ᲗᲐᲕᲘ 28
„დედამიწის კიდით კიდემდე“
იეჰოვას მოწმეები ახ. წ. I საუკუნის ქრისტიანების დაწყებულ საქმეს განაგრძობენ.
1. რა შეიძლება ითქვას როგორც ადრინდელ, ისე დღევანდელ ქრისტიანებზე — იეჰოვას მოწმეებზე?
ᲘᲡᲘᲜᲘ გულმოდგინედ ქადაგებდნენ და მთელი გულით იღებდნენ წმინდა სულის ხელმძღვანელობასა და დახმარებას. ვერც დევნამ შეაჩერა ისინი, და არც ღვთის კურთხევა დაჰკლებიათ. ამის თქმა შეიძლება როგორც ადრინდელ, ისე დღევანდელ ქრისტიანებზე — იეჰოვას მოწმეებზე.
2, 3. რით არის განსაკუთრებული „საქმეების“ წიგნი?
2 თქვენ, ალბათ, გაგამხნევათ „მოციქულთა საქმეებში“ ჩაწერილმა რწმენის განმამტკიცებელმა ათასგვარმა შემთხვევამ. ის მართლაც უნიკალური წიგნია იმით, რომ ერთადერთია, რომელშიც ღვთის შთაგონებით ჩაიწერა ადრინდელი ქრისტიანების ისტორია.
3 „მოციქულთა საქმეებში“ ნახსენებია 95 ადამიანის, 32 ქვეყნის, 54 ქალაქისა და 9 კუნძულის სახელი. ეს წიგნი მოგვითხრობს უბრალო ხალხზე, ცრუ რელიგიის ქედმაღალ მიმდევრებზე, ამპარტავან პოლიტიკოსებსა და ქრისტიანების გაშმაგებულ მდევნელებზე. მაგრამ, რაც მთავარია, ის გვიამბობს პირველ საუკუნეში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებზე, რომლებიც ცხოვრებისეულ სირთულეებსაც ეჭიდებოდნენ და გულმოდგინედაც ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას.
4. რა საერთოა ჩვენსა და მოციქულ პავლეს, ტაბითასა და პირველი საუკუნის სხვა ერთგულ მსახურებს შორის?
4 თითქმის 2 000 წელი გავიდა გულმოდგინე მოციქულების, პეტრესა და პავლეს, ყველასთვის საყვარელი ექიმი ლუკას, ხელგაშლილი ბარნაბას, გაბედული სტეფანეს, გულკეთილი ტაბითას, სტუმართმოყვარე ლიდიასა და სხვა მრავალი ერთგული მოწმის მსახურებიდან. მაგრამ ჩვენ შორის საერთო ის არის, რომ ერთსა და იმავე დავალებას ვასრულებთ, როგორც ისინი, ისე ჩვენც მოწაფეებს ვამზადებთ (მათ. 28:19, 20). ამ საქმეში მონაწილეობის მიღება დიდი პატივია ჩვენთვის!
5. სად ქადაგებდნენ იესოს ადრინდელი მიმდევრები?
5 დავფიქრდეთ, რა დავალება მისცა იესომ თავის მიმდევრებს: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეაში, სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). წმინდა სულის ძალით მოწაფეებმა ჯერ იერუსალიმში იქადაგეს (საქ. 1:1—8:3), მერე იმავე სულის ხელმძღვანელობით — „მთელ იუდეაში [და] სამარიაში“ (საქ. 8:4—13:3), ბოლოს კი „დედამიწის კიდით კიდემდე“ დაიწყეს სასიხარულო ცნობის გაცხადება (საქ. 13:4—28:31).
6, 7. რა უპირატესობა გვაქვს პირველი საუკუნის ქრისტიანებთან შედარებით?
