არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 9

„მივცემ მათ გაუყოფელ გულს“

„მივცემ მათ გაუყოფელ გულს“

ეზეკიელი 11:19

თემა: როგორ ვითარდება წიგნ „ეზეკიელში“ წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის საკითხი?

1—3. როგორ ექცეოდნენ ბაბილონელები იეჰოვას თაყვანისმცემლებს და რას ერჩოდნენ მათ?

წარმოიდგინე, რომ ბაბილონში მყოფი ერთგული ებრაელი ხარ. შენი ხალხი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, გადასახლებულია. შაბათი დგას და ჩვეულებისამებრ თანამემამულეებისკენ მიიჩქარი, რომ ერთად სცეთ თაყვანი იეჰოვას. გზას ხალხმრავალ ქუჩებში მიიკვლევ; ირგვლივ შთამბეჭდავ ტაძრებსა და სამლოცველოებს ხედავ, რომელთაც ხალხი აწყდება, რათა მსხვერპლი შესწირონ და სადიდებელი სიმღერები უძღვნან თავიანთ ღვთაებებს, მათ შორის, მარდუქს.

2 და აი, ხალხისგან მოშორებით შენს თანამორწმუნეებს ამჩნევ. * ერთად პოულობთ მყუდრო ადგილს, შესაძლოა ქალაქის ერთ-ერთ არხთან, სადაც ერთად ილოცებთ, ფსალმუნებს იმღერებთ და ღვთის სიტყვას შეისწავლით. იწყებთ ლოცვას და გესმით, როგორ ჭრიალებენ ნაპირთან ახლოს ჩამწკრივებული ხის ნავები. ხმაურიან ქალაქს განრიდებული წამიერად შვებას გრძნობთ. ნატრობთ, რომ იქაურებმა მყუდროება არ დაგირღვიონ და შეხვედრა არ ჩაგიშალონ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. კი მაგრამ, რას გერჩიან ისინი?

3 ბაბილონელებს არაერთი გამარჯვება ახსოვთ და ქალაქის კეთილდღეობასაც თავიანთ ცრუ ღვთაებებს უმადლიან. მათ გამარჯვებებს შორისაა დაცემული იერუსალიმიც, რის გამოც ფიქრობენ, რომ ღვთაება მარდუქი იეჰოვაზე ძლიერია. ამიტომ ისინი აბუჩად იგდებენ იეჰოვა ღმერთსა და მის ხალხს და დაცინვით ეუბნებიან: „გვიმღერეთ სიონზე რომელიმე სიმღერა“ (ფსალმ. 137:3). ბევრი ფსალმუნი სიონის მიერ იეჰოვას მტრებზე მოპოვებულ გამარჯვებებს ეძღვნება. ბაბილონელები, როგორც ჩანს, ყველაზე მწარედ ასეთ ფსალმუნებს აქილიკებენ. თუმცა ზოგი ფსალმუნი თავად ბაბილონელებზეა. მაგალითად, ერთ-ერთ ფსალმუნში ვკითხულობთ: „ნანგრევებად აქციეს იერუსალიმი . . . დაგვცინიან და მასხრად გვიგდებენ ირგვლივ მყოფნი“ (ფსალმ. 79:1, 3, 4).

4, 5. რა დამაიმედებელ ცნობას შეიცავს ეზეკიელის წინასწარმეტყველება და რაზე ვიმსჯელებთ ამ თავში? (იხილეთ სურათი 95-ე გვერდზე)

4 ბაბილონში განდგომილი ებრაელებიც იმყოფებიან, რომლებიც დაგცინიან იმის გამო, რომ გწამთ იეჰოვასი და ყურს უგდებთ მის წინასწარმეტყველებს. მართალია, მათი გესლიანი სიტყვები გულზე გხვდებათ, მაგრამ წმინდა თაყვანისმცემლობა — ლოცვა, სიმღერა და ღვთის სიტყვის შესწავლა — თქვენ და თქვენს ოჯახს შვებასა და ნუგეშს გგვრით (ფსალმ. 94:19; რომ. 15:4). წარმოიდგინეთ, რომ თქვენმა ერთ-ერთმა მოძმემ შეხვედრაზე განსაკუთრებული რამ მოიტანა, გრაგნილი, რომელზეც ეზეკიელის წინასწარმეტყველება წერია! გაფაციცებული ისმენთ იეჰოვას დაპირებას, რომ თავის ხალხს სამშობლოში დააბრუნებს. გული სიხარულით გევსებათ და იმაზე იწყებთ ფიქრს, რომ ერთ დღესაც ოჯახთან ერთად მშობლიურ მხარეს დაუბრუნდებით და სხვა თანამემამულეებთან ერთად წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის საქმეს შეუდგებით.

5 ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში მრავლად ვხვდებით წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენასთან დაკავშირებულ დაპირებებს. მოდი დაწვრილებით განვიხილოთ ეს წინასწარმეტყველებები და ვნახოთ, როგორ შესრულდა ისინი ძველად და რატომ არ დაუკარგავს მათ მნიშვნელობა დღემდე. იმაზეც ვიმსჯელოთ, როგორ შესრულდება ზოგიერთი მათგანი მომავალში.

„გადაასახლებენ მათ, ტყვედ წაასხამენ“

6. რის შესახებ აფრთხილებდა იეჰოვა თავის ხალხს დროდადრო?

