არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახლებურად ახსნილი საკითხები

ახლებურად ახსნილი საკითხები

ბოლო წლებში „საგუშაგო კოშკში“ ეზეკიელის წინასწარმეტყველებიდან ზოგიერთი საკითხი ახლებურად აიხსნა. ამ წიგნშიც დამატებულია ზოგი საკითხის განახლებული ახსნა. შეძლებთ, უპასუხოთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს?

რას განასახიერებს ცოცხალი არსებების ოთხი სახე?

ძველი ახსნა: ცოცხალი ქმნილებების ანუ ქერუბიმების ოთხი სახით წარმოდგენილია იეჰოვას ოთხი ძირითადი თვისება.

ახლებური ახსნა: მართალია, ცოცხალი ქმნილებების ოთხი სახე განასახიერებს იეჰოვას ოთხ ძირითად თვისებას, მაგრამ ოთხივე სახე, ერთად აღებული, განასახიერებს იეჰოვას ყველა თვისებას. ამასთანავე, ქერუბიმების ოთხივე სახე იეჰოვას შეუდარებელ სიდიადეზე, ძალასა და ძლევამოსილებაზე მოწმობს.

ახლებურად ახსნის მიზეზი: ღვთის სიტყვაში რიცხვი „ოთხი“ ხშირად სისრულისა და ყოვლისმომცველობის სიმბოლოდ გამოიყენება. ამიტომ ოთხი სახე, თუ მათ ერთ კონტექსტში განვიხილავთ, მხოლოდ ოთხ ცალკეულ თვისებაზე კი არ მიუთითებს, არამედ იეჰოვას დიადი პიროვნების, მისი ყველა თვისების, სიმბოლოა. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ ქმნილებებს, რომელთა სახეებიც თითოეულ ქერუბიმს აქვს, გააჩნიათ სიდიადე, ძალა და ძლევამოსილება. მიუხედავად ამისა, ძლევამოსილი ოთხსახიანი ქმნილებები იეჰოვას ტახტის ქვემოთ იმყოფებიან, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ იეჰოვა, როგორც უზენაესი მმართველი, თითოეულ ქმნილებაზე ფლობს ძალაუფლებას.

ვის განასახიერებს სამელნიანი კაცი?

ძველი ახსნა: სამელნიანი კაცი განასახიერებს დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულ ქრისტიანებს. ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმის წყალობით, რომელსაც ისინი ხელმძღვანელობენ, ცხებულები, ასე ვთქვათ, ნიშანს ადებენ „უამრავ ხალხს“ გადასარჩენად (გამოცხ. 7:9).

ახლებური ახსნა: სამელნიანი კაცი იესო ქრისტეს განასახიერებს. იგი ნიშანს დაადებს „უამრავ ხალხს“ „დიდ გასაჭირში“, როცა მათ „ცხვრებად“ აღიარებს (მათ. 24:21).

ახლებურად ახსნის მიზეზი: იეჰოვამ თავის ძეს გასამართლების უფლებამოსილება მიანიჭა (იოან. 5:22, 23). მათეს 25:31—33-დან ვიგებთ, რომ საბოლოოდ იესო გამოარჩევს „ცხვრებს“ „თხებისგან“.

წარმოადგენენ მეძავი დები, ოჰოლა და ოჰოლიბა, ქრისტიანული სამყაროს პირველსახეს, რომელიც მოგვიანებით კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებად დაიყო?

ძველი ახსნა: უფროსი და ოჰოლა (სამარია, ისრაელის სამეფოს დედაქალაქი) კათოლიციზმს განასახიერებს, ხოლო უმცროსი და ოჰოლიბა (იერუსალიმი, იუდას სამეფოს დედაქალაქი) — პროტესტანტიზმს.

ახლებური ახსნა: ეს მეძავი დები არ წარმოადგენენ ქრისტიანული სამყაროს პირველსახეს. თუმცა მათი მაგალითი ნათელს ჰფენს, თუ რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას თავისი მსახურების მიმართ, რომლებიც „გამეძავდნენ“ ანუ ღმერთს ზურგი აქციეს. მას მსგავსი დამოკიდებულება აქვს ყველა ცრუ რელიგიის მიმართ.

