არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 17

„მათთან ერთად მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე“

„მათთან ერთად მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე“

რითი უნდა ვიხელმძღვანელოთ, ჩვენი ქადაგება ნაყოფიერი რომ იყოს? ბერეელების კარგი მაგალითი.

საქმეები 17:1—15

1, 2. ვინ მიემგზავრება ფილიპედან თესალონიკეში და რა შეიძლება აფიქრებდეთ მათ?

 ᲡᲐᲣᲙᲔᲗᲔᲡᲝ რომაელი მშენებლების დაგებული გზა მთებში გადის. დროდადრო ამ გადატვირთულ გზაზე ვირის ყროყინი და სქელ ფილაქანზე ეტლის თვლების ჩხარუნის ხმა ათასგვარი მგზავრის, ჯარისკაცის, ვაჭრისა თუ ხელოსნის ხმაში ირევა. ფილიპედან თესალონიკეში მიმავალ პავლეს, სილასა და ტიმოთეს 130 კილომეტრი აქვთ გასავლელი. მგზავრობა ადვილი როდია, განსაკუთრებით ფილიპელების მიერ გაჯოხილი პავლესა და სილასთვის, რომლებსაც ჭრილობები ჯერაც არ მოშუშებიათ (საქ. 16:22, 23).

2 როგორ აიტანენ ეს კაცები ამ ხანგრძლივ და დამქანცველ მგზავრობას? გზადაგზა ერთმანეთს ამხნევებენ. ისევ გონებაში აქვთ ფილიპეში საპყრობილის ზედამხედველისა და მისი სახლეულობის გაქრისტიანების სასიხარულო ამბავი, რაც კიდევ უფრო არწმუნებს მათ, რომ ღვთის სიტყვის ქადაგება არ უნდა შეწყვიტონ. მიუხედავად ამისა, ალბათ, რაც უფრო უახლოვდებიან ზღვისპირა ქალაქ თესალონიკეს, მით უფრო აფიქრებთ, როგორ შეხვდებიან ამ ქალაქში მცხოვრები იუდეველები. ისინიც აუმხედრდებიან და გაჯოხავენ მათ, როგორც ფილიპეში?

3. როგორ დაგეხმარებათ პავლეს მაგალითზე დაფიქრება?

3 პავლემ მოგვიანებით თესალონიკელ ქრისტიანებს მისწერა, რას გრძნობდა იმ დროს: „მას შემდეგ, რაც ფილიპეში ვიტანჯეთ და შეურაცხგვყვეს, რაც თქვენც კარგად იცით, ჩვენი ღვთის დახმარებით გაბედულება მოვიკრიბეთ, რომ სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა გვეუწყებინა“ (1 თეს. 2:2). როგორც ჩანს, პავლეს აფიქრებდა თესალონიკეში ჩასვლა, განსაკუთრებით ფილიპეში მომხდარის შემდეგ. ნაცნობია თქვენთვის პავლეს გრძნობები? თქვენც გიწევთ ბრძოლა სასიხარულო ცნობის საქადაგებლად? პავლე იეჰოვაზე იყო მინდობილი და მას სთხოვდა ძალასა და გამბედაობას. პავლეს მაგალითზე დაფიქრება დაგეხმარებათ, მის მსგავსად მოიქცეთ (1 კორ. 4:16).

„მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე“ (საქმეები 17:1—3)

4. რატომ შეიძლება ითქვას, რომ პავლე თესალონიკეში სამ კვირაზე მეტხანს დარჩა?

4 „საქმეების“ წიგნში წერია, რომ თესალონიკეში ყოფნისას პავლე სინაგოგაში სამ შაბათს ქადაგებდა. ნიშნავს ეს იმას, რომ ის იქ მხოლოდ სამი კვირა იყო? არა, ჩვენ არ ვიცით, თესალონიკეში ჩასვლიდან რამდენად მალე მივიდა პავლე სინაგოგაში. თესალონიკელების მიმართ მიწერილ წერილებში გამოჩნდა, რომ იქ ყოფნისას ის და მისი თანამსახურები შრომობდნენ თავიანთი ხარჯების დასაფარავად (1 თეს. 2:9; 2 თეს. 3:7, 8). აგრეთვე პავლემ თესალონიკეში ორჯერ მიიღო ფილიპელი ძმებისგან დახმარება (ფილ. 4:16). ასე რომ, პავლე, როგორც ჩანს, თესალონიკეში სამ კვირაზე მეტხანს დარჩა.

5. რისკენ აღძრავდა პავლე თავის მსმენელებს?

