ᲗᲐᲕᲘ 11
„ხარობდნენ და კვლავ წმინდა სულით ივსებოდნენ“
პავლეს დამოკიდებულება როგორც გულგრილი, ისე მტრულად განწყობილი ხალხის მიმართ.
1, 2. რა გაგებით იყო განსაკუთრებული ბარნაბასა და სავლეს მოგზაურობა, და რა წვლილი შეიტანეს მათ საქმეების 1:8-ის შესრულებაში?
ᲐᲜᲢᲘᲝᲥᲘᲘᲡ კრებისთვის განსაკუთრებული დღე დადგა. წმინდა სულმა შორეულ ადგილებში სასიხარულო ცნობის საქადაგებლად კრების წინასწარმეტყველებსა და მასწავლებლებს შორის ბარნაბა a და სავლე აირჩია (საქ. 13:1, 2). მართალია, გამოცდილ ძმებს მანამდეც აგზავნიდნენ საქადაგებლად, მაგრამ ისინი ისეთ ადგილებში მიდიოდნენ, სადაც ქრისტიანობას უკვე კარგად იცნობდნენ (საქ. 8:14; 11:22). ამჯერად ბარნაბა, სავლე და მათი დამხმარე, მარკოზად წოდებული იოანე, ძმებმა იქ გაგზავნეს, სადაც თითქმის არაფერი იცოდნენ სასიხარულო ცნობის შესახებ.
2 დაახლოებით 14 წლით ადრე იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეაში, სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). ბარნაბასა და სავლეს მისიონერული მსახურება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა იესოს წინასწარმეტყველების შესრულებაში! b
„საქმე დაავალეთ“ (საქმეები 13:1—12)
3. რატომ იყო მგზავრობა რთული პირველ საუკუნეში?
3 დღეს მანქანისა და თვითმფრინავის დახმარებით ადვილად და სწრაფად შეიძლება მგზავრობა. მაგრამ ახ. წ. პირველ საუკუნეში საქმე სულ სხვაგვარად იყო. მაშინ, ძირითადად, ფეხით უწევდათ სიარული, თანაც უსწორმასწორო და მთაგორიან ადგილებში. ერთი დღის სავალ გზაზე, რომელიც, სულ რაღაც, 30 კილომეტრი იყო, კაცი ადვილად იღლებოდა! c ბარნაბა და სავლე, ალბათ, დიდი სიხარულით ელოდნენ მისიონერული მოგზაურობის დაწყებას, თუმცა ისიც კარგად ესმოდათ, რომ დიდი ძალისხმევისა და თავგანწირვის გარეშე ვერაფერს გახდებოდნენ (მათ. 16:24).
4. ა) როგორ შეჩერდა არჩევანი ბარნაბასა და სავლეზე, და როგორ შეხვდნენ ამ ფაქტს თანაქრისტიანები? ბ) როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი მათ, ვინც პასუხისმგებლობას იღებს კრებაში?
4 რატომ აირჩია წმინდა სულმა ამ საქმისთვის ბარნაბა და სავლე? (საქ. 13:2). ბიბლია ამ კითხვაზე პასუხს არ გვცემს. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ისინი წმინდა სულმა აირჩია და ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ არავინ წასულა, არც ანტიოქიის კრების წინასწარმეტყველები და არც მასწავლებლები; მათ მთელი გულით დაუჭირეს მხარი ამ გადაწყვეტილებას. როგორი ბედნიერები იქნებოდნენ ბარნაბა და სავლე, როცა დაინახავდნენ, რომ სულიერ ძმებს არაფერი შეშურებიათ მათი, პირიქით, „მარხვისა და ლოცვის შემდეგ ხელები დაადეს მათ და გაუშვეს“ (საქ. 13:3). ჩვენც მხარი უნდა დავუჭიროთ მათ, ვინც კრებაში პასუხისმგებლობას იღებს, მაგალითად, ზედამხედველად ინიშნება. ნაცვლად იმისა, რომ შეგვშურდეს, ჩვენ დიდად უნდა დავაფასოთ ისინი და გვიყვარდეს იმისთვის, რასაც კრების საკეთილდღეოდ აკეთებენ (1 თეს. 5:13).
5. რა იყო საჭირო იმისთვის, რომ ბარნაბასა და სავლეს კვიპროსზე სასიხარულო ცნობა ექადაგათ?
