არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მათეს 5—7 თავები

მათეს 5—7 თავები

5 ხალხი რომ დაინახა, მთაზე ავიდა; დაჯდა და მოწაფეები მივიდნენ მასთან. 2 მან გახსნა ბაგე და ასწავლიდა მათ:

3 «ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი a, რადგან მათია ზეციერი სამეფო.

4 ბედნიერნი არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშს პოვებენ.

5 ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას.

6 ბედნიერნი არიან სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან.

7 ბედნიერნი არიან გულმოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებულნი იქნებიან.

8 ბედნიერნი არიან სუფთა გულისანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.

9 ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან მათ ღვთის ძეები დაერქმევათ.

10 ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო.

11 ბედნიერნი ხართ, თუ გლანძღავენ, გდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო. 12 იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდი საზღაური გელით ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც ასე დევნიდნენ.

13 თქვენ ხართ მარილი მიწისთვის და, თუ მარილი ძალას დაკარგავს, როგორღა დაუბრუნდება სიმლაშე?! ის აღარაფრად ივარგებს, მხოლოდ გარეთ თუ გადაყრიან, ხალხმა რომ გათელოს.

14 თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთაზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება. 15 ლამპარს რომ ანთებენ, ჭურჭელს კი არ აფარებენ ზემოდან, არამედ სალამპრეზე დგამენ, რომ ყველას გაუნათოს სახლში. 16 თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას.

17 არ იფიქროთ, რომ კანონის ან წინასწარმეტყველებების გასაუქმებლად მოვედი; გასაუქმებლად კი არა, შესასრულებლად მოვედი. 18 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ცა და დედამიწა რომც მოისპოს, კანონიდან არცერთი პაწაწინა ასო და ასოს უმცირესი ნაწილაკიც კი არ დარჩება შეუსრულებელი. 19 ამიტომ ის, ვინც ერთ ამ უმცირეს მცნებათაგანს არღვევს და სხვებსაც იმავეს ასწავლის, უღირსად ჩაითვლება b ზეციერი სამეფოსთვის; ის კი, ვინც მათ ასრულებს და ასწავლის, ღირსეულად ჩაითვლება c ზეციერი სამეფოსთვის. 20 გეუბნებით: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობრებისა და ფარისევლების სიმართლეს, ვერ დაიმკვიდრებთ ზეციერ სამეფოს.

21 თქვენ გსმენიათ, რაც თქვენი წინაპრებისთვის უთქვამთ: არ მოკლა; ვინც მკვლელობას ჩაიდენს, სასამართლოს წინაშე აგებსო პასუხს, 22 მე კი გეუბნებით: ვინც განრისხებულია თავის ძმაზე, სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს; ვინც თავის ძმას სიტყვით ამცირებს, უზენაესი სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს, ხოლო ის, ვინც ეუბნება: „შე უვარგისო!“ ცეცხლოვან გეენას დაექვემდებარება.

23 თუ ძღვენს მიიტან სამსხვერპლოსთან და იქ გაგახსენდება, რომ შენი ძმა განაწყენებულია შენზე, 24 დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი, მერე კი დაბრუნდი და შესწირე შენი ძღვენი.

25 სწრაფად, გზაშივე, მოაგვარე საქმე შენს მომჩივანთან, რათა მან არ გადაგცეს მოსამართლეს, მოსამართლემ კი — მცველს, და საპყრობილეში არ ჩაგაგდონ. 26 ჭეშმარიტებას გეუბნები: იქიდან ვერ გამოხვალ, სანამ უკანასკნელ კოდრანტს d არ გადაიხდი.

27 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“, 28 მე კი გეუბნებით: ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან გულში. 29 ამიტომ, თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში; 30 და, თუ მარჯვენა ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული აღმოჩნდეს გეენაში.

31 ისიც თქმულა, ვინც ცოლს ეყრება, გაყრის მოწმობა მისცესო, 32 მე კი გეუბნებით: ვინც ცოლს გაეყრება, თუმცა არა ღალატის e გამო, მას მრუშობის საბაბს აძლევს, და ვინც ასეთ ქალზე ქორწინდება, მრუშობს.

33 ისიც გსმენიათ, რაც ძველი ხალხისთვის უთქვამთ, ტყუილუბრალოდ არ დაიფიცო, არამედ შეუსრულეო იეჰოვას შენი აღთქმები, 34 მე კი გეუბნებით: არაფერი დაიფიცოთ, არც ზეცა, რადგან ის ღვთის ტახტია, 35 არც დედამიწა, რადგან ის მისი ფეხსადგამია, არც იერუსალიმი, რადგან ის დიდი მეფის ქალაქია, 36 არც საკუთარი თავი დაიფიცოთ, რადგან თმის ერთი ღერის გათეთრება ან გაშავებაც კი არ შეგიძლიათ. 37 თქვენი „დიახ“ იყოს დიახ, „არა“ კი — არა; რაც ამაზე მეტია, ბოროტისგან არის.