6 იეჰოვამ ეზეკიელის პირით გააფრთხილა თავისი ხალხი, თუ რა მოჰყვებოდა შედეგად მათ ურჩობას. „გადაასახლებენ მათ, ტყვედ წაასხამენ“, — თქვა იეჰოვამ (ეზეკ. 12:11). როგორც ამ წიგნის მე-6 თავიდან შევიტყვეთ, ეზეკიელმა ეს სცენა გაითამაშა კიდეც. თუმცა ეს პირველი გაფრთხილება არ ყოფილა. თითქმის 1 000 წლით ადრე, მოსეს დროს, იეჰოვამ გააფრთხილა ისრაელები, რომ თუ ისინი კვლავ და კვლავ ეურჩებოდნენ მას, ტყვეობაში აღმოჩნდებოდნენ (კან. 28:36, 37). მსგავსად აფრთხილებდნენ მათ ესაია და იერემია წინასწარმეტყველებიც (ეს. 39:5—7; იერ. 20:3—6).

7. როგორ დასაჯა იეჰოვამ თავისი ხალხი?

7 სამწუხაროდ, ისრაელებმა ღვთის არაერთ გაფრთხილებას წაუყრუეს. უვარგისი მწყემსების წაბაძვით ხალხი ეურჩებოდა და ორგულობდა ღმერთს, კერპებს ეთაყვანებოდა და უპატიოსნოდ იქცეოდა, რამაც დიდად გაანაწყენა იეჰოვა. ამიტომ მან შიმშილობა ჩამოაგდო მათ მიწაზე, რაც ერთიორად სამარცხვინო იყო, ვინაიდან იქ, ღვთის დაპირებისამებრ, „რძესა და თაფლს უნდა ედინა“ (ეზეკ. 20:6, 7). შემდეგ კი, როგორც დიდი ხნის წინ იეჰოვას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, მან დაუშვა, რომ მისი ურჩი ხალხი ტყვედ წაესხათ. ძვ. წ. 607 წელს ნაბუქოდონოსორმა საბოლოო იერიში მიიტანა იუდაზე, მიწასთან გაასწორა იერუსალიმი და დაანგრია ტაძარი, ათასობით ებრაელი კი ბაბილონში გადაასახლა, სადაც მათ, როგორც ამ თავის დასაწყისში ვისაუბრეთ, დასცინოდნენ და ავიწროებდნენ.

8, 9. როგორ აფრთხილებდა ღმერთი ქრისტიანულ კრებას განდგომილების შესახებ?

8 მსგავსი მდგომარეობა ქრისტიანულ კრებაშიც შეიქმნა. ძველად მცხოვრები ებრაელებისა არ იყოს, ქრისტეს მიმდევრებმაც წინასწარ მიიღეს გაფრთხილება. თავისი მსახურების დასაწყისში იესომ თქვა: „უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენთან ცხვრის სამოსლით მოდიან, შიგნიდან კი დამშეული მგლებივით არიან“ (მათ. 7:15). წლების შემდეგ ღვთის შთაგონებით მოციქულმა პავლემაც გააფრთხილა ქრისტიანები: „ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისინი, ვინც დაამახინჯებენ მოძღვრებებს, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქ. 20:29, 30).

9 ქრისტიანებს იმის შესახებაც მიეცათ მითითებები, თუ როგორ ამოეცნოთ განდგომილები და მორიდებოდნენ მათ. ქრისტიან უხუცესებს დაევალათ, რომ კრებაში არ გაეჩერებინათ ასეთები (1 ტიმ. 1:19; 2 ტიმ. 2:16—19; 2 პეტ. 2:1—3; 2 იოან. 10). მაგრამ ძველ დროში მცხოვრები ებრაელების მსგავსად, ქრისტიანებმაც წაუყრუეს ღვთის გაფრთხილებას. ახ. წ. 1-ლი საუკუნის ბოლოს კრებაში უკვე ფესვი გაედგა განდგომილებას. იოანემ, ქრისტეს მოციქულთაგან უკანასკნელმა, რომელიც იმ დროს ცოცხალი იყო, საკუთარი თვალით იხილა ქრისტიანულ კრებაში განდგომილების გამოჩენა და კრების გახრწნა. მართლაც, იოანეღა დარჩენილიყო განდგომილების შემაკავებელ ჭეშმარიტი ქრისტიანობის ერთადერთ ნიშანსვეტად! (2 თეს. 2:6—8; 1 იოან. 2:18). რა მოვლენები განვითარდა მოციქულის სიკვდილის შემდეგ?

10, 11. როგორ დაიწყო შესრულება იესოს წინასწარმეტყველურმა იგავმა ხორბალსა და სარეველაზე ახ. წ. მე-2 საუკუნიდან?

10 იოანეს სიკვდილის შემდეგ შესრულება დაიწყო იესოს წინასწარმეტყველურმა იგავმა ხორბალსა და სარეველაზე (წაიკითხეთ მათეს 13:24—30). როგორც იესოს ნათქვამი ჰქონდა, სატანამ კრებაში „სარეველა ჩათესა“ ანუ ცრუ ქრისტიანები გამოჩნდნენ, რამაც დააჩქარა კრების გახრწნა. როგორ ატკენდა იეჰოვას გულს იმის დანახვა, რომ მისი ძის მიერ ჩამოყალიბებული კრება წაიბილწა კერპთაყვანისმცემლობით, წარმართული დღესასწაულებითა და წეს-ჩვეულებებით, ღვთისმგმობელი ფილოსოფოსების ნააზრევითა თუ წარმართული რელიგიებისგან გადმოღებული მოძღვრებებით! რა გააკეთა იეჰოვამ? მან ახლაც დაუშვა, რომ მისი ხალხი ტყვეობაში აღმოჩენილიყო. ახ. წ. მე-2 საუკუნიდან მოყოლებული ხორბალთან შედარებული ქრისტიანები ცრუ ქრისტიანებს შორის გაიბნენ. სახეცვლილი ქრისტიანობა „დიდ ბაბილონს“ შეერწყა, ქრისტიანული კრება კი ამ ცრურელიგიური სამყაროს ტყვეობაში აღმოჩნდა. ცრუ ქრისტიანების რიცხობრივმა ზრდამ საფუძველი ჩაუყარა ქრისტიანული სამყაროს ჩამოყალიბებას.

