არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 13

„დიდი დავა . . . მოუვიდათ“

„დიდი დავა . . . მოუვიდათ“

ხელმძღვანელ საბჭოს წინადაცვეთის საკითხის გადაჭრა სთხოვეს.

საქმეები 15:1—12

1—3. ა) რამ შეუქმნა საფრთხე ადრინდელი ქრისტიანული კრების ერთიანობას? ბ) რას ვისწავლით „საქმეების“ წიგნიდან განსახილველი ამ მონაკვეთიდან?

 ᲞᲐᲕᲚᲔ და ბარნაბა პირველი მისიონერული მოგზაურობიდან ახალი დაბრუნებულები არიან სირიის ანტიოქიაში. მათ სიხარულს საზღვარი არა აქვს, რადგან იეჰოვამ „რწმენის კარი გაუღო უცხოტომელებს“ (საქ. 14:26, 27). ანტიოქიაში ბევრი ლაპარაკობს სასიხარულო ცნობაზე. უცხოტომელთაგან „დიდძალი ხალხი“ უერთდება კრებას (საქ. 11:20—26).

2 კრების ზრდის ამბავი მალე იუდეაში ჩადის, მაგრამ ეს ყველას როდი ახარებს. უცხოტომელთა მოქცევა კიდევ უფრო ამწვავებს წინადაცვეთაზე წამოჭრილ კამათს. როგორი უნდა იყოს იუდეველ მორწმუნეებსა და არაიუდეველ მორწმუნეებს შორის ურთიერთობა და რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ არაიუდეველ მორწმუნეებს მოსეს კანონის მიმართ? კამათი იმდენად სერიოზულ სახეს იღებს, რომ ქრისტიანული კრების ერთიანობას საფრთხე ემუქრება. როგორ გადაიჭრება ეს საკამათო საკითხი?

3 „საქმეების“ წიგნიდან განსახილველი ეს მონაკვეთი ბევრ რამეს გვასწავლის. ის დაგვეხმარება, გონივრულად ვიმოქმედოთ განხეთქილების გამომწვევი საკითხების წამოჭრისას.

„წინადაიცვითეთ“ (საქმეები 15:1)

4. რომელ არასწორ შეხედულებას უჭერდა მხარს ზოგი და რა კითხვა წამოიჭრება?

4 მოწაფე ლუკა წერს: „იუდეიდან რამდენიმე კაცი ჩამოვიდა და ძმებს ასწავლიდა, წინადაიცვითეთ, როგორც ამას მოსეს კანონი მოითხოვს, თორემ ვერ გადარჩებითო“ (საქ. 15:1). დაზუსტებით ვერ ვიტყვით, ეს კაცები გაქრისტიანებამდე ფარისევლები იყვნენ თუ არა. მაგრამ, როგორც ჩანს, კანონის კირკიტა ფარისეველთა აზროვნება გავლენას ახდენდა მათზე. ისინი შესაძლოა ცრუობდნენ და ამბობდნენ, რომ მოციქულებისა და იერუსალიმში მყოფი სხვა უხუცესების სახელით ლაპარაკობდნენ (საქ. 15:23, 24). რატომ გამოდიოდნენ იუდეველი მორწმუნეები წინადაცვეთის დამცველებად მაშინ, როცა 13 წლის წინ მოციქულ პეტრეს ღვთის ხელმძღვანელობით წინადაუცვეთელი უცხოტომელები ქრისტიანებად ჰყავდა მონათლული? (საქ. 10:24—29, 44—48). a

5, 6. ა) რატომ ფიქრობდა ზოგი იუდეველი ქრისტიანი, რომ წინადაცვეთა აუცილებელი იყო? ბ) იყო წინადაცვეთა აბრაამთან დადებული შეთანხმების ნაწილი? ახსენით (იხილეთ სქოლიო).

