მოძრაობისას არის შესაძლებელი. მსგავსად ამისა, იესომ მხოლოდ მაშინ შეიძლება გვიხელმძღვანელოს და მსახურების გაფართოებაში დაგვეხმაროს, თუ საამისოდ ერთ ადგილზე არ ვართ გაჩერებული და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ.
7 რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენს მცდელობას მაშინვე არ მოაქვს შედეგი? გულზე ხელები უნდა დავიკრიფოთ და უნდა ვიფიქროთ, რომ ღვთის სული არ გვხელმძღვანელობს? არა, გვახსოვდეს, რომ არც პავლეს პირველი მცდელობა აღმოჩენილა წარმატებული. მაგრამ მიუხედავად ამისა, მანამ ეძებდა მსახურების შესაძლებლობას, სანამ არ მიეცა. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ, თუ არ შევწყვეტთ „მსახურებისთვის ფართოდ გახსნილი კარის“ ძებნას, ჩვენი მცდელობაც დაჯილდოვდება (1 კორ. 16:9).
8. ა) აღწერეთ ქალაქი ფილიპე. ბ) რა შედეგი მოჰყვა „სამლოცველო ადგილზე“ პავლეს ქადაგებას?
8 მაკედონიაში ჩასვლის შემდეგ პავლე და მისი თანამსახურები რომის კოლონიაში, ფილიპეში ჩავიდნენ, სადაც მოსახლეობა რომის მოქალაქეობით ამაყობდა. იქ პენსიაში გასული რომაელი ჯარისკაცები ცხოვრობდნენ, რომელთათვისაც ფილიპე პატარა რომი იყო. ქალაქგარეთ პატარა მდინარის პირას მისიონერებმა „სამლოცველო ადგილი“ იპოვეს. b ისინი შაბათსაც მივიდნენ იქ, სადაც ღვთის თაყვანსაცემად მისული რამდენიმე ქალი დახვდათ. მოწაფეები იქვე დასხდნენ და ქალებს გამოელაპარაკნენ. მსმენელთა შორის იყო ერთი ქალი, სახელად ლიდია, რომელსაც ჭეშმარიტების მოსასმენად „გული გაუხსნა“ იეჰოვამ. ლიდიაზე იმდენად იმოქმედა მისიონერებისგან ნასწავლმა, რომ თვითონაც მოინათლა და მისი სახლეულობაც. ამის შემდეგ მან პავლე და პავლეს თანამსახურები თავის სახლში სტუმრობაზე დაიყოლია (საქ. 16:13—15). c
9. როგორ ჰბაძავს დღეს ბევრი პავლეს და რა შედეგებს იღებენ?
9 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გაიხარებდა ყველა ლიდიას ნათლობით?! რა ბედნიერი იქნებოდა პავლე, რომ ღვთის მითითებისამებრ მოიქცა — წავიდა მაკედონიაში — და ამ ღვთისმოშიში ქალების ლოცვის საპასუხოდ იეჰოვამ ის და მისი თანამსახურები გამოიყენა. დღესაც უამრავი და-ძმა, ახალგაზრდა თუ ხნიერი, დაქორწინებული თუ დაუქორწინებელი, მსახურებისთვის იქ გადადის, სადაც მაუწყებლების დიდი საჭიროებაა. რა თქმა უნდა, ისინი სირთულეებსაც ხვდებიან, მაგრამ იმ სიხარულთან შედარებით, რომელსაც ლიდიასნაირ ჭეშმარიტებას მოწყურებულ ადამიანებთან შეხვედრა ანიჭებთ, ეს სირთულეები არაფერია. შეგიძლიათ, ისე დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება, რომ გადახვიდეთ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მქადაგებლების ნაკლებობაა? შედეგები მართლაც გასაოცარი იქნება! ახალგაზრდა აარონმა, რომელიც ცენტრალურ ამერიკაში გადავიდა საქადაგებლად, საკუთარ თავზე გამოსცადა ბევრის სიხარული: „უცხო ქვეყანაში მსახურება სულიერ ზრდასა და იეჰოვასთან დაახლოებაში მეხმარება. მსახურება შესანიშნავია. რვა ბიბლიის შესწავლას ვატარებ!“
„აღდგა ხალხი მათ წინააღმდეგ“ (საქმეები 16:16—24)
10. რა გაგებით ერია დემონების ხელი იმ წინააღმდეგობაში, რაც პავლესა და მის თანამსახურებს შეხვდათ?
