არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 21

«ქალაქს ერქმევა: „იეჰოვაა იქ“»

«ქალაქს ერქმევა: „იეჰოვაა იქ“»

ეზეკიელი 48:35

თემა: ქალაქისა და შეწირული მიწის მნიშვნელობა

1, 2. ა) რომელი მიწის არსებობის შესახებ იგებს ეზეკიელი? (იხილეთ წიგნის ყდა) ბ) რა იმედს ჩაუსახავდა ეს ხილვა გადასახლებულებს?

ეზეკიელი თავის ბოლო ხილვაში განსაკუთრებული მიზნისთვის გამოყოფილი მიწის შესახებ იგებს, რომელიც იეჰოვას საკუთრებაა და ისრაელის არცერთ ტომს არ მიუღია სამკვიდროდ. ეზეკიელი ერთი უჩვეულო ქალაქის არსებობის შესახებაც იგებს, რომელსაც მრავლისმთქმელი სახელი აქვს. ეს ხილვა გადასახლებულებს კიდევ ერთ იმედის მომცემ ცნობას აწვდის: იეჰოვა მათთან იქნება, როდესაც ისინი მშობლიურ მიწა-წყალს დაუბრუნდებიან.

2 წინასწარმეტყველი დაწვრილებით ცნობებს გვაწვდის შეწირული მიწის შესახებ. მოდი განვიხილოთ ბიბლიის ეს მონაკვეთი, რომელსაც ჩვენთვის, იეჰოვას თაყვანისმცემლებისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

წმინდა მიწა და ქალაქისთვის გამოყოფილი მიწა

3. რა და რა ნაწილისგან შედგებოდა შეწირული მიწა და რა დანიშნულება ჰქონდა თითოეულს? (იხილეთ ჩარჩო „შეწირული მიწა“)

3 განსაკუთრებული მიზნისთვის გამოყოფილი მიწის სიგრძეცა და სიგანეც 13 კმ-ს (25 000 წყრთა) შეადგენდა. ეს კვადრატული მიწის ნაკვეთი ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში აგრეთვე მოხსენიებულია, როგორც „მთელი შეწირული მიწა“. ეს მიწა სიგანეზე სამ ნაწილად იყო დაყოფილი: ზემო ნაწილი ლევიანებისთვის იყო გამოყოფილი, შუა ნაწილი — ტაძრისა და მღვდლებისთვის (ზემო და შუა ნაწილს ერთად „წმინდა მიწა“ ეწოდებოდა), შედარებით პატარა ქვემო ნაწილი კი, იგივე „დარჩენილი მიწა“ — ქალაქისთვის (ეზეკ. 48:15, 20).

4. რისი სწავლა შეგვიძლია ბიბლიის ამ მონაკვეთიდან?

4 რისი სწავლა შეგვიძლია ბიბლიის ამ მონაკვეთიდან? ის ფაქტი, რომ იეჰოვას მითითების თანახმად, მიწა ჯერ განსაკუთრებული მიზნისთვის უნდა გამოყოფილიყო, შემდეგ კი ტომებისთვის, იმაზე მიუთითებდა, რომ ისრაელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიწის ის ნაკვეთი უნდა ყოფილიყო, რომელიც წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრად იქცეოდა (ეზეკ. 45:1). უდავოდ, გადასახლებულები მიწის განაწილების მაგალითზე მიხვდებოდნენ, რომ მათ ცხოვრებაში ღვთის თაყვანისმცემლობას უმთავრესი ადგილი უნდა დაეკავებინა. ჩვენც მსგავსი დამოკიდებულება გვაქვს სულიერი საქმეების მიმართ, იქნება ეს ღვთის სიტყვის შესწავლა, ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება თუ სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობა. თუ იეჰოვას თვალსაზრისი გვექნება და პრიორიტეტებს სწორად დავადგენთ, მისდამი თაყვანისმცემლობა ჩვენს ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს დაიკავებს.

„მის შუაგულში ქალაქი იქნება“

5, 6. ა) ვის ეკუთვნოდა ქალაქი? ბ) რა არ იგულისხმება ქალაქში? ახსენით.

