გაკვეთილი 1
ღმერთი დამეგობრებას გთავაზობს
ღმერთს სურს, რომ მისი მეგობარი იყო. გიფიქრია ოდესმე იმაზე, რომ შეგეძლო სამყაროში უდიდესი პიროვნების მეგობარი ყოფილიყავი? აბრაამს, რომელიც დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა, „ღვთის მეგობარი ეწოდა“ (იაკობი 2:23). ბიბლია მოგვითხრობს სხვებზეც, რომლებიც ღმერთთან მეგობრობდნენ და დიდად კურთხეულები იყვნენ. დღეს ღმერთთან დედამიწის ყველა კუთხეში მცხოვრები ადამიანები მეგობრობენ. შენც შეგიძლია იყო მისი მეგობარი.
ღმერთთან მეგობრობა ნებისმიერ ადამიანთან მეგობრობაზე უმჯობესია. ღმერთი თავის ერთგულ მეგობრებს იმედებს არასოდეს უცრუებს (ფსალმუნი 30:24). მის მეგობრად ყოფნა ავლადიდებაზე უკეთესია. როდესაც მდიდარი კვდება, მისი ფული სხვას რჩება. მაგრამ ღვთის მეგობრებს ისეთი საუნჯე აქვთ, რომელსაც ვერავინ წაართმევს (მათე 6:19).
ზოგი შეიძლება შეეცადოს, შეგაწყვეტინოს ღვთის შესახებ ცოდნის მიღება. მათ შორის შესაძლოა ზოგი შენი მეგობარი და ოჯახის წევრებიც კი იყვნენ (მათე 10:36, 37). თუ დაგცინიან ან გემუქრებიან, ჰკითხე საკუთარ თავს: „ვის მინდა ვასიამოვნო — ადამიანებს თუ ღმერთს?“ აბა დაფიქრდი: ვინმეს რომ ეთქვა შენთვის, საკვების მიღება უნდა შეწყვიტოო, დაემორჩილებოდი? რასაკვირველია, არა! საკვები სიცოცხლის შესანარჩუნებლად გჭირდება. ღმერთს კი შეუძლია გიბოძოს მარადიული სიცოცხლე! ამიტომ არავის არასოდეს დართო ნება, ხელი შეგიშალოს იმის გაგებაში, თუ როგორ შეგიძლია გახდე ღვთის მეგობარი (იოანე 17:3).