არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 18

„რისხვით ავენთები“

„რისხვით ავენთები“

ეზეკიელი 38:18

თემა: „გოგის“ თავდასხმით განრისხებული იეჰოვა არმაგედონის ომში დაიცავს თავის ხალხს

1—3. ა) რა მოჰყვება ღვთის რისხვას? ბ) რომელ კითხვას გაეცემა პასუხი ამ თავში?

კაცები, ქალები და ბავშვები ერთად შეკრებილან და ღვთის სადიდებელ სიმღერას მღერიან. უხუცესი გულმხურვალედ ლოცულობს და იეჰოვას მფარველობას შესთხოვს. მართალია, შეკრებილთაგან არავის ეპარება ეჭვი იეჰოვას მზრუნველობაში, მაგრამ მათ კვლავ სჭირდებათ ამაში დარწმუნება და ნუგეშისცემა. გარედან ხალხის ჩოჩქოლი და ბრძოლის ხმა ისმის. ისინი ხვდებიან, რომ არმაგედონი დაიწყო! (გამოცხ. 16:14, 16).

2 არმაგედონის ომში დიდად განრისხებული იეჰოვა თავის მრისხანებას გადმოღვრის ადამიანებზე (წაიკითხეთ ეზეკიელის 38:18). იგი თავის რისხვას რომელიმე კონკრეტულ ხალხს ან ერს კი არ დაატეხს, არამედ მთელ კაცობრიობას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იმ დღეს იეჰოვას დახოცილნი დედამიწის კიდით კიდემდე ეყრებიან“ (იერ. 25:29, 33).

3 რატომ აენთება რისხვით მოსიყვარულე ღმერთი, რომელსაც ბიბლია „გულმოწყალე, თანამგრძნობ და სულგრძელ ღმერთად“ იხსენიებს? (გამ. 34:6; 1 იოან. 4:16). ამ კითხვაზე მიღებული პასუხი ნუგეშს მოგვგვრის, გაბედულებას შეგვმატებს და ქადაგების სურვილს გაგვიძლიერებს.

რატომ აენთება რისხვით იეჰოვა?

4, 5. რით განსხვავდება ღვთისა და კაცის რისხვა?

4 უპირველეს ყოვლისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვას რისხვა კაცის რისხვას არ ჰგავს, რადგან, როცა ადამიანი რისხვას ანთხევს, ამას ხშირად ცუდი შედეგები მოჰყვება. მაგალითად, როცა კაენი, ადამის პირმშო, განრისხდა იმის გამო, რომ იეჰოვამ დაიწუნა მისი შესაწირავი, ხოლო აბელისა მოიწონა, მან მოკლა თავისი უდანაშაულო ძმა (დაბ. 4:3—8; ებრ. 11:4). გავიხსენოთ დავითის შემთხვევაც, რომელსაც ბიბლია ღვთის მოსაწონ კაცად გვაცნობს (საქ. 13:22). როცა მდიდარმა მიწათმფლობელმა ნაბალმა შეურაცხყო იგი და მასთან მყოფნი, მან ლამის გამოუსწორებელი შეცდომა ჩაიდინა. განრისხებულმა დავითმა და მისმა მეომრებმა „შემოირტყეს მახვილები“, რათა მოეკლათ უმადური ნაბალი და გაეჟლიტათ მისი სახლეულობიდან ყველა მამაკაცი. საბედნიეროდ, აბიგაილმა, ნაბალის ცოლმა, შეძლო დაერწმუნებინა დავითი, ხელი აეღო თავის განზრახვაზე (1 სამ. 25:9—14, 32, 33). სწორედ ამიტომ დაწერა იაკობმა ღვთის შთაგონებით: „კაცის რისხვა ხელს უშლის ღვთის სიმართლეს“ (იაკ. 1:20).

იეჰოვა ყოველთვის მიზანმიმართულად რისხდება.