ახლებურად ახსნის მიზეზი: ბიბლია არ გვაძლევს საფუძველს, დავასკვნათ, რომ ოჰოლა და ოჰოლიბა ქრისტიანული სამყაროს პირველსახეს წარმოადგენენ. ისრაელი და იუდა ერთ დროს იეჰოვას ერთგული „ცოლები“ იყვნენ, რასაც ქრისტიანულ სამყაროზე ვერ ვიტყვით. ამასთანავე, ეზეკიელის მე-16 და 23-ე თავები, რომლებშიც ღვთის ხალხის საქციელი მეძაობასაა შედარებული, იმედის მომცემ ცნობასაც შეიცავს, რომ მდგომარეობა გამოსწორდებოდა და წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგებოდა. რაც შეეხება ქრისტიანულ სამყაროს, რომელიც „დიდი ბაბილონის“ ნაწილია, მისი მდგომარეობა უიმედოა.

ქრისტიანული სამყაროს პირველსახე იყო განდგომილი იერუსალიმი?

ძველი ახსნა: განდგომილი იერუსალიმი ქრისტიანული სამყაროს ტიპი ანუ პირველსახეა. ამგვარად, იერუსალიმის განადგურება ქრისტიანული სამყაროს განადგურებას განასახიერებს.

ახლებური ახსნა: განდგომილ იერუსალიმში არსებული ვითარება — კერპთაყვანისმცემლობა და საყოველთაო გახრწნილება — ნამდვილად გვაგონებს დღევანდელ ქრისტიანულ სამყაროს, თუმცა მას მეტად აღარ მივიჩნევთ განდგომილი იერუსალიმის ანტიტიპად.

ახლებურად ახსნის მიზეზი: ბიბლია არ გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ განდგომილი იერუსალიმი ქრისტიანული სამყაროს ტიპი ანუ პირველსახეა. ძველი იერუსალიმისგან განსხვავებით, ქრისტიანული სამყარო არასდროს მდგარა წმინდა თაყვანისმცემლობის მხარეს. იეჰოვამ მოწყალე თვალით გადმოხედა იერუსალიმს, რასაც ვერ ვიტყვით ქრისტიანულ სამყაროზე; მას არასდროს დაუმსახურებია ღვთის წყალობა.

როგორ შესრულდა წინასწარმეტყველება გამხმარი ძვლებით სავსე ველის შესახებ?

ძველი ახსნა: 1918 წელს ცხებული ქრისტიანები, რომლებიც იდევნებოდნენ, „დიდი ბაბილონის“ ტყვეობაში აღმოჩნდნენ, ანუ ისინი მკვდარივით უმოქმედო მდგომარეობაში იყვნენ. მათი ხანმოკლე „ტყვეობა“ 1919 წელს დასრულდა, როცა იეჰოვამ ისინი „გააცოცხლა“ და მათ განაახლეს სასიხარულო ცნობის ქადაგება.

ახალი ახსნა: ქრისტიანები სულიერ ტყვეობაში ანუ მკვდარივით უმოქმედო მდგომარეობაში 1918 წლამდე გაცილებით ადრე აღმოჩნდნენ და ეს მდგომარეობა ბევრად დიდხანს გაგრძელდა. სულიერი ტყვეობა ახ. წ. მე-2 საუკუნეში დაიწყო და 1919 წელს დასრულდა. სწორედ ამაზე მოწმობს იესოს იგავი, რომლის თანახმადაც, ხორბალი და სარეველა დიდი ხნის მანძილზე ერთად უნდა გაზრდილიყო.

ახლებურად ახსნის მიზეზი: ისრაელმა ერმა ტყვეობაში საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო. ტყვეობა ძვ. წ. 740 წელს დაიწყო და ძვ. წ. 537 წელს დასრულდა. ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული ძვლები „ძალიან გამხმარი იყო“, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ეს ძვლები დიდი ხნის წინ გარდაცვლილებს ეკუთვნოდათ. ამასთანავე, ხილვაში გაცოცხლება ხდება თანდათანობით და არა ერთბაშად.

რაზე მიუთითებს ორი ჯოხის შეერთება?

ძველი ახსნა: პირველი მსოფლიო ომის დროს ცხებულ ქრისტიანებს შორის უთანხმოებამ იჩინა თავი, რომელიც მალე მოგვარდა. 1919 წელს მათ შორის ერთობა აღდგა.