5 მიზეზი შეიძლება ბევრი რამ ყოფილიყო. პირველ რიგში წინადაცვეთა იეჰოვას მიერ იყო დადგენილი და მასთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზე მიანიშნებდა. იეჰოვამ წინადაცვეთა კანონის საფუძველზე დადებულ შეთანხმებამდე აბრაამისა და მისი სახლეულობისგან მოითხოვა, მოგვიანებით კი კანონის ნაწილად აქცია (ლევ. 12:2, 3). b მოსეს კანონის თანახმად ხიზნებისგანაც მოითხოვებოდა წინადაცვეთა, რათა ისრაელთა დღესასწაულებში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონოდათ, მაგალითად, საპასექო ვახშამი ეჭამათ (გამ. 12:43, 44, 48, 49). ამგვარად იუდეველებისთვის წინადაუცვეთელი კაცი უწმინდური და საზიზღარი იყო (ეს. 52:1).

6 იუდეველი მორწმუნეებისგან რწმენა და თავმდაბლობა მოითხოვებოდა ახალ სწავლებასთან შესაგუებლად. ახალმა შეთანხმებამ კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება შეცვალა, ამიტომ იუდეველებად დაბადებულები თავისთავად ღვთის ხალხის ნაწილი არ ხდებოდნენ. ქრისტე რომ ეღიარებინათ და წინადაუცვეთელი უცხოტომელები მიეღოთ, იუდეასა და მის გარეთ მცხოვრებ იუდეველ ქრისტიანებს სიმამაცე მოეთხოვებოდათ (იერ. 31:31—33; ლუკ. 22:20).

7. რას ვერ ჩასწვდა იუდეიდან ჩასული „რამდენიმე კაცი“?

7 რა თქმა უნდა, ღვთის ნორმები არ შეცვლილა. ამას ისიც ამტკიცებს, რომ ახალ შეთანხმებაში მოსეს კანონის არსი ჩანდა (მათ. 22:36—40). მაგალითად, წინადაცვეთაზე პავლემ მოგვიანებით დაწერა: „იუდეველია ის, ვინც შინაგანად არის ასეთი და ვისი გულიც წინადაცვეთილია სულით და არა დაწერილი კანონით“ (რომ. 2:29; კან. 10:16). იუდეიდან ჩასულ „რამდენიმე კაცს“ არ ესმოდა ეს ჭეშმარიტება და იმას ამტკიცებდა, რომ ღმერთს არ გაუუქმებია წინადაცვეთის მოთხოვნა. მივიდოდნენ ისინი საღ აზრამდე?

„დავა და უთანხმოება“ (საქმეები 15:2)

8. რატომ გადასცეს წინადაცვეთის საკითხი განსახილველად ხელმძღვანელ საბჭოს?

8 ლუკა განაგრძობს თხრობას: „როცა პავლესა და ბარნაბას მათთან [იუდეიდან ჩასულ რამდენიმე კაცთან] დიდი დავა და უთანხმოება მოუვიდათ, გადაწყდა, რომ პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი ძმა მოციქულებთან და უხუცესებთან წასულიყვნენ იერუსალიმში ამ საკითხის გადასაჭრელად“ (საქ. 15:2). c „დავა და უთანხმოება“ იმაზე მეტყველებს, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარე დარწმუნებული იყო თავის სისწორეში და ამას საკმაოდ მძაფრად გამოხატავდა, ანტიოქიის კრება კი ვერ მოერია ამ პრობლემას. მშვიდობისა და ერთიანობის შესანარჩუნებლად კრებამ გონივრულად გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი განსახილველად იერუსალიმში ხელმძღვანელი საბჭოსთვის — „მოციქულებისა და უხუცესებისთვის“ — გადაეცათ. რას ვსწავლობთ ანტიოქიელი უხუცესების მაგალითიდან?

ზოგი დაჟინებით მოითხოვდა, უცხოტომელებმა მოსეს კანონი დაიცვანო.

9, 10. რა მაგალითი მოგვცეს ანტიოქიელმა ძმებმა, პავლემ და ბარნაბამ?