10 სატანა გაშმაგდა, როცა სასიხარულო ცნობა იქ გავრცელდა, სადაც ხალხი მხოლოდ მისი და მისი დემონების ზეგავლენის ქვეშ ცხოვრობდა. ეჭვგარეშეა, რომ იმ წინააღმდეგობაში, რომელსაც პავლე და მისი თანამსახურები შეხვდნენ, სწორედ დემონების ხელი ერია! ერთხელაც, როცა სამლოცველო ადგილზე მიდიოდნენ, გზაში დემონით შეპყრობილი მოახლე გოგონა აედევნათ, რომელიც მკითხაობით თავის ბატონებს დიდ მოგებას აძლევდა. გოგონა ყვიროდა: „ეს კაცები უზენაესი ღვთის მონები არიან და ხსნის შესახებ გაუწყებენ!“. დემონმა შესაძლოა იმიტომ ათქმევინა გოგონას ეს სიტყვები, რომ გოგონას „წინასწარმეტყველება“ და პავლეს მოძღვრება ერთი წყაროდან მომდინარე ჰგონებოდა ხალხს. ამგვარად, ხალხი აღარ მიაქცევდა დიდ ყურადღებას ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრებს. მაგრამ პავლემ განდევნა მისგან დემონი და გააჩუმა გოგონა (საქ. 16:16—18).
11. რა მოხდა მას შემდეგ, რაც პავლემ გოგონასგან დემონი განდევნა?
11 გოგონას ბატონები რისხვით აენთნენ, როცა ნახეს, რომ მუქთა შემოსავლის წყარო დაკარგეს. მათ პავლე და სილა მოედანზე წაათრიეს, რათა სახელმწიფო მოხელეებს გაესამართლებინათ ისინი. ბატონებმა მოსამართლეებს ისეთი რამ უთხრეს, რითაც მათ პატრიოტულ გრძნობებს გაუღვიძებდნენ; ბრალად დასდეს, ამ იუდეველებს არეულობა შემოაქვთ, რადგან ჩვენთვის, რომაელებისთვის, მიუღებელ ჩვეულებებს ავრცელებენო. ამ სიტყვებს რეაქციაც შესაბამისი მოჰყვა: „აღდგა ხალხი მათ [პავლესა და სილას] წინააღმდეგ. მაგისტრატებმა . . . მათი გაჯოხვა ბრძანეს“. ამის შემდეგ პავლე და სილა დააპატიმრეს. იქაურობის მეთვალყურემ შიდა საკანში ჩაყარა ისინი და ფეხებზე ხუნდები დაადო (საქ. 16:19—24). მეთვალყურე კარს რომ დაუკეტავდა, ისეთი სიბნელე დაისადგურებდა, ვეღარც პავლე დაინახავდა სილას და ვეღარც სილა — პავლეს, მაგრამ იეჰოვა ისევ და ისევ ყველაფერს ხედავდა (ფსალმ. 139:12).
12. ა) როგორ უყურებდნენ ქრისტეს მოწაფეები დევნას? ბ) რა მეთოდებს იყენებენ ისევ და ისევ სატანა და მისი დამქაშები?
12 წლებით ადრე იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, თქვენც გაგდევნიანო (იოან. 15:20). ასე რომ, როცა პავლე და მისი თანამსახურები მაკედონიაში ჩავიდნენ, უკვე მზად იყვნენ წინააღმდეგობასთან შესახვედრად. მათ დევნა იეჰოვას კეთილგანწყობის დაკარგვად არ ჩაუთვლიათ, კარგად ესმოდათ, რომ ეს სატანის რისხვის გამოხატულება იყო. სატანის დამქაშები დღესაც იგივე მეთოდს მიმართავენ. მზაკვარი მოწინააღმდეგეები ცილს გვწამებენ, სკოლელები თუ თანამშრომლები რომ აგვიმხედრონ. ზოგ ქვეყანაში რელიგიური წინამძღოლები სასამართლოებში ბრალს გვდებენ, ამ იეჰოვას მოწმეებს არეულობა შემოაქვთ, რადგან ჩვენთვის, ტრადიციული რელიგიის მიმდევართათვის, მიუღებელ ჩვეულებებს ავრცელებენო. ზოგან ჩვენს თანამორწმუნეებს სცემენ და ციხეებშიც კი ყრიან. მაგრამ იეჰოვა ისევ და ისევ ყველაფერს ხედავს (1 პეტ. 3:12).
„დაუყოვნებლივ მოინათლნენ“ (საქმეები 16:25—34)
13. რატომ ჰკითხა საპყრობილის ზედამხედველმა, რა გავაკეთო, რომ გადავრჩეო?