5 წაიკითხეთ ეზეკიელის 48:15. რა მნიშვნელობა ჰქონდა ქალაქსა და მის გარშემო მდებარე მიწას? (ეზეკ. 48:16—18). ხილვაში იეჰოვამ ეზეკიელს უთხრა, რომ ქალაქის საკუთრებად გაღებული მიწა მთელი ისრაელისთვის იქნებოდა განკუთვნილი (ეზეკ. 45:6, 7). ამგვარად, ქალაქი და მის გარშემო მდებარე მიწა არ შედიოდა იეჰოვასთვის შეწირულ „წმინდა მიწაში“ (ეზეკ. 48:9). მოდი ახლა ვიმსჯელოთ, თუ რისი სწავლა შეგვიძლია ქალაქის მაგალითზე.

6 ამ საკითხის განხილვამდე ჯერ გავიგოთ, რა არ იგულისხმება ქალაქში. მასში არ იგულისხმება აღდგენილი იერუსალიმი, სადაც ტაძარი იდგა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ეზეკიელის მიერ ნანახ ქალაქში ტაძარი არ იყო. ქალაქში არც ისრაელის რომელიმე სხვა ქალაქი იგულისხმება, რადგან გადასახლებიდან დაბრუნებულ ებრაელებსა თუ მათ შთამომავლებს არასოდეს გაუშენებიათ ისეთი ქალაქი, როგორიც ეზეკიელმა იხილა. გარდა ამისა, ქალაქში არც ზეციერი ქალაქი იგულისხმება, რადგან ის თაყვანისმცემლობისთვის გამოყოფილ წმინდა მიწაზე არ მდებარეობდა (ეზეკ. 42:20).

7. რა ქალაქი იხილა ეზეკიელმა და, სავარაუდოდ, რა იგულისხმება მასში? (იხილეთ სურათი 218-ე გვერდზე)

7 მაშ, რა იგულისხმება ეზეკიელის მიერ ნანახ ქალაქში? ყურადღება მიაქციეთ, რომ ეზეკიელმა ქალაქიც და მიწაც ერთსა და იმავე ხილვაში ნახა (ეზეკ. 40:2; 45:1, 6). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „მიწაში“ სულიერი მიწა იგულისხმება. შესაბამისად, „ქალაქშიც“ სულიერი ქალაქი უნდა ვიგულისხმოთ. ისმის კითხვა: რას მოიაზრებს სიტყვა „ქალაქი“? როგორც წესი, „ქალაქში“ დასახლებული პუნქტი იგულისხმება. ამგვარად, წინასწარმეტყველის მიერ ხილვაში ნანახი კვადრატის ფორმის ქალაქი, როგორც ჩანს, წარმოადგენდა ცენტრს, სადაც ადმინისტრაციული ორგანო მდებარეობდა.

8. რას განაგებს ადმინისტრაციული ორგანო და რის საფუძველზე ვამბობთ ამას?

8 რას განაგებს ეს ადმინისტრაციული ორგანო? ეზეკიელის ხილვიდან ვიგებთ, რომ მისი მმართველობა სულიერ მიწაზე ვრცელდება. შესაბამისად, ეს ადმინისტრაციული ორგანო სულიერ სამოთხეში ღვთის ხალხის საქმიანობას ხელმძღვანელობს. რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ქალაქი თაყვანისმცემლობისთვის გამოყოფილ მიწაზე არ მდებარეობდა? ეს მიუთითებს იმაზე, რომ მასში ზეციერი კი არა, დედამიწაზე არსებული მმართველობა იგულისხმება, რომელიც სულიერი სამოთხის მკვიდრთა კეთილდღეობას ემსახურება.

9. ა) ვინ შეადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს? ბ) რას გააკეთებს იესო ათასწლიანი მმართველობის დროს?