11 შავბნელ ეპოქაში, როცა ქრისტიანული სამყარო გაბატონდა, იესოს იგავში ხორბალთან შედარებული ჭეშმარიტი ქრისტიანები აქა-იქღა იყვნენ შემორჩენილნი. ეზეკიელის 6:9-ში მოხსენიებული ებრაელი ტყვეების მსგავსად, არც მათ დავიწყებიათ ჭეშმარიტი ღმერთი. ზოგი მათგანი გაბედულად უპირისპირდებოდა ქრისტიანული სამყაროს ცრუ მოძღვრებებს. ისინიც ხდებოდნენ დაცინვისა და დევნის მსხვერპლი. სამუდამოდ დატოვებდა იეჰოვა თავის ხალხს სულიერ წყვდიადში? არამც და არამც! როგორც ძველად მცხოვრები ისრაელების შემთხვევაში, ისე ახლაც იეჰოვას სასჯელი არ ყოფილა ზომაზე მეტად მკაცრი და ხანგრძლივი (იერ. 46:28). მეტიც, ღმერთს თავისი ხალხი უიმედოდ არ დაუტოვებია. მოდი ახლა ისევ ძველ დროს დავუბრუნდეთ და ვნახოთ, როგორ დაჰპირდა იეჰოვა ბაბილონში გადასახლებულ ებრაელებს, რომ ტყვეობიდან იხსნიდა.

საუკუნეების განმავლობაში ჭეშმარიტი ქრისტიანები „დიდი ბაბილონის“ მიერ იდევნებოდნენ. (იხილეთ მე-10 და მე-11 აბზაცები)

„დაცხრება ჩემი რისხვა“

12, 13. რა დააცხრობდა ღვთის რისხვას?

12 მართალია, იეჰოვა სამართლიანად განურისხდა თავის ხალხს, მაგრამ მან ისინი იმაშიც დაარწმუნა, რომ სამუდამოდ განრისხებული არ დარჩებოდა. ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იეჰოვამ: „დაცხრება ჩემი რისხვა, დავმშვიდდები და დავისვენებ. როცა დავასრულებ მათზე ჩემი რისხვის გადმონთხევას, მიხვდებიან, რომ მე ველაპარაკებოდი, იეჰოვა, რომელიც არ იწყნარებს ორგულობას“ (ეზეკ. 5:13). რა დააცხრობდა ღვთის რისხვას?

13 ბაბილონში გადასახლებულ ღვთის ხალხს შორის ერთგული ებრაელებიც ერივნენ. თუმცა ღმერთმა ეზეკიელის პირით ისიც თქვა, რომ გადასახლებულთაგან ზოგი მოინანიებდა. ისინი დარცხვენილნი მოჰყვებოდნენ ურჩობის დროს ჩადენილ სამარცხვინო საქმეებზე და იეჰოვას პატიებასა და წყალობას შესთხოვდნენ (ეზეკ. 6:8—10; 12:16). ეზეკიელიც, ისევე როგორც წინასწარმეტყველი დანიელი და მისი სამი მეგობარი, ერთგულ ებრაელებს შორის იყვნენ. დანიელმა საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ აღმოჩნდა ღვთის ხალხი ბაბილონის ტყვეობაში და როგორ დაბრუნდნენ ისინი სამშობლოში. წიგნ „დანიელის“ მე-9 თავში ჩაწერილია ლოცვა, რომელშიც წინასწარმეტყველი ისრაელების მიერ ჩადენილი ცოდვების გამო სინანულს გამოთქვამს და ღმერთს პატიებას სთხოვს. უდავოდ, ამ ლოცვაში დანიელმა ათასობით გადასახლებული ებრაელის გულისტკივილიც გამოხატა, რომელთაც იეჰოვასგან მიტევება და კურთხევების მიღება სურდათ. მაშ, რაოდენ გამამხნევებელი იქნებოდა მათთვის ეზეკიელის პირით გადაცემული ღვთის დაპირება, რომ იეჰოვა თავის ხალხს გაათავისუფლებდა და წმინდა თაყვანისმცემლობას აღადგენდა!

14. რატომ დააბრუნებდა იეჰოვა თავის ხალხს სამშობლოში?

14 თუმცა არსებობდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც იეჰოვა გაათავისუფლებდა თავის ხალხს და აღადგენდა წმინდა თაყვანისმცემლობას. ისრაელები ტყვეობას თავს დააღწევდნენ არა იმიტომ, რომ იმსახურებდნენ ამას, არამედ იმიტომ, რომ მოახლოებული იყო დრო, როცა იეჰოვას კიდევ ერთხელ უნდა ემოქმედა და ხალხთა წინაშე თავისი სახელი განეწმინდა (ეზეკ. 36:22). ბაბილონელები ერთხელ და სამუდამოდ გაიგებდნენ, რომ მათი დემონური ღვთაებები, მათ შორის მარდუქი, ახლოსაც ვერ მოვიდოდა უზენაეს უფალ იეჰოვასთან! განვიხილოთ ხუთი დაპირება, რომლებიც იეჰოვამ ეზეკიელის მეშვეობით გადასახლებაში მყოფ ებრაელებს გადასცა. თავიდან ვიმსჯელოთ, რას ნიშნავდა თითოეული მათგანი ერთგული ებრაელებისთვის, შემდეგ კი გავიგოთ, როგორ შესრულდა ეს დაპირებები უფრო ფართო მასშტაბით.

