ᲗᲐᲕᲘ 1
„წადით . . . და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ“
„მოციქულთა საქმეების“ მიმოხილვა და მისი მნიშვნელობა ჩვენთვის.
1—6. რა და რა ვითარებაში ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები? მოიყვანეთ მაგალითები.
ᲒᲐᲜᲐᲨᲘ მცხოვრები ახალგაზრდა რებეკასთვის სკოლა სამქადაგებლო უბანი იყო. მას სკოლის ჩანთით ყოველთვის დაჰქონდა ბიბლიური ლიტერატურა. შესვენების დროს, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, მზად იყო ქადაგებისთვის. რებეკა რამდენიმე თანაკლასელთან ბიბლიის შესწავლასაც კი ატარებდა.
2 კუნძულ მადაგასკარზე, რომელიც აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს, ორი პიონერი პაპანაქება სიცხეში ერთ მიყრუებულ სოფელში მისასვლელად რეგულარულად 25 კილომეტრს გადიოდა. ისინი ხალხს ბიბლიის შესწავლაში ეხმარებოდნენ.
3 პარაგვაიში იეჰოვას მოწმეებმა 15 ქვეყნიდან ჩასულ მოხალისეებთან ერთად გემი ააგეს, რათა მდინარე პარაგვაისა და პარანას სანაპიროებზე მცხოვრები ხალხისთვის ექადაგათ. გემზე 12 კაცი თავისუფლად იცხოვრებდა. ამ მოტივტივე „სახლის“ დახმარებით გულმოდგინე მქადაგებლებმა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ისეთ ადგილებში მიიტანეს, სადაც სხვაგვარად ხმას ვერ მიაწვდენდნენ.
4 შორეულ ჩრდილოეთში, ალასკაში მცხოვრებ მოწმეებს ზაფხულში ტურისტებთან ქადაგების განსაკუთრებული შესაძლებლობა ჰქონდათ. ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუმრების ყურადღების მისაქცევად ნავსადგურში გამოფენდნენ ხოლმე მრავალ ენაზე გამოცემულ ბიბლიურ ლიტერატურას. გარდა ამისა, ალეუტებისთვის, ათაბასკებისთვის, ციმშიანებისა და ტლინგიტებისთვის სასიხარულო ცნობა რომ გაეზიარებინათ, მოწმეებს მიყრუებულ სოფლებში თვითმფრინავით უწევდათ გადაფრენა.
5 ტეხასში (აშშ) მცხოვრები ლარის სახლიცა და სამქადაგებლო უბანიც მოხუცებულთა სახლი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინვალიდის სავარძელს იყო მიჯაჭვული, ის უსაქმოდ არ ჩერდებოდა. ლარი სულ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობაზე ლაპარაკობდა და ხალხს ბიბლიურ იმედს უზიარებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ფეხზე დადგებოდა (ეს. 35:5, 6).
6 ჩრდილოეთ მიანმაში კონგრესზე დასასწრებად რამდენიმე იეჰოვას მოწმემ მანდალაიდან სამი დღე იმგზავრა გემით. ქადაგების სურვილით ანთებულებმა მგზავრებისთვის შესათავაზებლად თან ბიბლიური ლიტერატურა წაიღეს. ეს გულმოდგინე მქადაგებლები ყოველ გაჩერებაზე გემიდან ჩადიოდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიეცათ ბიბლიური ლიტერატურა. გემზე დაბრუნებულ მაუწყებლებს ახალი მგზავრები ხვდებოდათ. ამგვარად, მათი სამქადაგებლო უბანი ყოველ გაჩერებაზე ახლდებოდა.
7. რას აკეთებენ იეჰოვას თაყვანისმცემლები ღვთის სამეფოს შესახებ საქადაგებლად და რა მიზანი აქვთ?
7 ჩვენი და-ძმების მაგალითებიდან ჩანს, რომ მთელ მსოფლიოში იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემლები საგულდაგულოდ ქადაგებენ ღვთის სამეფოზე (საქ. 28:23). ისინი ქადაგებენ კარდაკარ, ქუჩაში, წერილებით და ტელეფონით. გარდა ამისა, ტრანსპორტით მგზავრობისას, პარკში სეირნობისას თუ სამსახურში შესვენების დროს ენთუზიაზმით უქადაგებენ ღვთის სამეფოს შესახებ ყველას, ვისაც მოსმენა სურს. შეიძლება ქადაგების მეთოდები განსხვავებული ჰქონდეთ, მაგრამ მიზანი ერთი აქვთ — სასიხარულო ცნობა ყველგან იქადაგონ (მათ. 10:11).