5 პავლემ გაბედულება მოიკრიბა და სინაგოგაში შეკრებილ ხალხს დაუწყო ქადაგება. ჩვეულებისამებრ, «მათთან ერთად მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე. ის უხსნიდა და წერილებიდან უმტკიცებდა, რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა და მკვდრეთით აღმდგარიყო, და ეუბნებოდა: „იესოა ქრისტე, რომლის შესახებაც გაუწყებთ“» (საქ. 17:2, 3). აღსანიშნავია, რომ პავლე არ ცდილობდა, მსმენელებში უბრალოდ ემოციები გამოეწვია, ის მსჯელობისკენ აღძრავდა მათ. მან იცოდა, რომ სინაგოგაში შეკრებილნი აღიარებდნენ და აფასებდნენ წმინდა წერილებს, მაგრამ ბოლომდე არ ესმოდათ მნიშვნელობა. ამიტომ პავლე მსჯელობდა და წმინდა წერილების საფუძველზე უხსნიდა და უმტკიცებდა, რომ ნაზარეთელი იესო აღთქმული მესია, ანუ ქრისტე, იყო.

6. როგორ მსჯელობდა იესო წმინდა წერილების საფუძველზე და რა მოჰყვა შედეგად?

6 პავლე ჰბაძავდა იესოს, რომელიც სწავლებისას წმინდა წერილებს ეყრდნობოდა. მაგალითად, იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, რომ, როგორც წმინდა წერილებში იყო ნაწინასწარმეტყველები, კაცის ძეს უნდა ეტანჯა, მომკვდარიყო და მკვდრეთით აღმდგარიყო (მათ. 16:21). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო თავის მოწაფეებს ეჩვენა. ეჭვგარეშეა, ეს უკვე საკმარისი იქნებოდა იმაში დასარწმუნებლად, რომ, რაც ნათქვამი ჰქონდა, სიმართლე იყო. მაგრამ იესომ საკმარისზე მეტი გააკეთა თავისი მოწაფეებისთვის. მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოსედან დაიწყო და ყველა წინასწარმეტყველის წიგნიდან განუმარტა მათ მთელ წმინდა წერილებში თავის შესახებ დაწერილი“. რა მოჰყვა ამას შედეგად? მოწაფეებმა ერთმანეთს უთხრეს: „გზაში რომ გველაპარაკებოდა და წმინდა წერილებს გვიხსნიდა, როგორი აღფრთოვანებულები ვიყავით, არა?!“ (ლუკ. 24:13, 27, 32).

7. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ, რასაც ვასწავლით, ბიბლიაზე იყოს დაფუძნებული?

7 ღვთის სიტყვას დიდი ძალა აქვს (ებრ. 4:12). დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები თავიანთ მოძღვრებებს ღვთის სიტყვაზე აფუძნებენ, ისევე როგორც იესო, პავლე და სხვა მოციქულები. ჩვენც ვმსჯელობთ ხალხთან, ვუხსნით ბიბლიური მუხლების მნიშვნელობას და მობინადრეებს ბიბლიიდან ვუჩვენებთ, რომ, რასაც ვასწავლით, ჭეშმარიტებაა და ის ჩვენგან არ არის. თუ ბიბლიურ მუხლებს ხშირად ვუკითხავთ ხალხს, ვაჩვენებთ, რომ ჩვენსას კი არა, ღვთისას ვასწავლით. ჩვენც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქადაგება მხოლოდ ღვთის სიტყვაზეა დაფუძნებული და უტყუარია. ამაზე ფიქრი ძალას მოგცემთ, რომ პავლესავით გაბედულად იქადაგოთ სასიხარულო ცნობა.

„ზოგმა . . . ირწმუნა“ (საქმეები 17:4—9)

8—10. ა) როგორ გამოეხმაურნენ თესალონიკელები სასიხარულო ცნობას? ბ) რატომ შეშურდა პავლესი ზოგ იუდეველს? გ) რა გააკეთეს მტრულად განწყობილმა იუდეველებმა?

8 პავლეს გამოცდილი ჰქონდა იესოს სიტყვების ჭეშმარიტება: „გახსოვდეთ, რაც გითხარით, მონა თავის ბატონზე მეტი არ არის-მეთქი. თუ მე მდევნიან, თქვენც გაგდევნიან, თუ ჩემს სიტყვას ისმენენ, თქვენსასაც მოისმენენ“ (იოან. 15:20). თესალონიკეში პავლეს მსმენელებს სწორედ ასეთი სხვადასხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდათ მისი ქადაგების მიმართ — ზოგი დიდი გულმოდგინებით იღებდა ღვთის სიტყვას, ზოგი კი მტრობდა მას. ვინც მოისმინა ღვთის სიტყვა, მათზე ლუკა წერს: „ზოგმა მათგანმა [იუდეველმა] ირწმუნა [გაქრისტიანდა] და პავლესა და სილას შეუერთდა. ასევე მოიქცა მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი და არაერთი გავლენიანი ქალი“ (საქ. 17:4). უეჭველია, ახალი მოწაფეები გაიხარებდნენ იმით, რომ ჩასწვდნენ წმინდა წერილების მნიშვნელობას.

