არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 6

სამოთხე ახლოს არის!

სამოთხე ახლოს არის!

დედამიწაზე ამჟამად არსებული ყოველგვარი ბოროტება იმაზე მეტყველებს, რომ სამოთხე ახლოს არის. ბიბლია ამბობს, რომ სამოთხის დადგომამდე საზარელ დროს ვიხილავთ. ჩვენ ახლა ასეთ დროში ვცხოვრობთ! აქ ჩამოთვლილია ზოგი მოვლენა, რაც, ბიბლიის თანახმად, უნდა მომხდარიყო:

დიდი ომები. „აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“ (მათე 24:7). ეს წინასწარმეტყველება ნამდვილად შესრულდა. 1914 წლიდან მოყოლებული ორი მსოფლიო ომი და მრავალი სხვა ომი იყო, რის გამოც მილიონობით ადამიანი დაიღუპა.

ფართოდ გავრცელებული დაავადებები. იქნება «ადგილ-ადგილ მოსრვა [„ეპიდემიები“, აქ]» (ლუკა 21:11). ნამდვილად ასე მოხდა? დიახ. კიბო, გულის დაავადება, ტუბერკულოზი, მალარია, შიდს-ი და სხვა დაავადებები მილიონობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.

საკვების უკმარისობა. მთელ მსოფლიოში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც არ ჰყოფნით საკვები. ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი იღუპება შიმშილობის გამო. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ სამოთხე მალე იქნება. ბიბლია ამბობს: „იქნება. . . შიმშილობანი“ (მარკოზი 13:8).

მიწისძვრები. „იქნება. . . მიწისძვრანი ადგილ-ადგილ“ (მათე 24:7). ესეც ნამდვილად ხდება ჩვენს დროში. 1914 წლიდან დღემდე მიწისძვრების გამო მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

უზნეო ხალხი. ადამიანები „ვერცხლის მოყვარენი“, „თავმოყვარენი“ და „უფრო სიამეთა მოყვარულნი [იქნებოდნენ], ვიდრე ღვთისა“; ბავშვები კი — „მშობლების ურჩნი“ (2 ტიმოთე 3:1—5). განა არ ეთანხმები იმას, რომ დღეს უამრავი ასეთი ადამიანი არსებობს? მათ არ გააჩნიათ ღვთისადმი პატივისცემა და ხელს უშლიან სხვებს, ვინც ღვთის შესახებ ცოდნის მიღებას ცდილობს.

დამნაშავეობა. აგრეთვე ‘გამრავლდებოდა ურჯულოება [„უკანონობა“, აქ]’ (მათე 24:12). ალბათ, დაეთანხმები იმას, რომ დამნაშავეობამ გასულ წლებთან შედარებით კიდევ უფრო საშიში სახე მიიღო. ხალხი ყველგან გაქურდვის, თაღლითობისა თუ დაზარალების საფრთხის წინაშე დგას.

ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ღვთის სამეფო ახლოს არის. ბიბლია ამბობს: «როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სასუფეველი [„სამეფო“, აქ]» (ლუკა 21:31). რა არის ღვთის სამეფო? ეს არის ღვთის ზეციერი მთავრობა, რომელიც დედამიწაზე სამოთხეს დაამყარებს. ღვთის სამეფო ადამიანთა მთავრობებს შეცვლის (დანიელი 2:44).