8, 9. ა) რატომ შეგვიძლია ვუწოდოთ სასწაული სამეფოს შესახებ ქადაგებას? ბ) რა კითხვა წამოიჭრება და როგორ მივიღებთ მასზე პასუხს?
8 თუ 235-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრებ სამეფოს მაუწყებელთაგან ერთ-ერთი ხართ, თქვენც თქვენი წვლილი შეგაქვთ სამქადაგებლო საქმეში. რაც უკვე გაკეთდა, მართლაც სასწაულია! ერთი შეხედვით გადაულახავი დაბრკოლებების, სირთულეების, აკრძალვებისა და სასტიკი დევნების მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები ყველა ერის ადამიანს საგულდაგულოდ უქადაგებენ ღვთის სამეფოს შესახებ.
9 რატომ ვერ შეაჩერა ქადაგება სატანისა და მისი დემონების წინააღმდეგობამ და, ზოგადად რომ ვთქვათ, ვერც ერთმა დაბრკოლებამ? ამ მეტად საინტერესო კითხვაზე პასუხის მისაღებად გავიხსენოთ ახ. წ. I საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების ისტორია, რომელთა დაწყებულ საქმეს დღეს იეჰოვას მოწმეები ვაგრძელებთ.
გრძელვადიანი და მასშტაბური დავალება
10. რა საქმეს მიეძღვნა იესო და რაში იყო დარწმუნებული?
10 ქრისტიანული კრების დამაარსებლისთვის, იესო ქრისტესთვის, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება უმთავრესი საქმე იყო. მან თქვა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკ. 4:43). იესომ იცოდა, რომ წამოწყებულ საქმეს თავად ვერ დაასრულებდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან იწინასწარმეტყველა, რომ სამეფოს შესახებ ცნობას ყველა ხალხში იქადაგებდნენ (მარ. 13:10). როგორ შესრულდებოდა ეს წინასწარმეტყველება? ვინ მიიღებდა ამ საქმეში მონაწილეობას?
11. რა მნიშვნელოვანი დავალება მისცა იესომ თავის მოწაფეებს და რა დახმარებას მიიღებდნენ მის შესასრულებლად?
11 მკვდრეთით აღმდგარი იესო მოწაფეებს ეჩვენა და მნიშვნელოვანი დავალება მისცა: „წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი; მონათლეთ მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ჩემგან ისწავლეთ, და მეც ყოველდღე თქვენთან ვიქნები ქვეყნიერების აღსასრულამდე!“ (მათ. 28:19, 20). სიტყვები „თქვენთან ვიქნები“ იმას გულისხმობს, რომ იესოს მიმდევრებს ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში მისი მხარდაჭერა ექნებოდათ. ამის გარეშე გაუჭირდებოდათ, რადგან, როგორც თავად თქვა, მის მიმდევრებს ყველა ხალხი შეიძულებდა (მათ. 24:9). დახმარებას ისინი სხვა სახითაც მიიღებდნენ. ზეცად ამაღლებამდე იესო მოწაფეებს დაჰპირდა, რომ წმინდა სულით გაძლიერებულები მისი მოწმეები იქნებოდნენ „დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8).
12. რა კითხვები წამოიჭრება და რატომ არის პასუხების მიღება მნიშვნელოვანი?
12 სერიოზულად მოეკიდნენ მოციქულები და პირველი საუკუნის ქრისტიანები იესოს დავალებას? სასტიკი დევნის მიუხედავად, საგულდაგულოდ იქადაგეს ღვთის სამეფოს შესახებ ქრისტეს მცირერიცხოვანმა მიმდევრებმა? მართლა ეხმარებოდნენ მათ იეჰოვა, იესო და ანგელოზები? მიიღეს წმინდა სული მოწაფეების მოსამზადებლად? ამ და მსგავს კითხვებზე „მოციქულთა საქმეების“ წიგნი გაგვცემს პასუხს. რატომ არის მნიშვნელოვანი ამ კითხვებზე პასუხების მიღება? იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ქადაგება „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ გაგრძელდებოდა. ასე რომ, ეს დავალება ყველა ჭეშმარიტმა ქრისტიანმა უნდა შეასრულოს, მათ შორის ბოლო დღეებში მცხოვრებმა ქრისტიანებმაც. სწორედ ამიტომ არის საინტერესო წიგნი „მოციქულთა საქმეები“.