38 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა, თვალი თვალით ზღონ, კბილი კი — კბილითო, 39 მე კი გეუბნებით: ნუ შეეწინააღმდეგებით ბოროტ კაცს; თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნავს სილას, მეორე ლოყაც მიუშვირე. 40 თუ ვინმე სასამართლოში გიჩივის და შენი ტანსაცმლის მისაკუთრება უნდა, მოსასხამიც მიეცი, 41 და, თუ ძალაუფლების მქონე ერთ მილზე f გაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი. 42 თუ ვინმე რამეს გთხოვს, მიეცი და, თუ ვინმეს შენგან ფულის სესხება g სურს, ზურგს ნუ შეაქცევ.

43 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა, მოყვასი გიყვარდეს და მტერი გძულდესო, 44 მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის, 45 რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები, რომელსაც მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც, 46 რადგან, თუ მხოლოდ ისინი გიყვართ, ვისაც თქვენ უყვარხართ, რა საზღაურს ელით?! განა მებაჟეებიც ასე არ იქცევიან?! 47 თუ მხოლოდ თქვენს მოძმეებს ესალმებით, განსაკუთრებულს რას აკეთებთ?! განა უცხოტომელებიც ასე არ იქცევიან?! 48 მაშ, იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი».

6 «ერიდეთ სიმართლის ქმნას ხალხის თვალწინ, მათ დასანახავად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან. 2 მაშ, როცა გაჭირვებულს ხელს გაუმართავ, ნუ გაახმაურებ, როგორც ამას თვალთმაქცები აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, ხალხმა რომ განადიდოს ისინი. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური. 3 შენ კი, როცა გაჭირვებულს ხელს გაუმართავ, შენს მარცხენას ნუ გააგებინებ, რას აკეთებს შენი მარჯვენა; 4 სხვების დასანახავად ნუ გააკეთებ ამას, და მამა, რომელიც თვალისთვის დაფარულსაც ხედავს, მოგიზღავს შენ.

5 როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რადგან მათ უყვართ სინაგოგებსა და მთავარი ქუჩების კუთხეებში დგომა და ლოცვა სხვების დასანახავად. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური. 6 შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ლოცვით მიმართე მამას, რომელსაც ვერ ხედავ, და მამა, რომელიც თვალისთვის დაფარულსაც ხედავს, მოგიზღავს შენ. 7 ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად უცხოტომელებივით, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილნი იქნებიან. 8 ნუ დაემსგავსებით მათ, რადგან ღმერთმა, თქვენმა მამამ, მანამდე იცის, რა გჭირდებათ, სანამ სთხოვთ.

9 ამიტომ ასე ილოცეთ:

„ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. 10 მოვიდეს შენი სამეფო. შესრულდეს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე. 11 მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური. 12 გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს. 13 დაგვეხმარე, არ ავყვეთ ცდუნებას h და გვიხსენი ბოროტისგან“.

14 თუ თქვენ პატიობთ სხვებს, თქვენც გაპატიებთ ცოდვებს ზეციერი მამა, 15 ხოლო, თუ თქვენ არ პატიობთ სხვებს, არც თქვენ გაპატიებთ ცოდვებს ზეციერი მამა.

16 როცა მარხულობთ, ნუღარ მიიღებთ დაღვრემილ სახეს თვალთმაქცებივით, რომლებიც თავმოუვლელნი დადიან, რათა სხვებს დაანახვონ, რომ მარხულობენ. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური. 17 შენ კი, როცა მარხულობ, თავზე ზეთი იცხე და პირი დაიბანე, 18 რათა სხვებმა კი არ დაგინახონ, რომ მარხულობ, არამედ მამამ, რომელსაც ვერ ხედავ, და მამა, რომელიც თვალისთვის დაფარულსაც ხედავს, მოგიზღავს შენ.

19 ნუღარ მოაგროვებთ განძს დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და ქურდები იპარავენ. 20 მოაგროვეთ განძი ზეცაში, სადაც ვერც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და ვერც ქურდები იპარავენ, 21 რადგან, სადაც შენი განძია, იქ იქნება შენი გულიც.

22 სხეულის ლამპარი თვალია. ამიტომ, თუ თვალი სუფთა i გაქვს, მთელი სხეული ნათელი გექნება, 23 მაგრამ, თუ თვალი ბოროტი j გაქვს, მთელი სხეული ბნელი გექნება. თუკი სინათლის ნაცვლად შენში სიბნელეა, რამდენად ბნელი ყოფილა შენი სხეული!

24 ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს გადაჰყვება თან და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც.

