არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 24

„გამაგრდი!“

„გამაგრდი!“

პავლე გადაურჩა მის წინააღმდეგ შეთქმულებს და ფელიქსის წინაშე დაიცვა თავი.

საქმეები 23:11—24:27

1, 2. რატომ არ უკვირდა პავლეს, რომ ასე იდევნებოდა იერუსალიმში?

 ᲞᲐᲕᲚᲔ როგორღაც გადაურჩა იერუსალიმში მის წინააღმდეგ აღმდგარ გაშმაგებულ ბრბოს, მაგრამ პატიმრობას თავი ვერ დააღწია. ამ გულმოდგინე მქადაგებელს არ გაჰკვირვებია, რომ ის ხალხმა აითვალწუნა. პავლე გაფრთხილებული იყო, რომ ამ ქალაქში ვერც ბორკილებს გაექცეოდა და ვერც გასაჭირს (საქ. 20:22, 23). მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იცოდა, რას მოუტანდა ხვალინდელი დღე, ეჭვი არ შეჰპარვია იმაში, რომ იესოს სახელისთვის დაიტანჯებოდა (საქ. 9:16).

2 პავლეს ქრისტიან წინასწარმეტყველთაგანაც სმენოდა, რომ შებოჭავდნენ და უცხოტომელებს გადასცემდნენ (საქ. 21:4, 10, 11). დაპატიმრებამდე იუდეველთა ბრბო მის მოკვლას შეეცადა, მერე კი სინედრიონის წევრები პავლეს სიტყვების გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ის კინაღამ შუაზე გაგლიჯეს. ამის შემდეგ მას რომაელი ჯარისკაცები მეთვალყურეობდნენ. წინ არაერთი ბრალდება და სასამართლო პროცესი ელოდა (საქ. 21:31; 23:10). მოციქულ პავლეს ჰაერივით სჭირდებოდა გამხნევება.

3. რა შეგვმატებს ძალას ქადაგების დაუღალავად გასაგრძელებლად?

3 ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრულს „ყველა, ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე იყოს და ღმერთს უერთგულოს, დევნილი იქნება“ (2 ტიმ. 3:12). დაუღალავად რომ განვაგრძოთ ქადაგება, დროდადრო ჩვენც გვჭირდება გამხნევება. დიდად ვაფასებთ „ერთგული და გონიერი მონის“ ორგანიზებულ შეხვედრებზე მოსმენილ და პუბლიკაციებში ამოკითხულ დროულ და საჭირო სიტყვებს (მათ. 24:45). იეჰოვა გვარწმუნებს, რომ სასიხარულო ცნობის მტრები წარმატებას ვერ მიაღწევენ. ისინი ვერც მის მსახურებს (როგორც ჯგუფს) გაანადგურებენ და ვერც სამქადაგებლო საქმიანობას შეაჩერებენ (ეს. 54:17; იერ. 1:19). რისი თქმა შეიძლება მოციქულ პავლეზე? გაამხნევა ღმერთმა ისე, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად საგულდაგულოდ ქადაგება შესძლებოდა? თუ გაამხნევა — როგორ, და რა იყო ამის შედეგი?

შეთქმულების ჩაშლა (საქმეები 23:11—34)

4, 5. ვინ და როგორ გაამხნევა პავლე, და რატომ იყო ეს დროული?

4 ბიბლიაში ვკითხულობთ, რა მოხდა იმ ღამეს, როცა პავლე დაიხსნეს სინედრიონიდან: «უფალი გამოეცხადა და უთხრა: „გამაგრდი! როგორც იერუსალიმში ქადაგებდი გულმოდგინედ ჩემ შესახებ, რომშიც ისევე უნდა იქადაგო“» (საქ. 23:11). იესოს გამამხნევებელმა სიტყვებმა დაარწმუნა პავლე, რომ ისე არ მოკვდებოდა, იესოზე რომში რომ არ ექადაგა.

„40 კაცზე მეტი აპირებს ჩასაფრებას“ (საქმეები 23:21).