6 პირველ საუკუნეში ქრისტიანებს არ ჰქონიათ მთლიანი ბიბლია და, შესაბამისად, ვერც მსახურებისას იყენებდნენ. „მათეს სახარება“ ახ. წ. სულ მცირე 41 წლამდე არ დაწერილა. ახ. წ. დაახლოებით 61 წელს, „საქმეების“ წიგნის დასრულებამდე, პავლეს რამდენიმე წერილი ჰქონდა დაწერილი. ადრინდელ ქრისტიანებს არც სრული ბიბლიის პირადი ეგზემპლარი ჰქონიათ და არც ათასგვარი პუბლიკაცია დაინტერესებულთათვის. იუდეველები გაქრისტიანებამდე ებრაულ წერილებს სინაგოგაში ისმენდნენ (2 კორ. 3:14—16). შესაბამისად, მათ ბევრი უნდა ეფიქრათ იმაზე, რაც მოსმენილი ჰქონდათ, რადგან ქადაგებისას საჭირო ციტატების ზეპირად მოყვანა უწევდათ.
7 დღეს უმრავლესობას ბიბლიის პირადი ეგზემპლარიც გვაქვს და მდიდარი ბიბლიური ბიბლიოთეკაც. 240 ტერიტორიაზე უამრავ ენაზე ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას, რისი წყალობითაც ბევრი იესოს მოწაფე ხდება.
წმინდა სულით გაძლიერებულნი
8, 9. ა) რისი გაკეთება შეაძლებინა წმინდა სულმა იესოს მოწაფეებს? ბ) რას აკეთებინებს წმინდა სული „ერთგულ და გონიერ მონას“?
8 იესომ ქადაგება რომ დაავალა მოწაფეებს, ასეთი რამ უთხრა: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ“. საბოლოოდ, ღვთის სულის, ანუ მოქმედი ძალის, ხელმძღვანელობით იესოს მიმდევრები მთელ დედამიწაზე იქადაგებდნენ. წმინდა სულით პეტრემ და პავლემ ავადმყოფები განკურნეს, ადამიანები დემონების ტყვეობიდან გაათავისუფლეს და მკვდრებიც კი აღადგინეს, მაგრამ მოწაფეებს წმინდა სული კიდევ უფრო მნიშვნელოვან რამეს გააკეთებინებდა. მისით მოციქულები და სხვა მოწაფეები ხალხს მარადიული სიცოცხლისთვის საჭირო საფუძვლიან ცოდნას აზიარებდნენ (იოან. 17:3).
9 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესოს მოწაფეები „სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ; თითოეული იმ ენაზე ალაპარაკდა, რომელზეც წმინდა სულმა აალაპარაკა“, და ამგვარად იქადაგეს „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ (საქ. 2:1—4, 11). მართალია, დღეს სასწაულებრივად სხვადასხვა ენაზე არაფერი გვალაპარაკებს, მაგრამ ღვთის სულის დახმარებით „ერთგული და გონიერი მონა“ უამრავ ენაზე გამოსცემს ბიბლიურ ლიტერატურას. მაგალითად, ყოველთვიურად „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის მილიონობით ეგზემპლარი იბეჭდება. გარდა ამისა, გვაქვს ვებგვერდი jw.org, სადაც დაახლოებით 1 000 ენაზეა განთავსებული პუბლიკაციები და ვიდეოები. ჩვენ სწორედ ასე ვუცხადებთ ხალხს ყველა ერიდან, ტომიდან და ენიდან „ღვთის დიდებული საქმეების შესახებ“ (გამოცხ. 7:9).
10. რა გაკეთდა 1989 წლიდან მოყოლებული?
10 „ერთგულ და გონიერ მონას“ 1989 წლიდან მოყოლებული ბევრი რამ გაუკეთებია იმისთვის, რომ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მრავალ ენაზე ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ის უკვე 200-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და ათობით მილიონი ეგზემპლარი დაიბეჭდა. ეს საქმე ჯერ კიდევ გრძელდება. იმისთვის კი რაც გაკეთდა, ღმერთსა და მის სულს უნდა ვუმადლოდეთ.
11. რა კეთდება ბიბლიური ლიტერატურის სათარგმნად?