9 ზოგმა დააფასა პავლეს სიტყვები, ბევრიც მტრულად განეწყო მის მიმართ. თესალონიკეში ზოგ იუდეველს შეშურდა პავლესი, რადგან მრავალმა ღვთისმოშიშმა ბერძენმა ირწმუნა ღვთის სიტყვა. ეს იუდეველები ებრაულ წერილებს ასწავლიდნენ ბერძნებს, რათა იუდეველ პროზელიტებად ექციათ; ისინი მათ თავიანთ საკუთრებად მიიჩნევდნენ. ამ დროს კი პავლე თითქოს ართმევდა მათ ამ ბერძნებს, თანაც სინაგოგაში, თვალსა და ხელს შუა! იუდეველები აღშფოთდნენ.

„უნდოდათ, ბრბოს წინაშე გამოეყვანათ პავლე და სილა“ (საქმეები 17:5).

10 ლუკა გვიამბობს, რა მოხდა შემდეგ: «იუდეველებს კი შეშურდათ, ბაზრის მოედნიდან წაიყვანეს უსაქმური, ბოროტი კაცები, ბრბო შეყარეს და ქალაქში აურზაური ატეხეს. იასონის სახლს მიაწყდნენ, უნდოდათ, ბრბოს წინაშე გამოეყვანათ პავლე და სილა, მაგრამ რომ ვერ იპოვეს, იასონი და რამდენიმე ძმა წაათრიეს ქალაქის გამგებლებთან, თან გაჰყვიროდნენ: „ამათ ქვეყანა ყირაზე დააყენეს და აქაც მოვიდნენ, იასონმა კი სახლში შეუშვა. ესენი კეისრის დადგენილებებს ეწინააღმდეგებიან, ამბობენ, სხვა მეფეც არისო, იესო“» (საქ. 17:5—7). როგორ იმოქმედებდა პავლესა და მის თანამსახურებზე ბრბოს წინააღმდეგობა?

11. რა ბრალდებები წაუყენეს პავლესა და მის თანამსახურებს, და ბრალმდებლების სიტყვების თანახმად, რა დადგენილებას ეწინააღმდეგებოდნენ ისინი? (იხილეთ სქოლიო).

11 ბრბო საშიშ, ბობოქარ მდინარეს ჰგავს, წამლეკავსა და უკონტროლოს. იუდეველები მის დამანგრეველ ძალას პავლესა და სილას წინააღმდეგ მიმართავდნენ, რათა გზიდან ჩამოეცილებინათ ისინი. მათ „ქალაქში აურზაური ატეხეს“, მერე კი ცდილობდნენ, იმაში დაერწმუნებინათ გამგებლები, რომ მათ მძიმე დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. პირველი ბრალდება ის იყო, რომ პავლემ და მისმა თანამსახურებმა „ქვეყანა ყირაზე დააყენეს“, თუმცა, სინამდვილეში, აურზაური თესალონიკეში მათ არ გამოუწვევიათ. მეორე ბრალდება კიდევ უფრო მძიმე იყო. იუდეველები ირწმუნებოდნენ, რომ მისიონერები მეფედ იესოს აცხადებდნენ და ამით იმპერატორის დადგენილებებს ეწინააღმდეგებოდნენ. a

12. რა აჩვენებს, რომ თესალონიკეში ქრისტიანებისთვის წაყენებულ ბრალდებებს შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყოლოდა?

12 გავიხსენოთ, რომ რელიგიურმა წინამძღოლებმა იესოს იგივე ბრალდება წაუყენეს და პილატეს უთხრეს: „ამ კაცს ერის გადაგვარება უნდა . . . და საკუთარ თავს ქრისტესა და მეფეს უწოდებს“ (ლუკ. 23:2). შესაძლოა პილატე შიშობდა, იმპერატორს არ ეფიქრა, რომ პილატე ღალატს იწყნარებდა, რის გამოც იესო სასიკვდილოდ გაიმეტა. ამის მსგავსად, თესალონიკეში ქრისტიანებისთვის წაყენებულ ბრალდებას შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყოლოდა. ერთ-ერთ ნაშრომში წერია: „ისინი ისეთი სერიოზული საფრთხის წინაშე იდგნენ, რომ მათი მდგომარეობის გაზვიადება შეუძლებელი იყო, რადგან იმპერატორის ღალატის გულში გავლებაც კი ხშირად ბრალდებულს სიცოცხლის ფასად უჯდებოდა“. მიაღწევდნენ მოწინააღმდეგეები თავიანთ მიზანს?