15. რისი შესაძლებლობა ექნებოდათ სამშობლოში დაბრუნებულ ებრაელებს?

15 1-ლი დაპირება: აღმოიფხვრებოდა კერპთაყვანისმცემლობა და საზიზღარი ცრურელიგიური წეს-ჩვეულებები (წაიკითხეთ ეზეკიელის 11:18; 12:24). როგორც ამ წიგნის მე-5 თავში განვიხილეთ, იერუსალიმი და მისი ტაძარი წაიბილწა კერპთაყვანისმცემლობითა და ცრურელიგიური წეს-ჩვეულებებით, რამაც ხალხი ზნეობრივად გახრწნა და ღმერთს ჩამოაშორა. თუმცა ეზეკიელის პირით იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ერთ დღესაც ტყვეობაში მყოფ ებრაელებს შესაძლებლობა მიეცემოდათ, მხარი დაეჭირათ წმინდა და შეურყვნელი თაყვანისმცემლობისთვის. სხვა კურთხევებიც, რომელთაც იეჰოვა დაჰპირდა მათ, მნიშვნელოვანწილად, წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენაზე იქნებოდა დამოკიდებული.

16. რა ელოდათ სამშობლოში დაბრუნებულ ებრაელებს იეჰოვას დაპირებისამებრ?

16 მე-2 დაპირება: ისინი სამშობლოში დაბრუნდებოდნენ. „მოგცემთ ისრაელის მიწას“, — დაჰპირდა იეჰოვა ტყვეობაში მყოფთ (ეზეკ. 11:17). ეს, უდავოდ, მნიშვნელოვანი დაპირება იყო, რადგან არ არსებობდა არავითარი იმედი, რომ ბაბილონელები, რომლებიც ტყვეობაში მყოფ ღვთის ხალხს დასცინოდნენ, მათ სამშობლოში დაბრუნების უფლებას მისცემდნენ (ეს. 14:4, 17). ამასთანავე, თუ სამშობლოში დაბრუნებული ებრაელები ღვთის ერთგულები დარჩებოდნენ, მიწაც ნაყოფიერი იქნებოდა, სასიამოვნო საქმეც ექნებოდათ და მოსავალსაც მოიწევდნენ. შიმშილობის სამარცხვინო ხანა წარსულს ჩაჰბარდებოდა! (წაიკითხეთ ეზეკიელის 36:30).

17. რის შესაძლებლობას მისცემდა იეჰოვა თავის ხალხს?

17 მე-3 დაპირება: იეჰოვას სამსხვერპლოზე კვლავ აღავლენდნენ საძღვნო შესაწირავს. როგორც ამ წიგნის მე-2 თავიდან შევიტყვეთ, კანონის თანახმად, იეჰოვასთვის აღვლენილი შესაწირავები წმინდა თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. თუ ტყვეობიდან დაბრუნებული ებრაელები ღვთისადმი მორჩილები და ერთგულები დარჩებოდნენ, მათ მიერ გაღებული შესაწირავები იეჰოვასთვის მოსაწონი იქნებოდა. მათ მიეტევებოდათ ცოდვები და ღმერთთანაც ახლო ურთიერთობა ექნებოდათ. იეჰოვა დაჰპირდა მათ: „მთელი ისრაელი, ყველანი, იმ მიწაზე . . . მცემს თაყვანს; . . იქ გავიხარებ მათით; დაველოდები თქვენს შესაწირავებს, პირველმოწეული ნაყოფის შესაწირავებს, ყველა თქვენს წმინდა ძღვენს“ (ეზეკ. 20:40). წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგებოდა, რაც ღვთის ხალხს აუწყველ კურთხევებს მოუტანდა.

18. როგორ დამწყემსავდა იეჰოვა თავის ხალხს?

18 მე-4 დაპირება: ღვთის ხალხს ბოროტი მწყემსები აღარ დამწყემსავდნენ. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ღვთის ხალხი ბოროტებაში ჩაეფლო, ცუდი ხელმძღვანელობა იყო. იეჰოვა დაჰპირდა თავის ხალხს, რომ მდგომარეობას გამოასწორებდა. ბოროტ მწყემსებზე მან თქვა: „აღარ გამოვაკვებინებ ჩემს ცხვარს . . . პირიდან გამოვტაცებ“. რაც შეეხება თავის ერთგულ მსახურებს, მან დასძინა, რომ თავად იზრუნებდა მათზე (ეზეკ. 34:10, 12). თავის ხალხს ის ერთგულ მწყემსებს დაუყენებდა.

19. კიდევ რას დაჰპირდა იეჰოვა თავის ხალხს?

19 მე-5 დაპირება: იეჰოვას თაყვანისმცემლებს ერთობა ექნებოდათ. ღვთის ერთგულ მსახურებს უდავოდ გულს ატკენდა იმის დანახვა, თუ რაოდენ დაქსაქსულნი იყვნენ ისრაელები გადასახლებამდე. ცრუ წინასწარმეტყველებისა და ბოროტი მწყემსების ხელში ხალხი ეურჩებოდა ღვთის ერთგულ წინასწარმეტყველებს, რომლებიც იეჰოვას სიტყვებს გადასცემდნენ. ისინი ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკებად იყვნენ დაყოფილნი. რაოდენ გამამხნევებელი იქნებოდა ერთგული ებრაელებისთვის იეჰოვას მიერ ეზეკიელის მეშვეობით აღთქმული: „მივცემ მათ გაუყოფელ გულს და ახალ სულს ჩავუდგამ“ (ეზეკ. 11:19). თუ სამშობლოში დაბრუნებულ ებრაელებს იეჰოვა ღმერთთან და ერთმანეთთან ერთობა ექნებოდათ, ვერავინ დაამარცხებდა მათ. ამგვარად, ისინი კი არ შეარცხვენდნენ ღვთის სახელს, არამედ განადიდებდნენ მას.

20, 21. როგორ შესრულდა ღვთის დანაპირები სამშობლოში დაბრუნებულ ებრაელებზე?

20 შესრულდა ეს დაპირებები გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნებულ ებრაელებზე? გავიხსენოთ ღვთის ერთგული მსახურის, იესო ნავეს ძის, სიტყვები: „არ გამტყუნებულა არცერთი დანაპირები, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა, თქვენ სასიკეთოდ მოგცათ, ყველა შეგისრულათ, არცერთი არ გამტყუნებულა“ (იეს. 23:14). ღვთის დაპირება შესრულდა იესო ნავეს ძის დროს და მისი დანაპირები მაშინაც შესრულდებოდა, როცა ებრაელები გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნდებოდნენ.

21 ებრაელებმა ზურგი აქციეს კერპთაყვანისმცემლობასა და საზიზღარ ცრურელიგიურ წეს-ჩვეულებებს, რის გამოც ერთ დროს გაუცხოებულნი იყვნენ ღვთისგან. ისინი დაბრუნდნენ სამშობლოში, შეუდგნენ მიწის დამუშავებას და ტკბებოდნენ აზრით აღსავსე ცხოვრებით, რაც ერთ დროს მათთვის მიუღწეველი ოცნება იყო. ერთ-ერთი პირველი, რაც მათ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გააკეთეს, ის იყო, რომ იერუსალიმში იეჰოვას სამსხვერპლო აღადგინეს და მასზე ღვთისთვის მოსაწონი მსხვერპლი შესწირეს (ეზრ. 3:2—6). იეჰოვამ თავის ხალხს მზრუნველი სულიერი მწყემსებიც დაუყენა: ერთგული მღვდელი და გადამწერი ეზრა, გამგებლები — ნეემია და ზერუბაბელი; მღვდელმთავარი იეჰოშუა და გაბედული წინასწარმეტყველები — ანგია, ზაქარია და მალაქია. როცა ხალხი ემორჩილებოდა ღვთის ხელმძღვანელობასა და მითითებებს, ისინი ხარობდნენ ერთობით, რომელზეც დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლოთ (ეს. 61:1—4; წაიკითხეთ იერემიას 3:15).

22. რის საფუძველზე ვასკვნით, რომ აღდგენასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები უფრო ფართო მასშტაბითაც შესრულდებოდა?

22 წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული დაპირებების შესრულება ნამდვილად აღმაფრთოვანებელი იქნებოდა! თუმცა ეს დანაპირები მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურად შესრულდებოდა. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? ღვთის დაპირებების შესასრულებლად არსებობდა ერთი წინაპირობა: ხალხი მორჩილი და გამგონე უნდა ყოფილიყო. დროთა განმავლობაში ებრაელები კვლავ ეურჩნენ ღმერთს. მაგრამ, როგორც იესო ნავეს ძემ თქვა, იეჰოვას სიტყვა არასდროს რჩება შეუსრულებელი. ასე რომ, ღვთის დანაპირები უფრო ფართო მასშტაბით შესრულდებოდა და შედეგიც უსასრულო იქნებოდა. ვნახოთ, როგორ მოხდებოდა ეს.

„გავიხარებ თქვენით“

23, 24. როდის და როგორ დაიწყო „ყველაფრის აღდგენის“ ხანა?

23 ბიბლიიდან ვიცით, რომ 1914 წლიდან ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეების ათვლა დაიწყო. თუმცა ეს იეჰოვას მსახურებისთვის წუხილის მიზეზი როდია. პირიქით, მათ ბიბლიიდან ისიც შეიტყვეს, რომ 1914 წელს მეტად სასიხარულო, „ყველაფრის აღდგენის“ ხანა დაიწყო! (საქ. 3:21). რაზე დაყრდნობით ვამბობთ ამას? გაიხსენეთ, რა მოხდა ზეცაში 1914 წელს — იესო ქრისტე მესიანური სამეფოს მეფე გახდა! როგორ იქცა ეს მოვლენა „ყველაფრის აღდგენის“ საწყის წერტილად? ალბათ, გახსოვთ, იეჰოვა დავით მეფეს დაჰპირდა, რომ მარადიულად განამტკიცებდა მის ტახტს (1 მატ. 17:11—14). თუმცა ძვ. წ. 607 წელს, როცა ბაბილონელებმა იერუსალიმი გაანადგურეს, დავითის სამეფო დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.

24 იესო, „კაცი ძე“, დავითის შთამომავალი და მისი ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო (მათ. 1:1; 16:13—16; ლუკ. 1:32, 33). როცა იეჰოვამ იგი 1914 წელს ზეციერ ტახტზე დასვა, „ყველაფრის აღდგენის“ ხანა დაიწყო. იეჰოვა სწორედ ამ სრულყოფილი მეფის მეშვეობით მიიყვანდა ბოლომდე დაწყებულ საქმეს.

25, 26. ა) როდის დასრულდა „დიდი ბაბილონის“ ტყვეობა და რის საფუძველზე ვამბობთ ამას? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „რატომ 1919?“) ბ) რომელი წინასწარმეტყველება სრულდება 1919 წლიდან?