25 ამიტომ გეუბნებით: ნუღარ წუხხართ საკუთარ თავზე, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც სხეულზე, რა ჩაიცვათ. განა სიცოცხლე საჭმელზე ძვირფასი არ არის და სხეული — ტანსაცმელზე?! 26 დააკვირდით ცის ფრინველებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, მაგრამ თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ. განა თქვენ მათზე ძვირფასნი არ ხართ?! 27 რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით სიცოცხლე ცოტა ხნით მაინც გაიხანგრძლივოს? 28 ან ჩაცმაზე რაღას წუხხართ? ისწავლეთ მინდვრის შროშნებისგან; ისინი ხომ ისე იზრდებიან, რომ არც შრომობენ და არც ართავენ. 29 გეუბნებით, თვით დიდი სოლომონიც კი არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. 30 თუკი ღმერთი ასე მოსავს მინდვრის მცენარეებს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირე რწმენისანო?! 31 ასე რომ, ნურასდროს დაიწყებთ წუხილს და ნუ იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ ან რა ჩავიცვათო, 32 რადგან ამ ყოველივეზე უცხოტომელები ფიქრობენ დღენიადაგ. თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს.

33 ამიტომ, უპირველესად, ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ. 34 მაშ, ნურასდროს დაიწყებთ წუხილს ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თავის სადარდებელს მოიტანს; ყოველ დღეს ისედაც თავისი გასაჭირი აქვს».

7 «ნუღარ განსჯით, რომ არც თქვენ განისაჯოთ, 2 რადგან როგორც თქვენ განსჯით სხვებს, თქვენც ისევე განისჯებით და რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ. 3 მაშ, რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ამჩნევ?! 4 ან როგორ ეუბნები შენს ძმას, მოდი თვალიდან ბალახის ღერს ამოგიღებო, როცა შენ თვითონ მორი გაქვს თვალში?! 5 თვალთმაქცო! ჯერ შენ ამოიღე თვალიდან მორი და მერე უკეთ დაინახავ, როგორ ამოუღო შენს ძმას თვალიდან ბალახის ღერი.

6 ნურასოდეს მისცემთ წმინდას ძაღლებს, ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით ღორებს, რათა ზედ არ შედგნენ, მერე კი თქვენ არ შემოგიბრუნდნენ და არ დაგგლიჯონ.

7 ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ, 8 რადგან ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება. 9 რომელი თქვენგანი მიაწვდის თავის შვილს ქვას, თუ ის პურს სთხოვს?! 10 ანდა — გველს, თუ ის თევზს სთხოვს?! 11 ამიტომ, თუ თქვენ, ცოდვილები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს კარგს მათ, ვინც სთხოვს!

12 ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ, რადგან ეს არის კანონისა და წინასწარმეტყველებების არსი.

13 შედით ვიწრო ჭიშკრით, რადგან განიერია ჭიშკარი, რომელშიც მრავალი შედის, და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს კაცი; 14 ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს კაცი, და ცოტანი პოვებენ მას.

15 უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიცთქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან, შიგნიდან კი დამშეული მგლებივით არიან. 16 მათ თავიანთი ნაყოფით იცნობთ. განა კრეფენ ეკლიდან ყურძენს ან ნარიდან ლეღვს?! 17 ასევე კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც უვარგისს ისხამს. 18 კარგი ხე უვარგის ნაყოფს ვერ მოისხამს, ვერც ცუდი ხე მოისხამს კარგ ნაყოფს. 19 ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ ისხამს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. 20 ასე რომ, მათივე ნაყოფით იცნობთ მათ.

21 ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ დაიმკვიდრებს ზეციერ სამეფოს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. 22 ბევრი მეტყვის იმ დღეს, უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით, განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდითო მრავალ სასწაულს?! 23 მაშინ მე განვუცხადებ მათ: „არასოდეს გიცნობდით! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო!“

24 ამიტომ, ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და ასრულებს მათ, ჰგავს გონიერ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე აიშენა სახლი. 25 დაუშვა წვიმამ, მოვარდა ნიაღვარი და დაუბერა ქარმა; ეკვეთნენ სახლს, მაგრამ ის არ დაინგრა, რადგან კლდეზე იყო აშენებული. 26 ხოლო ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს მათ, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. 27 დაუშვა წვიმამ, მოვარდა ნიაღვარი და დაუბერა ქარმა; ეკვეთნენ სახლს და სახლი ისე დაინგრა, რომ ქვა ქვაზე არ დარჩენილა».

28 დაასრულა იესომ ეს სიტყვები; ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა, 29 რადგან მათი მწიგნობრებისგან განსხვავებით, იგი ღვთიური ძალაუფლებით ასწავლიდა.

a  სიტყვასიტყვით — „სულით ღარიბნი“, „სულის მათხოვარნი“.

b  სიტყვასიტყვით — „უმცირესი ეწოდება“.

c  სიტყვასიტყვით — „დიდი ეწოდება“.

d  მცირე ღირებულების ბერძნული მონეტა. იხ. დანართი ბ14.

e  ბერძნ. „პორნია“.

f  იგულისხმება რომაული მილი; უდრიდა დაახლ. 1 480 მ-ს.

g  იგულისხმება სესხება სარგებლის გარეშე.

h  სიტყვასიტყვით — „ნუ შეგვიყვან ცდუნებაში“.

i  სხვაგვარად — „ერთ რამეზე მომზირალი“. სიტყვასიტყვით — „უბრალო“.

j  სხვაგვარად — „ხარბი“.