5 ანტიოქიასთან ახლოს საპორტო ქალაქ სელევკიაში ჩასვლის შემდეგ ბარნაბამ და სავლემ კუნძულ კვიპროსამდე დაახლოებით 200 კილომეტრი გასცურეს. d ბარნაბა წარმოშობით კვიპროსიდან იყო და უეჭველია დიდი სურვილი ექნებოდა, სასიხარულო ცნობა სამშობლოში ექადაგა. კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე ქალაქ სალამინში ჩასვლისთანავე ბარნაბამ და სავლემ „იუდეველთა სინაგოგებში დაიწყეს ღვთის სიტყვის ქადაგება“ (საქ. 13:5). e მათ მთელი კუნძული შემოიარეს და, ალბათ, გზადაგზა დიდ ქალაქებში ქადაგებდნენ. ზუსტად რამდენ კილომეტრს გაივლიდნენ, მათ არჩეულ მარშრუტზე იქნებოდა დამოკიდებული; ასე თუ ისე, საშუალოდ 160 კილომეტრი ჰქონდათ გასავლელი.
6, 7. ა) ვინ იყო სერგიუს პავლუსი და რატომ ცდილობდა ბარიესო, ხელი შეეშალა მისთვის სასიხარულო ცნობის მოსმენაში? ბ) რა იყო სავლეს საპასუხო რეაქცია?
6 პირველ საუკუნეში კვიპროსზე ცრუ თაყვანისმცემლობა ყვაოდა. ეს ადვილად შესამჩნევი იყო განსაკუთრებით კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პაფოსში ჩასული ბარნაბასა და სავლესთვის. იქ ისინი „შეხვდნენ ერთ იუდეველ ჯადოქარსა და ცრუწინასწარმეტყველს, სახელად ბარიესოს. იგი ერთ ჭკვიან კაცთან, პროკონსულ სერგიუს პავლუსთან, იყო“. f პირველ საუკუნეში ბევრი ნასწავლი რომაელი, და ისეთი ჭკვიანი კაციც კი, როგორიც სერგიუს პავლუსი იყო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად დახმარებისთვის ჯადოქრებსა და ასტროლოგებს მიმართავდა. მაგრამ სერგიუს პავლუსი სამეფოს ცნობითაც დაინტერესდა, „ძალიან უნდოდა ღვთის სიტყვის მოსმენა“. თუმცა ამ ფაქტმა შეაფიქრიანა ბარიესო, რომელიც ელიმას სახელითაც იყო ცნობილი, რაც „ჯადოქარს“ ნიშნავს (საქ. 13:6—8).
7 ბარიესო ხელს უშლიდა სამეფოს ცნობის ქადაგებას. ვინაიდან სერგიუს პავლუსის მრჩეველი იყო, მდგომარეობის შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად პროკონსულის რწმენის შერყევას მიიჩნევდა (საქ. 13:8). მაგრამ სავლე გულხელდაკრეფილი ვერ უყურებდა, ეს ჯადოქარი როგორ გადაიტანდა სერგიუს პავლუსის ყურადღებას სხვა რამეზე. რისი გაკეთება გადაწყვიტა სავლემ? ბიბლიაში ვკითხულობთ: «სავლე, რომელსაც პავლესაც ეძახდნენ, წმინდა სულით აღივსო, შეხედა მას და უთხრა: „ეშმაკის ნაშიერო, ყოველგვარი მზაკვრობითა და ბოროტებით სავსევ, ყოველივე მართლის მტერო, არ მოეშვები იეჰოვას სწორი გზების გამრუდებას? ხელს აღმართავს შენზე იეჰოვა, დაბრმავდები და დროებით ვეღარ დაინახავ დღის სინათლეს“. მას მაშინვე თვალთ დაუბნელდა, ხელის ცეცებით დაიწყო სიარული, რომ ვინმესთვის ხელი ჩაეკიდა და გაჰყოლოდა». g რა მოჰყვა ამ სასწაულს? „როცა პროკონსულმა დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა; განცვიფრებული იყო იგი იეჰოვას სწავლებით“ (საქ. 13:9—12).
8. როგორ მივბაძოთ პავლეს გაბედულებას?
8 პავლე არ შეუშინდა ბარიესოს. არც ჩვენ უნდა შეგვეშინდეს იმ მოწინააღმდეგეების, რომლებიც სამეფოს ცნობით დაინტერესებულთა რწმენის დანგრევას ცდილობენ; თუმცა ჩვენი „საუბარი ყოველთვის მადლიანი [უნდა] იყოს, მარილით შეზავებული“ (კოლ. 4:6). მაგრამ არც ის გვინდა, რომ უთანხმოების თავიდან არიდების ფასად დაინტერესებული ადამიანის სულიერობას საფრთხე შევუქმნათ. არ გვეშინია და არ ვიკავებთ თავს ცრუ რელიგიის მხილებისგანაც, რომელიც ბარიესოსავით „იეჰოვას სწორი გზების გამრუდებას“ ცდილობს (საქ. 13:10). როგორც პავლემ, ჩვენც გაბედულად უნდა ვაუწყოთ ჭეშმარიტება და დამაჯერებლად ვუქადაგოთ გულწრფელ ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის მხარდაჭერა შეიძლება ისეთი შესამჩნევი არ იყოს, როგორიც პავლეს შემთხვევაში იყო, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ იეჰოვა წმინდა სულით მიიზიდავს ჭეშმარიტებისკენ ღირსეულ ადამიანებს (იოან. 6:44).
