მშობლებო!
რა არის საუკეთესო საჩუქარი, რომელსაც თქვენს შვილს აჩუქებდით? ბავშვებს ბევრი რამ სჭირდებათ, მათ შორის სიყვარული, ზრუნვა და დაცვა. მაგრამ ყველაზე ძვირფას საჩუქარს მაშინ გაუკეთებთ, თუ იეჰოვას გააცნობთ და მის სიტყვაში, ბიბლიაში, ჩაწერილ ჭეშმარიტებას შეაყვარებთ (იოანე 17:3). ასეთი ცოდნის წყალობით, თქვენი შვილები გაიღრმავებენ იეჰოვას სიყვარულს და პატარაობიდანვე მთელი გულით ემსახურებიან მას (მათე 21:16).
ბევრმა მშობელმა დაინახა, რომ ბავშვებისთვის სახალისოა პატარა გაკვეთილების სწავლა და მოკლე სავარჯიშოების გაკეთება. სწორედ ამიტომ გამოვეცით ეს ბროშურა „ჩემი ბიბლიური გაკვეთილები“. თითოეული გაკვეთილი ისეა შედგენილი, რომ ბავშვისთვის ადვილად გასაგები იყოს. ნახატები და ტექსტი სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა მომზადებული. თითოეული გაკვეთილის ბოლოს მოცემულია სავარჯიშოები. ბროშურა „ჩემი ბიბლიური გაკვეთილები“ არ არის სათამაშო, რომლითაც ბავშვი უნდა გაერთოს. თქვენ უნდა წაუკითხოთ ის ბავშვს. ამგვარად თქვენსა და თქვენს პატარას შორის ურთიერთობა გაღრმავდება.
დარწმუნებული ვართ, რომ ეს ბროშურა დაგეხმარებათ, შვილებს ბიბლიური ჭეშმარიტების სიყვარული ჩვილობიდანვე ჩაუნერგოთ (2 ტიმოთე 3:14, 15).
თქვენი ძმები
იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო