არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 17

„შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, გოგ“

„შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, გოგ“

ეზეკიელი 38:3

თემა: ვის ან რას წარმოადგენს „გოგი“ და რას განასახიერებს „მიწა“, რომელზეც ის იჭრება?

1, 2. რომელი დიდი ომია წინ და რა კითხვები იჩენს თავს მასთან დაკავშირებით? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

ათასობით წელია, დედამიწა ადამიანთა სისხლით ირწყვება, რაზეც მე-20 საუკუნეში მომხდარი ყველაზე სისხლიანი ორი მსოფლიო ომიც მოწმობს. თუმცა ყველაზე დიდი ომი, როგორიც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, ჯერ კიდევ წინაა. ამ ომში ერთმანეთს მიწიერი მმართველები კი არ შეებმებიან საკუთარი მიზნების მისაღწევად, არამედ ეს „ყოვლისშემძლე ღვთის დიდი დღე“ იქნება (გამოცხ. 16:14). ომი მაშინ დაიწყება, როდესაც მტერი იმ „მიწაზე“ შეიჭრება, რომელიც ღვთისთვის მეტად ძვირფასია. ამ იერიშზე საპასუხოდ უზენაესი უფალი იეჰოვა ისეთი გამანადგურებელი ძალით შეუტევს ვერაგ მტერს, როგორიც ჯერ არასდროს გამოუვლენია კაცობრიობის ისტორიის მანძილზე.

2 ამ ომთან დაკავშირებით თავს იჩენს შემდეგი კითხვები: ვინ არის მტერი და რომელ „მიწაზე“ იჭრება ის? როდის, რატომ და როგორ მოხდება ეს? ვინაიდან ეს მოვლენები ჩვენც, იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებსაც, შეგვეხება, ამ კითხვებზე პასუხების ცოდნა მნიშვნელოვანია. პასუხების მისაღებად მივმართოთ წიგნ „ეზეკიელის“ 38-ე და 39-ე თავებს, სადაც ამ მოვლენების შესახებ მეტად საინტერესო წინასწარმეტყველებას ვხვდებით.

„გოგი მაგოგის მიწიდან“

3. მოჰყევით წინასწარმეტყველების შინაარსს.

 3 წაიკითხეთ ეზეკიელის 38:1, 2, 8, 18; 39:4, 11. წინასწარმეტყველების შინაარსი ასეთია: „უკანასკნელ წლებში“ „გოგი, რომელიც მაგოგის მიწიდანაა“, ღვთის ხალხის „მიწაზე შეიჭრება“, რის გამოც იეჰოვა რისხვით აენთება, დაუპირისპირდება მას და დაამარცხებს. * ღმერთი დამარცხებულ მტერს და მთელ მის ურდოს „ყველანაირი მტაცებელი ფრინველისა და მინდვრის მხეცების ლუკმად“ აქცევს. ბოლოს კი „გოგს“ „დასამარხ ადგილს“ მისცემს. მოდი, სანამ იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ შესრულდება ეს წინასწარმეტყველება ახლო მომავალში, ჯერ „გოგის“ ვინაობა დავადგინოთ.

4. რას ვასკვნით „გოგის“ ვინაობის შესახებ?

4 ვინ არის „გოგი მაგოგის მიწიდან“? ეზეკიელის მიერ მოყვანილი აღწერილობიდან ვასკვნით, რომ „გოგი“ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების მტერია. სატანა, წმინდა თაყვანისმცემლობის დაუძინებელი მტერი, ხომ არაა წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული „გოგი“? ათწლეულების განმავლობაში ამას ასე ვხსნიდით. თუმცა ეზეკიელის წინასწარმეტყველების სიღრმისეულმა გამოკვლევამ მეტი ნათელი მოჰფინა „გოგის“ ვინაობას. არცთუ ისე დიდი ხნის წინ „საგუშაგო კოშკში“ აიხსნა, რომ „გოგი მაგოგის მიწიდან“ უხილავი სულიერი ქმნილება კი არა, ხილული მიწიერი მტერია ანუ ერთა კოალიცია, რომელიც წმინდა თაყვანისმცემლობის წინააღმდეგ გაილაშქრებს. * სანამ იმაზე ვიმსჯელებთ, თუ რამ მიგვიყვანა ამ დასკვნამდე, მოდი ეზეკიელის წინასწარმეტყველებიდან შევეხოთ ორ მიზეზს, რომელთა საფუძველზეც ვასკვნით, რომ „გოგი“ სულიერი ქმნილება არაა.

