არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 5

„ნახე, რა ბოროტებას, რა სისაძაგლეს სჩადიან“

„ნახე, რა ბოროტებას, რა სისაძაგლეს სჩადიან“

ეზეკიელი 8:9

თემა: როგორ გაიხრწნა იუდა სულიერად და ზნეობრივად?

1—3. რისი ჩვენება უნდოდა იეჰოვას ეზეკიელისთვის იერუსალიმის ტაძარში, და რატომ? (იხილეთ მეორე ნაწილის შესავალი სიტყვები და სურათი)

წინასწარმეტყველი ეზეკიელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მღვდლის ოჯახში გაიზარდა, რის გამოც კარგად იცოდა მოსეს კანონი. მისთვის არც იერუსალიმის ტაძარი იყო უცხო და არც ის, თუ როგორ უნდა შესრულებულიყო იქ წმინდა მსახურება (ეზეკ. 1:3; მალ. 2:7). ამიტომ ის, რაც ძვ. წ. 612 წელს იერუსალიმის ტაძარში ხდებოდა, ღვთის ნებისმიერ ერთგულ მსახურს შეზარავდა. ამ მხრივ გამონაკლისს არც ეზეკიელი წარმოადგენდა.

2 იეჰოვას სურდა, წინასწარმეტყველისთვის ეჩვენებინა, თუ რა ამაზრზენ საქმეებს სჩადიოდნენ ტაძარში, შემდეგ კი მას ამის შესახებ გადასახლებული უხუცესებისთვის უნდა მოეთხრო, რომლებიც მის სახლში იყვნენ შეკრებილნი (წაიკითხეთ ეზეკიელის 8:1—4; 11:24, 25; 20:1—3). წმინდა სულის მეშვეობით იეჰოვამ ეზეკიელი ხილვით გადაიყვანა მდინარე ქებარის სანაპიროზე მდებარე თელ-აბიბიდან დასავლეთით, ასობით კილომეტრით დაშორებულ იერუსალიმში. იეჰოვამ იგი ტაძრის შიდა ეზოს ჩრდილოეთ კარიბჭესთან მიიყვანა. სწორედ ამ ადგილიდან დააწყებინა იეჰოვამ წინასწარმეტყველს ტაძრის დათვალიერება.

3 ეზეკიელმა იხილა ოთხი შემზარავი სცენა, რომლებიც ისრაელი ერის სულიერ დაცემაზე მიუთითებდა. კი მაგრამ, რამ შებღალა იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობა? რას ვსწავლობთ ამ ხილვიდან? მოდი ეზეკიელთან ერთად „დავათვალიეროთ“ ტაძარი. თუმცა ჯერ იმაზე ვისაუბროთ, თუ რას მოელის იეჰოვა თავისი თაყვანისმცემლებისგან სავსებით სამართლიანად.

„მე, იეჰოვა . . . არ ვიწყნარებ ორგულობას“

4. რას ითხოვს იეჰოვა თავისი თაყვანისმცემლებისგან?

4 ეზეკიელის დაბადებამდე ცხრა საუკუნით ადრე იეჰოვამ არაორაზროვნად განაცხადა, თუ რას ითხოვდა თავისი თაყვანისმცემლებისგან. ისრაელთათვის * მიცემული ათი მცნებიდან მეორე მცნებაში იეჰოვა ასეთ რამეს ამბობს: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, არ ვიწყნარებ ორგულობას“ (გამ. 20:5). ეს სიტყვები იმაზე მიუთითებდა, რომ იეჰოვა არ შეიწყნარებდა, თუკი მისი მსახურები სხვა ღმერთებს დაუწყებდნენ თაყვანისცემას. როგორც წინამდებარე წიგნის მე-2 თავიდან შევიტყვეთ, პირველი მოთხოვნა, რომელსაც უნდა ვაკმაყოფილებდეთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი თაყვანისცემა მოსაწონი იყოს იეჰოვასთვის, ისაა, რომ მხოლოდ მას უნდა ვცემდეთ თაყვანს. ღვთის მსახურთა ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი იეჰოვას უნდა ეკავოს (გამ. 20:3). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვა მოელის, რომ მისი თაყვანისმცემლები არ შებღალავენ წმინდა თაყვანისმცემლობას ცრუ თაყვანისმცემლობით. ძვ. წ. 1513 წელს ისრაელები ნებაყოფლობით გახდნენ იეჰოვასთან დადებული კანონის შეთანხმების მხარე და აღუთქვეს, რომ მხოლოდ მას სცემდნენ თაყვანს (გამ. 24:3—8). ვინაიდან იეჰოვა დადებული შეთანხმებების ერთგულია, მოელის, რომ მეორე მხარეც შეთანხმების ერთგული დარჩება (კან. 7:9, 10; 2 სამ. 22:26).