5 ასეთი გამხნევება მართლაც დროული იყო. მეორე დღეს 40-ზე მეტმა იუდეველმა პირი შეკრა და ფიცი დადო, რომ „სანამ პავლეს არ მოკლავდნენ, არც შეჭამდნენ და არც დალევდნენ“. ის, თუ როგორი მოწადინებულები იყვნენ იუდეველები, მოეკლათ მოციქული, იქიდან ჩანს, რომ ფიცი დადეს. შეთქმულების ჩაშლის შემთხვევაში, მათი აზრით, წყევლას დაიტეხდნენ თავს (საქ. 23:12—15). უფროსი მღვდლებისა და უხუცესების მოწონებული გეგმის მიხედვით, პავლე სინედრიონში უნდა წაეყვანათ, თითქოს იმ მიზეზით, რომ უკეთ გარკვეულიყვნენ საქმის ვითარებაში; მაგრამ ამ დროს შეთქმულები გზაში ჩაუსაფრდებოდნენ, თავს დაესხმებოდნენ პავლეს და მოკლავდნენ.

6. როგორ მივიდა პავლეს ყურამდე შეთქმულების ამბავი და რისი სწავლა შეუძლიათ ახალგაზრდებს ამ შემთხვევიდან?

6 პავლეს დისშვილმა შეთქმულების ამბავი შეიტყო და მის ყურამდე მიიტანა. პავლემ ის ათასისთავთან, კლავდიუს ლისიასთან გაგზავნა (საქ. 23:16—22). მართალია, ჩვენ არ ვიცით პავლეს დისშვილის სახელი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცით, რომ იეჰოვას ძალიან უყვარს ახალგაზრდები, რომლებიც მის მსგავსად ღვთის ხალხის კეთილდღეობას პირად კეთილდღეობაზე წინ აყენებენ და თავს არ ზოგავენ სამეფოს საქმისთვის.

7, 8. რა გააკეთა კლავდიუს ლისიამ პავლეს უსაფრთხოებისთვის?

7 ათასკაციანი რაზმის მეთაურმა, კლავდიუს ლისიამ, როგორც კი შეთქმულების ამბავი გაიგო, ბრძანა, რომ 470 ჯარისკაცს, შუბოსანსა და მხედარს პავლე იმავე ღამეს გაეყვანათ იერუსალიმიდან და უსაფრთხოდ მიეყვანათ კესარეაში გამგებელ ფელიქსთან. a მართალია, იუდეის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, კესარეაში, საკმაოდ ბევრი იუდეველი ცხოვრობდა, მაგრამ მოსახლეობის ძირითად ნაწილს მაინც უცხოტომელები შეადგენდნენ. კესარეაში უფრო სტაბილური გარემო იყო, ვიდრე იერუსალიმში — სხვა რელიგიის მიმდევრების მიმართ მტრულად განწყობილი და აურზაურის ამტეხი ხალხის ქალაქში. კესარეიდან იმართებოდა იუდეის პროვინციის ჯარიც.

8 რომის კანონის მოთხოვნით ლისიამ წერილში ფელიქსს საქმის ვითარება გააცნო. მისწერა, რომ პავლეს მოქალაქეობის გაგებისთანავე, ის იუდეველების ხელიდან დაიხსნა; პავლეში ისეთი ვერაფერი დაინახა, „სიკვდილი ან ბორკილები“ რომ დაემსახურებინა, მაგრამ მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების გამო ფელიქსთან გაგზავნა, რათა თავად მოესმინა ბრალმდებლებისთვის და განაჩენიც გამოეტანა (საქ. 23:25—30).

9. ა) როგორ დაირღვა პავლეს მოქალაქეობრივი უფლებები? ბ) რატომ ვითხოვთ ჩვენი მოქალაქეობრივი უფლებების დაცვას?

9 სიმართლეს შეეფერებოდა ის, რაც ლისიას წერილში ეწერა? მხოლოდ ნაწილობრივ. როგორც ჩანს, მას უნდოდა გამგებელთან თავი გამოეჩინა. ფაქტია, რომ მას პავლე რომის მოქალაქეობისთვის არ დაუხსნია. გარდა ამისა, ლისიას არ დაუწერია, რომ პავლეს „ორი ჯაჭვით“ შეკვრისა და „შოლტით დაკითხვის“ ბრძანება ჰქონდა გაცემული (საქ. 21:30—34; 22:24—29). ამით მან პავლეს მოქალაქეობრივი უფლებები დაარღვია. დღეს სატანა რელიგიურ ფანატიზმს იყენებს დევნის გასაძლიერებლად, რის შედეგადაც შეიძლება დაირღვეს ჩვენი მოქალაქეობრივი უფლებებიც. ამიტომ, პავლეს მსგავსად, ხშირად ღვთის ხალხი თავიანთი უფლებების დასაცავად კანონს მიმართავს.

„თამამად ვილაპარაკებ და დავიცავ თავს“ (საქმეები 23:35—24:21)

10. რა სერიოზული ბრალდებები წაუყენეს პავლეს?

