არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 23

„მომისმინეთ! მინდა, თავი დავიცვა“

„მომისმინეთ! მინდა, თავი დავიცვა“

გაშმაგებული ბრბოსა და სინედრიონის წინაშე პავლე ჭეშმარიტებას ექომაგება.

საქმეები 21:18—23:10

1, 2. რატომ წავიდა მოციქული პავლე იერუსალიმში და რა სირთულეები ელოდა იქ?

 ᲞᲐᲕᲚᲔ იერუსალიმის ვიწრო და ხალხმრავალ ქუჩებში დადის. იეჰოვას ხალხის ისტორიაში არც ერთ ქალაქს არ ჰქონია ისეთი დიდი მნიშვნელობა, როგორიც იერუსალიმს. იერუსალიმის მკვიდრთა უმრავლესობა ამაყია თავისი ქალაქის წარსულით. პავლემ კარგად იცის, რომ ბევრი იქაური ქრისტიანი ისევ წარსულით ცხოვრობს და ვერ ეგუება იმ ცვლილებებს, რასაც იეჰოვა თავისი ხალხისგან მოითხოვს. ჯერ კიდევ ეფესოში ყოფნისას პავლემ გადაწყვიტა, ამ დიდებულ ქალაქში კიდევ ერთხელ წასულიყო, რადგან ესმოდა, რომ მატერიალური გაჭირვების გარდა ქრისტიანებს იქ სულიერადაც უჭირდათ (საქ. 19:21). მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად, მას იერუსალიმში წასვლაზე უარი არ უთქვამს.

2 რა ელოდა პავლეს იერუსალიმში? ერთ-ერთ სირთულეს მასზე გავრცელებულ ხმებს აყოლილი თავად ქრისტეს მიმდევრები შეუქმნიდნენ. მაგრამ უფრო დიდი განსაცდელი ქრისტეს მტრებისგან ელოდა. ისინი ცრუ ბრალდებებს წაუყენებდნენ, სცემდნენ და მოკვლით დაემუქრებოდნენ. ამ მშფოთვარე ვითარებაში პავლეს ჭეშმარიტების დაცვის შესაძლებლობა მიეცემოდა. განსაცდელების დროს პავლეს გამოვლენილი თავმდაბლობა, გაბედულება და რწმენა სამაგალითოა ქრისტიანებისთვის. ვნახოთ, როგორ შეგვიძლია, მივბაძოთ მას.

„მათ ღმერთი განადიდეს“ (საქმეები 21:18—20ა)

3—5. ა) ვის შეხვდა პავლე იერუსალიმში და რა უამბო მათ? ბ) რას ვსწავლობთ იერუსალიმელ უხუცესებთან პავლეს შეხვედრიდან?

3 იერუსალიმში ჩასვლიდან მეორე დღეს პავლე და მასთან მყოფი ძმები კრების უხუცესებთან მივიდნენ, თუმცა ბიბლიაში არსად წერია, რომ რომელიმე მოციქულს შეხვდნენ. შესაძლოა მოციქულები ამ დროს სხვადასხვა მხარეში მსახურობდნენ. ასე იყო თუ ისე, ის დანამდვილებით ვიცით, რომ იესოს ძმა იაკობი იქ იყო (გალ. 2:9). როგორც ჩანს, სწორედ ის უძღვებოდა შეხვედრას, რომელსაც პავლეც ესწრებოდა და „ყველა უხუცესიც“ (საქ. 21:18).

4 პავლე მიესალმა უხუცესებს და „დაწვრილებით უამბო ყველაფერი, რაც ღმერთმა მისი მსახურებით უცხოტომელთათვის მოიმოქმედა“ (საქ. 21:19). ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენად გამამხნევებელი უნდა ყოფილიყო მისი მონათხრობი! ვერც დღეს ვმალავთ აღფრთოვანებას, როცა ვიგებთ, სხვა ქვეყნებში როგორ მიიწევს წინ ჩვენი საქმიანობა (იგავ. 25:25).

5 შეხვედრის დროს პავლეს შესაძლოა ეხსენებინა, რომ ევროპელი ძმების გაღებული შესაწირავები ჰქონდა ჩამოტანილი. შორეულ ქვეყნებში მცხოვრები თანამორწმუნეების მზრუნველობა გულებს გაუთბობდა იერუსალიმელ ძმებს. როგორც ლუკა ამბობს, პავლეს მოსმენის შემდეგ უხუცესებმა „ღმერთი განადიდეს“ (საქ. 21:20ა). ვისაც სხვადასხვა განსაცდელის ან მძიმე ავადმყოფობის ატანა უწევთ, ისინი დღესაც დიდად აფასებენ თანამორწმუნეების დროულ დახმარებასა და გამხნევებას.