9 მათი მაგალითიდან იმას ვსწავლობთ, რომ უნდა ვენდოთ ღვთის ორგანიზაციას. ანტიოქიელმა ძმებმა იცოდნენ, რომ ხელმძღვანელი საბჭოს ყველა წევრი წარმოშობით იუდეველი იყო, მაგრამ ეჭვი არ შეჰპარვიათ იმაში, რომ ისინი წინადაცვეთის საკითხს წმინდა წერილების მიხედვით გადაწყვეტდნენ. რატომ ფიქრობდნენ ასე? კრება დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა საქმეს წმინდა სულითა და ქრისტიანული კრების თავის, იესო ქრისტეს, ხელით წარმართავდა (მათ. 28:18, 20; ეფეს. 1:22, 23). რთული საკითხების წამოჭრისას, მოდი, ჩვენც მივბაძოთ ანტიოქიელ ძმებს, მივენდოთ ღვთის ორგანიზაციას და ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ ხელმძღვანელ საბჭოს.

10 ეს შემთხვევა თავმდაბლობისა და მოთმინების აუცილებლობასაც უსვამს ხაზს. პავლესა და ბარნაბას უშუალოდ წმინდა სულმა დაავალა უცხოტომელებისთვის ქადაგება, მაგრამ მათ ეს უფლებამოსილება არ გამოუყენებიათ იმისათვის, რომ წინადაცვეთის საკითხი ანტიოქიაშივე გადაეჭრათ (საქ. 13:2, 3). უფრო მეტიც, პავლემ მოგვიანებით დაწერა: „იქ [იერუსალიმში] იმიტომ წავედი, რომ გამოცხადება მივიღე“. ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ ამ საქმეში ღვთის ხელი ერია (გალ. 2:2). პავლესა და ბარნაბას მსგავსად, უხუცესები დღესაც ცდილობენ, თავმდაბლები და მომთმენები იყვნენ ისეთი საკითხების წამოჭრისას, რომლებიც შეიძლება საკამათო გახდეს. საკუთარი აზრის გატანის ნაცვლად, ისინი იეჰოვას ხელმძღვანელობას მიჰყვებიან — იკვლევენ წმინდა წერილებს და ითვალისწინებენ ერთგული და გონიერი მონის მითითებებს (ფილ. 2:2, 3).

11, 12. რატომ არის მნიშვნელოვანი, დაველოდოთ იეჰოვას?

11 იეჰოვა სანამ ნათელს მოჰფენს ამა თუ იმ საკითხს, შეიძლება ლოდინი მოგვიწიოს. გვახსოვდეს, რომ პავლეს თანამედროვეებს დაახლოებით ცამეტი წელი მოუწიათ ლოდინი — ახ. წ. 36 წელს კორნელიუსის სულით ცხებიდან ახ. წ. 49 წლამდე — ვიდრე იეჰოვა საბოლოოდ გადაჭრიდა უცხოტომელთა წინადაცვეთის საკითხს. რატომ მანამდე არ გაეცა ამ კითხვას პასუხი? ღმერთმა, ალბათ, საჭიროდ ჩათვალა, რომ იუდეველებისთვის ასეთ დიდ ცვლილებასთან შესაგუებლად დრო მიეცა. ბოლოს და ბოლოს პატარა საქმე ხომ არ იყო მათ საყვარელ წინაპართან, აბრაამთან 1900 წლის წინ დადებული შეთანხმების გაუქმება?! (იოან. 16:12).

12 მართლაც დიდი პატივია, ჩვენი მომთმენი და კეთილი ზეციერი მამა გვასწავლიდეს და გვძერწავდეს! შედეგი ყოველთვის სასურველია და ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (ეს. 48:17, 18; 64:8). ასე რომ, არასდროს ვიყოთ ამაყნი და არ დავიჟინოთ ჩვენი, არ შევხვდეთ კრიტიკულად არც ორგანიზაციულ ცვლილებებს და არც ზოგიერთი მუხლის ახლებურ ახსნას (ეკლ. 7:8). თუ შევნიშნეთ, რომ ამ საკითხებში თუნდაც მცირედით მოვიკოჭლებთ, ვილოცოთ და ვიფიქროთ საქმეების მე-15 თავში მოცემულ პრინციპებზე. d

13. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას მოთმინებაში?

13 მოთმინება მაშინაც შეიძლება საჭირო იყოს, როცა მათ ვასწავლით ბიბლიას, ვისაც უჭირს არაბიბლიურ მოძღვრებებსა და წეს-ჩვეულებებზე უარის თქმა. ასეთ შემთხვევაში შემსწავლელის გულის მოსამზადებლად საკმარისი დრო უნდა მივცეთ ღვთის სულს (1 კორ. 3:6, 7), და ღმერთს დახმარება უნდა ვთხოვოთ. იეჰოვა სწორედ საჭირო დროს და საჭირო სახით დაგვანახვებს, რისი გაკეთება იქნება გონივრული (1 იოან. 5:14).