10 იერუსალიმიდან ბრალმდებლების ჩასვლამდე პავლე კესარეაში „ჰეროდეს სასახლეში დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ“ ჰყავდათ (საქ. 23:35). ხუთი დღის შემდეგ იქ მღვდელმთავარი ანანია, ორატორი ტერტულუსი და რამდენიმე უხუცესი ჩავიდნენ. დასაწყისში იუდეველებისთვის გაკეთებული საქმეებისთვის ტერტულუსმა აქო და ადიდა ფელიქსი. ამით ის, როგორც ჩანს, პირფერულად ცდილობდა ფელიქსის გულის მოგებას. b მერე კი საქმეზე გადავიდა და თქვა, რომ პავლე „შფოთის ამტეხია, ნაზარეთელთა სექტის წინამძღოლია და მთელ ქვეყანაზე იუდეველებს ამბოხებისკენ მოუწოდებს. ის ტაძრის შებღალვასაც შეეცადა, მაგრამ შევიპყარით. მას იუდეველებმაც აუბეს მხარი და ირწმუნებოდნენ, მართალს ამბობსო“ (საქ. 24:5, 6, 9). ეს მართლაც სერიოზული ბრალდებები იყო, რადგან ამბოხების მოწყობისთვის, საშიში სექტის წინამძღოლობისა და ტაძრის შებღალვისთვის კაცი შეიძლებოდა სიკვდილით დაესაჯათ.

11, 12. როგორ გააბათილა პავლემ მოწინააღმდეგეების ბრალდებები?

11 ამის შემდეგ პავლეს მიეცა სიტყვა: „თამამად ვილაპარაკებ და დავიცავ თავს“. მან კატეგორიულად უარყო ყველა ბრალდება. მას არც ტაძარი შეუბღალავს და არც ამბოხება მოუწყვია; იერუსალიმში „მრავალი წელი“ არ ჩასულა და ამჯერად შიმშილობისა და დევნის გამო გაჭირვებული ქრისტიანებისთვის „შემოწირულობის მისატანად“ იყო ჩასული. პავლე ირწმუნებოდა, რომ ტაძარში შესვლამდე განწმენდილი იყო და ყველანაირად ცდილობდა, ცუდი არაფერი გაეკეთებინა „ღვთისა და კაცთა წინაშე“ (საქ. 24:10—13, 16—18).

12 რაც შეეხებოდა იმას, რასაც იუდეველები სექტანტობას უწოდებდნენ, პავლემ აღნიშნა, რომ ამით ის თავისი მამა-პაპის ღმერთს უსრულებდა წმინდა მსახურებას. იმასაც ირწმუნებოდა, რომ ყველაფერი სწამდა, „რაც კანონში და წინასწარმეტყველთა წიგნებში წერია“; და თავისი ბრალმდებლების მსგავსად მასაც ჰქონდა იმედი, რომ იქნებოდა „მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“. ბოლოს პავლემ თავის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების დასაბუთება მოითხოვა: „აქ მყოფებმა თქვან, რაში დამედო ბრალი, როცა სინედრიონის წინაშე ვიდექი; მხოლოდ ის ვთქვი, მკვდრეთით აღდგომისთვის მასამართლებენ-მეთქი დღეს თქვენ წინაშე!“ (საქ. 24:14, 15, 20, 21).

13—15. როგორ მივბაძოთ პავლეს, როცა სახელმწიფო მოხელეებთან გვიწევს ქადაგება?

13 ჩვენც ვბაძავთ პავლეს, თუ ღვთის თაყვანისცემის გამო სახელმწიფო მოხელეთა წინაშე ბრალს გვდებენ, თითქოს აურზაურს ვტეხდეთ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ვმონაწილეობდეთ და „საშიში სექტის“ წევრები ვიყოთ. ტერტულუსისგან განსხვავებით პავლე არ ცდილობდა პირფერულად გამგებლის გულის მოგებას. ის მშვიდად და პატივისცემით ლაპარაკობდა. მან გამგებლის წინაშე ტაქტიანად წარადგინა ნათელი და დამაჯერებელი ფაქტები, და ისიც თქვა, რომ „აზიიდან ჩამოსული იუდეველები“, რომლებმაც ის ტაძრის შებღალვაში დაადანაშაულეს, კანონის თანახმად, იქ უნდა ყოფილიყვნენ და თავად უნდა დაედოთ მისთვის ბრალი (საქ. 24:18, 19).

