დილემის წინაშე
პიტერი დაძაბულობისგან სკამზე მოუსვენრად ზის. მისმა საყვარელმა მასწავლებელმა ეს-ესაა მსჯელობა დაამთავრა ჩარლზ დარვინის ევოლუციის თეორიაზე. როგორც მან ახსნა, ამ თეორიამ მეცნიერების წინსვლას შეუწყო ხელი და ადამიანები ცრურწმენისგან გაათავისუფლა. მსჯელობის ბოლოს მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვა, ამ თემაზე საკუთარი აზრი გამოეთქვათ.
პიტერი დილემის წინაშე დგას. მას მშობლებმა ასწავლეს, რომ დედამიწა და სიცოცხლე ღმერთმა შექმნა. მისი მშობლები თვლიან, რომ შემოქმედების შესახებ ბიბლიაში ჩაწერილი ინფორმაცია ზუსტია, ევოლუცია კი მხოლოდ დაუსაბუთებელი თეორიაა. პიტერმა იცის, რომ მასწავლებელსაც და მშობლებსაც კარგი მოტივები ამოძრავებთ. მაგრამ ვის უნდა დაუჯეროს მან?
ყოველ სასწავლო წელს მთელ მსოფლიოში მსგავსი დილემის წინაშე ათასობით მოსწავლე დგება. როგორ უნდა მოიქცნენ პიტერი და მის მდგომარეობაში მყოფი მოსწავლეები? ხომ არ ჯობია, მათ საკუთარი შეხედულება ჰქონდეთ ამ საკითხზე? ისინი უნდა გაეცნონ ევოლუციისა და შემოქმედების მხარდამჭერ ფაქტებს, რათა შემდეგ თავად გადაწყვიტონ, რომელი შეხედულება დაიჯერონ.
ბიბლია გვაფრთხილებს, რომ ყველაფერი ბრმად არ დავიჯეროთ. მასში ასეთი სიტყვები წერია: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15). ბიბლია მოგვიწოდებს, გავიაზროთ ყველაფერი, რასაც ვსწავლობთ (რომაელები 12:1, 2).
ამ ბროშურის მიზანი არ არის, რომ მხარი დაუჭიროს რელიგიურ ჯგუფებს, რომელთაც სურთ, სკოლებში ღვთის შემოქმედების შესახებ ისწავლებოდეს. მასში უბრალოდ განხილულია ის შეხედულებები, რომელთა მიხედვითაც სიცოცხლე თავისით გაჩნდა, ხოლო შემოქმედების შესახებ ბიბლიაში ჩაწერილი ცნობა ზღაპარია.
ამ ბროშურაში ძირითადი ყურადღება მახვილდება უჯრედზე, რომელიც ცოცხალი ორგანიზმის მთავარი შემადგენელი ნაწილია. ბროშურის კითხვის დროს გაიგებთ, რა საოცრად არის აგებული უჯრედები. ასევე გაეცნობით ძირითად მოსაზრებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ევოლუციის თეორიას.
ადრე თუ გვიან ყველას გვიჩნდება კითხვა: თავისით გაჩნდა სიცოცხლე თუ ვინმემ შექმნა? შესაძლოა ამ საკითხზე სერიოზულადაც გიფიქრიათ. ამ ბროშურაში მოცემულია რამდენიმე მტკიცება, რომელმაც ბევრი დაარწმუნა, რომ სიცოცხლე შემოქმედების ნაყოფია.