„მოციქულთა საქმეების“ მიმოხილვა
13, 14. ა) ვინ დაწერა „მოციქულთა საქმეები“ და როგორ მოუყარა თავი მან ამ ინფორმაციას? ბ) რას მოგვითხრობს „მოციქულთა საქმეების“ წიგნი?
13 მართალია, წიგნში პირდაპირ არ წერია, ვინ არის მისი ავტორი, მაგრამ შესავალი სიტყვებიდან ჩანს, რომ ის ერთ-ერთი სახარების ავტორმა, ლუკამ დაწერა (ლუკ. 1:1—4; საქ. 1:1, 2). ძველი დროიდან „საქმეების“ დამწერად „საყვარელ ძმას“ და მოვლენების ზუსტად აღმწერ ექიმ ლუკას მიიჩნევენ (კოლ. 4:14). წიგნი დაახლოებით 28-წლიან პერიოდს მოიცავს — ახ. წ. 33 წელს იესოს ზეცად ამაღლებიდან ახ. წ. 61 წელს მოციქულ პავლეს რომში პირველი პატიმრობის ბოლომდე. ლუკა წიგნის პირველ ნახევარს მესამე პირში წერს, მერე კი პირველ პირში აგრძელებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წიგნში აღწერილ მრავალ მოვლენას თავადაც ესწრებოდა (საქ. 16:8—10; 20:5; 27:1). ის გულდასმით იკვლევდა ყველაფერს და ინფორმაციას, ალბათ, პირველწყაროდან — პავლესგან, ბარნაბასგან, ფილიპესა და წიგნში მოხსენებული სხვა პირებისგან იღებდა.
14 რაზე მოგვითხრობს „მოციქულთა საქმეები“? თავის სახარებაში ლუკა იესოს ცხოვრებას მოგვითხრობს, „საქმეებში“ კი — იესოს მიმდევართა ცხოვრებას. ამგვარად, „საქმეები“ გვიამბობს ადამიანებზე, რომლებმაც არაჩვეულებრივი საქმე შეასრულეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უმეტესობას „უსწავლელ და უბრალო“ ადამიანებად მიიჩნევდნენ (საქ. 4:13). მოკლედ რომ ვთქვათ, ღვთის შთაგონებით დაწერილი ამ წიგნიდან ვიგებთ, როგორ ჩამოყალიბდა და როგორ გაიზარდა ქრისტიანული კრება, როგორ ქადაგებდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები და რა დამოკიდებულება ჰქონდათ თავიანთი დავალებისადმი (საქ. 4:31; 5:42). წიგნი კარგად გვანახვებს წმინდა სულის როლს სასიხარულო ცნობის გავრცელებაში (საქ. 8:29, 39, 40; 13:1—3; 16:6; 18:24, 25). ის ხაზს უსვამს ბიბლიის ერთ-ერთ ძირითად თემასაც, თუ როგორ განწმენდს ღვთის სახელს ზეციერი სამეფო, რომელსაც ქრისტე ხელმძღვანელობს. „მოციქულთა საქმეები“ იმასაც გვიჩვენებს, რომ ძლიერმა წინააღმდეგობამაც ვერ შეაჩერა სასიხარულო ცნობის გავრცელება (საქ. 8:12; 19:8; 28:30, 31).
15. რაში დაგვეხმარება „საქმეების“ განხილვა?
15 წიგნ „საქმეების“ განხილვა გაგვამხნევებს და რწმენას განგვიმტკიცებს. გულგრილს არ დაგვტოვებს ქრისტეს ადრინდელ მიმდევართა გაბედულებისა და გულმოდგინების მაგალითები; აღვიძვრებით, მივბაძოთ პირველ საუკუნეში მცხოვრები ჩვენი და-ძმების რწმენას და უკეთ მოვემზადებით იესოსგან მიღებული დავალების შესასრულებლად. ეს წიგნი „მოციქულთა საქმეების“ გამოკვლევაში დაგეხმარებათ.
ამ სახელმძღვანელოს მიზანი
16. რა არის ამ სახელმძღვანელოს მიზანი?