5, 6. რატომ იმსახურებდა იეჰოვა, რომ ისრაელებს მხოლოდ მისთვის ეცათ თაყვანი?

5 იეჰოვა მართლაც სამართლიანად ითხოვდა ისრაელებისგან, რომ მხოლოდ მისთვის ეცათ თაყვანი; ის ხომ ყოვლისშემძლე ღმერთი, სამყაროს უზენაესი მმართველი და მზრუნველი შემოქმედია! (ფსალმ. 36:9; საქ. 17:28). გარდა ამისა, იეჰოვა თავისი ხალხის მხსნელიცაა. როდესაც მან ისრაელ ერს ათი მცნება მისცა, ესეც შეახსენა: „მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტიდან, სადაც მონა იყავი“ (გამ. 20:2). ნამდვილად, იეჰოვა იმსახურებდა, რომ ისრაელებს მხოლოდ მისთვის ეცათ თაყვანი.

6 იეჰოვა არ შეცვლილა (მალ. 3:6). ის კვლავაც ითხოვს თავისი მსახურებისგან ერთგულებას. წარმოიდგინეთ, რაოდენ შემზარავი იქნებოდა მისთვის იმ ოთხი ამაზრზენი სცენის ხილვა, რომლებიც ეზეკიელსაც უჩვენა.

პირველი სცენა: „ღვთის განმარისხებელი კერპი“

7. ა) რას სჩადიოდნენ განდგომილი ებრაელები ტაძრის ჩრდილოეთ კარიბჭესთან, და რა რეაქცია ჰქონდა იეჰოვას ამაზე? (იხილეთ სურათი 52-ე გვერდზე) ბ) რამ განარისხა იეჰოვა? (იხილეთ მე-2 სქოლიო)

7 წაიკითხეთ ეზეკიელის 8:5, 6. ასეთი სცენის ხილვა ნამდვილად თავზარს დასცემდა ეზეკიელს! ტაძრის ჩრდილოეთ კარიბჭესთან განდგომილი ებრაელები კერპს სცემდნენ თაყვანს. შესაძლოა ეს იყო სათაყვანო ბოძი, რომელიც წარმოადგენდა ქალღმერთ აშერას სიმბოლოს; ქანაანელები ქალღმერთ აშერას თავიანთი ღვთაების, ბაალის, ცოლად მიიჩნევდნენ. ერთი რამ ცხადია, ვის სახელზეც არ უნდა ყოფილიყო ეს კერპი აღმართული, ისრაელები არღვევდნენ იეჰოვასთან დადებულ შეთანხმებას. ამგვარი საქციელით ისინი განარისხებდნენ იეჰოვას, ერთადერთ ღმერთს, რომელიც სამართლიანად იმსახურებს თაყვანისცემას * (კან. 32:16; ეზეკ. 5:13). მხოლოდ წარმოიდგინეთ, ტაძარში, რომელიც 400 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იეჰოვას სამყოფლად მიიჩნეოდა (1 მეფ. 8:10—13), ახლა კერპთაყვანისმცემლობას გაედგა ფესვი, რის გამოც იეჰოვა იძულებული გახდა, მიეტოვებინა თავისი წმინდა ადგილი.

8. რას ვსწავლობთ ეზეკიელის ხილვაში ნანახი პირველი სცენიდან?

8 რას ვსწავლობთ ეზეკიელის ხილვაში ნანახი პირველი სცენიდან? განდგომილი იუდა ქრისტიანულ სამყაროს მოგვაგონებს. კერპთაყვანისმცემლობას ღრმად აქვს ფესვი გადგმული ქრისტიანულ ეკლესიებში. მართალია, ხალხი თვლის, რომ ღმერთს ემსახურება, მაგრამ ღვთისთვის მიუღებელია მათი მსახურება, და, რადგან იეჰოვა არ იცვლება, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ განდგომილი იუდას მსგავსად, ქრისტიანული სამყაროც სამართლიანად იწვევს მის რისხვას (იაკ. 1:17). მართლაც, იეჰოვას საერთო არაფერი აქვს ქრისტიანულ სამყაროსთან!