„გამამხნევებელი . . . სათქმელი“ (საქმეები 13:13—43)
9. რაში უნდა მიჰბაძონ პავლესა და ბარნაბას ზედამხედველებმა?
9 როგორც ჩანს, საქმეების 13:13-ში ჩაწერილი სიტყვები „პავლემ და მისმა თანამგზავრებმა“ იმაზე მიუთითებს, რომ პაფოსიდან მცირე აზიის სანაპიროზე პერგემდე დაახლოებით 250 კილომეტრის გაცურვის შემდეგ, მისიონერულ საქმიანობას პავლე ხელმძღვანელობდა. მაგრამ ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ბარნაბას შეშურდა პავლესი. პირიქით ეს ორი მამაკაცი კვლავ მხარდამხარ მსახურობდა ღვთის ნების შესასრულებლად. პავლე და ბარნაბა კრებაში ზედამხედველებისთვის შესანიშნავი მაგალითები არიან. იმის ნაცვლად, რომ პირველობისკენ ისწრაფონ, ქრისტიანები ითვალისწინებენ იესოს სიტყვებს: „თქვენ ყველანი ძმები ხართ; ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება“ (მათ. 23:8, 12).
10. როგორი იყო მგზავრობა პერგედან პისიდიის ანტიოქიაში?
10 პერგეში ჩასვლის შემდეგ მარკოზად წოდებულმა იოანემ პავლე და ბარნაბა დატოვა და იერუსალიმში დაბრუნდა. ბიბლია არ გვეუბნება მისი მოულოდნელი წასვლის მიზეზს. პავლე და ბარნაბა პერგედან გალატიის პროვინციაში, პისიდიის ანტიოქიაში წავიდნენ. ამ გზის გავლა ადვილი არ იყო, რადგან პისიდიის ანტიოქია ზღვის დონიდან დაახლოებით 1 100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობდა. ამ საშიშ მთაგორიან გზაზე ხშირი იყო ყაჩაღობა. გარდა ამისა, როგორც ჩანს, სწორედ ამ პერიოდში პავლე ჯანმრთელობას უჩიოდა. h
11, 12. პისიდიის ანტიოქიის სინაგოგაში ყოფნისას, როგორ მიმართა პავლემ მსმენელს?
11 პისიდიის ანტიოქიაში ჩასული პავლე და ბარნაბა შაბათს სინაგოგაში შევიდნენ. ბიბლიაში ვკითხულობთ: «სინაგოგის წინამძღვრებმა ხალხისთვის კანონისა და წინასწარმეტყველთა წიგნების წაკითხვის შემდეგ მათ სთხოვეს: „ძმებო, თუ რამე გამამხნევებელი გაქვთ სათქმელი, თქვით“» (საქ. 13:15). პავლე წამოდგა.
12 მან ასე დაიწყო თავისი სიტყვა: „ისრაელებო და თქვენ, ვინც ღვთისმოშიშები ხართ“ (საქ. 13:16). მსმენელები იუდეველები და პროზელიტები იყვნენ. როგორ აანთო პავლემ იმ ხალხში ინტერესი, რომელიც არ აღიარებდა იესოს როლს ღვთის განზრახვაში? ჯერ მოკლედ მიმოიხილა ებრაელების ისტორია, მერე აუხსნა, რომ იეჰოვამ „ძლიერ ერად აქცია ეგვიპტეში ხიზნობის დროს“, გათავისუფლების შემდეგ კი „უდაბნოში მათ 40 წელი უთმენდა“. პავლემ ისიც თქვა, თუ როგორ დაიმკვიდრეს ისრაელებმა აღთქმული მიწა და, რომ იეჰოვამ „მათი მიწები ისრაელს დაუნაწილა“ (საქ. 13:17—19). ზოგის აზრით, პავლეს შესაძლოა წმინდა წერილების იმ მონაკვეთებიდან მოჰყავდა ციტატები, რომლებსაც სწორედ იმ დღეს კითხულობდნენ. თუ ეს ასეა, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ პავლემ კარგად იცოდა, როგორ უნდა გამხდარიყო „ყველასთვის ყველაფერი“ (1 კორ. 9:22).
13. როგორ შეიძლება ინტერესი აღვძრათ მსმენელში?
13 ჩვენც უნდა შევეცადოთ, ჭეშმარიტების მოსასმენად განვაწყოთ ისინი, ვისაც ვუქადაგებთ. მაგალითად, თუ ვიცით, რომელი რელიგიის მიმდევარია მოსაუბრე, ეს გვეხმარება სასაუბროდ მისთვის საინტერესო თემის არჩევაში. შეგვიძლია ციტატები ბიბლიის იმ მონაკვეთებიდან მოვიყვანოთ, რომლებიც მისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია. უფრო მეტ გავლენას მოახდენს მასზე, თუ მუხლს თავის ბიბლიაში ამოიკითხავს. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მსმენელი გულგრილი არ დარჩეს.
14. ა) როგორ იქადაგა პავლემ იესოს შესახებ სასიხარულო ცნობა და რა გაფრთხილება მისცა მსმენელს? ბ) როგორ გამოეხმაურა ხალხი პავლეს სიტყვას?
14 პავლემ საუბარი იმაზე განაგრძო, როგორ მოავლინა ღმერთმა ისრაელის „მხსნელად იესო“ მეფეთა ხაზში, რომლის წინამორბედიც იოანე ნათლისმცემელი იყო. მერე იესოს სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომაზე ისაუბრა (საქ. 13:20—37). „ამიტომ, ძმებო, გაუწყებთ, რომ მისი მეშვეობით გეპატიებათ ცოდვები . . . მისი მეშვეობით ჩაითვლება უდანაშაულოდ ყველა მორწმუნე“. შემდეგ მოციქულმა გააფრთხილა მსმენელი: «ამიტომ ფრთხილად იყავით, რომ თქვენზე არ შესრულდეს წინასწარმეტყველთა მიერ ნათქვამი: „შეხედეთ, დამცინავნო, გაოცდებით და გაუჩინარდებით, რადგან ისეთ რამეს მოვიმოქმედებ თქვენს დღეებში, დაწვრილებითაც რომ გიამბონ, არ დაიჯერებთ“». გამოხმაურება არაჩვეულებრივი იყო: „ხალხი ეხვეწებოდა, ამ საკითხებზე მომდევნო შაბათსაც გველაპარაკეთო“. სინაგოგიდან გამოსვლის შემდეგ „მრავალი იუდეველი და ღვთის თაყვანისმცემელი პროზელიტი გაჰყვა პავლესა და ბარნაბას“ (საქ. 13:38—43).
„ჩვენ უცხოტომელებთან წავალთ“ (საქმეები 13:44—52)
15. რა მოხდა მომდევნო შაბათს?
15 პავლეს მოსასმენად „მომდევნო შაბათს თითქმის მთელი ქალაქი შეიკრიბა“. ამან ზოგიერთი იუდეველი განარისხა, ისინი „პავლეს უპირისპირდებოდნენ“. პავლემ და ბარნაბამ მტკიცედ განუცხადეს მათ: «ღვთის სიტყვა პირველად თქვენ უნდა გაგეგოთ, მაგრამ, რაკი უარყოფთ მას და საკუთარ თავს მარადიული სიცოცხლის ღირსად არ თვლით, ჩვენ უცხოტომელებთან წავალთ. იეჰოვამ გვამცნო: „ერების სინათლედ გაქციე, რათა იხსნა ხალხი დედამიწის კიდით კიდემდე“» (საქ. 13:44—47; ეს. 49:6).
16. როგორ იმოქმედა მისიონერების სიტყვებმა იუდეველებზე და როგორ მოიქცნენ პავლე და ბარნაბა?
16 უცხოტომელები ისმენდნენ და ხარობდნენ. „ყველამ, ვისი გულიც მარადიული სიცოცხლის მისაღებად იყო განწყობილი, ირწმუნა“ (საქ. 13:48). მალე იეჰოვას სიტყვა მთელ ქვეყანაში გავრცელდა, თუმცა იუდეველებს აღიზიანებდათ ეს. ამიტომ მისიონერებმა განუცხადეს მათ, რომ, რადგან პირველად მათ მოისმინეს ღვთის სიტყვა, მაგრამ არ მიიღეს მესია, ღვთის რისხვას დაიტეხდნენ თავს. იუდეველებმა წააქეზეს პატივდებული ქალები და ქალაქის გავლენიანი კაცები. „დაიწყეს მათ პავლესა და ბარნაბას დევნა და ქალაქიდან გააძევეს“. როგორ მოიქცნენ ამის შემდეგ პავლე და ბარნაბა? „ფეხებიდან მტვერი დაიბერტყეს და იკონიონში წავიდნენ“. დამთავრდა ამით პისიდიის ანტიოქიაში ქრისტიანობის გავრცელება? რასაკვირველია არა! იქაური „მოწაფეები ხარობდნენ და კვლავ წმინდა სულით ივსებოდნენ“ (საქ. 13:50—52).