ახლებური ახსნა: ეს წინასწარმეტყველება ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ იეჰოვა გააერთიანებდა თავის თაყვანისმცემლებს. 1919 წლიდან მოყოლებული ცხებულებს შეუერთდნენ მიწიერი იმედის მქონენი, რომელთა რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდება. ორივე ჯგუფი გაერთიანებულად სცემს იეჰოვას თაყვანს, როგორც ერთი სამწყსო.

ახლებურად ახსნის მიზეზი: წინასწარმეტყველებაში ყურადღება ერთ ჯოხზე კი არ მახვილდება, რომელიც ორად გაიყო და შემდეგ შეერთდა, არამედ ორ ჯოხზე, რომლებიც გაერთიანდა. აქედან გამომდინარე, ეს წინასწარმეტყველება იმაზე კი არ მიუთითებს, რომ ერთი ჯგუფი დაიყოფოდა, შემდეგ კი გაერთიანდებოდა, არამედ იმაზე, თუ როგორ გაერთიანდებოდა ორი ჯგუფი.

ვინ არის „გოგი მაგოგის მიწიდან“?

ძველი ახსნა: „გოგი“ ეწოდა სატანას ზეციდან გადმოგდების შემდეგ.

ახლებური ახსნა: „გოგი მაგოგის მიწიდან“ განასახიერებს ერთა კოალიციას, რომელიც „დიდ გასაჭირში“ თავს დაესხმის ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს.

ახლებურად ახსნის მიზეზი: ის ფაქტი, რომ წინასწარმეტყველების თანახმად, „გოგი“ მტაცებელი ფრინველების ლუკმად იქცეოდა და მას დედამიწაზე დასამარხი ადგილი მიეცემოდა, იმაზე მოწმობს, რომ „გოგი“ სულიერი ქმნილება არაა. გარდა ამისა, „გოგის“ თავდასხმა ჰგავს „დანიელსა“ და „გამოცხადებაში“ აღწერილ ერების თავდასხმას ღვთის ხალხზე (დან. 11:40, 44, 45; გამოცხ. 17:14; 19:19).

ის სულიერი ტაძარი იხილა ეზეკიელმა, რომლის შესახებაც საუკუნეების შემდეგ პავლე საუბრობდა?

ძველი ახსნა: ეზეკიელმა ხილვაში ის სულიერი ტაძარი ნახა, რომელზეც მოციქულმა პავლემ ისაუბრა.

ახლებური ახსნა: ეზეკიელმა სულიერი ტაძარი კი არ იხილა, რომელიც ახ. წ. 29 წელს ამოქმედდა, არამედ იმის სრულყოფილი ნიმუში ნახა, თუ როგორ უნდა ეცათ იეჰოვასთვის თაყვანი გადასახლებიდან დაბრუნებულ ებრაელებს მოსეს კანონის თანახმად. ღვთის შთაგონებით პავლემ სულიერ ტაძარზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმ საქმეზე, რომელსაც იესო, დიდებული მღვდელმთავარი, ახ. წ. 29—33 წლებში ასრულებდა; ეზეკიელის ხილვა კი, რომელშიც მღვდელმთავარი საერთოდ არაა მოხსენიებული, ყურადღებას ამახვილებს სულიერ აღდგენაზე, რომელიც 1919 წელს დაიწყო. აქედან გამომდინარე, ეზეკიელის მიერ ნანახი ტაძრის ყოველ დეტალს, ზომასა თუ თავისებურებას სიმბოლური მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. ნაცვლად ამისა, ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, როგორია იეჰოვას ნორმები წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით.

ახლებურად ახსნის მიზეზი: ეზეკიელის ნანახ ტაძარსა და სულიერ ტაძარს შორის არსებითი განსხვავებებიცაა. მაგალითად, ეზეკიელის ნანახ ტაძარში უამრავი ცხოველური მსხვერპლი იწირებოდა, ხოლო სულიერ ტაძარში მხოლოდ ერთხელ მოხდა მსხვერპლის აღვლენა (ებრ. 9:11, 12). ვინაიდან იესო ქრისტე საუკუნეების შემდეგ უნდა მოსულიყო, ჯერ კიდევ არ იყო იმის დრო, რომ იეჰოვას სულიერი ტაძრის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალები გაემჟღავნებინა თავისი ხალხისთვის.