9, 10. რას ვსწავლობთ ხილვაში ნანახი კერპთაყვანისმცემლების მაგალითზე?

9 რას ვსწავლობთ ხილვაში ნანახი კერპთაყვანისმცემლების მაგალითზე? თუ გვინდა, რომ მხოლოდ იეჰოვას ვცემდეთ თაყვანს, თავი შორს უნდა დავიჭიროთ კერპთაყვანისმცემლობისგან (1 კორ. 10:14). შეიძლება აზრადაც არასდროს მოგვივიდეს, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლობაში ხატები და გამოსახულებები გამოვიყენოთ, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ კერპთაყვანისმცემლობის ფარული ფორმებიც არსებობს. ერთ ბიბლიურ ნაშრომში ნათქვამია, რომ კერპთაყვანისმცემლობაში ჩაითვლება ისიც, თუ ღვთის ადგილს ჩვენს ცხოვრებაში სხვა რამე დაიკავებს. ეს შეიძლება იყოს ის, რასაც ჩვენთვის დიდი ფასი ან მნიშვნელობა აქვს; კერპად შეიძლება ძალაუფლებაც გვექცეს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი რამ, იქნება ეს რომელიმე ნივთი, ფული, სექსი ან გართობა, შეიძლება კერპად გვექცეს, თუკი ის ჩვენს ცხოვრებაში იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას ჩაანაცვლებს (მათ. 6:19—21, 24; ეფეს. 5:5; კოლ. 3:5). ჩვენ უნდა მოვერიდოთ კერპთაყვანისმცემლობის ნებისმიერ გამოვლინებას, რადგან იეჰოვა ჩვენგან მოითხოვს, რომ მხოლოდ მას ვცეთ თაყვანი (1 იოან. 5:21).

10 ეზეკიელმა ხილვაში ნანახ პირველ სცენაში იხილა, თუ რა საშინელებას სჩადიოდნენ ტაძარში. თუმცა იეჰოვამ თავის ერთგულ წინასწარმეტყველს ესეც უთხრა: „უფრო დიდ საშინელებას, უფრო დიდ სისაძაგლესაც ნახავ“. განა რა უნდა ყოფილიყო ტაძარში მდგომი „ღვთის განმარისხებელი კერპის“ თაყვანისცემაზე უფრო დიდი სისაძაგლე?!

მეორე სცენა: 70 უხუცესი საკმეველს უკმევს ცრუ ღმერთებს

11. რა სისაძაგლე იხილა ეზეკიელმა, როცა ხილვაში ტაძრის შიდა ეზოში სამსხვერპლოს სიახლოვეს აღმოჩნდა?

11 წაიკითხეთ ეზეკიელის 8:7—12. ხილვაში ეზეკიელმა კედლის ხვრელი გააფართოვა და შიდა ეზოში ტაძრის სამსხვერპლოს სიახლოვეს აღმოჩნდა, სადაც მან იხილა კედლებზე გამოსახული ქვეწარმავლები, საზიზღარი ცხოველები და საზიზღარი კერპები. * კედლებზე ამოკვეთილი გამოსახულებები ცრუ ღმერთებს განასახიერებდნენ. ეზეკიელმა შემდეგ კიდევ უფრო ამაზრზენი რამ იხილა: ისრაელის 70 უხუცესი სიბნელეში იდგა და ცრუ ღმერთებს საკმეველს უკმევდა. კანონის თანახმად, სურნელოვანი საკმევლის კმევა ღვთის ერთგული მსახურების მიერ ღვთისთვის მოსაწონ აღვლენილ ლოცვებს განასახიერებდა (ფსალმ. 141:2). მაგრამ 70 უხუცესის მიერ ცრუ ღმერთებისთვის დაკმეული საკმევლის სუნი იეჰოვასთვის აუტანელი იყო. იეჰოვასთვის მათ ლოცვებს, ასე ვთქვათ, მყრალი სუნი ასდიოდა (იგავ. 15:8). ეს უხუცესები თავს იტყუებდნენ, რომ იეჰოვა ვერ ხედავდა მათ. მაგრამ ღმერთი არათუ ხედავდა მათ, არამედ ეზეკიელსაც უჩვენა, თუ რას სჩადიოდნენ ისინი მის ტაძარში!

