კითხვა 1
როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?
გიკითხავთ ბავშვობაში მშობლებისთვის, როგორ ჩნდებიან ბავშვები? რა გიპასუხეს მათ? ეს იმაზეა დამოკიდებული, რა ასაკის იყავით და როგორ უყურებდნენ მშობლები ამ საკითხს. შეიძლება მათ წაუყრუეს ამ კითხვას ან შეცბუნებულებმა ნაჩქარევად გიპასუხეს. შესაძლოა რაღაც მოგონილ ამბავს მოგიყვნენ და მხოლოდ მოგვიანებით მიხვდით, რომ გატყუებდნენ. ცხადია, სანამ ბავშვი სრულწლოვანი გახდება და დაქორწინდება, მას მოუწევს იმის გაგება, როგორ ხდება სქესობრივი გამრავლება.
როგორც მშობლებს ეუხერხულებათ იმაზე საუბარი, როგორ ჩნდებიან ბავშვები, ასევე მეცნიერებიც თავს არიდებენ ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხზე, სიცოცხლის წარმოშობაზე საუბარს. ამ საკითხზე სწორი წარმოდგენა უდიდეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ რა შეხედულება გვექნება სიცოცხლეზე. მაშ, როგორ წარმოიშვა სიცოცხლე?
რას ამტკიცებენ მეცნიერები? ევოლუციის მომხრეები ირწმუნებიან, რომ სიცოცხლე მილიარდობით წლის წინ, უძველეს წყალსატევებში ან ოკეანის სიღრმეებში წარმოიშვა. ისინი თვლიან, რომ სავარაუდოდ ამ ადგილებში მოხდა ქიმიური ნაერთების სპონტანური თავმოყრა ბუშტუკოვან წარმონაქმნებად, რის შედეგადაც თვითწარმოქმნის უნარის მქონე რთული მოლეკულები წარმოიშვა. ევოლუციონისტებს სჯერათ, რომ დედამიწაზე ყველანაირ სიცოცხლეს დასაბამი ერთმა ან რამდენიმე პირველყოფილმა „მარტივმა“ უჯრედმა მისცა.
ევოლუციის მომხრე ზოგი ცნობილი მეცნიერი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. მათი ვარაუდით, პირველი უჯრედები ან მათი შემადგენელი ძირითადი ელემენტები დედამიწაზე გარე სამყაროდან მოხვდა. რატომ ფიქრობენ ისინი ასე? არაერთი მცდელობის მიუხედავად მეცნიერებმა ვერ შეძლეს იმის დამტკიცება, რომ სიცოცხლე შეიძლება თავისით გაჩნდეს არაცოცხალი მოლეკულებისგან. 2008 წელს ბიოლოგიის პროფესორმა, ალექსანდრე მენეჟმა, ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში 1
«დაკვირვებისა თუ ექსპერიმენტების შედეგად მიღებული არც ერთი მონაცემი არ უჭერს მხარს დედამიწაზე უბრალო მოლეკულური „ბულიონიდან“ სიცოცხლის სპონტანურად წარმოშობის იდეას. ამ დასკვნამდე არც უახლეს მეცნიერულ მიღწევებს მივყავართ».რაზე მეტყველებს ფაქტები? დღეს ყველასთვის ცნობილია, როგორ ჩნდებიან ბავშვები და ამაზე არავინ კამათობს. ყოველი ცოცხალი ცოცხალისგან წარმოიშობა. გამოდის, რომ ერთ დროს ეს უცვლელი პრინციპი დაირღვა და სიცოცხლე არაცოცხალი ქიმიური ნაერთებისგან თავისით გაჩნდა. მაგრამ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ასეთი რამ სინამდვილეში მოხდა?
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უჯრედის არსებობისთვის საჭიროა, სულ მცირე, სამი ტიპის რთული მოლეკულის ურთიერთქმედება. ესენია: დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა), რნმ (რიბონუკლეინის მჟავა) და ცილები. დღეს ცოტა თუ გაბედავს იმის მტკიცებას, რომ მთლიანი ცოცხალი უჯრედი უცებ გაჩნდა არაცოცხალი ქიმიური ნაერთების შერწყმის შედეგად. აქედან გამომდინარე, რამდენად რეალურია იმის მტკიცება, რომ რნმ ან ცილები შემთხვევით გაჩნდა? *
მრავალი მეცნიერი სიცოცხლის თავისით წარმოშობის იდეას 1953 წელს სტენლი მილერის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის საფუძველზე ემხრობა. მილერმა აირების ნარევში, რომელიც სავარაუდოდ პირველყოფილი დედამიწის ატმოსფეროს წარმოადგენდა, ელექტრული მუხტის გატარებით მიიღო რამდენიმე ამინომჟავა ანუ ცილების შემადგენლობაში არსებული ქიმიური ნაერთები. მას შემდეგ ამინომჟავები მეტეორიტშიც აღმოაჩინეს. ამტკიცებს ეს აღმოჩენები იმას, რომ სიცოცხლის წარმოშობისთვის აუცილებელი ელემენტები შეიძლება შემთხვევით გაჩნდეს?