25 ახლად გამეფებული ქრისტე მამასთან ერთად შეუდგა იმის შემოწმებას, თუ რა ვითარება იყო დედამიწაზე წმინდა თაყვანისმცემლობის მხრივ (მალ. 3:1—5). როგორც იესოს მიერ ხორბლისა და სარეველას შესახებ წინასწარმეტყველური იგავიდან გამოჩნდა, დიდი ხნის მანძილზე შეუძლებელი იყო „ხორბლის“ ანუ ჭეშმარიტი ცხებული ქრისტიანების გარჩევა „სარეველასგან“ ანუ ცრუ ქრისტიანებისგან. * თუმცა 1914 წელს, როცა „მკის ხანა“ დადგა, ეს გაადვილდა. 1914 წლამდე ათწლეულების მანძილზე ბიბლიის მკვლევრები ააშკარავებდნენ ქრისტიანული სამყაროს ცოდვებს და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ მისგან გამოსაყოფად. სწორედ ახლა იყო იმის დრო, რომ იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენაზე ეზრუნა. 1919 წელს, „მკის ხანის“ დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში, ღვთის ხალხი საბოლოოდ გათავისუფლდა „დიდი ბაბილონის“ ტყვეობისგან (მათ. 13:30). როგორც იქნა, სულიერი ტყვეობა დასრულდა!

26 აღდგენასთან დაკავშირებულმა ეზეკიელის წინასწარმეტყველების შესრულებამ იმ დროისთვის უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია; მსგავსი რამ ღვთის ხალხს არასდროს ენახა! მოდი ახლა ვიმსჯელოთ, როგორ შესრულდა უფრო ფართო მასშტაბით ხუთივე დაპირება, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

27. როგორ დააღწიეს ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა თავი ცრუ თაყვანისმცემლობას?

27 1-ლი დაპირება: აღმოიფხვრებოდა კერპთაყვანისმცემლობა და საზიზღარი ცრურელიგიური წეს-ჩვეულებები. მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ერთგულმა ქრისტიანებმა დაიწყეს ერთად შეკრება და, იმავდროულად, ცრურელიგიური წეს-ჩვეულებების მოშორება. მათ უკუაგდეს არაბიბლიური მოძღვრებები სამების, სულის უკვდავებისა და ჯოჯოხეთის შესახებ, რომელთაც ცრურელიგიური დასაბამი ჰქონდა. ბიბლიის მკვლევრებმა იმასაც ნათელი მოჰფინეს, რომ ხატებსა თუ ქანდაკებებს საერთო არაფერი ჰქონდა წმინდა თაყვანისმცემლობასთან. თანდათანობით ღვთის ხალხი იმ დასკვნამდეც მივიდა, რომ თაყვანისცემაში ჯვრის გამოყენება კერპთაყვანისმცემლობა იყო (ეზეკ. 14:6).

28. რა გაგებით დაუბრუნდა იეჰოვას ხალხი თავის მიწას?

28 მე-2 დაპირება: ღვთის ხალხი, სულიერი გაგებით, თავის მიწას დაუბრუნდებოდა. მას შემდეგ, რაც ერთგული ქრისტიანები გამოეყვნენ „დიდ ბაბილონს“, ისინი ღვთისგან ბოძებულ „მიწაზე“ ანუ სულიერ სამოთხეში აღმოჩნდნენ, სადაც აღარასდროს დაიმშეოდნენ სულიერად (წაიკითხეთ ეზეკიელის 34:13, 14). ამ წიგნის მე-19 თავიდან შევიტყობთ, რომ „მიწაზე“, რომელიც იეჰოვამ აკურთხა, უხვად „იდინებდა“ სულიერი საზრდო (ეზეკ. 11:17).

29. რამ მისცა ბიძგი სამქადაგებლო საქმიანობას 1919 წელს?

29 მე-3 დაპირება: იეჰოვას სამსხვერპლოზე კვლავ მოხდებოდა საძღვნო შესაწირავის აღვლენა. ახ. წ. 1-ლ საუკუნეში ქრისტიანებს მიეცათ მითითება, ცხოველური შესაწირავის ნაცვლად, გაცილებით ღირებული, „ბაგეთა ნაყოფი“, შეეწირათ ღვთისთვის, ანუ განედიდებინათ იგი და სხვებთან ექადაგათ მის შესახებ (ებრ. 13:15). „დიდი ბაბილონის“ ტყვეობის განმავლობაში არ არსებობდა ღვთის თაყვანისმცემელთა ჯგუფი, რომელიც ამას ორგანიზებულად გააკეთებდა. თუმცა „ტყვეობის“ მიწურულს ღვთის ხალხი ქების მსხვერპლს უკვე სწირავდა. ისინი აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი სამქადაგებლო საქმეში და კრების შეხვედრებზე განადიდებდნენ ღმერთს. 1919 წლიდან „ერთგულმა და გონიერმა მონამ“ ყურადღება გაამახვილა სამქადაგებლო საქმის აუცილებლობაზე და ორგანიზება გაუწია ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეს (მათ. 24:45—47). სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ღვთის სახელის მადიდებელთა რიცხვი, რომლებიც იეჰოვას სამსხვერპლოზე უხვად აღავლენდნენ ქების მსხვერპლს!

30. რა გააკეთა იესომ იმისათვის, რომ ღვთის ხალხს კარგი მწყემსები ჰყოლოდა?