იეჰოვა ხედავს ყველაფერს, რაც „სიბნელეში“ ხდება. (იხილეთ მე-11 აბზაცი)

12. რატომ უნდა დავრჩეთ ღვთის ერთგულნი „სიბნელეშიც“ კი, და განსაკუთრებით ვის მართებთ, ამ მხრივ სამაგალითონი იყვნენ?

12 რატომ არის ჩვენთვის ჭკუის სასწავლებელი ის, რასაც 70 უხუცესი სიბნელეში სჩადიოდა? ღმერთმა ჩვენი ლოცვები რომ მოისმინოს და ჩვენი თაყვანისცემა მოიწონოს, „სიბნელეშიც“ კი მისი ერთგულნი უნდა დავრჩეთ (იგავ. 15:29). ნურასდროს გამოგვრჩება მხედველობიდან, რომ იეჰოვა ყოველთვის გვხედავს. თუ იეჰოვა ჩვენთვის რეალური ღმერთია, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილებიც კი არასდროს გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც მისთვის საძულველია (ებრ. 4:13). ამ მხრივ განსაკუთრებით სამაგალითონი კრების უხუცესები უნდა იყვნენ (1 პეტ. 5:2, 3). თანამორწმუნეები სავსებით სამართლიანად მოელიან, რომ უხუცესები, რომლებიც სცენიდან ასწავლიან მათ, ბიბლიური პრინციპებით იხელმძღვანელებენ მაშინაც კი, როცა „სიბნელეში“ არიან, ანუ, როცა მათ სხვები ვერ ხედავენ (ფსალმ. 101:2, 3).

მესამე სცენა: „ქალები . . . ღმერთ თამუზს“ დასტირიან

13. რას სჩადიოდნენ განდგომილი ქალები ტაძრის ერთ-ერთ კარიბჭესთან, როგორც ეს ეზეკიელმა იხილა?

13 წაიკითხეთ ეზეკიელის 8:13, 14. ორი ამაზრზენი სცენის ხილვის შემდეგ იეჰოვამ ეზეკიელს კვლავ უთხრა: „უფრო დიდ საშინელებას, უფრო დიდ სისაძაგლესაც ნახავ, რასაც ისინი სჩადიან“. რას ხედავს შემდეგ წინასწარმეტყველი? ის ამბობს: „ტაძრის ჩრდილოეთი კარიბჭის შესასვლელთან . . . დავინახე, რომ იქ ქალები ისხდნენ და ღმერთ თამუზს დასტიროდნენ“. ღვთაება თამუზი, რომელსაც შუამდინარეთში სცემდნენ თაყვანს, შუმერულ ტექსტებში „დუმუზადაც“ მოიხსენიება. მიიჩნევენ, რომ იგი ნაყოფიერების ქალღმერთის, იშთარის, საყვარელი იყო. * ებრაელი ქალები ამ რიტუალით, როგორც ჩანს, თამუზის სიკვდილს გლოვობდნენ. ისინი იეჰოვას წმინდა ტაძარში წარმართულ რიტუალს ასრულებდნენ! წარმართული რიტუალი კი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ღვთის ტაძარში სრულდებოდა, ვერ გახდებოდა ღვთისთვის მისაღები და წმინდა. იეჰოვასთვის სისაძაგლე იყო ის, რასაც ეს განდგომილი ქალები სჩადიოდნენ!

14. რას ვსწავლობთ იეჰოვას დამოკიდებულებიდან ტაძარში მოტირალი ქალების მიმართ?

14 რას ვსწავლობთ იეჰოვას დამოკიდებულებიდან ტაძარში მოტირალი ქალების მიმართ? ჩვენი თაყვანისცემა წმინდად რომ ჩაითვალოს, არ უნდა შევბღალოთ წარმართული წეს-ჩვეულებებით. ამიტომ არ აღვნიშნავთ ისეთ დღესასწაულებს, რომლებიც დასაბამს წარმართობიდან იღებს. მართლა ამხელა მნიშვნელობა აქვს დღესასწაულის დასაბამს? რასაკვირველია! მართალია, ერთი შეხედვით, შობა-ახალი წლისა და აღდგომის აღნიშვნაში ცუდი არაფერია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვამ საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ დაედო წარმართული წეს-ჩვეულებები საფუძვლად დღეს არსებულ დღესასწაულებს. წარმართული წეს-ჩვეულებები, მხოლოდ იმიტომ, რომ დროის სვლასთან ერთად ღვთის თაყვანისმცემლობას შეერწყა, ვერ გახდებოდა ღვთისთვის მისაღები და წმინდა (2 კორ. 6:17; გამოცხ. 18:2, 4).