9 ვინ შეადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს? ეზეკიელის ხილვაში ქალაქის მმართველი თავკაცი იყო (ეზეკ. 45:7). მართალია, იგი ხალხს ზედამხედველობდა, მაგრამ არც მღვდელი იყო და არც ლევიანი. დღეს თავკაცის როლს, ძირითადად, ის ქრისტიანი ზედამხედველები ასრულებენ, რომლებიც სულით ცხებულები არ არიან. ეს მზრუნველი სულიერი მწყემსები, რომლებიც „სხვა ცხვარს“ მიეკუთვნებიან, ქრისტეს ზეციერი მთავრობის მორჩილი მიწიერი მსახურები არიან (იოან. 10:16). ათასწლიანი მმართველობის დროს იესო მთელ დედამიწაზე დანიშნავს „მთავრებს“ ანუ გამოცდილ უხუცესებს (ფსალმ. 45:16). როგორც ზეციერი მთავრობის მიწიერი წარმომადგენლები, ისინი იზრუნებენ ღვთის ხალხის კეთილდღეობაზე.

„იეჰოვაა იქ“

10. რა ერქვა ქალაქს და რის გარანტიას იძლეოდა მისი სახელი?

10 წაიკითხეთ ეზეკიელის 48:35. ქალაქის სახელწოდებაა „იეჰოვაა იქ“. ეს სახელი იმის გარანტია იყო, რომ ქალაქში იეჰოვა იმყოფებოდა, რასაც ისრაელებიც ნათლად დაინახავდნენ. როცა იეჰოვამ ეზეკიელს მიწის შუაგულში მდებარე ქალაქი ახილვინა, შეიძლება ითქვას, გადასახლებულებს ასეთი რამ უთხრა: „კვლავ თქვენთან ვიქნები!“. მართლაც რა მანუგეშებელი სიტყვებია!

11. რისი სწავლა შეგვიძლია ბიბლიის ამ მონაკვეთიდან?

11 რისი სწავლა შეგვიძლია ბიბლიის ამ მონაკვეთიდან? ქალაქის სახელწოდება იმაში გვარწმუნებს, რომ იეჰოვა დღესაც მკვიდრობს თავის ერთგულ მსახურებთან და ეს ასე იქნება მომავალშიც. ამ სახელწოდებიდან კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს ვიგებთ: ქალაქით ადამიანური მმართველობა კი არა, იეჰოვას მმართველობაა წარმოდგენილი, რომელსაც საფუძვლად სიყვარული და სამართლიანობა უდევს. მაგალითად, იეჰოვას ადამიანებისთვის არ მიუცია უფლება, თვითნებურად დაენაწილებინათ მიწა. მსგავსად ამისა, იეჰოვა მოელის, რომ „ადმინისტრაციულ ორგანოში“ მომსახურე მმართველებმაც პატივი სცენ იმას, თუ როგორ გაუნაწილა „სამკვიდრო“ ანუ საქმე თავის მსახურებს, მათ შორის, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოებს (ეზეკ. 46:18; 48:29).

12. ა) რა თავისებურება ახასიათებს ქალაქს და რაზე მოწმობს ის? ბ) რას სწავლობენ ქრისტიანი ზედამხედველები კარიბჭეების მაგალითზე?

12 კიდევ რა თავისებურება ახასიათებს ქალაქს, რომლის სახელწოდებაცაა „იეჰოვაა იქ“? საგულისხმოა, რომ ძველად ცდილობდნენ, ქალაქის გალავანში, რაც შეიძლება ცოტა კარიბჭე დაეტანებინათ, მაშინ როცა ამ ქალაქს 12 კარიბჭე ჰქონდა! (ეზეკ. 48:30—34). კარიბჭეების ასეთი რაოდენობა იმაზე მოწმობდა, რომ ქალაქის მმართველებთან ღვთის ყველა მსახურს ადვილად შეეძლო მისვლა. გალავანს ოთხივე მხარეს სამ-სამი კარიბჭე ჰქონდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ქალაქი ღია იყო ყველა ისრაელისთვის (ეზეკ. 45:6). ქრისტიანი ზედამხედველები კარიბჭეების მაგალითზე ერთ მნიშვნელოვან რამეს სწავლობენ: იეჰოვა მოელის, რომ ისინი უშუალონი და მეგობრულნი იყვნენ, რათა სულიერი სამოთხის ყველა მკვიდრს ადვილად შეეძლოს მათთან მისვლა.