„დაწვრილებით უყვებოდნენ“ გამამხნევებელ შემთხვევებს (საქმეები 15:3—5)

14, 15. როგორ სცა პატივი ანტიოქიის კრებამ პავლეს, ბარნაბასა და სხვა ძმებს, და რატომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ძმები გამხნევების წყარო აღმოჩნდნენ თანაქრისტიანებისთვის?

14 ლუკა განაგრძობს თხრობას: „ისინი კრებამ გააცილა. ფინიკიისა და სამარიის გავლისას იქაურ ძმებს დაწვრილებით უყვებოდნენ უცხოტომელების მოქცევის შესახებ, რაც მათ ძალიან ახარებდათ“ (საქ. 15:3). დამშვიდობებისას პავლე, ბარნაბა და სხვა ძმები კრებამ გააცილა, და ამით ქრისტიანული სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს. მათ დიდად სურდათ, რომ ღმერთს მხარდაჭერა არ მოეკლო მათთვის. ანტიოქიელი ძმები კიდევ ერთ შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ. ვცემთ პატივს სულიერ და-ძმებს, განსაკუთრებით კი უხუცესებს, რომლებიც „სიტყვასა და სწავლების საქმეში ბევრს ირჯებიან“? (1 ტიმ. 5:17).

15 იერუსალიმში მიმავალი ძმები ფინიკიასა და სამარიაში მცხოვრები ქრისტიანებისთვის გამხნევების წყარო აღმოჩნდნენ, „დაწვრილებით უყვებოდნენ“ მათ უცხოტომელებთან მსახურების შემთხვევებს. მსმენელებს შორის, ალბათ, იუდეველი ქრისტიანებიც იყვნენ, რომლებმაც სტეფანეს ჩაქოლვის შემდეგ შეაფარეს თავი ფინიკიასა და სამარიას. ის, თუ როგორ აკურთხებს დღეს იეჰოვა მოწაფეების მომზადების საქმეს, განსაკუთრებით იმ ძმებს ამხნევებს, რომლებსაც განსაცდელების ატანა უწევთ. ყოველთვის ესწრებით ქრისტიანულ შეხვედრებსა და კონგრესებს, სადაც ამგვარ მაგალითებს ჰყვებიან, და კითხულობთ ჩვენს პუბლიკაციებში დაბეჭდილ თუ ვებგვერდზე jw.org განთავსებულ შემთხვევებსა და ბიოგრაფიებს?

16. საიდან ჩანს, რომ წინადაცვეთის საკითხი საყოველთაო მსჯელობის საგნად იქცა?

16 ანტიოქიიდან სამხრეთით მიმავალმა ძმებმა დაახლოებით 550 კილომეტრი გაიარეს და იერუსალიმში ჩავიდნენ. ლუკა წერს: „იერუსალიმში რომ ჩავიდნენ, მოციქულებმა, უხუცესებმა და მთელმა კრებამ გულთბილად მიიღეს ისინი და მათგან ბევრი რამ მოისმინეს იმის შესახებ, რაც ღმერთმა მათი მეშვეობით მოიმოქმედა“ (საქ. 15:4). მაგრამ მოციქულებისა და უხუცესებისგან განსხვავებით «ფარისეველთა სექტის წევრები, რომლებმაც ირწმუნეს, წამოდგნენ და თქვეს: „აუცილებელია, რომ წინადაიცვითონ და მოსეს კანონი დაიცვან!“» (საქ. 15:5). აშკარაა, რომ არაიუდეველ ქრისტიანთა წინადაცვეთის საკითხი უკვე საყოველთაო მსჯელობის საგნად იყო ქცეული და გადაჭრას მოითხოვდა.

„მოციქულები და უხუცესები შეიკრიბნენ“ (საქმეები 15:6—12)

17. ვინ მსახურობდა პირველი საუკუნის ხელმძღვანელ საბჭოში და რატომ შეიძლებოდა ემსახურათ უხუცესებს მოციქულებთან ერთად?