მეოთხე სცენა: 25 კაცი მზის წინაშე პირქვე ემხობა

15, 16. რას სჩადიოდა 25 კაცი ტაძრის შიდა ეზოში, და რატომ შეურაცხყოფდა მათი საქციელი იეჰოვას?

15 წაიკითხეთ ეზეკიელის 8:15—18. იეჰოვამ ხილვაში ნანახ მეოთხე, ბოლო სცენასაც იგივე სიტყვები წაუმძღვარა: „ამაზე დიდ საშინელებას, დიდ სისაძაგლესაც ნახავ“. ეზეკიელს კითხვა გაუჩნდებოდა, კი მაგრამ, რაღა უნდა ვიხილო უფრო საძაგელიო?! ეზეკიელი, რომელიც ტაძრის შიდა ეზოშია, ხედავს ტაძრის შესასვლელთან მყოფ 25 კაცს, რომლებიც აღმოსავლეთისკენ პირმიბრუნებულნი მზის წინაშე ემხობიან. ალბათ, ამაზე უფრო მეტად ვერაფრით შეურაცხყოფდნენ ისინი იეჰოვას! რატომ ვამბობთ ამას?

16 ღვთის ტაძარი ისე იყო ნაგები, რომ მისი შესასვლელი აღმოსავლეთს გაჰყურებდა. ტაძარში შესული ხალხი პირით დასავლეთისკენ იყვნენ მიბრუნებულნი და ზურგს აქცევდნენ აღმოსავლეთით ამომავალ მზეს. მაგრამ, ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ 25 კაცს ზურგი შეექცია ტაძრისთვის, სახე კი აღმოსავლეთისკენ მიებრუნებინათ, რომ მზისთვის ეცათ თაყვანი. ამგვარად ისინი, პირდაპირი გაგებით, ზურგს აქცევდნენ იეჰოვას, რადგან ტაძარი ღვთის სამყოფელს წარმოადგენდა (1 მეფ. 8:10—13). ეს 25 კაცი განდგომილი იყო, რადგან არაფრად აგდებდნენ იეჰოვას და არღვევდნენ კანონის 4:15—19-ში ჩაწერილ მცნებას. მართლაც, რამხელა შეურაცხყოფას აყენებდნენ ისინი ღმერთს, რომელიც სამართლიანად ითხოვს თავის მსახურთაგან ერთგულებას!

მხოლოდ იეჰოვაა თაყვანისცემის ღირსი.

17, 18. ა) რაზე უნდა დავფიქრდეთ ეზეკიელის ხილვაში ნანახი მზის თაყვანისმცემლების მაგალითზე? ბ) ვისთან გაიფუჭეს ურთიერთობა ისრაელებმა, და რა გახდა ამის მიზეზი?

17 რაზე უნდა დავფიქრდეთ ეზეკიელის ხილვაში ნანახი მზის თაყვანისმცემლების მაგალითზე? ჩვენი თაყვანისცემა რომ შეურყვნელი დარჩეს, უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვაა სულიერი სინათლის წყარო. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „მზეა . . . იეჰოვა ღმერთი“, მისი სიტყვა კი „სინათლეა“ ჩვენი სავალისთვის (ფსალმ. 84:11; 119:105). თავისი სიტყვისა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების მეშვეობით ის „გვინათებს“ გულსა და გონებას ანუ გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ აზრიანად დღესვე და როგორ გავიხაროთ მარადიული კურთხევებით მომავალში. თუ ასეთ „სინათლეს“ ქვეყნიერებაში დავუწყებთ ძებნას, ანუ ქვეყნიურ სიბრძნეს მივმართავთ ხელმძღვანელობისთვის, ისე გამოვა, რომ იეჰოვას ვაქცევთ ზურგს. ამგვარად შეურაცხყოფას მივაყენებთ იეჰოვას და გულს ვატკენთ მას, ჩვენ კი არ გვინდა, რომ ასე მოხდეს. ეზეკიელის ხილვიდან იმასაც ვსწავლობთ, რომ უნდა მოვერიდოთ მათთან ურთიერთობას, ვინც ჭეშმარიტებას ზურგს აქცევს; ასეთებს შორის არიან განდგომილები (იგავ. 11:9).