ქრისტიანი ზედამხედველები უშუალონი და მეგობრულნი არიან. (იხილეთ მე-12 აბზაცი)

საქმე ტაძარში თუ ქალაქგარეთ

13. რა საქმე სრულდებოდა ტაძარში?

13 მოდი ვნახოთ, კიდევ რას ვიგებთ ამ ხილვიდან. იეჰოვა იხსენიებს ხალხს, რომელიც სხვადასხვა სახის მსახურებას ასრულებდა. მაგალითად, ტაძარში მომსახურე მღვდლები მსხვერპლს სწირავდნენ, ლევიანები კი ტაძარში გასაკეთებელ სხვადასხვა საქმეზე ზრუნავდნენ (ეზეკ. 44:14—16; 45:4, 5). ამასთანავე, ღვთის ზოგი მსახური ქალაქის სიახლოვეს შრომობდა. ვინ იყვნენ ისინი?

14. რას მოგვაგონებს საქმე, რომელსაც ქალაქის შემოგარენში მომუშავენი ასრულებდნენ?

14 ქალაქის შემოგარენში მომუშავენი „ისრაელის ყველა ტომიდან“ იყვნენ. ისინი მხარს უჭერდნენ მათ, ვინც ქალაქში შრომობდა. მათ მოჰყავდათ მოსავალი, რომლითაც ქალაქში მომსახურენი საზრდოობდნენ (ეზეკ. 48:18, 19). ქალაქის სიახლოვეს მომუშავეთა საქმიანობა მოგვაგონებს იმ საქმეს, რომლის კეთებაც ჩვენ დაგვევალა. დღეს სულიერი სამოთხის ყველა მკვიდრს აქვს შესაძლებლობა, მხარი დაუჭირონ ქრისტეს ცხებულ ძმებს და იეჰოვას მიერ დანიშნულ ხელმძღვანელ ძმებს „უამრავი ხალხიდან“ (გამოცხ. 7:9, 10). თუკი ხალისით მივყვებით „ერთგული მონის“ მითითებებს, შეიძლება ითქვას, რომ მათ მხარდამხარ ვთანამშრომლობთ.

15, 16. ა) კიდევ რას ვსწავლობთ ეზეკიელის ხილვიდან? ბ) რა საქმეებში ვართ ჩაბმულნი?

15 ეზეკიელის ხილვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის იმ საქმესთან დაკავშირებით, რომლის კეთებაც დაგვევალა. როგორც იეჰოვამ თქვა, ხალხი 12 არასამღვდელო ტომიდან ორ სხვადასხვა ადგილას იშრომებდა: ტაძრის ეზოში და ქალაქგარეთ, საძოვრებზე. რა საქმეს ასრულებდნენ ისინი ტაძარში თუ ქალაქგარეთ? ტაძრის ეზოში ისრაელის ყველა ტომიდან მიდიოდნენ იეჰოვასთვის თაყვანსაცემად და მსხვერპლის შესაწირად (ეზეკ. 46:9, 24). ამასთანავე, ისინი ქალაქგარეთ ამუშავებდნენ მიწას, მოწეული მოსავლით კი ქალაქში მომსახურენი საზრდოობდნენ. რისი სწავლა შეგვიძლია ქალაქგარეთ მომუშავეთა მაგალითზე?