„კანონის მოშურნეები“ (საქმეები 21:20ბ, 21)

6. რა უთხრეს პავლეს?

6 უხუცესებმა უთხრეს პავლეს, რომ იუდეველი ძმები გავრცელებული ხმების გამო მისით უკმაყოფილონი იყვნენ: „როგორც იცი, ძმაო, იუდეველებს შორის ათასობით მორწმუნეა, თანაც ყველანი კანონის მოშურნეები არიან. თუმცა ხმები მისდით შენზე, რომ უცხოტომელთა შორის მცხოვრებ იუდეველებს ასწავლი, მოსეს განუდგნენ, და მოუწოდებ, რომ თავიანთი შვილები აღარც წინადაცვითონ და აღარც წეს-ჩვეულებებს მიჰყვნენ“ (საქ. 21:20ბ, 21). a

7, 8. ა) რა მცდარი შეხედულება ჰქონდა ბევრ იუდეველ ქრისტიანს? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ისინი განდგომილები არ ყოფილან?

7 რატომ იცავდა ბევრი ქრისტიანი ასე გულმოდგინედ ოცზე მეტი წლის წინ გაუქმებულ მოსეს კანონს? (კოლ. 2:14). ახ. წ. 49 წელს იერუსალიმში შეკრებილმა მოციქულებმა და უხუცესებმა კრებებს წერილი გაუგზავნეს, რომლის თანახმადაც უცხოტომელებს არ მოეთხოვებოდათ წინადაცვეთა და მოსეს კანონის დაცვა (საქ. 15:23—29). მაგრამ წერილში არაფერი იყო ნათქვამი იუდეველ მორწმუნეებზე, ბევრ მათგანს არც კი ესმოდა, რომ მოსეს კანონი უკვე გაუქმებული იყო.

8 ნიშნავდა ეს იმას, რომ მცდარი აზროვნების გამო იუდეველ მორწმუნეებს არ ჰქონდათ უფლება, ქრისტიანები ყოფილიყვნენ? არა, ისინი არ ყოფილან წარმართული ღვთაებების თაყვანისმცემლები, რომლებიც გაქრისტიანდნენ, მაგრამ კვლავ წარმართულ ადათ-წესებს იცავდნენ. კანონი, რომელიც ამ იუდეველი მორწმუნეებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო, იეჰოვასგან ჰქონდათ; მასში არც დემონური იყო რამე და არც არასწორი; კანონი ძველი შეთანხმებისთვის შეიქმნა, ქრისტიანებზე კი ახალი შეთანხმება ვრცელდებოდა. წმინდა თაყვანისმცემლობის გადასახედიდან ის ადათ-წესები, რომლებიც კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმების ნაწილი იყო, უკვე დრომოჭმულად ითვლებოდა. მისი გულმოდგინე დამცველი ებრაელი ქრისტიანები ბოლომდე ვერ სწვდებოდნენ ქრისტიანობის არსს და იმას, რომ ღვთის თვალში მხოლოდ ქრისტიანულ კრებაში მსახურებით გამართლდებოდნენ. მათ აზროვნება უნდა შეეცვალათ ჭეშმარიტების შესაბამისად, რომელიც უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა (იერ. 31:31—34; ლუკ. 22:20). b

„რაც შენზე სმენიათ, ტყუილია“ (საქმეები 21:22—26)

9. რას ამბობდა პავლე მოსეს კანონზე?

9 რის თქმა შეიძლება იმაზე, რომ თითქოს პავლე უცხოტომელ იუდეველებს ასწავლიდა, თავიანთი შვილებისთვის წინადაცვეთა არ გაეკეთებინათ და წეს-ჩვეულებები არ დაეცვათ? პავლე უცხოტომელთა მოციქული იყო, ამიტომ იმ გადაწყვეტილების თანახმად მოქმედებდა, რომლის მიხედვითაც უცხოტომელებს მოსეს კანონის დაცვა არ მოეთხოვებოდათ. მან ისინი ამხილა, ვინც უცხოტომელ მორწმუნეებს არწმუნებდა, რომ მოსეს კანონის მორჩილების ნიშნად წინადაცვეთა უნდა გაეკეთებინათ (გალ. 5:1—7). სადაც უნდა წასულიყო, უცხოტომელსა თუ იუდეველს, პავლე ყველას უქადაგებდა სასიხარულო ცნობას. ის მოსასმენად განწყობილებს უხსნიდა, რომ იესოს სიკვდილმა კანონი გააუქმა, და რომ კაცი რწმენით გამართლდებოდა და არა კანონით დადგენილი საქმეებით (რომ. 2:28, 29; 3:21—26).