11 მთარგმნელობითი საქმიანობა 150-ზე მეტ ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე ათასობით ქრისტიანი მოხალისის დახმარებით მიმდინარეობს; და ეს მხოლოდ იმის წყალობით, რომ წმინდა სული სწორედ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, რათა მთელ დედამიწაზე საგულდაგულოდ იქნას ნაქადაგები იეჰოვაზე, მის ცხებულ მეფესა და ზეცაში უკვე დამყარებულ სამეფოზე! (საქ. 28:23).
12. რამ შეაძლებინა ქადაგება პავლესა და სხვა ქრისტიანებს?
12 პისიდიის ანტიოქიაში იუდეველებსა და უცხოტომელებთან პავლეს ქადაგების შემდეგ „ყველამ, ვისი გულიც მარადიული სიცოცხლის მისაღებად იყო განწყობილი, ირწმუნა“ (საქ. 13:48). ლუკა „საქმეების“ წიგნის დასასრულს წერს, რომ პავლე „ღვთის სამეფოზე . . . გაბედულად და დაუბრკოლებლად“ ქადაგებდა (საქ. 28:31). სად ქადაგებდა ის? რომში, მსოფლიო იმპერიის დედაქალაქში! რა მეთოდიც უნდა გამოეყენებინათ, იესოს ადრინდელმა მიმდევრებმა სამქადაგებლო საქმე წმინდა სულის ხელმძღვანელობით შეასრულეს.
დევნის მიუხედავად შეუპოვარნი
13. რატომ უნდა ვილოცოთ დევნის დროს?
13 დევნის დროს იესოს ადრინდელმა მოწაფეებმა იეჰოვას გაბედულება სთხოვეს. ისინიც წმინდა სულით აივსნენ და ღვთის სიტყვის გაბედულად ქადაგების ძალა მიიღეს (საქ. 4:18—31). ჩვენც ვთხოვთ ღმერთს სიბრძნესა და ძალას, რომ დევნის მიუხედავად განვაგრძოთ ქადაგება (იაკ. 1:2—8). ღვთის მხარდაჭერითა და მისი სულის დახმარებით არ ვწყვეტთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გაცხადებას. სამქადაგებლო საქმეს ვერაფერი შეაჩერებს — ვერც ძლიერი წინააღმდეგობა და ვერც სასტიკი დევნა! სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად დევნის დროს ღმერთს წმინდა სული, სიბრძნე და გაბედულება უნდა ვთხოვოთ (ლუკ. 11:13).
14, 15. ა) რა მოჰყვა „სტეფანეს მკვლელობის შემდეგ დაწყებულ დევნას“? ბ) როგორ გაიგო ბევრმა ჭეშმარიტება ციმბირში?
14 სასიკვდილოდ განწირულმა სტეფანემ გაბედულად იქადაგა (საქ. 6:5; 7:54—60). ამ პერიოდში დაწყებული „სასტიკი დევნის“ დროს მოციქულების გარდა ყველა მოწაფე იუდეასა და სამარიაში გაიფანტა, მაგრამ ქადაგება არ შეუწყვეტიათ. მაგალითად, სამარიაში ჩასული ფილიპე „ქრისტეს შესახებ“ ქადაგებდა; ბევრმა ირწმუნა მისი სიტყვა (საქ. 8:1—8, 14, 15, 25). გარდა ამისა, „ისინი, ვინც სტეფანეს მკვლელობის შემდეგ დაწყებული დევნის გამო მიმოიფანტნენ, ფინიკიაში, კვიპროსსა და ანტიოქიაში ჩავიდნენ, მაგრამ მხოლოდ იუდეველებს ამცნობდნენ ღვთის სიტყვას. თუმცა ზოგიერთი მათგანი კვიპროსიდან და კირენედან ანტიოქიაში ჩავიდა და ბერძნულენოვან მოსახლეობასთან უფალ იესოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება დაიწყო“ (საქ. 11:19, 20). იმ დროს დევნამ მხოლოდ ხელი შეუწყო სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას.