18 როგორც უკვე ვნახეთ, ეზეკიელმა ოთხი შემზარავი სცენა იხილა, რომლებიც კარგად აღწერდა განდგომილი იუდას სულიერ გახრწნილებას. ვინაიდან ისრაელები სულიერად გაიხრწნენ, მათ გაიფუჭეს ღმერთთან ურთიერთობა; სულიერ გახრწნას კი ყოველთვის თან სდევს ზნეობრივი გახრწნა. ამიტომ გასაკვირი არაა, რატომ სჩადიოდნენ ისრაელები ყოველგვარ უზნეობას, რის გამოც მათ არა მხოლოდ ღმერთთან გაიფუჭეს ურთიერთობა, არამედ მოძმეებთანაც. მოდი ვნახოთ, თუ როგორ აღწერს ღვთის შთაგონებით წინასწარმეტყველი ეზეკიელი განდგომილი იუდას ზნეობრივ დაცემას.

„უმსგავსოდ იქცევიან“

19. როგორ აღწერა ეზეკიელმა ისრაელი ერის ზნეობრივად გარყვნა?

19 წაიკითხეთ ეზეკიელის 22:3—12. მთელი ისრაელი ზნეობრივად წახდა; თავკაცები ბოროტად იყენებდნენ თავიანთ ძალაუფლებას და უდანაშაულო ხალხის სისხლში ისვრიდნენ ხელს. ხალხიც, როგორც ჩანს, მმართველებს ჰბაძავდა და ღვთის კანონს არად აგდებდა. შვილები მშობლებს აგდებულად ექცეოდნენ და სისხლის აღრევაც ჩვეულებრივ ამბად ქცეულიყო; ისრაელები თავიანთ მიწაზე მცხოვრებ უცხოელებს ქონებას სძალავდნენ და ქვრივ-ობოლს ჩაგრავდნენ; კაცები მოძმეთა ცოლებთან წვებოდნენ. ერი სიხარბის მახეშიც გაება; ისინი ფულს სძალავდნენ მოძმეს და ქრთამსა და ვახშს იღებდნენ. იეჰოვას ნამდვილად გულს ატკენდა იმის დანახვა, რომ ხალხი, რომელთანაც შეთანხმება ჰქონდა დადებული, ფეხქვეშ თელავდა კანონს და ვერ ხვდებოდა, რომ კანონს საფუძვლად სიყვარული ედო. იეჰოვა პირად შეურაცხყოფად თვლიდა მათ ზნეობრივ გარყვნას. მან ეზეკიელის პირით გაუკუღმართებულ ერს უთხრა: „სულ დამივიწყეთ“.

ქრისტიანული სამყაროს გავლენით მსოფლიო უფრო და უფრო ეფლობა ძალადობისა და უზნეობის ჭაობში. (იხილეთ მე-20 აბზაცი)

20. რატომ არის ჩვენთვის საყურადღებო ის, რაც ეზეკიელმა იუდას ზნეობრივ გახრწნილებაზე თქვა?

20 რატომ არის ჩვენთვის საყურადღებო ის, რაც ეზეკიელმა იუდას ზნეობრივ გახრწნილებაზე თქვა? იუდაში არსებული ვითარება მოგვაგონებს დღევანდელ მსოფლიოს, სადაც ზნეობრივი ღირებულებები გაუფასურდა. პოლიტიკური მმართველები თავიანთ ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ და ხალხს ჩაგრავენ. რელიგიური წინამძღოლები, განსაკუთრებით კი ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება, ომში კურთხევით უშვებენ ჯარისკაცებს, რასაც მილიონობით ადამიანი ეწირება. სასულიერო პირებმა ძალა დაუკარგეს ბიბლიურ ნორმებს, რის გამოც ზნეობრივი ფასეულობები უფრო და უფრო კნინდება. დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ იეჰოვა დღეს მცხოვრებ ე. წ. ქრისტიანებსაც იმავეს ეტყოდა, რაც თავის დროზე განდგომილ იუდას უთხრა: „სულ დამივიწყეთ“.