5, 6. რატომ ვასკვნით ეზეკიელის წინასწარმეტყველების საფუძველზე, რომ „გოგი მაგოგის მიწიდან“ არაა სულიერი ქმნილება?

5 „ყველანაირი მტაცებელი ფრინველის . . . ლუკმად გაქცევ“ (ეზეკ. 39:4). ხშირად ბიბლია ლეშის მჭამელ ფრინველებს იხსენიებს იმ კონტექსტში, სადაც ღმერთი თავისი განაჩენის შესახებ აფრთხილებს ხალხს. ღმერთი ასე აფრთხილებდა როგორც ისრაელებს, ისე უცხოტომელებს (კან. 28:26; იერ. 7:33; ეზეკ. 29:3, 5). ყურადღება მიაქციეთ, რომ ღვთისგან ამგვარ გაფრთხილებებს სულიერი ქმნილებები კი არა, ადამიანები იღებდნენ. ნურც ის გამოგრჩებათ მხედველობიდან, რომ მხეცები და მტაცებელი ფრინველები ხორცით იკვებებიან. ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე ვასკვნით, რომ „გოგი“ სულიერი ქმნილება არაა.

6 „გოგს ისრაელში . . . მივცემ დასამარხ ადგილს“ (ეზეკ. 39:11). ბიბლიაში არსადაა ნახსენები, რომ სულიერი ქმნილებები დედამიწაზე იმარხებიან. ღვთის სიტყვაში სატანასა და დემონებზე ვკითხულობთ, რომ ისინი 1 000 წლით „უფსკრულში“ შეიბოჭებიან, შემდეგ კი „ცეცხლის ტბაში“ ჩაიყრებიან, რომელიც მარადიული განადგურების სიმბოლოა (ლუკ. 8:31; გამოცხ. 20:1—3, 10). ვინაიდან „გოგზე“ ნათქვამია, რომ მას დედამიწაზე მიეცემა „დასამარხი ადგილი“, ვასკვნით, რომ ის არაა სულიერი ქმნილება.

7, 8. როდის მოეღება ბოლო „ჩრდილოეთის მეფეს“ და რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ის „გოგის“ ბედს გაიზიარებს?

7 თუ „გოგი“ სულიერი ქმნილება არაა, მაშ, ვინ გაილაშქრებს ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების წინააღმდეგ ან რა ძალა დაუპირისპირდება მათ? „გოგის“ ვინაობის დასადგენად განვიხილოთ ორი ბიბლიური წინასწარმეტყველება.

8 „ჩრდილოეთის მეფე“ (წაიკითხეთ დანიელის 11:40—45). დანიელმა იწინასწარმეტყველა, თუ როგორ შეცვლიდა ერთმანეთს მსოფლიო ასპარეზზე სხვადასხვა იმპერია კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. წინასწარმეტყველება აგრეთვე მოიხსენიებს ორ ურთიერთმოქიშპე ძალას — „ჩრდილოეთის მეფესა“ და „სამხრეთის მეფეს“ — რომლებითაც საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა მონარქი თუ იმპერია იყო წარმოდგენილი. დანიელი წინასწარმეტყველებდა „ჩრდილოეთის მეფეზე“, რომელიც „უკანასკნელ დროს“ ბოლოჯერ გაილაშქრებდა: „გამოვა იგი, დიდად განრისხებული, რათა მოსპოს და გაანადგუროს მრავალი“. მის მთავარ სამიზნეს იეჰოვას თაყვანისმცემლები წარმოადგენენ. * თუმცა ღვთის ხალხზე თავდასხმის შემდეგ „ჩრდილოეთის მეფეც“, „გოგის“ მსგავსად, „მიაღწევს თავის აღსასრულს“.

9. რის შემდეგ ნადგურდებიან როგორც „მსოფლიოს მეფეები“, ისე „გოგი“?