10. როგორი გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდა პავლეს კანონის შესრულებასა და წინადაცვეთაზე?

10 პავლეს ესმოდა მათი, ვისაც უჭირდა უარის თქმა ზოგ იუდაურ წეს-ჩვეულებაზე, შაბათის დაცვასა და გარკვეული საჭმლისგან თავშეკავებაზე (რომ. 14:1—6). რაც შეეხება წინადაცვეთას, პავლეს არანაირი წესი არ დაუდგენია. მაგალითად, მან ტიმოთე წინადაცვითა, და ეს იმიტომ გააკეთა, რომ არ უნდოდა, იუდეველებს ტიმოთესთვის ეჭვის თვალით შეეხედათ, რადგან ის ბერძენი მამის შვილი იყო (საქ. 16:3). წინადაიცვეთდა თუ არა კაცი, ეს პირადი გადასაწყვეტი იყო. პავლემ გალატელებს მისწერა: „არც წინადაცვეთას აქვს მნიშვნელობა და არც წინადაუცვეთელობას, არამედ რწმენას, სიყვარულით მოქმედს“ (გალ. 5:6). მაგრამ თუ ვინმე კანონის შესასრულებლად ან ღვთის კეთილგანწყობილების მისაღებად წინადაიცვეთდა, იმიტომ, რომ ამას აუცილებელ მოთხოვნად მიიჩნევდა, ეს რწმენის ნაკლებობის მიმანიშნებელი იქნებოდა.

11. რა ურჩიეს უხუცესებმა პავლეს? (იხილეთ სქოლიო).

11 პავლეზე გავრცელებული ხმები სიმართლეს არ შეეფერებოდა, მაგრამ იუდეველი მორწმუნეები მაინც ეჭვის თვალით უყურებდნენ მას. ამიტომ, უხუცესებმა უთხრეს: „ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომლებსაც აღთქმა აქვთ დადებული. წაიყვანე ისინი და ერთად შეასრულეთ განწმენდის წესი. ხარჯები შენს თავზე აიღე და თავები გააკრეჭინე. მაშინ ყველა მიხვდება, რომ, რაც შენზე სმენიათ, ტყუილია, და რომ შენ სწორად იქცევი და კანონსაც იცავ“ (საქ. 21:23, 24). c

12. როგორ აჩვენა პავლემ, რომ ერგებოდა სიტუაციას და მზად იყო, გაეთვალისწინებინა იერუსალიმელი უხუცესების რჩევა?

12 პავლეს შეეძლო უხუცესებისთვის ეთქვა, რომ პრობლემა მასზე გავრცელებული ჭორი კი არ იყო, არამედ ის, რომ მორწმუნე იუდეველები მოსეს კანონს ერთგულობდნენ. ის მზად იყო სიტუაციას მორგებოდა, მაგრამ არა ღვთის პრინციპების დარღვევის ხარჯზე. მანამდე პავლეს ნათქვამი ჰქონდა: „კანონს დაქვემდებარებულთათვის კანონს დაქვემდებარებული გავხდი, თუმცა არა ვარ კანონს დაქვემდებარებული, რათა კანონს დაქვემდებარებულები შემეძინა“ (1 კორ. 9:20). ამ შემთხვევაში პავლემ გაითვალისწინა იერუსალიმელი უხუცესების რჩევა და „კანონს დაქვემდებარებული“ გახდა. ამით მან მაგალითი მოგვცა, რომ მივყვეთ უხუცესების მითითებებს და არ შევეცადოთ, ჯიუტად გავიტანოთ ჩვენი (ებრ. 13:17).

როცა ბიბლიური პრინციპი არ ირღვეოდა, პავლე სხვებს ეთანხმებოდა. თქვენ როგორ იქცევით?

„სიკვდილის ღირსია!“ (საქმეები 21:27—22:30)

13. ა) რატომ ატეხა ტაძარში აურზაური ზოგმა იუდეველმა? ბ) როგორ გადაურჩა პავლე ბრბოს?

