არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 12

როგორ შეგიძლიათ ღმერთთან დაახლოება?

როგორ შეგიძლიათ ღმერთთან დაახლოება?

1. ყველას ლოცვას ისმენს ღმერთი?

ღმერთი ყველა ერიდან და ხალხიდან იწვევს ადამიანებს, რომ დაუახლოვდნენ მას ლოცვით (ფსალმუნი 65:2). თუმცა მისთვის ყველა ლოცვა არ არის მისაღები და ყველას ლოცვას არ ისმენს. მაგალითად, იმ მამაკაცებს, რომლებიც თავიანთ ცოლებს ცუდად ექცევიან, როგორც ბიბლიაში წერია, ლოცვა უბრკოლდებათ (1 პეტრე 3:7). როცა ისრაელები ჯიუტად განაგრძობდნენ ბოროტი საქმეების კეთებას, ღმერთი მათ ლოცვებს აღარ ისმენდა. ერთი რამ ცხადია: ლოცვა უდიდესი პატივია. თუ ინანიებენ, იეჰოვა მათ ლოცვებსაც კი ისმენს, ვინც სერიოზულ ცოდვას სჩადის. წაიკითხეთ ესაიას 1:15; 55:7.

უყურეთ ვიდეორგოლს „ყველას ლოცვას ისმენს ღმერთი?“

2. როგორ უნდა ვილოცოთ?

ლოცვა ჩვენი თაყვანისმცემლობის ნაწილია, ამიტომ ლოცვით მხოლოდ ჩვენს შემოქმედს, იეჰოვას, უნდა მივმართოთ (მათე 4:10; 6:9). რადგან არასრულყოფილები ვართ, ღმერთს ლოცვით იესოს სახელით უნდა მივმართოთ, ვინაიდან იესო ჩვენი ცოდვების გამო მოკვდა (იოანე 14:6). იეჰოვას არ უნდა, რომ დაზეპირებული ან დაწერილი ლოცვები ვიმეოროთ. მას უნდა, რომ ალალად და გულწრფელად ვესაუბროთ. წაიკითხეთ მათეს 6:7; ფილიპელების 4:6, 7.

ჩვენს შემოქმედს შეუძლია გულში წარმოთქმული ლოცვებიც მოისმინოს (1 სამუელი 1:12, 13). ის მზად არის, მოგვისმინოს ნებისმიერ დროს, იქნება ეს დილით, საღამოს, ჭამის წინ თუ სხვადასხვა პრობლემის წინაშე ყოფნისას. წაიკითხეთ ფსალმუნის 55:22; მათეს 15:36.

3. რატომ იკრიბებიან ქრისტიანები ერთად?

ღმერთთან დაახლოება არ არის იოლი, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ხალხი ნაკლებად ავლენს ღვთისადმი რწმენას და უფრო მეტიც, ცინიკურად უყურებს ღვთის განზრახვას დედამიწასთან დაკავშირებით (2 ტიმოთე 3:1, 4; 2 პეტრე 3:3, 13). ამიტომ აუცილებლად გვესაჭიროება თანამორწმუნეებთან ურთიერთობა, რაც გამამხნევებელი იქნება ჩვენთვის. წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25.

ისეთ საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომელსაც ღმერთი უყვარს, ღმერთთან დაახლოებაში გვეხმარება. იეჰოვას მოწმეთა შესაკრებლები ერთმანეთის გასამხნევებლად მართლაც შესანიშნავი ადგილებია. წაიკითხეთ რომაელების 1:11, 12.

4. როგორ შეგიძლიათ ღმერთთან დაახლოება?

თუ იმაზე იფიქრებთ, რასაც ბიბლიიდან სწავლობთ, ეს იეჰოვასთან დაგაახლოებთ. რის სწავლა შეგიძლიათ მისი რჩევებიდან, საქმეებიდან და დაპირებებიდან. გულითადი ლოცვა და ფიქრი დაგანახვებთ, რამდენად უსაზღვრო სიყვარულსა და სიბრძნეს ფლობს ღმერთი. წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 1:8; ფსალმუნის 1:1—3.

თქვენ შეძლებთ ღმერთთან დაახლოებას, თუ ნდობას გამოავლენთ მისადმი. რწმენა ცოცხალი ორგანიზმივითაა, რომელსაც კვება სჭირდება. თქვენც გამუდმებით შეგიძლიათ კვებოთ თქვენი რწმენა, თუ იფიქრებთ იმაზე, რამაც თქვენი რწმენის სისწორეში დაგარწმუნათ. წაიკითხეთ მათეს 4:4; ებრაელების 11:1, 6.

5. რას არგებს ადამიანს ღმერთთან დაახლოება?

იეჰოვა ზრუნავს მათზე, ვისაც უყვარს ის. მას შეუძლია დაიცვას ისინი რწმენის ნებისმიერი განსაცდელის დროს (ფსალმუნი 91:1, 2, 7—10). ის გვაფრთხილებს, რომ მოვერიდოთ ისეთ საქციელს, რაც ჯანმრთელობასა და ბედნიერებას წაგვართმევს. იეჰოვა მართლაც საუკეთესო გზას გვასწავლის! წაიკითხეთ ფსალმუნის 73:27, 28; იაკობის 4:4, 8.