წერილი ხელმძღვანელი საბჭოსგან
სამეფოს შესახებ ცნობის მახარობლებო!
წარმოიდგინეთ, რომ იესოს ერთ-ერთი მოციქული ხართ და ზეთისხილის მთაზე ხართ ასული. თქვენ წინ იესო დგას, რომელიც მალე ზეცად უნდა ამაღლდეს. ის გეუბნებათ: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეაში, სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). რა გრძნობა დაგეუფლებოდათ?
შესაძლოა გეფიქრათ, რომ ამ გრანდიოზულ დავალებას თავს ვერ გაართმევდით. შეიძლება კითხვაც გაგჩენოდათ, როგორ შეძლებდა მოწაფეების ასეთი პატარა ჯგუფი „დედამიწის კიდით კიდემდე“ ქადაგებას. ალბათ გაგახსენდებოდათ სიკვდილის წინა ღამეს იესოს ნათქვამი: „გახსოვდეთ, რაც გითხარით, მონა თავის ბატონზე მეტი არ არის-მეთქი. თუ მე მდევნიან, თქვენც გაგდევნიან, თუ ჩემს სიტყვას ისმენენ, თქვენსასაც მოისმენენ. მაგრამ ასე ჩემი სახელის გამო მოგექცევიან, რადგან არ იცნობენ ჩემს გამომგზავნელს“ (იოან. 15:20, 21). ამ სიტყვების შემდეგ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, დევნისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, როგორ უნდა იქადაგოთ საგულდაგულოდ.
დღესაც იმავე კითხვებს ვსვამთ. იეჰოვას მოწმეებს დავალებული გვაქვს, „დედამიწის კიდით კიდემდე“ საგულდაგულოდ ვუქადაგოთ „ყველა ერის ხალხს“ (მათ. 28:19, 20). მაგრამ როგორ გავართმევთ თავს ამ დავალებას არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად?
„მოციქულთა საქმეებში“ ცოცხლად არის აღწერილი, როგორ შეასრულეს იეჰოვას დახმარებით თავიანთი დავალება მოციქულებმა და სხვა ქრისტიანებმა. ეს წიგნი იმიტომ დაიწერა, რომ შეისწავლოთ ამ ქრისტიანების ისტორია და ნათლად წარმოიდგინოთ წიგნ „საქმეებში“ აღწერილი მოვლენები. დაუჯერებლად დიდ მსგავსებას დაინახავთ პირველი საუკუნის ქრისტიანებსა და დღევანდელ ღვთის მსახურებს შორის. მაგალითად, იმას, რომ ერთსა და იმავე საქმეს ვემსახურებით და ერთნაირად ეწევა ხელმძღვანელობა ამ საქმეს. ამ მსგავსებებზე ფიქრი უფრო დაგარწმუნებთ, რომ იეჰოვა ისევ ხელმძღვანელობს თავის ორგანიზაციას.
ვლოცულობთ, რომ წიგნ „საქმეების“ განხილვამ იეჰოვას მხარდაჭერაში და წმინდა სულის ძალაში დაგარწმუნოთ. დაე, ამ წიგნმა ძალა შეგმატოთ, რათა კვლავ საგულდაგულოდ იქადაგოთ ღვთის სამეფოზე და დაეხმაროთ სხვებს ხსნის გზაზე დადგომაში (საქ. 28:23; 1 ტიმ. 4:16).
თქვენი ძმები,
იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო