არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 20

„დაუნაწილეთ ეს მიწა სამკვიდროდ“

„დაუნაწილეთ ეს მიწა სამკვიდროდ“

ეზეკიელი 48:29

თემა: სამკვიდრო მიწების განაწილება

1, 2. ა) რა დავალება მიიღო ეზეკიელმა იეჰოვასგან? ბ) რომელ კითხვებზე მივიღებთ პასუხებს ამ თავში?

ეზეკიელმა ახლახან იხილა ხილვა, რომელმაც იგი 900 წლით ადრე, მოსესა და იესო ნავეს ძის დროში დააბრუნა. მაშინ იეჰოვამ მოსეს აღთქმული მიწის საზღვრები გააცნო, იესო ნავეს ძეს კი აუხსნა, თუ როგორ უნდა დაენაწილებინა მიწა ისრაელის ტომებისთვის (რიცხ. 34:1—15; იეს. 13:7; 22:4, 9). ახლა, ძვ. 593 წელს იეჰოვა ეზეკიელსა და მასთან ერთად გადასახლებულ თანამემამულეებს ავალებს, რომ ისრაელის ტომებს ხელმეორედ დაუნაწილონ აღთქმული მიწა (ეზეკ. 45:1; 47:14; 48:29).

2 რას ნიშნავდა ეს ხილვა ეზეკიელისა და გადასახლებული ებრაელებისთვის? რატომაა ის დღესაც გამამხნევებელი ღვთის მსახურებისთვის? მომავალშიც ველით მის ფართომასშტაბიან შესრულებას?

ოთხი დაპირება

3, 4. ა) რომელ ოთხ დაპირებას შეიცავდა ეზეკიელის მიერ ნანახი ბოლო ხილვა? ბ) რომელ დაპირებას შევეხებით ამ თავში?

3 ეზეკიელის მიერ ნანახ ბოლო ხილვას მისი წინასწარმეტყველების ბოლო ცხრა თავი ეთმობა (ეზეკ. 40:1—48:35). ეს ხილვა ოთხ დაპირებას შეიცავდა: 1) ღვთის ტაძარში წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგებოდა, 2) სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელებს ღვთის ერთგული მღვდლები და მწყემსები ეყოლებოდათ, 3) ისრაელში ყველა დაბრუნებულს მიეცემოდა სამკვიდრო მიწა, და 4) იეჰოვა მათთან „დამკვიდრდებოდა“.

4 ამ წიგნის მე-13 და მე-14 თავებში ვისაუბრეთ ამ ოთხი დაპირებიდან პირველ ორზე. წინამდებარე თავში შევეხებით მესამე დაპირებას, ხოლო მომდევნო თავში ვიმსჯელებთ მეოთხე დაპირების შესახებ (ეზეკ. 47:13—21; 48:1—7, 23—29).

„გეძლევათ ეს მიწა სამკვიდროდ“

5, 6. ა) რომელი მიწა უნდა დაენაწილებინათ ებრაელებს? (იხილეთ სურათი 211-ე გვერდზე) ბ) რა მნიშვნელობა ჰქონდა ხილვას?

5 წაიკითხეთ ეზეკიელის 47:14. ხილვაში იეჰოვამ ეზეკიელის ყურადღება მიმართა იმ მიწისკენ, რომელიც მალე ედემის ბაღს დაემსგავსებოდა (ეზეკ. 36:35). ღმერთმა წინასწარმეტყველს უთხრა: „ამ მიწას ისრაელის 12 ტომი მემკვიდრეობად დაინაწილებთ“ (ეზეკ. 47:13). „მიწაში“ იეჰოვა ისრაელის მიწას გულისხმობდა, რომელსაც გადასახლებიდან დაბრუნებული ებრაელები დაიმკვიდრებდნენ. ეზეკიელის 47:15—21-დან კი ვიგებთ, რომ ღმერთი ზედმიწევნით აცნობს წინასწარმეტყველს აღთქმული მიწის საზღვრებს.

6 რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ხილვას? იეჰოვას მიერ ზედმიწევნით მითითებული საზღვრები დაარწმუნებდა ეზეკიელსა და მის თანამემამულეებს, რომ ისინი ნამდვილად დაბრუნდებოდნენ მშობლიურ მიწა-წყალზე. ამ დაპირების მოსმენა უდავოდ სიხარულით აუვსებდა გულს. მართლა დაიმკვიდრა ღვთის ხალხმა აღთქმული მიწა? რა თქმა უნდა!

7. ა) რა მოხდა ძვ. წ. 537 წელს და რას მოგვაგონებს ეს? ბ) რომელ კითხვაზე მივიღებთ პასუხს?

7 ძვ. წ. 537 წელს, ხილვის ნახვიდან დაახლოებით 56 წლის შემდეგ, ათასობით ებრაელი ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდა და ისრაელის მიწაზე დამკვიდრდა. ეს მოგვაგონებს იმას, რაც „ბოლო დღეებში“ ხდება. ჩვენს დროშიც ღვთის ხალხმა „სამკვიდრო მიწა“ მიიღო; იეჰოვამ მათ სულიერი მიწა დაამკვიდრებინა. ისრაელების მიერ აღთქმული მიწის დამკვიდრებიდან ბევრ რამეს ვიგებთ იმაზე, თუ ჩვენს დროში როგორ დაიმკვიდრებდა ღვთის ხალხი სულიერ მიწას. სანამ ამაზე ვისაუბრებთ, მოდი ჯერ პასუხი გავცეთ ერთ კითხვას: რის საფუძველზე ვასკვნით, რომ დღეს სულიერი მიწა არსებობს?

8. ა) რითი ჩაანაცვლა იეჰოვამ ისრაელი ერი? ბ) რა არის სულიერი მიწა ანუ სულიერი სამოთხე? გ) როდიდან არსებობს სულიერი მიწა და ვინ მკვიდრობს მასზე?

8 მანამდე ნანახ ერთ-ერთ ხილვაში, იეჰოვამ ეზეკიელს გაუცხადა, რომ აღდგენის შესახებ წინასწარმეტყველებები უფრო ფართო მასშტაბით მას შემდეგ შესრულდებოდა, რაც მისი „მსახური დავითი“, იესო ქრისტე, გამეფდებოდა (ეზეკ. 37:24). ეს ასეც მოხდა 1914 წელს. იმ დროისთვის უკვე დიდი ხანი იყო გასული, რაც ღმერთს ისრაელი ერი სულიერი ისრაელით, ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი ჯგუფით, ჰყავდა ჩანაცვლებული (წაიკითხეთ მათეს 21:43; 1 პეტრეს 2:9). თუმცა იეჰოვას მხოლოდ ისრაელი ერი კი არ ჩაუნაცვლებია სულიერი ისრაელით, არამედ ისრაელის მიწაც ჩაანაცვლა სულიერი მიწით ანუ სულიერი სამოთხით (ეს. 66:8). როგორც ამ წიგნის მე-17 თავიდან გავიგეთ, სულიერი მიწა არის უსაფრთხო ადგილი, სადაც 1919 წლიდან დედამიწაზე მცხოვრები ცხებულები ღმერთს სცემენ თაყვანს (იხილეთ ჩარჩო 9ბ „რატომ 1919?“). დროის სვლასთან ერთად მიწიერი იმედის მქონე „სხვა ცხვარიც“ დასახლდა სულიერ მიწაზე (იოან. 10:16). მართალია, დღეს უკვე ვმკვიდრობთ სულიერ სამოთხეში, მაგრამ არმაგედონის შემდეგ სრულად გავიხარებთ იმ კურთხევებით, რომლებიც სულიერ სამოთხეში გველის.

მიწის თანაბრად დანაწილება

9. ღვთის მითითების თანახმად, როგორ უნდა გაენაწილებინათ სამკვიდრო მიწები ისრაელის ტომებისთვის?

9 წაიკითხეთ ეზეკიელის 48:1, 28. მიწის საზღვრების დადგენის შემდეგ იეჰოვამ დეტალურად აღწერა, თუ როგორ უნდა გაენაწილებინათ სამკვიდრო მიწები. ღვთის მითითებით, თითოეული ტომისთვის თანაბარი წილი უნდა მიეცათ. აღთქმული მიწის ჩრდილოეთ საზღვართან დანის ტომის სამკვიდრო მდებარეობდა, სამხრეთ საზღვართან კი — გადის სამკვიდრო; ისრაელის სხვა ტომთა სამკვიდროები ამ ორს შორის იყო მოქცეული. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული ტომის სამკვიდრო მიწის აღმოსავლეთ საზღვარს აღთქმული მიწის აღმოსავლეთი საზღვარი წარმოადგენდა, დასავლეთ საზღვარს კი — დიდი ანუ ხმელთაშუა ზღვა (ეზეკ. 47:20).

10. რაში დაარწმუნებდა გადასახლებულ ებრაელებს დეტალური მითითებები სამკვიდრო მიწების განაწილების თაობაზე?

10 რაში დაარწმუნებდა გადასახლებულ ებრაელებს დეტალური მითითებები სამკვიდრო მიწების განაწილების თაობაზე? ისინი მიხვდებოდნენ, რომ მიწების განაწილება ქაოსურად კი არა, წესისა და რიგისამებრ მოხდებოდა. მეტიც, ის ფაქტი, რომ 12 ტომს თანაბრად გაუნაწილდა მიწები იმას მოასწავებდა, რომ სამშობლოში დაბრუნებულთაგან არავინ დარჩებოდა სამკვიდრო მიწის გარეშე, უსახლკარო და მიუსაფარი.

11. რატომაა ჩვენთვის გამამხნევებელი ხილვა მიწების განაწილების თაობაზე? (იხილეთ ჩარჩო „სამკვიდრო მიწების განაწილება“)

11 რატომაა გამამხნევებელი ეს ხილვა ჩვენთვისაც? აღთქმულ მიწაზე სამკვიდრო მხოლოდ მღვდლებს, ლევიანებსა და თავკაცებს კი არ მიეცათ, არამედ ისრაელის 12 ტომიდან ყველას (ეზეკ. 45:4, 5, 7, 8). მსგავსად, სულიერ სამოთხეში ადგილი მხოლოდ ცხებული ქრისტიანებისა და „უამრავი ხალხიდან“ ხელმძღვანელი ძმებისთვის კი არ მოიძებნება, არამედ ყველასთვის * (გამოცხ. 7:9). რა საქმესაც არ უნდა ვასრულებდეთ ღვთის ორგანიზაციაში, უნდა გვახსოვდეს, რომ სულიერ მიწაზე ჩვენც გვაქვს „ადგილი“ და ღირებულ საქმეს ვასრულებთ. მართლაც რაოდენ გამამხნევებელია ამის ცოდნა!

იეჰოვა გვაფასებს იმისდა მიუხედავად, რა საქმესაც არ უნდა ვასრულებდეთ მის ორგანიზაციაში. (იხილეთ მე-11 აბზაცი)

ორი არსებითი სხვაობა

12, 13. რა მითითებები მისცა იეჰოვამ ეზეკიელს ისრაელის 12 ტომისთვის სამკვიდრო მიწების განაწილების თაობაზე?

12 ეზეკიელს ალბათ გააკვირვებდა იეჰოვას მიერ მიწის დანაწილებასთან დაკავშირებით მიცემული ზოგი მითითება, რადგან ისინი განსხვავდებოდა მოსესთვის მიცემული მითითებებისგან. მოდი ვიმსჯელოთ ორ სხვაობაზე. მათგან პირველი ეხებოდა მიწას, მეორე კი — მის მაცხოვრებელთ.

13 მიწა. იეჰოვას მითითებისამებრ, მოსეს მრავალრიცხოვანი ტომებისთვის უფრო დიდი სამკვიდრო უნდა მიეცა, მცირერიცხოვანი ტომებისთვის კი — მომცრო (რიცხ. 26:52—54). მაგრამ ეზეკიელს იეჰოვამ უთხრა, რომ ყველა ტომს თანაბარი სამკვიდრო ერგებოდა (ეზეკ. 47:14). ამგვარად, თითოეული ტომისთვის სამკვიდროდ გამოყოფილი მიწის ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებს შორის თანაბარი მანძილი იყო. ისრაელთაგან უკლებლივ ყველას, იმისდა მიუხედავად, თუ 12 ტომიდან რომელს მიეკუთვნებოდა, შეეძლო მოსავლის მოწევა ნაყოფიერ აღთქმულ მიწაზე.

14. როგორ განსხვავდებოდა ეზეკიელისთვის მიცემული მითითება იმ მითითებისგან, რომელიც მოსეს კანონში იყო ჩაწერილი ხიზნებთან დაკავშირებით?

14 მიწის მაცხოვრებელნი. მართალია, მოსეს კანონი ითვალისწინებდა ხიზნის უფლებებს და იეჰოვას თაყვანისცემის საშუალებას აძლევდა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ წილი ისრაელის მიწაზე (ლევ. 19:33, 34). თუმცა ახლა იეჰოვამ ეზეკიელს ხიზნებისთვის სამკვიდროს მიცემის თაობაზე კანონისგან განსხვავებული მითითება მისცა: „მათ იმ ტომში მიეცით სამკვიდრო, რომელშიც ცხოვრობენ“. იეჰოვამ ამ მითითებით ხიზნის უფლებები მკვიდრის უფლებებს გაუთანაბრა (ეზეკ. 47:22, 23). ეზეკიელი ხილვიდან მიხვდებოდა, რომ ამ აღდგენილ სულიერ მიწაზე ყველა იეჰოვას თაყვანისმცემელი იქნებოდა და თანაბარი უფლებებით ისარგებლებდა (ლევ. 25:23).

15. რომელ უცილობელ ჭეშმარიტებაში გვარწმუნებს იეჰოვას მითითებები სამკვიდრო მიწების განაწილებისა და მის მაცხოვრებელთა თაობაზე?

15 ორი მითითება, რომლებიც იეჰოვამ ეზეკიელს სამკვიდრო მიწების განაწილებასა და ხიზნის უფლებებთან დაკავშირებით მისცა, გადასახლებულთ უსათუოდ გაამხნევებდა. ისინი ამგვარად შეიტყობდნენ, რომ იეჰოვა ყველას, ებრაელსა თუ ხიზანს, აღთქმულ მიწაზე თანაბარ წილს მისცემდა (ეზრ. 8:20; ნეემ. 3:26; 7:6, 25; ეს. 56:3, 8). ეს მითითებები უდავოდ გაახარებდა მათ, რადგან კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდნენ ერთ უცილობელ ჭეშმარიტებაში: იეჰოვასთვის ყველა მსახური თანაბრად ძვირფასია (წაიკითხეთ ანგიას 2:7). ჩვენც გვახარებს ამის ცოდნა, რადგან ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, ღვთისთვის ყველანი ძვირფასნი ვართ.

16, 17. ა) როგორ გვამხნევებს მითითებები სამკვიდრო მიწების განაწილებისა და ამ მიწაზე მაცხოვრებელთა თაობაზე? ბ) რომელ კითხვაზე გაგვცემს პასუხს მომდევნო თავი?

16 როგორ გვამხნევებს მითითებები სამკვიდრო მიწების განაწილებისა და ამ მიწაზე მაცხოვრებელთა თაობაზე? ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ მსოფლიო საძმოში ყველა გაერთიანებულად ვცემთ თაყვანს იეჰოვას და თანაბარი უფლებებით ვსარგებლობთ. იეჰოვა არაა მიკერძოებული. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: ვარ იეჰოვასავით მიუკერძოებელი? ვეპყრობი ყველა თანაქრისტიანს გულითადი პატივისცემით ეთნიკური წარმომავლობის თუ მდგომარეობის მიუხედავად? (რომ. 12:10). ნამდვილად სიხარულს გვგვრის, რომ ყველას თანაბრად მიგვიწვდება ხელი იმ ყოველივეზე, რასაც გვთავაზობს სულიერი სამოთხე, სადაც მთელი გულით ვემსახურებით ღმერთს და ვხარობთ მისგან მომდინარე კურთხევებით (გალ. 3:26—29; გამოცხ. 7:9).

ვართ იეჰოვასავით მიუკერძოებელი და ვეპყრობით სხვებს გულითადი პატივისცემით? (იხილეთ მე-15 და მე-16 აბზაცები)

17 მოდი ახლა განვიხილოთ მეოთხე დაპირება, რომლის შესახებაც ეზეკიელის ხილვის დასკვნით ნაწილშია საუბარი, რომ იეჰოვა „დამკვიდრდებოდა“ გადასახლებულთა შორის. რას ვსწავლობთ ამ დაპირებიდან? ამ კითხვაზე პასუხს მომდევნო თავი გაგვცემს.

^ აბზ. 11 ამ წიგნის მე-14 თავში განხილულია, თუ რა პასუხისმგებლობები დააკისრა იეჰოვამ მღვდლებსა და თავკაცებს სულიერ მიწაზე.