13 ტაძარში სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ აურზაური ატყდა. აღთქმის შესრულების დრო რომ ახლოვდებოდა, აზიიდან ჩასულმა იუდეველებმა პავლე ტაძარში დაინახეს და ცილი დასწამეს, უცხოტომელები ჰყავსო შეყვანილი. რომაელთა რაზმის მეთაური დროულად რომ არ ჩარეულიყო, პავლეს ცემით მოკლავდნენ. მან ბრძანა, პავლე საპატიმროში წაეყვანათ (იმ დღიდან მის გათავისუფლებამდე ოთხ წელზე მეტი უნდა გასულიყო). მაგრამ პავლეს საფრთხე ჯერ კიდევ ემუქრებოდა. როცა რაზმის მეთაურმა იუდეველებს პავლეზე თავდასხმის მიზეზი ჰკითხა, ერთი ერთს გაჰყვიროდა, მეორე — მეორეს. მეთაურმა აურზაურში ვერაფერი გაიგო. ბოლოს ჯარისკაცებმა პავლე ხელში აიყვანეს და ისე გაარიდეს ტაძარს. ყაზარმას რომ უახლოვდებოდნენ, პავლემ მეთაურს სთხოვა: „ნება მომეცით, ხალხს დაველაპარაკო“ (საქ. 21:39). მეთაური დათანხმდა და პავლემაც გაბედულად დაიწყო თავისი რწმენის დაცვა.

14, 15. ა) რა უთხრა პავლემ იუდეველებს? ბ) როგორ ცდილობდა რომაელი რაზმის მეთაური იუდეველთა რისხვის მიზეზის დადგენას?

14 პავლემ დაიწყო: „მომისმინეთ! მინდა, თავი დავიცვა“ (საქ. 22:1). მან ებრაულად მიმართა ბრბოს და ისინიც გაჩუმდნენ; გულახდილად აუხსნა, რატომ გახდა ქრისტეს მიმდევარი. პავლე ჭკვიანურად მოიქცა, როცა ზოგი ისეთი რამ მოიხსენია, რის გადამოწმებასაც, თუ მოინდომებდნენ, შეძლებდნენ კიდეც. მაგალითად, ის, რომ სახელგანთქმული გამალიელისგან ჰქონდა განათლება მიღებული და ქრისტეს მიმდევრებს დევნიდა, რაც იქ მყოფთაგან ზოგიერთს კარგად მოეხსენებოდა. მას არც ის დაუმალავს, რომ ერთ დღესაც დამასკოსკენ მიმავალს ხილვაში მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ელაპარაკა. მაშინ პავლესთან მყოფმა კაცებმაც დაინახეს კაშკაშა სინათლე, ხმაც მოისმინეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს (საქ. 9:7; 22:9). სინათლისგან თვალისჩინწართმეულ პავლეს მათ ხელი ჩაჰკიდეს და დამასკოში წაიყვანეს, სადაც იმ მხარეში მცხოვრები იუდეველებისთვის კარგად ცნობილმა ანანიამ სასწაულებრივად დაუბრუნა მხედველობა.

15 პავლე მოუყვა მსმენელებს, რომ იერუსალიმში დაბრუნებულს ტაძარში იესო გამოეცხადა. ამის მოსმენამ აღაშფოთა იუდეველები, მათ ყვირილი დაიწყეს: „მოაშორეთ ეს კაცი აქედან, სიკვდილის ღირსია!“ (საქ. 22:22). რაზმის მეთაურმა უსაფრთხოებისთვის პავლე ყაზარმაში წაიყვანა. მას იუდეველების რისხვის მიზეზის გაგება სურდა და ჯარისკაცებს უბრძანა, შოლტით დაეკითხათ; მაგრამ პავლემ განაცხადა, რომ რომის მოქალაქე იყო, რაც თავის დასაცავად კანონით მინიჭებული უფლების გამოყენების შესაძლებლობას აძლევდა. თავიანთი რწმენის დასაცავად იეჰოვას თაყვანისმცემლები დღესაც იყენებენ კანონიერ უფლებებს (იხილეთ ჩარჩოები  „რომის კანონი და მოქალაქეები“ და  „უფლებების დაცვა სასამართლოებში“). რაზმის მეთაურმა გაიგო თუ არა პავლეს მოქალაქეობის ამბავი, მიხვდა, რომ მის დასაკითხად სხვა მეთოდისთვის უნდა მიემართა. მეორე დღეს მან პავლე საგანგებოდ შეკრებილი სინედრიონის, ანუ იუდეველთა უზენაესი სასამართლოს, წინაშე წარადგინა.