13 პავლესა და სილას დრო დასჭირდებოდათ, რომ გაეანალიზებინათ ის, რაც თავს გადახდათ და ძალა მოეკრიბათ. შუაღამისას ისინი უკვე „ლოცულობდნენ და სიმღერით ღმერთს ხოტბას ასხამდნენ“. უეცრად მიწისძვრა მოხდა და საპატიმროს საძირკველი შეირყა! ზედამხედველს გაეღვიძა და ყველა კარი ღია რომ დაინახა, შეეშინდა, პატიმრები გაქცეული ეგონა. იცოდა, რომ პატიმრების გაქცევისთვის მას მოსთხოვდნენ პასუხს, ამიტომ „მახვილი იშიშვლა და თავის მოკვლა დააპირა . . . მაგრამ პავლემ ხმამაღლა დაუძახა, თავს არაფერი დამართო, ყველანი აქა ვართო“. მაშინ შეშფოთებულმა ზედამხედველმა ჰკითხა მოწაფეებს: „ბატონებო, რა გავაკეთო, რომ გადავრჩე?“. მისი გადარჩენა პავლესა და სილას შესაძლებლობებს აღემატებოდა. მხოლოდ იესოს შეეძლო მისი გადარჩენა, ამიტომაც უპასუხეს, რომ უფალ იესოს თუ ირწმუნებდა, გადარჩებოდა (საქ. 16:25—31).
14. ა) რაში დაეხმარნენ პავლე და სილა საპყრობილის ზედამხედველს? ბ) როგორ აკურთხა ღმერთმა ისინი იმისთვის, რომ დევნას სიხარულით შეხვდნენ?
14 გულწრფელი იყო საპყრობილის ზედამხედველი? მის გულწრფელობაში პავლეს ეჭვი არ შეჰპარვია. ზედამხედველი უცხოტომელი იყო, ამიტომ წმინდა წერილების შესახებ არაფერი იცოდა. გაქრისტიანებამდე მას ბიბლიის ძირითადი მოძღვრებები უნდა ესწავლა და ერწმუნა ისინი. ამიტომ პავლემ და სილამ გადაწყვიტეს, „იეჰოვას სიტყვა“ ეუწყებინათ მისთვის. ქადაგებაში გართულებს, ალბათ, სულ არ გახსენებიათ ფიზიკური ტკივილი, მაგრამ ზედამხედველმა შენიშნა, რომ ზურგზე იარები ჰქონდათ და მოჰბანა. ის და მთელი მისი სახლეულობა „დაუყოვნებლივ მოინათლნენ“. დიდად აკურთხა ღმერთმა პავლე და სილა იმისთვის, რომ დევნას სიხარულით შეხვდნენ (საქ. 16:32—34).
15. ა) როგორ ჰბაძავს ბევრი იეჰოვას მოწმე დღეს პავლესა და სილას? ბ) რატომ უნდა მივაკითხოთ ხელმეორედ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს?
15 პავლესა და სილას მსგავსად რწმენისთვის დაპატიმრებული ბევრი იეჰოვას მოწმე სასიხარულო ცნობას ციხეში ქადაგებს და სასურველ ნაყოფსაც იმკის. მაგალითად, ერთ ქვეყანაში, სადაც იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალული იყო, დროის გარკვეულ მონაკვეთში იქაური იეჰოვას მოწმეების 40 პროცენტმა ჭეშმარიტება ციხეში მიიღო (ეს. 54:17). საყურადღებოა, რომ პირველ საუკუნეში ფილიპეში საპყრობილის ზედამხედველმა დახმარება მხოლოდ მიწისძვრის შემდეგ ითხოვა. დღესაც ბევრი მხოლოდ მას შემდეგ ისმენს სამეფოს ცნობას, რაც ყველაფერი თავდაყირა დგება მათ ცხოვრებაში. თუ არ შევწყვეტთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხთან ქადაგებას და ხელმეორედ მივაკითხავთ, ვაჩვენებთ, რომ ყოველთვის მზად ვართ მათ დასახმარებლად.
„ახლა კი ჩვენი ფარულად გაშვება უნდათ?“ (საქმეები 16:35—40)
16. როგორი სურათი დაიხატა პავლესა და სილას გაჯოხვიდან მეორე დღეს?