13, 14. ა) რატომ ვერ მიაღწია ბრბომ თავის მიზანს? ბ) როგორ გამოავლინა პავლემ სიფრთხილე ქრისტეს რჩევისამებრ და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

13 ბრბომ ვერ შეაჩერა თესალონიკეში სამქადაგებლო საქმიანობა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ პავლე და სილა ვეღარ იპოვეს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ქალაქის გამგებლებს ეჭვი შეეპარათ ბრალდებების საფუძვლიანობაში. ამის შემდეგ თავდებით გაათავისუფლეს უკვე დაპატიმრებული იასონი და სხვა ძმები (საქ. 17:8, 9). პავლემ გაითვალისწინა იესოს რჩევა: „იყავით გველივით ფრთხილნი და მტრედივით უწყინარნი“. მან წინდახედულობა გამოიჩინა და საფრთხეს გვერდი აუარა, რათა ქადაგების გაგრძელება შეძლებოდა (მათ. 10:16). მართალია, პავლე გაბედული იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ის თავზე ხელაღებული იყო. როგორ უნდა მიჰბაძონ დღევანდელმა ქრისტიანებმა პავლეს?

14 ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება დღესაც აქეზებს ბრბოს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ. ბრალს დებენ მათ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში და ამით მმართველებს მოწმეების შესავიწროებლად განაწყობენ. პირველი საუკუნის მდევნელების მსგავსად ჩვენს მოწინააღმდეგეებს დღესაც შური ამოძრავებთ. რაც უნდა იყოს, ჭეშმარიტ ქრისტიანებს არ უნდათ, თავი საფრთხეში ჩაიგდონ. ჩვენ მაქსიმალურად თავს ვარიდებთ ასეთ განრისხებულ და შეურაცხად ადამიანებთან დავას, ვცდილობთ, ქადაგება მშვიდობიან გარემოში განვაგრძოთ და, შესაძლოა, სამქადაგებლო უბანზე მხოლოდ დაძაბულობის მოხსნის შემდეგ დავბრუნდეთ.

„იქაურები . . . მონდომებულები იყვნენ“ (საქმეები 17:10—15)

15. როგორ მოისმინეს ბერეელებმა სასიხარულო ცნობა?

15 პავლესა და სილას სიცოცხლეს საფრთხე რომ არ შექმნოდა, ძმებმა ისინი იქაურობას გაარიდეს და 65 კილომეტრის დაშორებით ბერეაში გაგზავნეს. ჩასვლისთანავე პავლე სინაგოგაში შევიდა და იქ შეკრებილებს უქადაგა. რა სასიამოვნო იყო, რომ ხალხმა მოისმინა მისი ქადაგება! ლუკა წერდა, რომ ბერეაში მცხოვრები იუდეველები „თესალონიკელებზე მონდომებულები იყვნენ, რადგან მთელი გულით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქ. 17:10, 11). ამით ხომ არ დაამცირა ლუკამ ის თესალონიკელები, რომლებმაც ჭეშმარიტება მიიღეს? რა თქმა უნდა არა. პავლემ მოგვიანებით ასეთი რამ მისწერა თესალონიკელებს: „განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ, როცა ჩვენგან გაიგეთ ღვთის სიტყვა, მიიღეთ ის არა როგორც ადამიანის სიტყვა, არამედ როგორც სინამდვილეშია — როგორც ღვთის სიტყვა, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენზე, მორწმუნენო“ (1 თეს. 2:13). რა გაგებით იყვნენ ბერეელი იუდეველები მონდომებულები?

16. რატომ უწოდა ლუკამ ბერეელებს მონდომებულები?

16 რაც ბერეელებმა მოისმინეს, მართალია, სიახლე იყო მათთვის, მაგრამ ეჭვის თვალით არ შეუხედავთ ამ ცნობისთვის, არც გაუკრიტიკებიათ და არც ბრმად მიუღიათ. ისინი ჯერ ყურადღებით უსმენდნენ პავლეს, მერე კი მოსმენილს წმინდა წერილებით ამოწმებდნენ. უფრო მეტიც, ისინი ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ ღვთის სიტყვას, და არა მარტო შაბათობით. პავლესგან მოსმენილის გათვალისწინებით ცოდნას მოწყურებულებმა წმინდა წერილების გულმოდგინე შესწავლა დაიწყეს. ისინი თავმდაბლები იყვნენ და არ გაჭირვებიათ თვალსაზრისის შეცვლა, რაც იმაში გამოვლინდა, რომ „მათგან მრავალმა ირწმუნა“ (საქ. 17:12). ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ლუკამ მათ მონდომებულები უწოდა.