17 იგავების 13:10-ში ნათქვამია: „ვინც რჩევას ეძებს, ბრძენია“. ამ მუხლში მოცემული ბრძნული პრინციპის თანახმად, „[წინადაცვეთის] საკითხის განსახილველად მოციქულები და უხუცესები შეიკრიბნენ“ (საქ. 15:6). „მოციქულები და უხუცესები“ მაშინდელი ქრისტიანული კრების ინტერესებს იცავდნენ, ისევე, როგორც დღევანდელი ქრისტიანული კრების ინტერესებს ხელმძღვანელი საბჭო იცავს. რატომ მსახურობდნენ უხუცესები მოციქულებთან ერთად? მოგეხსენებათ, რომ მოციქული იაკობი მოკლეს, მოციქული პეტრე კი დროის გარკვეულ მონაკვეთში საპყრობილეში იჯდა. შესაძლოა დანარჩენი მოციქულებიც შეხვდნენ მსგავს განსაცდელებს. სხვა გამოცდილ სულითცხებულ ძმებთან თანამშრომლობა ხელმძღვანელ საბჭოს კრების ხელმძღვანელობას გაუადვილებდა.

18, 19. რა თქვა პეტრემ და რა დასკვნამდე უნდა მისულიყვნენ მისი მსმენელები?

18 ლუკა წერს: «დიდხანს იმსჯელეს; ბოლოს პეტრე ადგა და უთხრა მათ: „ძმებო, კარგად იცით, რომ თავდაპირველად ღმერთმა თქვენ შორის მე ამირჩია, რათა უცხოტომელებს ჩემგან მოესმინათ სასიხარულო ცნობა და ერწმუნათ. გულთამხილავმა ღმერთმაც დაანახვა მათ, რომ მოიწონა, როცა ჩვენსავით მათაც მისცა წმინდა სული. ჩვენ და მათ შორის არანაირი განსხვავება არ გაუკეთებია და მათი გულები მათივე რწმენის გამო განწმინდა» (საქ. 15:7—9). ერთ ნაშრომში აღნიშნულია, რომ ბერძნული სიტყვა, რომელიც მეშვიდე მუხლში ნათარგმნია როგორც „იმსჯელეს“, „ძიებასაც“ ნიშნავს. როგორც ჩანს, ძმებს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ, რომელსაც დაუფარავად გამოხატავდნენ, და ყველა მათგანი გულწრფელად იყო დარწმუნებული თავისი პოზიციის სისწორეში.

19 პეტრეს დამაჯერებელმა სიტყვებმა ყველას შეახსენა, რომ ის თავად იყო ახ. წ. 36 წელს პირველი წინადაუცვეთელი უცხოტომელების, კორნელიუსისა და მისი შინაურების, წმინდა სულით ცხების მომსწრე. ასე რომ, თუ იეჰოვა აღარ ასხვავებდა იუდეველებს არაიუდეველებისგან, თვითონ რა უფლებით უნდა განესხვავებინათ?! მორწმუნეების გულებს ხომ ქრისტეს მიმართ რწმენა წმენდს და არა მოსეს კანონის დაცვა (გალ. 2:16).

20. რა გაგებით სცდიდნენ ღმერთს წინადაცვეთის მხარდამჭერნი?

20 ღვთის სიტყვისა და წმინდა სულის უტყუარი მოწმობით პეტრემ ასეთი დასკვნა გააკეთა: „მაშ, რატომ სცდით ღმერთს და რატომ ადგამთ მოწაფეებს კისერზე უღელს, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამა-პაპამ შეძლო და ვერც ჩვენ?! ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესოს წყალობამ ჩვენც გვიხსნა და ის ხალხიც“ (საქ. 15:10, 11). წინადაცვეთის მხარდამჭერნი ღვთის მოთმინებას სცდიდნენ. ისინი უცხოტომელებისგან ისეთი კანონების შესრულებას მოითხოვდნენ, რომლებსაც თვითონ იუდეველები ბოლომდე ვერ ასრულებდნენ, კანონის შეუსრულებლობის გამო კი სიკვდილს იმსახურებდნენ (გალ. 3:10). პეტრეს იუდეველი მსმენელები მადლიერები უნდა ყოფილიყვნენ იესოს სახით გამოვლენილი ღვთის წყალობისთვის.