9 „მთელი მსოფლიოს მეფეები“ (წაიკითხეთ გამოცხადების 16:14, 16; 17:14; 19:19, 20). წიგნ „გამოცხადებაში“ ნაწინასწარმეტყველებია, რომ „დედამიწის მეფეები“ გაილაშქრებენ ზეციერი „მეფეთა მეფის“, იესო ქრისტეს, წინააღმდეგ, თუმცა, ზეცად მყოფს ვერაფერს დააკლებენ, რის გამოც მის მიწიერ ქვეშევრდომებს დაესხმებიან თავს. „დედამიწის მეფეები“ მაშინღა მიხვდებიან, რომ არმაგედონის ომში დამარცხდნენ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ისინი მას შემდეგ განადგურდებიან, რაც იეჰოვას ხალხზე მიიტანენ იერიშს. ბიბლიაში მსგავსი რამაა ნათქვამი „გოგის“ შესახებაც. *

10. რა დასკვნამდე მივდივართ „გოგის“ ვინაობის დადგენის შედეგად?

10 რა დასკვნამდე მივდივართ ზემოთქმულის საფუძველზე? 1) „გოგი“ სულიერი ქმნილება არაა და 2) „გოგით“ წარმოდგენილია ერები, რომლებიც უახლოეს მომავალში ღვთის ხალხს დაესხმებიან თავს. როგორც ჩანს, ეს ერები გაერთიანდებიან ანუ ერთგვარ კოალიციას შექმნიან. რატომ ვამბობთ ამას? ვინაიდან ღვთის ხალხს მსოფლიოს ყველა ერში ვხვდებით, საერთო მიზნის მისაღწევად ერები უნდა გაერთიანდნენ, რათა მათზე ერთობლივად მიიტანონ იერიში (მათ. 24:9). ნუ დაგავიწყდებათ, რომ ღვთის ხალხზე თავდასხმის იდეის ავტორი ამჟამადაც სატანა იქნება; მისი გავლენით ერები დიდი ხანია, თავს ესხმიან ღვთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას (1 იოან. 5:19; გამოცხ. 12:17). თუმცა ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში ყურადღება მახვილდება არა სატანის, არამედ იმ ერების როლზე, რომლებიც იეჰოვას ხალხზე იერიშის მისატანად გაერთიანდებიან. *

„მიწა“

11. როგორ აღწერს ეზეკიელი „მიწას“, რომელზეც „გოგი“ შეიჭრება?

11 როგორც  მე-3 აბზაციდან გავიგეთ, იეჰოვა რისხვით აენთება, როცა „გოგი მაგოგის მიწიდან“ შეიჭრება იმ „მიწაზე“, რომელიც მეტად ძვირფასია მისთვის. რა „მიწაზეა“ საუბარი? მოდი დავუბრუნდეთ ეზეკიელის წინასწარმეტყველებას (წაიკითხეთ ეზეკიელის 38:8—12). წინასწარმეტყველების თანახმად, „გოგი“ შეიჭრება „მათ მიწაზე, . . ვინც მრავალი ხალხისგან გამოიკრიბა“. ყურადღება მიაქციეთ, თუ რა არის ნათქვამი ღვთის სიტყვაში ამ „მიწის“ მკვიდრებზე ანუ აღდგენილი წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდამჭერებზე: „უსაფრთხოდ ცხოვრობენ . . . არც გალავანი აქვთ, არც ჭიშკრები და არც ურდულები . . . სიმდიდრეს . . . აგროვებენ“. სწორედ ამ „მიწაზე“ მკვიდრობენ იეჰოვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოში. რა იგულისხმება „მიწაში“?

12. რა გაგებით აღდგა ისრაელის მიწა ძველად?

12 იმის გასაგებად, თუ რა იგულისხმება „მიწაში“, გავიხსენოთ, რა მოხდა ისრაელში ანუ იმ მიწაზე, სადაც ღვთის რჩეული ერი საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა და თაყვანს სცემდა იეჰოვას. როდესაც ისრაელებმა ზურგი აქციეს ღმერთს, მან ეზეკიელის მეშვეობით იწინასწარმეტყველა, რომ მათი მიწა გაპარტახდებოდა და გაუკაცრიელდებოდა (ეზეკ. 33:27—29). თუმცა იეჰოვამ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებული მომნანიებელი ისრაელები თავიანთ მიწას დაუბრუნდებოდნენ და წმინდა თაყვანისმცემლობას აღადგენდნენ. იეჰოვას კურთხევით ისრაელის მიწა ედემის ბაღს დაემსგავსებოდა (ეზეკ. 36:34—36). ამ წინასწარმეტყველების შესრულება ძვ. წ. 537 წლიდან დაიწყო, როცა იუდეველები წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად მშობლიურ მიწაზე დაბრუნდნენ.