14 ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ პავლეს უკან არ დაუხევია და თავისი რწმენის შესახებ გაბედულად იქადაგა. მაგალითად, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სწამდა აღდგომის. სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია არეულობა, როცა პავლე სინედრიონის წინაშე იდგა (საქ. 23:6—10). თავის დაცვისას რატომ გაამახვილა პავლემ ყურადღება აღდგომის იმედზე? იმიტომ, რომ ის იესოსა და მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ ქადაგებდა, რაც მოწინააღმდეგეებისთვის მიუღებელი იყო (საქ. 26:6—8, 22, 23). სწორედ მკვდრეთით აღდგომა, უფრო კონკრეტულად კი იესოს მკვდრეთით აღდგომა და მისი რწმენა, იყო ძირითადი საკამათო საკითხი.

15 ჩვენც შეგვიძლია გაბედულად ვიქადაგოთ და გავძლიერდეთ იესოს სიტყვებით: „ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო, ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება“. უნდა გვაფიქრებდეს ის, თუ რა ვილაპარაკოთ? არა, რადგან იესო გვარწმუნებს: „როცა გადაგცემენ, წინასწარ ნუ იდარდებთ იმაზე, რა თქვათ; რაც გაგიმჟღავნდებათ, ის თქვით. იმ დროს თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ წმინდა სული“ (მარ. 13:9—13).

„ფელიქსს შეეშინდა“ (საქმეები 24:22—27)

16, 17. ა) როგორ წაუძღვა ფელიქსი პავლეს საქმის განხილვას? ბ) რატომ შეიძლება შეშინებოდა ფელიქსს, და რატომ უხმობდა პავლეს?

16 გამგებელ ფელიქსს პირველად არ მოუსმენია ქრისტიანთა მრწამსის შესახებ. «ფელიქსმა ბევრი რამ იცოდა უფლის გზის შესახებ [ასე უწოდებდნენ ადრინდელ ქრისტიანობას], ამიტომ დაითხოვა ისინი და უთხრა: „როცა ათასისთავი ლისია ჩამოვა, მაშინ გადავწყვეტ თქვენს საქმეს“. მან ასისთავს უბრძანა, პატიმრობაში დაეტოვებინა პავლე, თუმცა გარკვეული თავისუფლება მიეცა, და ახლობლებისთვის მასზე ზრუნვის ნება დაერთო» (საქ. 24:22, 23).

17 რამდენიმე დღის შემდეგ ფელიქსმა და მისმა იუდეველმა ცოლმა, დრუზილამ, პავლე გამოაძახებინეს და მოუსმინეს, „ქრისტე იესოსადმი რწმენაზე“ რომ ლაპარაკობდა (საქ. 24:24). „მაგრამ, რაკი პავლე სიმართლეზე, თავშეკავებასა და მომავალ სასამართლოზე ლაპარაკობდა, ფელიქსს შეეშინდა“. შიშის მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ მას ბევრი ბოროტება ჰქონდა ჩადენილი და სინდისი მსჯავრს სდებდა. ამიტომ გაუშვა პავლე და უთხრა: „ახლა წადი და, როცა მოვიცლი, ისევ გამოგიძახებ“. ამის შემდეგ ფელიქსი არაერთხელ შეხვედრია პავლეს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჭეშმარიტება აინტერესებდა, არამედ იმის იმედით, რომ პავლე ქრთამს მისცემდა (საქ. 24:25, 26).

18. რატომ ელაპარაკა პავლე ფელიქსსა და მის ცოლს „სიმართლეზე, თავშეკავებასა და მომავალ სასამართლოზე“?

18 რატომ ელაპარაკა პავლე ფელიქსსა და მის ცოლს „სიმართლეზე, თავშეკავებასა და მომავალ სასამართლოზე“? როგორც დავინახეთ, მათ აინტერესებდათ, რას ნიშნავდა „ქრისტე იესოსადმი რწმენა“. პავლესთვის უცნობი არ იყო, რომ ისინი გარყვნილი, სასტიკი და უსამართლო ადამიანები იყვნენ და პირდაპირ უთხრა, რა მოეთხოვებოდათ იესოს მიმდევრობის მსურველთ. პავლეს ნათქვამმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად განსხვავდებოდა ღვთის სამართლიანი ნორმები ფელიქსისა და მისი ცოლის ცხოვრების წესისგან. ისინი უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ყველა ადამიანი ღვთის წინაშე აგებდა პასუხს ფიქრებისთვის, სიტყვებისა და საქმეებისთვის, და რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არ იყო, როგორ განაჩენს გამოუტანდნენ პავლეს, არამედ ის, თუ როგორ განაჩენს გამოუტანდა მათ ღმერთი. რა გასაკვირია, რომ „ფელიქსს შეეშინდა“.