15 მსგავსი რამ მოხდა საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით 1950-იან წლებში, როცა ათასობით იეჰოვას მოწმე ციმბირში გადაასახლეს. ისინი გაიფანტნენ, ამიტომ სასიხარულო ცნობა სულ უფრო და უფრო მეტად ვრცელდებოდა ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე. ბევრ მოწმეს არ ექნებოდა საიმისო სახსრები, რომ 10 000 კილომეტრის იქით წასულიყო სასიხარულო ცნობის საქადაგებლად; იმ პერიოდში თვითონ მთავრობამ „იზრუნა“ მათ გამგზავრებაზე! ერთმა ძმამ თქვა: „როგორც გამოჩნდა, ხელისუფლებამ თავად შეუწყო ხელი იმას, რომ ციმბირში ათასობით გულწრფელი ადამიანი ჭეშმარიტების გზაზე დამდგარიყო“.
იეჰოვასგან კურთხეულნი
16, 17. როგორც „საქმეების“ წიგნიდან ჩანს, როგორ აკურთხა იეჰოვამ სამქადაგებლო საქმე?
16 აშკარაა, რომ იეჰოვა მხარდაჭერას არ აკლებდა ადრინდელ ქრისტიანებს. პავლემ და სხვებმა დარგეს და მორწყეს, „მაგრამ ღმერთმა გაზარდა“ (1 კორ. 3:5, 6). „საქმეების“ წიგნი არაერთხელ უსვამს ხაზს ქრისტიანული კრების რიცხობრივ ზრდას, რაც იმის შედეგი იყო, რომ იეჰოვა აკურთხებდა სამქადაგებლო საქმეს. მაგალითად, ლუკა წერს, რომ „ვრცელდებოდა ღვთის სიტყვა და იერუსალიმში მოწაფეების რიცხვი საოცრად იზრდებოდა“ (საქ. 6:7). მოწაფეების სამქადაგებლო ტერიტორია სულ უფრო და უფრო ფართოვდებოდა, „მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში კრებას მშვიდობიანი დრო დაუდგა; ძლიერდებოდა და იეჰოვას [მოკრძალებული] შიშითა და წმინდა სულით ნუგეშცემული რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქ. 9:31).
17 სირიის ანტიოქიაში გაბედულმა მოწმეებმა ჭეშმარიტება იუდეველებსა და ბერძნულენოვან მოსახლეობას უქადაგეს. „იეჰოვა იყო მათთან; ამიტომ დიდძალმა ხალხმა ირწმუნა და უფლისკენ მოიქცა“ (საქ. 11:21). ამ ქალაქში არც ამის შემდეგ შეწყვეტილა ზრდა: „იეჰოვას სიტყვა ვრცელდებოდა და მორწმუნეთა რიცხვი იზრდებოდა“ (საქ. 12:24). პავლესა და სხვა მოწაფეების უცხოტომელებთან გულმოდგინე ქადაგების შედეგად იეჰოვას სიტყვა „იკიდებდა ფეხს და ვრცელდებოდა“ (საქ. 19:20).
18, 19. ა) საიდან ჩანს, რომ იეჰოვა ჩვენთანაა? ბ) მოიყვანეთ მაგალითი, როგორ ეხმარება იეჰოვა თავის ხალხს.
18 აშკარაა, რომ იეჰოვა ჩვენთანაცაა. სწორედ ამიტომ ხდება ბევრი მორწმუნე, თავს უძღვნის ღმერთს და ინათლება. მხოლოდ იეჰოვას მხარდაჭერა გვათმენინებს წინააღმდეგობას, ზოგჯერ სასტიკ დევნასაც კი, და, პავლესა და სხვა ადრინდელი ქრისტიანების მსგავსად, პირნათლად გვასრულებინებს ჩვენს მსახურებას (საქ. 14:19—21). იეჰოვა არასდროს გვიცრუებს იმედს! „მისი მარადიული მკლავები“ ნებისმიერი განსაცდელის დროს გვაძლიერებს (კან. ). ყოველთვის გვახსოვდეს, რომ თავისი დიდებული სახელისთვის იეჰოვა არასდროს მიატოვებს თავის ხალხს ( 33:271 სამ. 12:22; ფსალმ. 94:14).