5 ადამიანისგან განსხვავებით, რომლის რისხვაც ხშირად უმართავია, იეჰოვა ყოველთვის მიზანმიმართულად რისხდება. მას მაშინაც არ ღალატობს სამართლიანობის გრძნობა, როცა რისხვით ენთება, და, თუკი რისხვას ღვრის, იგი არასდროს ანადგურებს მართალს ბოროტთან ერთად (დაბ. 18:22—25). ამასთანავე, იეჰოვა მხოლოდ მაშინ რისხდება, როცა ამას სამართლიანობა მოითხოვს. მოდი ახლა ვნახოთ ორი მიზეზი, თუ როდის რისხდება იეჰოვა და ჩვენ რისი სწავლა შეგვიძლია აქედან.

6. როგორ რეაგირებს იეჰოვა, როცა მის სახელს ბღალავენ?

6 როდის რისხდება იეჰოვა? იეჰოვა რისხდება, როცა მის სახელს ბღალავენ. ვინც თავს მის მსახურს უწოდებს, მაგრამ ბოროტებას სჩადის, ღვთის სახელს შეურაცხყოფს და მის განრისხებას იწვევს (ეზეკ. 36:23). როგორც წინა თავებიდან შევიტყვეთ, ისრაელმა დიდად შეურაცხყო ღვთის სახელი, რის გამოც სამართლიანად დაიტეხა თავს იეჰოვას რისხვა. მართალია, იეჰოვა თავისი ხალხის დასასჯელად ყოველთვის მიმართავდა ზომებს, მაგრამ მისი რისხვა არასდროს ყოფილა უმართავი (იერ. 30:11). თავისი ხალხის სამართლიანად დასჯის შემდეგ იეჰოვას რისხვა ცხრებოდა (ფსალმ. 103:9).

7, 8. რას ვსწავლობთ იეჰოვას დამოკიდებულებიდან ისრაელების მიმართ?

7 რას ვსწავლობთ? ის, რაც ისრაელებს შეემთხვათ, ჩვენთვისაც ჭკუის სასწავლებელია. ღვთის ხალხისა არ იყოს, ჩვენც ღვთის სახელით ვიწოდებით და მისი მოწმეები გვქვია (ეს. 43:10). ჩვენი საუბრითა თუ საქციელით ღმერთს ან განვადიდებთ, ან შეურაცხვყოფთ. ამიტომ არ გვინდა, უტიფრად ვაკეთოთ ის, რაც არასწორია, და ამგვარად წავბილწოთ ღვთის სახელი. თუკი ასე მოვიქცევით, იეჰოვას განვარისხებთ, რომელიც ადრე თუ გვიან თავისი სახელის განსაწმენდად ამოქმედდება და პასუხს მოგვთხოვს (ებრ. 3:13, 15; 2 პეტ. 2:1, 2).

8 უნდა დაგვაკარგვინოს იეჰოვასთან დაახლოების სურვილი იმის ცოდნამ, რომ ის რისხდება? არა, რადგან ვიცით, რომ იგი მიმტევებელი და სულგრძელიცაა (ეს. 55:7; რომ. 2:4). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი თვალს დახუჭავს ჩვენს არასწორ საქციელზე. მისადმი ჯანსაღ შიშს გვივითარებს იმის ცოდნა, რომ მოუნანიებელი შემცოდველები მის რისხვას დაიტეხენ და, რომ იგი ასეთებს თავის ხალხში არ გააჭაჭანებს (1 კორ. 5:11—13). იეჰოვამ ნათლად დაგვანახვა, რა არისხებს მას. ახლა ჯერი ჩვენზეა, გავაკონტროლებთ თუ არა ჩვენს აზროვნებასა და საქციელს (იოან. 3:36; რომ. 1:26—32; იაკ. 4:8).

9, 10. როგორ რეაგირებს იეჰოვა, როცა მის ერთგულ მსახურებს საფრთხე ემუქრებათ? მოიყვანეთ მაგალითები.