16 რა არის ამ სახელმძღვანელოს მიზანი? 1) განგვიმტკიცოს რწმენა იმისა, რომ იეჰოვა წმინდა სულით გვეხმარება ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში; 2) პირველი საუკუნის ქრისტიანების მაგალითებით მსახურებაში ენთუზიაზმი შეგვმატოს; 3) გაგვიღრმაოს მადლიერება და პატივისცემა იეჰოვას ორგანიზაციისა და კრებებისა და სამქადაგებლო საქმიანობის ხელმძღვანელების მიმართ.
17, 18. როგორ არის შედგენილი ეს წიგნი და რა გაგვიადვილებს პირად შესწავლას?
17 როგორ არის შედგენილი ეს წიგნი? როგორც ხედავთ, წიგნი რვა ნაწილისგან შედგება. თითოეულ მათგანში „საქმეებიდან“ გარკვეული მონაკვეთი განიხილება. ამ წიგნის მიზანი არ არის „საქმეების“ მუხლ-მუხლ განხილვა. მისი მიზანია, დაგვანახვოს, რისი სწავლა შეგვიძლია მასში აღწერილი მოვლენებიდან და როგორ გამოვიყენოთ ნასწავლი. თითოეულ თავს წამძღვარებული აქვს მოკლე ეპიგრაფი ძირითადი სათქმელის გამოსახატავად და „მოციქულთა საქმეებიდან“ განსახილველი მუხლები.
18 პირადი შესწავლის დროს დაგეხმარებათ ილუსტრაციებიც, რომლებიც ისტორიულ ფრაგმენტებს ლამაზად და ცოცხლად წარმოგიდგენთ. ნახავთ ჩარჩოებს, რომლებშიც დამატებითი მასალაა მოცემული. ზოგი ჩარჩო იმ ადამიანების ბიოგრაფიულ ცნობებს გვაწვდის, რომლებიც ჩვენთვის რწმენის მაგალითები არიან; ზოგიც უკეთ გვაცნობს ადგილებს, მოვლენებს, ადათ-წესებსა და „საქმეებში“ მოხსენიებულ სხვადასხვა მოქმედ პირს.
19. რისი გაკეთებაა დროდადრო საჭირო?
19 ეს წიგნი დაგვეხმარება, უკეთ შევაფასოთ საკუთარი თავი. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხნის მაუწყებლები ვართ, დროდადრო საჭიროა, გადავამოწმოთ, რას ვანიჭებთ უპირატესობას და რა დამოკიდებულება გვაქვს მსახურების მიმართ (2 კორ. 13:5). დაფიქრდით, ისევ გადაუდებლობის გრძნობით მსახურობთ? (1 კორ. 7:29—31). დამაჯერებლად და ენთუზიაზმით ქადაგებთ სასიხარულო ცნობას? (1 თეს. 1:5, 6). ყველა შესაძლებლობას იყენებთ იმისთვის, რომ იქადაგოთ და მოწაფეები მოამზადოთ? (კოლ. 3:23).
20, 21. რატომ არის ჩვენი დავალება გადაუდებელი და რისი კეთება უნდა განვაგრძოთ?
20 არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანი დავალებაა ქადაგება და მოწაფეების მომზადება. რაც დრო გადის, ეს დავალება მით უფრო გადაუდებელი ხდება. ქვეყნიერების აღსასრული სულ უფრო და უფრო ახლოვდება. ჯერ არასდროს დამუქრებია საფრთხე ამდენი ადამიანის სიცოცხლეს. ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენი ადამიანია „მარადიული სიცოცხლის მისაღებად . . . განწყობილი“ და რამდენი გამოეხმაურება ჩვენს ქადაგებას (საქ. 13:48). ამიტომ ვალდებულნი ვართ, დავეხმაროთ მათ, სანამ გვიანი არ არის (1 ტიმ. 4:16).
21 ამგვარად, მნიშვნელოვანია, მივბაძოთ პირველ საუკუნეში მცხოვრებ გულმოდგინე მქადაგებლებს. დაე ამ წიგნის გულმოდგინე შესწავლამ აღგძრათ, მეტი ენთუზიაზმითა და გაბედულებით იქადაგოთ და მტკიცედ განაგრძოთ ღვთის სამეფოს შესახებ საგულდაგულოდ ქადაგება (საქ. 28:23).