13, 14. ა) რა იგულისხმება სულიერ მიწაში? ბ) რატომ არის ეს „მიწა“ იეჰოვასთვის მეტად ძვირფასი?

13 ჩვენს დროშიც ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მსგავსი აღდგენის თვითმხილველნი გახდნენ. როგორც ამ წიგნის მე-9 თავიდან გავიგეთ, 1919 წელს ღვთის ხალხი გათავისუფლდა „დიდი ბაბილონის“ მრავალსაუკუნოვანი ტყვეობისგან. ამ წელს იეჰოვამ წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდამჭერნი სულიერ მიწაზე დაასახლა. ეს „მიწა“ სულიერი სამოთხეა, უსაფრთხო ადგილი და სულიერი ოაზისი, სადაც თაყვანს ვცემთ ჭეშმარიტ ღმერთს, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ და სულის სიმშვიდე გვაქვს (იგავ. 1:33). ამასთანავე, არ გვაკლია სულიერი საზრდო და სხვებსაც სიამოვნებით ვუზიარებთ ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ. საკუთარი გამოცდილებით ვრწმუნდებით ერთ-ერთი იგავის ჭეშმარიტებაში: „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“ (იგავ. 10:22). იმისდა მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ, თუკი სიტყვითა და საქმით მხარს ვუჭერთ წმინდა თაყვანისმცემლობას, შეიძლება ითქვას, რომ ამ „მიწაზე“ ანუ სულიერ სამოთხეში ვმკვიდრობთ.

14 ეს სულიერი მიწა იეჰოვასთვის მეტად ძვირფასია, რადგან მის მკვიდრთ, რომლებიც მან წმინდა თაყვანისმცემლობისკენ „მიიზიდა“, „ხალხთა საუნჯედ“ თვლის (ანგ. 2:7; იოან. 6:44). ისინი გულწრფელად ცდილობენ, შეიმოსონ ახალი პიროვნებით, რაშიც ღვთის დიდებული პიროვნების მიბაძვა იგულისხმება (ეფეს. 4:23, 24; 5:1, 2). როგორც ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, ისინი ბოლომდე იხარჯებიან ღვთის მსახურებაში, რითაც განადიდებენ ღმერთს და სიყვარულს ავლენენ მისდამი (რომ. 12:1, 2; 1 იოან. 5:3). ბოლომდე ვერასდროს გავიაზრებთ, თუ რამხელა სიხარულს გრძნობს იეჰოვა თავისი მსახურების შემხედვარე, რომლებიც შრომობენ სულიერი სამოთხის კიდევ უფრო გასალამაზებლად. ნამდვილად, როცა წმინდა თაყვანისმცემლობას უმთავრეს ადგილს უთმობთ, თქვენ არა მარტო ალამაზებთ სულიერ სამოთხეს, არამედ იეჰოვასაც უხარებთ გულს! (იგავ. 27:11).

იმისდა მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ, თუკი მხარს ვუჭერთ წმინდა თაყვანისმცემლობას, შეიძლება ითქვას, რომ სულიერ სამოთხეში ვმკვიდრობთ. (იხილეთ მე-13 და მე-14 აბზაცები)

როდის, რატომ და როგორ შეიჭრება „გოგი“ ღვთის ხალხის „მიწაზე“?

15, 16. როდის შეიჭრება „გოგი“ სულიერ მიწაზე?

15 არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მალე ერთა კოალიცია გაილაშქრებს იმ „მიწისკენ“, რომელიც ჩვენთვის ესოდენ ძვირფასია. ამიტომ გვსურს, რაც შეიძლება მეტი გავიგოთ ამ თავდასხმის შესახებ. მოდი ვიმსჯელოთ სამ კითხვაზე, რომლებიც ბუნებრივად გვიჩნდება.