9 როდის რისხდება იეჰოვა? იეჰოვა რისხდება, როცა მის ერთგულ მსახურებს საფრთხე ემუქრებათ. იგი მაშინ ენთება რისხვით, როცა მტრები თავს ესხმიან მასთან თავშესაფრის მძებნელთ. ეს ასე მოხდა მაშინ, როცა ისრაელებმა ეგვიპტე დატოვეს, ფარაონი კი ძლევამოსილი ჯარით, ერთი შეხედვით, სრულიად უმწეო ხალხს გამოუდგა და წითელ ზღვასთან მოიმწყვდია. ეგვიპტელებმა არც მაშინ დაიხიეს უკან, როცა ზღვა გაიყო და ისრაელები ზღვის დამშრალ ფსკერს გაუყვნენ. სწორედ მაშინ ამოქმედდა იეჰოვა. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „აძრობდა ბორბლებს მათ ეტლებს“ და შუა ზღვაში მოაქცია ეგვიპტელთა ჯარი; მათგან „ცოცხალი არავინ გადარჩენილა“ (გამ. 14:25—28). იეჰოვამ ცხადყო, რომ ურყევი სიყვარულით უყვარდა თავისი ხალხი, რის გამოც რისხვა დაატეხა ეგვიპტელებს (წაიკითხეთ გამოსვლის 15:9—13).

როგორც ხიზკიას დროს დაიცვა ანგელოზმა ღვთის ხალხი, ისე დაგვიცავენ ანგელოზები ჩვენც. (იხილეთ მე-10 და 23-ე აბზაცები)

10 მოდი კიდევ ერთ შემთხვევას შევეხოთ. ხიზკიას მეფობის დროს სიყვარულმა აღძრა იეჰოვა, თავისი ხალხის დასაცავად ემოქმედა, როცა მაშინდელ მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა და სასტიკმა ასურელთა ჯარმა ქალაქ იერუსალიმზე გაილაშქრა. ქალაქი ალყის საფრთხის წინაშე იდგა, რაც იეჰოვას ერთგულ მსახურებს ნელ და მტანჯველ სიკვდილს უქადდა (2 მეფ. 18:27). სწორედ მაშინ ჩაერია ღმერთი და მათ დასაცავად ანგელოზი გაგზავნა, რომელმაც ერთ ღამეში 185 000 მეომარს გაავლო მუსრი! (2 მეფ. 19:34, 35). წარმოიდგინეთ სურათი ასურელთა ბანაკში მეორე დილით: შუბები, ფარები და ხმლები ხელუხლებელი ყრია. არც საყვირის ხმა ისმის და არც მეომრები ირაზმებიან ბრძოლის ველზე გასასვლელად. ასურელთა ბანაკი დახოცილთა გვამებითაა სავსე და ირგვლივ სამარისებურ სიჩუმეს დაუსადგურებია!

11. როგორ გვანუგეშებს და როგორ გვმატებს გაბედულებას იმის ცოდნა, თუ როგორ რეაგირებს იეჰოვა, როცა მის მსახურებს საფრთხე ემუქრებათ?

11 რას ვსწავლობთ? ზემოთ განხილულმა მაგალითებმა გვიჩვენა, თუ როგორ რეაგირებს ღმერთი, როცა მის მსახურებს საფრთხე ემუქრებათ. ეს გაფრთხილება უნდა იყოს მათი მტრებისთვის, რადგან ბიბლიაში ვკითხულობთ: „საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა“ (ებრ. 10:31). თუმცა განხილული მაგალითები ნუგეშსაც გვგვრის და გაბედულებასაც გვმატებს. ჩვენთვის ნამდვილად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ჩვენი დაუძინებელი მტერი სატანა ვერაფერს გახდება. მალე მის ბატონობას წერტილი დაესმება (გამოცხ. 12:12). მაგრამ, სანამ ეს მოხდება, მოდი გაბედულად ვემსახუროთ იეჰოვას და მტკიცედ გვწამდეს, რომ ვერც ადამიანი და ვერც ვერანაირი ორგანიზაცია თუ მთავრობა ხელს ვერ შეგვიშლის ღვთის ნების შესრულებაში! (წაიკითხეთ ფსალმუნის 118:6—9). მოციქულ პავლეს მიერ ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვები კარგად გამოხატავს ჩვენს განწყობას: „თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ რას გახდება ჩვენ წინააღმდეგ?!“ (რომ. 8:31).