19 მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა ძმა ჰაროლდ აბტი ქადაგებისთვის ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. 1942 წლის მაისში გესტაპომ მისი მეუღლე, ელზა, დააპატიმრა და მათი პატარა გოგონა წაიყვანა. ელზას არაერთ ბანაკში მოუწია ყოფნა. ის წერდა: „გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში გატარებულმა წლებმა მნიშვნელოვანი რამ მასწავლა — იეჰოვას სული აღმატებულ ძალას გაძლევს უკიდურესი განსაცდელის დროს. სანამ დამაპატიმრებდნენ, ერთი დის წერილი წავიკითხე. მისი სიტყვების თანახმად, დიდი განსაცდელის წინაშე დგომისას იეჰოვას სულის დახმარებით ადამიანი საოცარ სიმშვიდეს გრძნობს. ვფიქრობდი, რომ ის აზვიადებდა. მაგრამ, როცა თავად დავდექი განსაცდელების წინაშე, დავრწმუნდი მისი სიტყვების ჭეშმარიტებაში. ეს ნამდვილად ასეა. რთულია ამის წარმოდგენა, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი. მე გამოვცადე“.
განაგრძეთ საგულდაგულოდ ქადაგება!
20. რას აკეთებდა პავლე შინაპატიმრობისას და როგორ გაამხნევებს ეს ფაქტი ზოგ და-ძმას?
20 „საქმეების“ წიგნის ბოლოს ვკითხულობთ, რომ პავლე გულმოდგინედ ქადაგებდა ღვთის სამეფოზე (საქ. 28:31). შინაპატიმრობის გამო, ის რომში კარდაკარ ვერ დადიოდა, თუმცა ყველას უქადაგებდა, ვინც მასთან მიდიოდა. დღეს ზოგი ჩვენი საყვარელი და-ძმა ხანდაზმულობის, ავადმყოფობისა თუ უძლურების გამო სახლიდან ვერ გადის, ან ლოგინს არის მიჯაჭვული ან მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს. მაგრამ მათ არც ღვთის სიყვარული განელებიათ და არც ქადაგების სურვილი დაუკარგავთ. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის და ზეციერ მამას ვთხოვთ, რომ ამ და-ძმებთან მიიყვანოს ისინი, ვისაც ღვთის გაცნობა და მისი შესანიშნავი განზრახვების გაგება სურთ.
21. რატომ უნდა ვიქადაგოთ გადაუდებლად?
21 უმეტესობა მოწაფეების მოსამზადებლად კარდაკარ ვქადაგებთ და მსახურების სხვადასხვა სფეროში ვმონაწილეობთ. მოდი, თითოეულმა სრულფასოვნად შევასრულოთ სამეფოს მაუწყებელთათვის მინდობილი საქმე და „დედამიწის კიდით კიდემდე“ ვიქადაგოთ. ქრისტეს მოსვლის ნიშანი აშკარად ჩანს, ამიტომ არ უნდა გადავდოთ ეს საქმე (მათ. 24:3—14). დრო არ ითმენს. დღეს ბევრი უნდა ვიშრომოთ უფლისთვის (1 კორ. 15:58).
22. რისი კეთება უნდა განვაგრძოთ იეჰოვას დღის მოლოდინში?
22 „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის“ მოლოდინში გაბედულად და ერთგულად განვაგრძოთ ქადაგება (იოელ. 2:31). კიდევ ბევრი მოიძებნება ბერეელებისნაირი, რომლებმაც „მთელი გულით მიიღეს სიტყვა“ (საქ. 17:10, 11). ამიტომ მანამ უნდა ვიქადაგოთ, სანამ ჩვენი ბატონი არ გვეტყვის: „ყოჩაღ, კარგი და ერთგული მონა ხარ!“ (მათ. 25:23). თუ გულმოდგინედ ვამზადებთ მოწაფეებს და იეჰოვას ერთგულები ვართ, მარადიულად გაგვახარებს ის, რომ ღვთის სამეფოზე საგულდაგულოდ ქადაგების შესაძლებლობა მოგვეცა!