17. რატომ არიან ბერეელები საქებარნი და რაში უნდა მივბაძოთ მათ მაშინაც, როცა უკვე დიდი ხნის მონათლულები ვართ?

17 ბერეელები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ღვთის სიტყვაში ჩაიწერებოდა ის, თუ როგორ მიიღეს მათ სასიხარულო ცნობა, და რომ მაგალითი იქნებოდნენ ჩვენთვის. ისინი ზუსტად ისე მოიქცნენ, როგორც პავლე ისურვებდა და როგორც იეჰოვა მოელოდა მათგან. ჩვენც მოვუწოდებთ ხალხს, რომ გულდასმით გამოიკვლიონ ბიბლია, რათა მათი რწმენის საფუძველი ღვთის სიტყვა იყოს. მაგრამ რწმენის მიღებით მთავრდება ყველაფერი? რწმენის მიღების შემდეგ იეჰოვას შესახებ ცოდნის გაღრმავება და ნასწავლის გამოყენება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამგვარად იეჰოვას შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ თავისი ნებისამებრ გამოგვძერწოს და გვასწავლოს (ეს. 64:8). ამის წყალობით ჩვენი ზეციერი მამის მოსაწონი და გამოსადეგი მსახურები ვხდებით.

18, 19. ა) რატომ დატოვა პავლემ ბერეა და როგორ გამოავლინა მისაბაძი შეუპოვრობა? ბ) ვისთან და სად წავიდა პავლე ამის შემდეგ საქადაგებლად?

18 პავლე ბერეაში დიდხანს არ გაჩერებულა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „როცა თესალონიკელმა იუდეველებმა გაიგეს, რომ პავლემ ბერეაშიც იქადაგა ღვთის სიტყვა, იქაც მივიდნენ, ხალხი წააქეზეს და აამხედრეს. ძმებმა პავლე მაშინვე ზღვისკენ გაგზავნეს, სილა და ტიმოთე კი იქ დარჩნენ. გამცილებლებმა პავლე ათენში ჩაიყვანეს. სანამ გაბრუნდებოდნენ, პავლემ მათ სილასა და ტიმოთესთან დააბარა, რომ რაც შეიძლება მალე ჩასულიყვნენ მასთან“ (საქ. 17:13—15). სასიხარულო ცნობის მტრები იმდენად გაჯიუტდნენ, რომ თესალონიკედან პავლეს განდევნა არ იკმარეს და ბერეაშიც ჩავიდნენ იმავე არეულობის გამოსაწვევად, მაგრამ უშედეგოდ. პავლემ იცოდა, რომ კიდევ ბევრგან უნდა ექადაგა, ამიტომ სხვაგან წავიდა. პავლეს მსგავსად არც ჩვენ უნდა დავზოგოთ თავი იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეებს სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერების შესაძლებლობა არ მივცეთ!

19 თესალონიკეში და ბერეაში იუდეველებთან საგულდაგულოდ ქადაგებამ პავლე იმაში დაარწმუნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო გაბედულად ქადაგება და წმინდა წერილების საფუძველზე მსჯელობა. ჩვენც ვხედავთ ამის აუცილებლობას. მაგრამ ახლა პავლეს სულ სხვანაირი მსმენელები ელოდნენ — წარმართი ათენელები. როგორ მიიღებდნენ ამ ქალაქში პავლეს? ამის შესახებ შემდეგ თავში ვისაუბრებთ.

a ერთი მეცნიერის სიტყვების თანახმად, მაშინ კეისრის დადგენილება კრძალავდა ნებისმიერ წინასწარმეტყველებას „განსაკუთრებით იმ მეფის ან სამეფოს მოსვლის შესახებ, რომელზეც იტყოდნენ, ტახტზე მჯდომ იმპერატორს ჩამოაგდებს ან განაჩენს გამოუტანსო“. შესაძლოა პავლეს მტრებმა შექმნეს არასწორი შეხედულება, თითქოს მოციქულთა ქადაგება ამ დადგენილებას ეწინააღმდეგებოდა. იხილეთ ჩარჩო  «იმპერატორები და „საქმეების“ წიგნი».