„მე ფარისეველი ვარ“ (საქმეები 23:1—10)

16, 17. ა) რა მოხდა, როცა პავლემ სინედრიონს მიმართა? ბ) როგორ გამოავლინა პავლემ თავმდაბლობა მას შემდეგ, რაც ტუჩებში შემოარტყეს?

16 სინედრიონის წინაშე პავლემ ასე დაიწყო თავის დაცვა: „ძმებო, ღვთის წინაშე დღემდე სუფთა სინდისით დავდივარ“ (საქ. 23:1). მაგრამ, როგორც ლუკა წერს, მეტის თქმა აღარ აცალეს: „ეს რომ მღვდელმთავარმა ანანიამ გაიგონა, გვერდით მდგომთ უბრძანა, ტუჩებში შემოარტყითო“ (საქ. 23:2). როგორი შეურაცხმყოფელი იქნებოდა! ვიდრე პავლე თავის დასაცავად რამეს იტყოდა, უკვე მატყუარად შერაცხეს! მისი რეაქცია ბუნებრივი იყო: „ღმერთი შემოგარტყამს, შე შეთეთრებულო კედელო. ზიხარ და კანონით მასამართლებ და ამ დროს თავადვე არღვევ კანონს, ჩემს ცემას რომ ბრძანებ!“ (საქ. 23:3).

17 ზოგი იქ მყოფი იმან კი არ აღაშფოთა, რომ პავლეს შემოარტყეს, არამედ მისმა რეაქციამ. მათ უსაყვედურეს: „ღვთის მღვდელმთავარს ლანძღავ?“. პავლეს პასუხში თავმდაბლობა და კანონის პატივისცემა გამოჩნდა, რაც მათთვის მაგალითი უნდა ყოფილიყო: „ძმებო, არ ვიცოდი, რომ მღვდელმთავარი იყო. დაწერილია, შენი ხალხის მმართველზე აუგს ნუ იტყვიო“ (საქ. 23:4, 5; გამ. 22:28). d ასე რომ, ახლა პავლემ თავდასაცავად სხვა ხერხს მიმართა. როცა შენიშნა, რომ სინედრიონის წევრები ფარისევლები და სადუკეველები იყვნენ, განაცხადა: „ძმებო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლების შვილი. მკვდრეთით აღდგომის იმედის გამო მასამართლებენ“ (საქ. 23:6).

პავლეს მსგავსად ვცდილობთ, იმაზე გავამახვილოთ ყურადღება, რაზეც მსმენელს ვეთანხმებით.

18. რატომ თქვა პავლემ, ფარისეველი ვარო, და როგორ შეგვიძლია ჩვენც გამოვიყენოთ მსგავსი მიდგომა?

18 რატომ თქვა პავლემ, ფარისეველი ვარო? ის „ფარისევლების შვილი“ იყო, ფარისეველთა ოჯახში გაზრდილი. ასე რომ, ბევრი მას ისევ ფარისევლად მიიჩნევდა. e მაგრამ როგორ შეიძლებოდა მას ფარისეველთა რწმენისთვის შეედარებინა თავისი რწმენა? როგორც ამბობენ, ფარისევლებს სწამდათ, რომ სული არ კვდებოდა და მართალთა სულები ისევ ადამიანებად იბადებოდნენ. პავლე ამ შეხედულებას არ იზიარებდა, მას იესოს ნასწავლი მკვდრეთით აღდგომის სწამდა (იოან. 5:25—29). მაგრამ იმაში ეთანხმებოდა ფარისევლებს, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის იმედი რეალური იყო, რასაც სადუკეველები უარყოფდნენ. ჩვენც შეგვიძლია მსგავსად მივუდგეთ მართლმადიდებლებს, კათოლიკეებსა თუ პროტესტანტებს. არ იქნებოდა ურიგო გვეთქვა, რომ ჩვენც გვწამს ღვთის. მართალია, შესაძლოა, ჩვენგან განსხვავებით სამების სწამდეთ, მაგრამ, ასეა თუ ისე, იმაში ვეთანხმებით, რომ ღმერთი არსებობს.

19. რატომ ატყდა არეულობა სინედრიონში?