16 როდის შეიჭრება „გოგი მაგოგის მიწიდან“ სულიერ მიწაზე? წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „უკანასკნელ წლებში შეიჭრები მათ მიწაზე“ (ეზეკ. 38:8). ეს სიტყვები მიანიშნებს იმ დროზე, რომელსაც ქვეყნიერების აღსასრული მოჰყვება. როგორც ვიცით, „დიდი გასაჭირი“ დაიწყება „დიდი ბაბილონის“ ანუ ცრურელიგიური სამყაროს განადგურებით, რის შემდეგაც, არმაგედონის დაწყებამდე, „გოგი“ ღვთის თაყვანისმცემლებზე საბოლოო, ფართომასშტაბიან იერიშს მიიტანს.

17, 18. როგორ წარმართავს იეჰოვა მოვლენებს „დიდ გასაჭირში“?

17 რატომ შეიჭრება „გოგი მაგოგის მიწიდან“ ღვთის თაყვანისმცემლების „მიწაზე“? ეზეკიელის წინასწარმეტყველება შემდეგ რამეს გვატყობინებს: 1) მოვლენებს იეჰოვა წარმართავს და 2) „გოგი“ თავისი მზაკვრული ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად იმოქმედებს.

18 მოვლენებს იეჰოვა წარმართავს (წაიკითხეთ ეზეკიელის 38:4, 16). ყურადღება მიაქციეთ, რას ეუბნება იეჰოვა „გოგს“: „ყბებში კავებს გამოგდებ და გამოგიყვან . . . ჩემი მიწის წინააღმდეგ“. მიუთითებს ეს სიტყვები იმაზე, რომ იეჰოვა აიძულებს ერებს, თავს დაესხან მის თაყვანისმცემლებს? რა თქმა უნდა, არა! ღმერთი არასოდეს იზრახავს ბოროტს თავისი ხალხისთვის (იობ. 34:12). თუმცა ერთი რამ მან კარგად უწყის, რომ „გოგი“, მისი ხალხის დაუძინებელი მტერი, არ გაუშვებს ხელიდან მათზე გალაშქრების შესაძლებლობას (1 იოან. 3:13). იეჰოვა მოვლენებს თავისი სურვილისამებრ წარმართავს იმ თანმიმდევრობით, როგორც განზრახული აქვს. „დიდი ბაბილონის“ განადგურების შემდეგ ღმერთი „კავებს ამოსდებს ყბაში გოგს“ ანუ აღძრავს, სისრულეში მოიყვანოს თავისი ჩანაფიქრი. „გოგიც“ არ გაუშვებს ხელიდან შესაძლებლობას და განადგურების მიზნით თავს დაესხმება ღვთის ხალხს, რასაც მოჰყვება არმაგედონი, ომი, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. ამგვარად, იეჰოვა დაიხსნის თავის ხალხს, განწმენდს თავის სახელს და ერთხელ და სამუდამოდ დაამტკიცებს, რომ უზენაესი მმართველია (ეზეკ. 38:23).

ერები შეეცდებიან, „ხელში ჩაიგდონ“ წმინდა თაყვანისმცემლობა, რადგან სძულთ ისიც და მისი მხარდამჭერნიც.

19. რა უბიძგებს „გოგს“, „ხელში ჩაიგდოს“ წმინდა თაყვანისმცემლობა?

19 „გოგი“ თავისი მზაკვრული ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად იმოქმედებს. ერები მზაკვრულ გეგმას დაისახავენ; ისინი დიდი ხნის ნაგროვებ სიძულვილსა და ბოღმას ღვთის თაყვანისმცემლებზე გადმოანთხევენ, რომლებიც დაუცველნი ჩანან, რადგან „არც გალავანი აქვთ, არც ჭიშკრები და არც ურდულები“. „დიდი ნადავლის ხელში ჩასაგდებად და გასაძარცვავად“ „გოგი“ თავს დაესხმება მათ, ვინც „სიმდიდრეს . . . აგროვებენ“ (ეზეკ. 38:10—12). რა სიმდიდრეზეა საუბარი? ღვთის ხალხს დიდი სულიერი საგანძური გვაქვს, რომელშიც ყველაზე ფასეული ღვთისადმი წმინდა თაყვანისმცემლობაა. ერებს ამ „სიმდიდრის“ ხელში ჩაგდება იმიტომ კი არ სურთ, რომ წმინდა თაყვანისმცემლობა მათთვისაც ძვირფასია, არამედ იმიტომ, რომ სძულთ ისიც და მისი მხარდამჭერნიც.