21. რატომ არის ჩვენთვის საყურადღებო იუდაში შექმნილი სავალალო ვითარება?

21 რატომ არის ჩვენთვის საყურადღებო იუდაში შექმნილი სავალალო ვითარება? ჩვენი თაყვანისცემა რომ მოსაწონი იყოს იეჰოვასთვის, ყოველმხრივ წმინდები უნდა დავრჩეთ, თუმცა დღევანდელ ზნეობრივად წამხდარ ქვეყნიერებაში სიწმინდის შენარჩუნება არც ისე ადვილია (2 ტიმ. 3:1—5). მაგრამ შესანიშნავად ვუწყით, თუ როგორია იეჰოვას თვალსაზრისი უზნეობის სხვადასხვაგვარ გამოვლინებაზე (1 კორ. 6:9, 10). ჩვენ ვიცავთ იეჰოვას მაღალზნეობრივ ნორმებს, რადგან გვიყვარს იგი და მისი კანონები (ფსალმ. 119:97; 1 იოან. 5:3). თუკი უზნეობაში ჩავეფლობით, ამით ვაჩვენებთ, რომ არ გვიყვარს ჩვენი წმინდა ღმერთი. ნამდვილად არ გვსურს, რომ იეჰოვამ ჩვენც ეს სიტყვები გვითხრას: „სულ დამივიწყეთ“.

22. ა) რისი სურვილი გაგიძლიერდათ ამ თავის განხილვის შემდეგ? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო თავში?

22 ამ თავიდან გავიგეთ, თუ როგორ ამხილა იეჰოვამ თავისი ერი, რომელიც სულიერად და ზნეობრივად გაიხრწნა, რაც ნამდვილად ჭკუის სასწავლებელია ჩვენთვის. შედეგად, კიდევ უფრო გაგვიძლიერდა სურვილი, რომ იეჰოვას ვცეთ თაყვანი, რადგან მხოლოდ ის იმსახურებს ამას. ეს რომ შევძლოთ, უნდა მოვერიდოთ კერპთაყვანისმცემლობის ნებისმიერ გამოვლინებას და ზნეობრივად სუფთები დავრჩეთ. და მაინც, როგორ მოექცა იეჰოვა თავის ორგულ ერს? ტაძრის დათვალიერების შემდეგ ღმერთმა ეზეკიელს თავის ერზე უთხრა: „გადმოვღვრი მათზე ჩემს რისხვას“ (ეზეკ. 8:17, 18). ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამის ცოდნა, რადგან ორგული იუდასთვის გამოტანილი განაჩენიდან ვხვდებით, დღეს რა ელის ურჩ კაცობრიობას. მომდევნო თავში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ აღასრულა იეჰოვამ იუდასთვის გამოტანილი განაჩენი.

^ აბზ. 4 ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში სიტყვა „ისრაელში“ ხშირად იუდასა და იერუსალიმის მკვიდრნი იგულისხმებიან (ეზეკ. 12:19, 22; 18:2; 21:2, 3).

^ აბზ. 7 იეჰოვას რეაქციიდან ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ერთგულება. რასაც ღმერთი განიცდიდა, შეგვიძლია შევადაროთ ნაღალატევი ქმრის განცდებს (იგავ. 6:34). ქმრის მსგავსად, იეჰოვაც სამართლიანად განრისხდა, როდესაც ხალხმა, რომელთანაც შეთანხმება ჰქონდა დადებული, უღალატა და კერპთაყვანისმცემლობა დაიწყო. ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ღვთის რისხვას . . . საფუძვლად მისი სიწმინდე ედო. ვინაიდან მხოლოდ ისაა წმინდა . . . იგი არ იწყნარებს მოცილეს“ (გამ. 34:14).

^ აბზ. 11 ებრაული სიტყვა, რომელიც ითარგმნა, როგორც „საზიზღარი კერპი“, შესაძლოა ენათესავებოდეს სიტყვა „ნეხვს“.

^ აბზ. 13 ზოგის აზრით, თამუზი ნიმროდის ერთ-ერთი სახელია, თუმცა ამის სარწმუნო მტკიცებულება არ არსებობს.