30 მე-4 დაპირება: ღვთის ხალხს ბოროტი მწყემსები აღარ დამწყემსავდნენ. ქრისტემ ღვთის ხალხი ქრისტიანული სამყაროს ხარბი და არაკეთილსინდისიერი მწყემსების ხელიდან დაიხსნა. ქრისტიანულ კრებაში მათ, ვინც ამ ცრუ მწყემსების მსგავსად იქცეოდნენ, ღვთის ცხვარზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ჩამოერთვათ (ეზეკ. 20:38). იესომ, კარგმა მწყემსმა, იზრუნა, რომ მის ცხვარს არაფერი მოჰკლებოდა. 1919 წელს მან „ერთგული და გონიერი მონა“ დანიშნა. ერთგულ ცხებულ ქრისტიანთა ამ პატარა ჯგუფმა საკუთარ თავზე აიღო ღვთის ხალხის სულიერად დაპურება. ასე რომ, ღვთის მსახურებს არაფერი აკლდათ. დროთა განმავლობაში კრებებში დაინიშნენ უხუცესები, „ღვთის სამწყსოზე“ რომ ეზრუნათ (1 პეტ. 5:1, 2). ეზეკიელის 34:15, 16-ში ჩაწერილი სიტყვებით „ერთგული და გონიერი მონა“ ხშირად შეახსენებს ქრისტიან მწყემსებს, თუ რას მოელიან მათგან იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე.

31. როგორ ასრულებს იეჰოვა ეზეკიელის 11:19-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას?

31 მე-5 დაპირება: იეჰოვას თაყვანისმცემლებს ერთობა ექნებოდათ. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანულ სამყაროში ათი ათასობით მიმდინარეობა გაჩნდა, მათ შორის ბევრი ურთიერთმოქიშპე კონფესია თუ სექტა. მაგრამ ის, რაც იეჰოვამ გააკეთა, მართლაც რომ სასწაულია. მან გააერთიანა თავისი ხალხი! ეზეკიელის პირით წარმოთქმული დაპირება, „მივცემ მათ გაუყოფელ გულს“, დიდებულად სრულდება (ეზეკ. 11:19). მთელ მსოფლიოში ქრისტეს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა თუ ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის მილიონობით მიმდევარი ჰყავს. ისინი ერთნაირ სულიერ საზრდოს იღებენ და ერთსულოვნად ასრულებენ ერთსა და იმავე საქმეს. დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ ღამეს იესომ გულმხურვალედ სთხოვა მამას, რომ მისი მიმდევრები ერთსულოვანნი ყოფილიყვნენ (წაიკითხეთ იოანეს 17:11, 20—23). თვალნათლივ ვხედავთ, რომ იეჰოვა იესოს თხოვნას დიდებულად ასრულებს!

32. რა ემოციას იწვევს თქვენში აღდგენასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებების შესრულება? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „ღვთის ხალხის ტყვეობა და წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენა“)

32 განა არ გვახარებს, რომ წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის ხანაში ვცხოვრობთ?! საკუთარი თვალით ვხედავთ, რომ ღვთისადმი თაყვანისცემის თითოეული სფერო საუკეთესო მოწმობაა, თუ როგორ სრულდება ეზეკიელის წინასწარმეტყველებები. შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა მოწყალე თვალით უყურებს თავის ხალხს, როგორც ეს ეზეკიელის პირით თქვა კიდეც: „გავიხარებ თქვენით“ (ეზეკ. 20:41). მართლაც, რამხელა პატივია, ვიყოთ ერთსულოვან და სულიერად დანაყრებულ ხალხს შორის, რომლებიც მრავალსაუკუნოვანი სულიერი ტყვეობის შემდეგ მთელ მსოფლიოში განადიდებენ იეჰოვას! თუმცა აღდგენასთან დაკავშირებული ეზეკიელის ზოგი წინასწარმეტყველება უფრო დიდი მასშტაბით მომავალში შესრულდება.

„ედემის ბაღს დაემსგავსა“

33—35. ა) რას ნიშნავდა ეზეკიელის 36:35-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება გადასახლებული ებრაელებისთვის? ბ) რას ნიშნავს ეს წინასწარმეტყველება ღვთის ხალხისთვის დღეს? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო «„ყველაფრის აღდგენის“ ხანა»)

33 როგორც დავინახეთ, „ყველაფრის აღდგენის“ ხანა 1914 წელს დაიწყო, როცა იესო გამეფდა და დავითის სამეფო დინასტია აღდგა (ეზეკ. 37:24). იეჰოვამ იესო უფლებამოსილებით აღჭურვა, რომ თავისი ხალხი მრავალსაუკუნოვანი სულიერი ტყვეობისგან გაეთავისუფლებინა და წმინდა თაყვანისმცემლობა აღედგინა. მხოლოდ ამას მოიცავდა ნაწინასწარმეტყველები აღდგენა? რასაკვირველია, არა! აღდგენა მომავალშიც საოცარი სახით გაგრძელდება, რის შესახებაც ეზეკიელის წინასწარმეტყველება არაერთ საინტერესო დეტალს გვიმჟღავნებს.

34 დავუფიქრდეთ ღვთის შთაგონებით ჩაწერილ სიტყვებს: „ხალხი იტყვის, შეხედეთ, ედემის ბაღს დაემსგავსა ეს გაპარტახებული მიწაო“ (ეზეკ. 36:35). რას ნიშნავდა ეს დაპირება ეზეკიელისა და მასთან ერთად გადასახლებული ებრაელებისთვის? მათ არ გასჩენიათ იმის მოლოდინი, რომ ეს სიტყვები პირდაპირი გაგებით შესრულდებოდა და იეჰოვა ისრაელის მიწაზე თავდაპირველ ბაღს, სამოთხეს, აღადგენდა (დაბ. 2:8). ღვთის სიტყვებმა ისინი იმაში დაარწმუნა, რომ მათი მიწაც სამოთხესავით მშვენიერი და ნაყოფიერი იქნებოდა.