19 პავლეს სიტყვებმა სინედრიონი ორად გაყო: «ატეხეს ყვირილი; ზოგი ფარისეველი მწიგნობარი წამოდგა და გაიმართა ცხარე კამათი, ამბობდნენ: „ამ კაცს ვერანაირი დანაშაული ვერ ვუპოვეთ, და, თუ მას სული ან ანგელოზი ელაპარაკა . . .“» (საქ. 23:9). სადუკეველებისთვის მიუღებელი იყო იმაზე მინიშნებაც კი, რომ პავლეს ანგელოზი ელაპარაკა, რადგან მათ არ სწამდათ ანგელოზების (იხილეთ ამავე გვერდზე ჩარჩო  „სადუკეველები და ფარისევლები“). მდგომარეობა ისე გამწვავდა, რომ რაზმის მეთაურს ისევ მოუწია მოციქულის შველა (საქ. 23:10). პავლეს სიცოცხლეს კვლავ ემუქრებოდა საფრთხე. როგორ განვითარდებოდა მოვლენები? ამას შემდეგი თავიდან გავიგებთ.

a იუდეველი ქრისტიანების სიმრავლის გამო კრებაც ბევრი იქნებოდა, რომელთა შეხვედრებიც სახლებში ჩატარდებოდა.

b რამდენიმე წლის შემდეგ მოციქულმა პავლემ ებრაელებისთვის მიწერილ წერილში მათ ახალი შეთანხმების უპირატესობა დაანახვა. ნათლად აჩვენა, რომ ახალმა შეთანხმებამ ძველი გააუქმა. იმ დამაჯერებელი არგუმენტების გარდა, რომელთა გამოყენებითაც იუდეველი ქრისტიანები პასუხს გასცემდნენ მოსეს კანონის თავგამოდებულ დამცველებს, პავლეს მსჯელობამ, ალბათ, განამტკიცა მათი რწმენა, ვისთვისაც მოსეს კანონი ხელშეუხებელი სიწმინდე იყო (ებრ. 8:7—13).

c სწავლულთა სიტყვების თანახმად ამ ოთხ კაცს ნაზირობის აღთქმა ჰქონდა დადებული (რიცხ. 6:1—21). მართალია, მოსეს კანონი, რომლის მიხედვითაც ამ აღთქმას დებდნენ, უკვე გაუქმებული იყო, მაგრამ პავლეს მაინც შეიძლებოდა ეფიქრა, რომ იეჰოვას წინაშე ამ ოთხი კაცის დადებული პირობის შესრულებაში არასწორი არაფერი იქნებოდა. არც ხარჯების თავის თავზე აღება იქნებოდა არასწორი და არც ის, რომ მათ გვერდით ყოფილიყო. ზუსტად არ ვიცით, რა აღთქმა ჰქონდათ დადებული ამ ძმებს, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, პავლე არ იქნებოდა ცხოველური შესაწირავის მიტანის მომხრე (როგორც ნაზირებისგან მოითხოვებოდა), თითქოს ეს შესაწირავი კაცს ცოდვებისგან განწმენდდა. იესო ქრისტეს სრულყოფილმა შესაწირავმა გააუქმა ცოდვის გამოსასყიდად გაღებული ნებისმიერი სხვა მსხვერპლი. როგორც უნდა მოქცეულიყო პავლე, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არ გააკეთებდა ისეთ რამეს, რაც მის სინდისს შებღალავდა.

d ზოგი ამბობს, რომ პავლეს სუსტი მხედველობა ჰქონდა, რის გამოც მღვდელმთავარი ვერ იცნო. შესაძლოა დიდი ხნის წასული ყოფილიყო იერუსალიმიდან და არ სცოდნოდა, მაშინ ვინ მღვდელმთავრობდა. ანდა ხალხის სიმრავლის გამო ვერ დაენახა, ვინ გასცა ბრძანება.

e ახ. წ. 49 წელს, როცა მოციქულები და უხუცესები უცხოტომელთათვის მოსეს კანონის დაცვა-არდაცვის საკითხს განიხილავდნენ, იქ მყოფთაგან ზოგ ქრისტიანზე ლუკა წერდა, რომ ისინი „ფარისეველთა სექტის წევრები [იყვნენ], რომლებმაც ირწმუნეს“ (საქ. 15:5). როგორც ჩანს, ამ მორწმუნეებს წარსულის გამო, გარკვეულწილად, ისევ ფარისევლებად იცნობდნენ.