16 გაჯოხვიდან მეორე დღეს დილაადრიან სახელმწიფო მოხელეებმა პავლესა და სილას გათავისუფლება ბრძანეს. მაგრამ პავლემ განაცხადა: „ჩვენ, რომის მოქალაქეები, გასამართლების გარეშე სახალხოდ გვცემეს და საპყრობილეში ჩაგვყარეს, ახლა კი ჩვენი ფარულად გაშვება უნდათ? არავითარ შემთხვევაში, მოვიდნენ და თვითონ გაგვიყვანონ!“. როცა გაიგეს, რომ ეს ორი კაცი რომის მოქალაქე ყოფილა, სახელმწიფო მოხელეებს შეეშინდათ, რადგან მათი მოქალაქეობრივი უფლება ჰქონდათ დარღვეული. d ახლა სულ სხვაგვარი სურათი დაიხატა. მოწაფეებს ჯერ სახალხოდ სცემეს, ახლა კი სახელმწიფო მოხელეებს სახალხოდ ბოდიში უნდა მოეხადათ მათთვის. მათ პავლესა და სილას სთხოვეს, დაეტოვებინათ ფილიპე. ისინი დასთანხმდნენ, მაგრამ გამგზავრებამდე ახალმონათლული მოწაფეები მოინახულეს და გაამხნევეს.
17. რა ასწავლა ახალ მოწაფეებს პავლესა და სილას მოთმინებამ?
17 პავლესა და სილას მოქალაქეობრივი უფლება მანამდე რომ გაეთვალისწინებინათ, შესაძლოა ისინი გაჯოხვას გადარჩენოდნენ (საქ. 22:25, 26). მაგრამ ფილიპელ მოწაფეებს შეიძლებოდა ეფიქრათ, რომ პავლემ და სილამ თავიანთი უფლებით ისარგებლეს და ქრისტეს გულისთვის ტანჯვა თავიდან აირიდესო. როგორ იმოქმედებდა ეს იმ მოწაფეების რწმენაზე, რომლებიც რომის მოქალაქეები არ იყვნენ? მათ ხომ არ იცავდა კანონი გაჯოხვისგან?! სინამდვილეში, პავლემ და სილამ ახალმონათლულებს დაანახვეს, რომ ქრისტეს მიმდევრებს შეეძლოთ, მტკიცედ შეხვედროდნენ დევნას. როცა პავლემ და სილამ სახელმწიფო მოხელეებს თავიანთი მოქალაქეობის აღიარება და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, ამით ისინი აიძულეს, ოფიციალურ დოკუმენტში თავიანთი უკანონო მოქმედება დაეფიქსირებინათ. ამის შემდეგ შესაძლოა სახელმწიფო მოხელეებს ასე ხელაღებით ვეღარ მიეყენებინათ შეურაცხყოფა პავლეს თანამორწმუნეებისთვის და მსგავსი თავდასხმებისგან კანონს დაეცვა ქრისტიანები.
18. ა) როგორ ჰბაძავენ ქრისტიანი ზედამხედველები პავლეს? ბ) როგორ ვიცავთ კანონიერად სასიხარულო ცნობას?
18 დღესაც ქრისტიანი ზედამხედველები პირადი მაგალითით ასწავლიან თანაქრისტიანებს და რასაც და-ძმებისგან ელიან, იმის გასაკეთებლად თავადაც მზად არიან. პავლეს მსგავსად კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, საკუთარი თავის დასაცავად როდის და როგორ ვისარგებლოთ ჩვენი კანონიერი უფლებებით. საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივ, უზენაეს და საერთაშორისო სასამართლოებსაც მივმართავთ, რათა კანონიერად დაცული იყოს ჩვენი თაყვანისცემის უფლება. ჩვენი მიზანი რეფორმების გატარება კი არა, „სასიხარულო ცნობის კანონით დაცვა და განმტკიცებაა“, როგორც ფილიპეში პატიმრობიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ მისწერა პავლემ ფილიპელ თანაქრისტიანებს (ფილ. 1:7). სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, პავლესა და მისი თანამსახურების მსგავსად ჩვენც ნებისმიერ შემთხვევაში განვაგრძობთ სასიხარულო ცნობის გაცხადებას ყველგან, სადაც ღვთის სული წაგვიძღვება (საქ. 16:10).
a იხილეთ ჩარჩო «„საქმეების“ დამწერი ლუკა».
b ფილიპე სამხედრო ქალაქი იყო, და შეიძლება სწორედ ამიტომ არ მისცეს იქ მცხოვრებ იუდეველებს იმის უფლება, რომ სინაგოგა ჰქონოდათ; ან შესაძლოა ამ ქალაქში ათი იუდეველი მამაკაციც კი არ ცხოვრობდა, არადა სინაგოგის არსებობისთვის, სულ ცოტა, ათი იუდეველი უნდა ყოფილიყო ქალაქში.
c იხილეთ ჩარჩო „ძოწეულით მოვაჭრე ლიდია“.
d რომის კანონის თანახმად, რომის მოქალაქეს უფლება ჰქონდა თავი დაეცვა სასამართლოში; განაჩენის გამოტანამდე ის არ უნდა დასჯილიყო სახალხოდ.