35 რას ნიშნავს ეს დაპირება ჩვენთვის? არც ჩვენ ველით სატანა ეშმაკის მართულ ბოროტ ქვეყნიერებაში ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით შესრულებას. კარგად გვესმის, რომ ეს დაპირება დღეს სულიერი გაგებით სრულდება. ჩვენ, როგორც იეჰოვას მსახურები, აღდგენილ „მიწაზე“, სულიერ სამოთხეში ვმკვიდრობთ, ანუ უმთავრეს ადგილს ღვთის მსახურებას ვუთმობთ და ბევრი ნაყოფი გამოგვაქვს მის საქმეში. ეს „მიწა“ უფრო და უფრო ემსგავსება სამოთხეს. მაგრამ რას უნდა ველოდოთ მომავალში?

36, 37. რომელი დანაპირების შესრულებას ვიხილავთ სამოთხედქცეულ დედამიწაზე?

36 არმაგედონის შემდეგ იესოს მიერ დაწყებული აღდგენის საქმე დედამიწასაც მოიცავს. იესოს ათასწლიანი მმართველობის დროს ადამიანები მისი ხელმძღვანელობით მთელ პლანეტას ედემის ბაღის მსგავს სამოთხედ გადააქცევენ, როგორც ეს თავდაპირველად იეჰოვას ჰქონდა განზრახული (ლუკ. 23:43). მაშინ ყველა შეხმატკბილებულად იცხოვრებს და არც დედამიწას მიაყენებს ზიანს. მათ არანაირი საფრთხე აღარ დაემუქრებათ და აღარ იცხოვრებენ შიშში. მხოლოდ წარმოიდგინეთ დრო, როცა შემდეგი დაპირება შესრულდება: „მშვიდობის შეთანხმებას დავუდებ მათ და მოვაშორებ მათ მიწას მძვინვარე მხეცებს, რათა უსაფრთხოდ იცხოვრონ უდაბნოში და იძინონ ტყეებში“ (ეზეკ. 34:25).

37 დაფიქრდით, სრულიად უშიშრად შეძლებთ დედამიწის ნებისმიერი კუთხე-კუნჭულის მონახულებას. ნადირი არაფერს დაგიშავებთ. სიმშვიდეს არაფერი დაგირღვევთ. ყველაზე უღრან ტყეშიც კი მარტო შეძლებთ სეირნობას, დატკბებით ბუნების საუცხოო სილამაზით და, თუკი მოისურვებთ, რომელიმე ხის ძირას მოკალათებული ტკბილადაც დაიძინებთ, შემდეგ კი სრულიად უვნებელი და მოსვენებული გაიღვიძებთ.

წარმოისახეთ დრო, როცა ტყეში უსაფრთხოდ დაიძინებთ. (იხილეთ 36-ე და 37-ე აბზაცები)

38. რა გრძნობები გეუფლებათ, როცა წარმოისახავთ ეზეკიელის 28:26-ში ჩაწერილ დანაპირებს?

38 ვიხილავთ ამ დაპირების შესრულებასაც: „უსაფრთხოდ იცხოვრებენ, ააშენებენ სახლებს და გააშენებენ ვენახებს. აღვასრულებ განაჩენს მათ ირგვლივ მცხოვრებ ყველა მათ მოძულეზე და უსაფრთხოდ ვაცხოვრებ; მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი“ (ეზეკ. 28:26). როცა ღვთის მტრები აღარ იარსებებენ, მთელ დედამიწაზე მშვიდობა და უსაფრთხოება დაისადგურებს. ვიზრუნებთ დედამიწაზე, საკუთარ თავსა თუ საყვარელ ადამიანებზე; ავაშენებთ სახლებს და გავაშენებთ ვენახებს.

39. რა გარწმუნებთ იმაში, რომ წიგნ „ეზეკიელში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველებები სამოთხის შესახებ უდავოდ შესრულდება?

39 ეს ყოველივე მხოლოდ ოცნება როდია! ყოველთვის გახსოვდეთ, რაც საკუთარი თვალით უკვე იხილეთ „ყველაფრის აღდგენის“ ხანაში. სატანის მწვავე წინააღმდეგობის მიუხედავად, იესომ შეძლო, რომ ქვეყნიერების ყველაზე შავბნელ პერიოდშიც კი წმინდა თაყვანისმცემლობა აღედგინა. ეს იმის უტყუარი დასტურია, რომ ეზეკიელის მეშვეობით მოცემული ღვთის ყველა დაპირება სინამდვილედ იქცევა!

^ აბზ. 2 ებრაელ ტყვეთა უმეტესობა ქალაქ ბაბილონის გარეთ, სხვადასხვა დასახლებაში, ცხოვრობდა. მაგალითად, ეზეკიელი თანამემამულეებთან ერთად მდინარე ქებარის სანაპიროზე სახლობდა (ეზეკ. 3:15). თუმცა ზოგი ებრაელი უშუალოდ ქალაქ ბაბილონში მკვიდრობდა. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დიდებულებსა და სამეფო საგვარეულოს მიეკუთვნებოდნენ (დან. 1:3, 6; 2 მეფ. 24:15).

^ აბზ. 25 დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვით, თუმცა შესაძლებელია, რომ მე-16 საუკუნეში მოღვაწე რომელიმე პროტესტანტი რეფორმატორი ცხებული ქრისტიანი ყოფილიყო.