16 დღესდღეობით „უამრავი ხალხი“ ასრულებს იმის მსგავს საქმეს, რომელსაც ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული ქალაქგარეთ მომუშავენი ასრულებდნენ. „უამრავი ხალხი“ თაყვანს სცემს იეჰოვას მის ტაძარში და მსხვერპლად ქებას სწირავს, ანუ ისინი მონაწილეობენ სამქადაგებლო საქმეში, აკეთებენ კომენტარებს კრების შეხვედრებზე და მღერიან ღვთის სადიდებელ სიმღერებს (ებრ. 13:15; გამოცხ. 7:9—15). ნამდვილად, მათთვის იეჰოვას თაყვანისცემა უმთავრესი მოვალეობაა (1 მატ. 16:29). ღვთის ხალხს აქვს შესაძლებლობა, ორგანიზაციას სხვა მხრივაც დაუჭირონ მხარი. მაგალითად, ზოგი იეჰოვას მოწმეთა ფილიალებისა თუ დარბაზების მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაში იღებს მონაწილეობას, ზოგი ორგანიზაციის მიერ წამოწყებულ სხვა პროექტებს უჭერს მხარს, ზოგიც ორგანიზაციას მატერიალურად უდგას მხარში. ამგვარად, ეს და-ძმები „ამუშავებენ მიწას“, რაც ღვთის განდიდებას ემსახურება (1 კორ. 10:31). ისინი დავალებულს ხალისითა და გულმოდგინებით ასრულებენ, რადგან იციან, რომ „ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“ (ებრ. 13:16). ყოველ ღონეს ხმარობთ, რომ სრულად ჩაებათ მსგავს საქმეებში?

რას ვიგებთ იმ საქმეების მაგალითზე, რომლებიც ტაძრის ეზოში თუ ქალაქგარეთ სრულდებოდა? (იხილეთ მე-14—16 აბზაცები)

„ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას“

17. ა) როგორ შესრულდება ეზეკიელის ხილვა ფართო მასშტაბით მომავალში? ბ) ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს ვის უხელმძღვანელებს „ადმინისტრაციული ორგანო“?

17 ველით ამ ხილვის უფრო ფართო მასშტაბით შესრულებას მომავალში? რასაკვირველია! შევიხსენოთ, რომ ეზეკიელის მიერ ნანახი მიწის ნაკვეთი, რომელსაც „წმინდა შესაწირავი“ ეწოდა, აღთქმული მიწის შუაგულში მდებარეობდა (ეზეკ. 48:10, 20). ეს გვარწმუნებს, რომ არმაგედონის შემდეგ იმისდა მიუხედავად, თუ სად ვიცხოვრებთ, იეჰოვა ჩვენთან იქნება (გამოცხ. 21:3). ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს „ადმინისტრაციული ორგანო“ მთელ დედამიწაზე განავრცობს თავის ძალაუფლებას, ანუ ძმები, რომელთაც დედამიწაზე ღვთის ხალხზე ზრუნვა დაევალებათ, ხელმძღვანელობას გაუწევენ „ახალ დედამიწას“ ანუ ადამიანთა ახალ საზოგადოებას (2 პეტ. 3:13).

18. ა) რა გვარწმუნებს იმაში, რომ „ადმინისტრაციული ორგანო“ ყოველთვის ღვთის მოსაწონად უხელმძღვანელებს ხალხს? ბ) რაზე მოწმობს ქალაქის სახელწოდება?

18 რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ „ადმინისტრაციული ორგანო“ ყოველთვის ღვთის მოსაწონად უხელმძღვანელებს ხალხს? ღვთის სიტყვიდან ჩანს, რომ ეს მიწიერი ქალაქი, რომელსაც 12 კარიბჭე აქვს, ზეციერ ქალაქს, ახალ იერუსალიმს, წააგავს, რომელსაც აგრეთვე 12 კარიბჭე აქვს და ქრისტეს 144 000 ცხებული თანამმართველისგან შედგება (გამოცხ. 21:2, 12, 21—27). ეს იმაზე მიუთითებს, რომ „ადმინისტრაციულ ორგანოში“ მომსახურე მმართველები ზედმიწევნით მიჰყვებიან ღვთის ზეციერი სამეფოს ხელმძღვანელობას. ქალაქის სახელწოდება „იეჰოვაა იქ“, მოწმობს იმაზე, რომ სამოთხეში წმინდა თაყვანისმცემლობას აღარასდროს დაემუქრება საფრთხე და ერთხელ და სამუდამოდ განმტკიცდება! მართლაც, რა მშვენიერი მომავალი გველის!