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, ქიმიკოსი რობერტ შაპირო ამბობს: „ზოგიერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ირწმუნება, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა ნაერთი ნაპოვნი იქნა მეტეორიტებში და ამ ნაერთების წარმოქმნა ადვილად შეიძლება ისეთივე ექსპერიმენტებით, როგორიც მილერმა ჩაატარა. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება“.2 *
ახლა ვისაუბროთ რნმ-ის მოლეკულაზე. ის შედგება უფრო მცირე ზომის მოლეკულებისგან, რომლებსაც ნუკლეოტიდები ეწოდება. ნუკლეოტიდი ამინომჟავისგან განსხვავებული და მასზე ოდნავ რთული მოლეკულაა. შაპირო ამბობს: „ელექტრული მუხტის გატარებით ჩატარებული ექსპერიმენტებისა თუ მეტეორების გამოკვლევის შედეგად ვერც ერთი ტიპის ნუკლეოტიდი ვერ მიიღეს“.3 ის დასძენს, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი ქიმიური ელემენტების ნაზავიდან თვითწარმოქმნის უნარის მქონე რნმ-ის მოლეკულის თავისთავად წარმოქმნის ალბათობა „იმდენად მცირეა, რომ მსგავსი რამ სამყაროში თუნდაც ერთხელ მხოლოდ საოცარი იღბლიანი შემთხვევის წყალობით თუ მოხდებოდა“.4
რა შეიძლება ითქვას ცილის მოლეკულებზე? ისინი აგებულია გარკვეული თანმიმდევრობით დაჯგუფებული ამინომჟავებისგან, რომელთა რიცხვი 50-დან რამდენიმე ათასამდე მერყეობს. თითოეულ „მარტივ“ უჯრედში შემავალი საშუალო
ზომის ცილა 200 ამინომჟავას შეიცავს. ეს უჯრედებიც კი ათასობით სხვადასხვა ტიპის ცილისგან შედგება. თუნდაც 100 ამინომჟავისაგან აგებული ცილის დედამიწაზე შემთხვევით წარმოქმნის ალბათობა დაახლოებით კვადრილიონში ერთის ტოლია.თუ ლაბორატორიულ პირობებში რთული მოლეკულების შექმნას მეცნიერთა ჩარევა სჭირდება, რამდენად რეალურია იმის მტკიცება, რომ უჯრედის გაცილებით რთული მოლეკულები შემთხვევით გაჩნდა?
მკვლევარი ჰუბერტ იოკეი, რომელიც ევოლუციის თეორიას უჭერს მხარს, ამბობს: «შეუძლებელია, სიცოცხლის წარმოშობის ისტორია ასე დავიწყოთ: „თავდაპირველად იყო ცილები“».5 ცილების წარმოსაქმნელად რნმ-ია საჭირო, თუმცა ვერც რნმ წარმოიქმნება ცილების გარეშე. დავუშვათ, უაღრესად მცირე შანსის მიუხედავად, ცილებიცა და რნმ-ის მოლეკულები შემთხვევით გაჩნდა ერთსა და იმავე ადგილას ერთსა და იმავე დროს. მაგრამ რამდენად რეალურია იმის შანსი, რომ ისინი ისე დაიწყებდნენ ურთიერთქმედებას, რომ შედეგად თვითწარმოქმნისა და დამოუკიდებლად არსებობის უნარის მქონე სიცოცხლის ფორმა წარმოიშობოდა? აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაციის ასტრობიოლოგიის ინსტიტუტის დოქტორი, კეროლ კლელანდი * აღნიშნავს: „იმის ალბათობა, რომ ეს შემთხვევით მოხდა (ცილებისა და რნმ-ის ქაოსურ ნარევში) თითქმის ნულის ტოლია“. ის დასძენს: „მიუხედავად ამისა, მკვლევარების უმეტესობა, როგორც ჩანს, იმედოვნებს, რომ თუ გაარკვევენ, პირველყოფილ პირობებში დამოუკიდებლად როგორ წარმოიქმნა ცილები და რნმ, მათ ურთიერთქმედებასაც როგორღაც მოეფინება ნათელი“. თანამედროვე თეორიების შესახებ, რომლებითაც ცდილობენ ახსნან, შემთხვევით როგორ გაჩნდა სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტები, დოქტორი კლელანდი ამბობს: „ვერც ერთი მათგანი ვერ გვცემს დამაკმაყოფილებელ პასუხს, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი“.6
რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის? მოდით დავფიქრდეთ, რა სირთულეებს ხვდებიან მეცნიერები, რომლებსაც სჯერათ, რომ სიცოცხლე შემთხვევით გაჩნდა. მათ აღმოაჩინეს ზოგიერთი ამინომჟავა, რომელიც ცოცხალ უჯრედებშიც გვხვდება, და თავიანთ ლაბორატორიებში, კარგად დაგეგმილი და გათვლილი ექსპერიმენტების შედეგად, უფრო რთული მოლეკულების მიღებაც შეძლეს. ისინი იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ „მარტივი“ უჯრედის შესაქმნელად აუცილებელ ყველა ელემენტს შექმნიან. ისინი ჰგვანან იმ მეცნიერს, რომელმაც ბუნებაში არსებული ელემენტებისგან დაამზადა ფოლადი, პლასტმასი, სილიკონი, მავთული და საბოლოოდ ამ ყველაფრისგან შექმნა რობოტი. შემდეგ ისე დააპროგრამა, რომ მას თავისნაირი რობოტების შექმნა შესძლებოდა. ამგვარად, რას ამტკიცებს ეს მეცნიერი? მხოლოდ იმას, რომ შთამბეჭდავი მანქანის შესაქმნელად ინტელექტია საჭირო.
ასე რომ, თუ მეცნიერები ოდესმე შეძლებენ უჯრედის შექმნას, ეს მართლაც საოცარი რამ იქნება,
მაგრამ შეძლებენ ისინი იმის დამტკიცებას, რომ ყველაფერი თავისით გაჩნდა? განა ისინი საპირისპიროს არ დაამტკიცებენ?თქვენ როგორ ფიქრობთ? დღეს არსებული ყველა მეცნიერული ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ სიცოცხლე სიცოცხლისგან წარმოიშობა. მხოლოდ იმის დაჯერებას, რომ თუნდაც „მარტივი“ უჯრედი თავისით წარმოიქმნა არაცოცხალი ქიმიური ნაერთებისგან, უდიდესი რწმენა სჭირდება.
ზემოთ მოყვანილი ფაქტების განხილვის შემდეგ, გონივრულია გვჯეროდეს, რომ სიცოცხლე თავისით გაჩნდა? ვიდრე ამ კითხვას უპასუხებთ, მოდით, უფრო გულდასმით გამოვიკვლიოთ უჯრედის აგებულება. შემდეგ თავად განსაჯეთ, მეცნიერების მიერ სიცოცხლის წარმოშობის ასახსნელად შემოთავაზებული თეორიები სიმართლეს შეესაბამება თუ იმ ზღაპრებს ჰგავს, რომლებსაც ერთ დროს მშობლები გვიყვებოდნენ იმის ასახსნელად, თუ როგორ ჩნდებიან ბავშვები.
^ აბზ. 8 მე-3 ნაწილში, „საიდან მოდის ინფორმაცია?“, განხილული იქნება, თუ რამდენად დიდია დნმ-ის შემთხვევით წარმოქმნის ალბათობა.
^ აბზ. 10 პროფესორ შაპიროს არ სჯერა, რომ სიცოცხლე ვინმემ შექმნა. მისი აზრით სიცოცხლე თავისით გაჩნდა დღემდე აუხსნელი პროცესების შედეგად. 2009 წელს მანჩესტერის (ინგლისი) უნივერსიტეტის მეცნიერები იტყობინებოდნენ, რომ ლაბორატორიულ პირობებში ზოგიერთი ნუკლეოტიდის შექმნა შეძლეს. მაგრამ, როგორც შაპირომ განაცხადა, მათი „რეცეპტი“ „სრულებითაც არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია რნმ-ის სამყაროში შეღწევა“.
^ აბზ. 13 დოქტორი კლელანდი არ არის კრეაციონისტი. მისი აზრით სიცოცხლე თავისით გაჩნდა დღემდე აუხსნელი პროცესების შედეგად.