17—19. რაში შეგვიძლია მივბაძოთ პავლესა და ბარნაბას, და რატომ შეგვმატებს ეს სიხარულს?
17 წინააღმდეგობის დროს ამ ერთგული მამაკაცების საქციელი მნიშვნელოვანი გაკვეთილია ჩვენთვის. მაშინაც კი არ ვწყვეტთ ქადაგებას, როცა გავლენიანი ადამიანები ცდილობენ, ხელი შეგვიშალონ სასიხარულო ცნობის გაცხადებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ, როცა ანტიოქიელებმა არ მიიღეს ღვთის სიტყვა, პავლემ და ბარნაბამ „ფეხებიდან მტვერი დაიბერტყეს“, რაც პასუხისმგებლობის მოხსნას ნიშნავდა და არა გაბრაზებას. მათ ესმოდათ, რომ მათზე არ იყო დამოკიდებული, მოისმენდა თუ არა ხალხი ღვთის სიტყვას; მათზე ის იყო დამოკიდებული, განაგრძობდნენ თუ არა ქადაგებას. და ასეც მოიქცნენ, როცა იკონიონში ჩავიდნენ.
18 რა შეიძლება ითქვას ანტიოქიაში დარჩენილ მოწაფეებზე? მათ მტრულად განწყობილ ხალხთან უწევდათ ქადაგება, მაგრამ მათი სიხარული ხალხის გამოხმაურებაზე არ ყოფილა დამოკიდებული. იესომ თქვა: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და ასრულებს მას!“ (ლუკ. 11:28). პისიდიის ანტიოქიაში მცხოვრებ მოწაფეებს სწორედ ამ სიტყვებისამებრ მოქმედება ჰქონდათ გადაწყვეტილი.
19 პავლესა და ბარნაბას მსგავსად, ჩვენც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ქადაგება ჩვენი ვალდებულებაა; ის კი, მიიღებენ თუ არა ღვთის სიტყვას, მხოლოდ მსმენელებზეა დამოკიდებული. თუკი ვინმე არ ისმენს სასიხარულო ცნობას, პირველი საუკუნის მოწაფეებივით უნდა მოვიქცეთ. თუ ვაფასებთ ჭეშმარიტებას და წმინდა სულის ხელმძღვანელობას მივყვებით, მაშინაც გავიხარებთ, როცა წინააღმდეგობებს ვხვდებით (გალ. 5:18, 22).
a იხილეთ ჩარჩო «ბარნაბა — „ნუგეშის ძე“».
b ამ დროს კრებები შორეულ ადგილებშიც იყო ჩამოყალიბებული, მაგალითად, სირიის ანტიოქიაში — იერუსალიმიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 550 კილომეტრის დაშორებით.
d თუ ქარი სასურველი მიმართულებით ქროდა, გემს ერთ დღეში დაახლოებით 150 კილომეტრის გაცურვა შეეძლო. უამინდობისას მგზავრობას გაცილებით დიდი დრო მიჰქონდა.
e იხილეთ ჩარჩო „იუდეველთა სინაგოგები“.
f კვიპროსს რომის სენატი განაგებდა. კუნძულის მთავარი ადმინისტრატორი პროვინციის მმართველი, პროკონსული იყო.
g ამის შემდეგ „საქმეების“ წიგნში სავლე უკვე პავლედ მოიხსენიება. ზოგი ვარაუდობს, რომ მან ეს რომაული სახელი სერგიუს პავლუსის პატივსაცემად დაირქვა. მაგრამ ის ფაქტი, რომ პავლე ამ სახელს კვიპროსის დატოვების შემდეგაც ატარებდა, სხვა რამეზე მეტყველებს — „უცხოტომელთა მოციქულმა“, პავლემ, გადაწყვიტა, ხალხის წინაშე თავისი რომაული სახელით წარდგენილიყო. ის შესაძლოა იმის გამოც აცნობდა ხალხს თავს პავლედ, რომ მისი ებრაული სახელი ჰგავდა ბერძნულ სიტყვას, რომელიც არასასურველ ასოციაციას იწვევდა (რომ. 11:13).