21. რა წვლილი შეიტანეს ბარნაბამ და პავლემ განხილვაში?

21 როგორც ჩანს, პეტრეს მსჯელობამ თავის მიზანს მიაღწია, რადგან „ყველანი დადუმდნენ“. შემდეგ პავლე და ბარნაბა „მრავალი სასწაულისა და საკვირველების შესახებ ჰყვებოდნენ, რომლებიც ღმერთმა მათი მეშვეობით უცხოტომელთა შორის მოიმოქმედა“ (საქ. 15:12). ახლა უკვე მოციქულებს და უხუცესებს შეეძლოთ ყველა ფაქტის აწონ-დაწონა და წინადაცვეთის საკითხში ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ღვთის ნებასთან იქნებოდა შეთანხმებული.

22—24. ა) როგორ მიჰყვება ხელმძღვანელი საბჭო პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს მაგალითს? ბ) როგორ უნდა მიჰყვნენ თეოკრატიას უხუცესები?

22 დღესაც ხელმძღვანელი საბჭოს წევრები ერთად შეკრებისას ხელმძღვანელობისთვის ღვთის სიტყვას მიმართავენ და ღმერთს გულწრფელად სთხოვენ წმინდა სულს (ფსალმ. 119:105; მათ. 7:7—11). ხელმძღვანელი საბჭოს თითოეული წევრი წინასწარ იღებს განსახილველი საკითხების სიას, რათა იფიქროს და ილოცოს ამ საკითხებზე (იგავ. 15:28). შეხვედრის დროს სულითცხებული ძმები თავისუფლად და ურთიერთპატივისცემით გამოხატავენ თავიანთ აზრს. მსჯელობისას ხშირად მიმართავენ ბიბლიას.

23 კრების უხუცესებმა უნდა მიჰბაძონ მათ. თუ უხუცესების შეხვედრის შემდეგ სერიოზული საკითხი გადაუჭრელი რჩება, უხუცესთა საბჭომ შეიძლება ფილიალს ან ფილიალის წარმომადგენელს, მაგალითად, სარაიონო ზედამხედველს, მიმართოს დახმარებისთვის. საჭიროების შემთხვევაში ფილიალს შეუძლია ხელმძღვანელ საბჭოს მისწეროს.

24 იეჰოვა მხარს დაუჭერს მათ, ვინც ემორჩილება თეოკრატიას, თავმდაბალი, ერთგული და მომთმენია. მომდევნო თავში დავინახავთ, რომ ღმერთი ასეთებს ჭეშმარიტი მშვიდობით, სულიერი კეთილდღეობითა და ქრისტიანული ერთობით აჯილდოებს.

b წინადაცვეთის შეთანხმება არ შედიოდა აბრაამთან დადებულ შეთანხმებაში, რომელიც დღემდე ძალაშია. აბრაამთან დადებული შეთანხმება ძვ. წ. 1943 წელს შევიდა ძალაში, როცა ქანაანისკენ მიმავალმა 75 წლის აბრაამმა (ჯერ კიდევ აბრამმა) მდინარე ევფრატი გადაკვეთა. წინადაცვეთის შეთანხმება ღმერთმა მოგვიანებით, ძვ. წ. 1919 წელს, დაუდო, როცა აბრაამი 99 წლისა იყო (დაბ. 12:1—8; 17:1, 9—14; გალ. 3:17).

c როგორც ჩანს, იერუსალიმში გაგზავნილ ხალხს შორის იყო ბერძენი ქრისტიანი ტიტე, რომელიც მოგვიანებით ერთგულად მსახურობდა პავლესთან ერთად და მის მაგივრადაც ინახულებდა ძმებს (გალ. 2:1; ტიტ. 1:4). ტიტე თვითონ იყო იმის თვალსაჩინო მაგალითი, რომ წინადაუცვეთელი უცხოტომელი შეიძლებოდა სულითცხებული ქრისტიანი ყოფილიყო (გალ. 2:3).