„გოგი“ წმინდა თაყვანისმცემლობის აღმოსაფხვრელად მზაკვრულ გეგმას დაისახავს, თუმცა ამაოდ. (იხილეთ მე-19 აბზაცი)

20. როგორ შეიჭრება „გოგი“ სულიერ მიწაზე?

20 როგორ შეიჭრება „გოგი მაგოგის მიწიდან“ სულიერ მიწაზე? ერთა კოალიცია შესაძლოა შეეცადოს, ხელი შეგვიშალოს წმინდა თაყვანისმცემლობაში. მაგალითად, შესაძლოა მათი მიზეზით შეგვიფერხდეს სულიერი საზრდოს მიღება, ვეღარ შევძლოთ კრების შეხვედრებზე დასწრება, საფრთხე შეექმნას ჩვენს ერთობას და აგვეკრძალოს ღვთის ცნობის გაცხადება. არადა, სულიერ სამოთხეს ხომ ეს ყველაფერი ქმნის?! სატანისგან შეგულიანებული ერები სწორედ სულიერი სამოთხის მოსპობას შეეცდებიან, მათი მიზანი წმინდა თაყვანისმცემლობისა და მის მხარდამჭერთა მიწის პირიდან აღგვა იქნება!

21. რატომ ვართ იეჰოვას მადლიერნი?

21 „გოგის“ თავდასხმის სამიზნე სულიერი მიწის ყველა მკვიდრი, ღვთის ყველა თაყვანისმცემელი, იქნება. რაოდენ მადლიერნი ვართ, რომ მოსალოდნელი მოვლენების შესახებ იეჰოვამ გაგვაფრთხილა. მოდი „დიდი გასაჭირის“ დადგომამდე ყველაფერი გავაკეთოთ წმინდა თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად, ანუ ჩვენს ცხოვრებაში მას უმთავრესი ადგილი დავუთმოთ, რითაც გავალამაზებთ სულიერ სამოთხეს. შედეგად, ახლო მომავალში მეტად ამაღელვებელი მოვლენის მომსწრენი გავხდებით: არმაგედონში იეჰოვა დაიცავს თავის ხალხს და განწმენდს თავის წმინდა სახელს! ამაზე უფრო ვრცლად მომდევნო თავში ვისაუბრებთ.

^ აბზ. 3 ამ წიგნის მომდევნო თავიდან გავიგებთ, როდის და როგორ აენთება იეჰოვას რისხვა „გოგზე“ და რა გავლენას მოახდენს ეს მოვლენა იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებზე.

^ აბზ. 8 დანიელის 11:45-დან ჩანს, რომ „ჩრდილოეთის მეფე“ იერიშს მიიტანს ღვთის ხალხზე. ამ მუხლში ნათქვამია, რომ იგი „თავის სამეფო კარვებს დიდ ზღვასა [ხმელთაშუა ზღვას] და მშვენიერ წმინდა მთას შორის გაშლის [სადაც ერთ დროს ღვთის ხალხი თაყვანს სცემდა ღმერთს ტაძარში]“.

^ აბზ. 9 ბიბლია აგრეთვე საუბრობს „ასურელის“ თავდასხმაზე, რომელიც განადგურების მიზნით ესხმის თავს ღვთის ხალხს (მიქ. 5:5). ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველები ოთხივე თავდასხმა — იქნება ეს „გოგის“, „ჩრდილოეთის მეფის“, „დედამიწის მეფეებისა“ თუ „ასურელის“ — შესაძლოა სხვადასხვა სახელით მოხსენიებულ ერთსა და იმავე თავდასხმაზე მიუთითებდეს.

^ აბზ. 10 ამ წიგნის 22-ე თავში განხილულია, თუ ვის ან რას წარმოადგენს გამოცხადების 20:7—9-ში მოხსენიებული „გოგი“.