19, 20. ა) როგორ უნდა მოვიქცეთ მათთან, ვინც სასიხარულო ცნობის მიმართ ინტერესს ავლენს, მაგრამ, სინამდვილეში, ცხოვრების შეცვლა არ სურს? ბ) საიდან ჩანს, რომ ფელიქსი პავლეს მეგობარი არ ყოფილა?

19 მსახურებაში შესაძლოა ჩვენც შევხვდეთ ფელიქსის მსგავს ადამიანებს. თავიდან შეიძლება ისე ჩანდეს, თითქოს ჭეშმარიტება აინტერესებთ, სინამდვილეში კი არ სურდეთ ცხოვრების შეცვლა. ასეთ ადამიანებთან სიფრთხილე გვმართებს. პავლეს მსგავსად ტაქტიანად უნდა ავუხსნათ მათ ღვთის სამართლიანი ნორმები. ვინ იცის, იქნებ ჩასწვდეს მათი გული ჭეშმარიტებას. მაგრამ, თუ ვხედავთ, რომ არ აპირებენ ცხოვრების წესის შეცვლას, ნურაფერს ვაიძულებთ, შევეცადოთ, ისინი მოვძებნოთ, ვისაც ნამდვილად სწყურია ჭეშმარიტება.

20 სინამდვილეში რა ჰქონდა ფელიქსს გულში, კარგად ჩანს ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი სიტყვებიდან: „ორი წლის შემდეგ ფელიქსი პორციუს ფესტუსმა შეცვალა. ვინაიდან ფელიქსს იუდეველთა კეთილგანწყობის მოხვეჭა უნდოდა, პავლე პატიმრობაში დატოვა“ (საქ. 24:27). ფელიქსი პავლეს მეგობარი არ ყოფილა. მან კარგად იცოდა, რომ „უფლის გზის“ მიმდევრები არც სახელმწიფოს მოღალატეები იყვნენ და არც მოჯანყეები (საქ. 19:23). ისიც კარგად იცოდა, რომ პავლეს რომის არც ერთი კანონი არ დაურღვევია. ამის მიუხედავად, „იუდეველთა კეთილგანწყობის მოხვეჭა“ არჩია და პავლე პატიმრობაში დატოვა.

21. რა მოხდა მას შემდეგ, რაც გამგებელი პორციუს ფესტუსი გახდა, და რა შემატებდა პავლეს ძალას?

21 „საქმეების“ 24-ე თავის ბოლო მუხლიდან ჩანს, რომ პავლე ჯერ კიდევ პატიმარი იყო, როცა პორციუს ფესტუსმა ფელიქსი შეცვალა. ამგვარად დაიწყო პავლეს საქმის გაუთავებელი განხილვები, მას ბევრი სახელმწიფო მოხელის წინაშე მოუწია წარდგომა. ეს გაბედული მოციქული მართლაც არაერთხელ წაიყვანეს „მეფეებთან და გამგებლებთან“ (ლუკ. 21:12). როგორც მოგვიანებით დავინახავთ პავლემ იმ დროს ყველაზე ძლევამოსილ მმართველს უქადაგა. ის ნებისმიერ ვითარებაში მტკიცედ იდგა რწმენაში და მას ძალას მატებდა იესოს ნათქვამი: „გამაგრდი!“.

b ტერტულუსმა მადლიერება გამოხატა „დიდი მშვიდობისთვის“, რაც ფელიქსის წყალობით ჰქონდა ერს. მაგრამ, სინამდვილეში, ფელიქსის მმართველობის პერიოდთან შედარებით სხვა გამგებლების მმართველობის დროს, რომის წინააღმდეგ აჯანყებამდე, იუდეაში უფრო მეტი სიმშვიდე იყო. სიმართლეს ტერტულუსის არც ის სიტყვები შეესაბამებოდა, თითქოს „დიდად მადლიერნი“ ხვდებოდნენ იუდეველები ფელიქსის რეფორმებს. ფაქტი ის იყო, რომ იუდეველთა უმეტესობას სძულდა ფელიქსი, რადგან უმოწყალოდ ჩაგრავდა ხალხს და სასტიკად ახშობდა ყველა ამბოხებას (საქ. 24:2, 3).