12. რატომ აენთება რისხვით იეჰოვა „დიდ გასაჭირში“?

12 იეჰოვა ისევე დაგვიცავს „დიდ გასაჭირში“, როგორც ისრაელები დაიხსნა ეგვიპტელთა და ასურელთა ხელიდან. მას ძალიან ვუყვარვართ, ამიტომ, როცა მტრები ჩვენს განადგურებას შეეცდებიან, მათზე თავის რისხვას გადმოღვრის. ვისაც მაშინ გამჭრიახობა არ ეყოფა და მაინც დაგვესხმება თავს, იეჰოვას „თვალის გუგას შეეხება“, რასაც მისი მხრიდან მყისიერი და მიზანმიმართული მოქმედება მოჰყვება (ზაქ. 2:8, 9). მაშინ ღვთის მიერ შემუსრულთა რიცხვი მართლაც არნახულ მასშტაბებს მიაღწევს! თუმცა მტრები არ უნდა გააკვირვოს იმან, რომ იეჰოვა მათზე რისხვით აენთება. რატომ ვამბობთ ამას?

იეჰოვა წინასწარ აფრთხილებს ხალხს

13. რის შესახებ აფრთხილებდა იეჰოვა ხალხს?

13 იეჰოვა სულგრძელი ღმერთია, რის გამოც აფრთხილებდა ხალხს, რომ თუკი ვინმე დაუპირისპირდებოდა მას, ხოლო მის მსახურებს საფრთხეს შეუქმნიდა, გაანადგურებდა (გამ. 34:6, 7). იგი იერემიას, ეზეკიელისა და დანიელის, აგრეთვე იესო ქრისტესა და მისი მოციქულების, პეტრეს, პავლესა და იოანეს პირით აფრთხილებდა ხალხს გადამწყვეტი ბრძოლის შესახებ (იხილეთ ჩარჩო „იეჰოვა ხალხს გადამწყვეტი ბრძოლის შესახებ აფრთხილებს“).

14, 15. რაზე იზრუნა იეჰოვამ და რატომ?

14 იეჰოვამ ეს გაფრთხილებები თავისი სიტყვის მეშვეობით შემოგვინახა. მან იმაზეც იზრუნა, რომ ბიბლია რაც შეიძლება მეტ ენაზე თარგმნილიყო და ფართოდ გავრცელებულიყო. ღმერთს მთელ მსოფლიოში მოხალისეთა დიდი ლაშქარი ჰყავს, რომლებიც არა მხოლოდ მასთან დაახლოებაში ეხმარებიან ხალხს, არამედ მისი „დიდი დღის“ შესახებაც აფრთხილებენ (სოფ. 1:14; ფსალმ. 2:10—12; 110:3). ამასთანავე, ღმერთმა თავისი მსახურები აღძრა, ასობით ენაზე ეთარგმნათ ბიბლიის შესასწავლი პუბლიკაციები და ყოველწლიურად ასობით მილიონი საათი დაეთმოთ ხალხთან მის დაპირებებსა თუ გაფრთხილებებზე სასაუბროდ.

15 იეჰოვამ ეს ყოველივე იმიტომ გააკეთა, რომ „არ სურს, . . ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9). მართლაც რამხელა პატივია, რომ ვართ მოსიყვარულე და სულგრძელი ღვთის მსახურები და ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს მისი ცნობის გაცხადების საქმეში! თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ დრო იწურება და მალე ხალხს აღარ ექნება საშუალება, ყურად იღონ ღვთის გაფრთხილება.

როდის აენთება რისხვით იეჰოვა?

16, 17. დანიშნული აქვს იეჰოვას დღე გადამწყვეტი ბრძოლისთვის? ახსენით.

16 იეჰოვამ დანიშნა დღე გადამწყვეტი ბრძოლისთვის. მან ზუსტად იცის, როდის მიიტანენ მტრები მის ხალხზე იერიშს (მათ. 24:36). რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს?

17 როგორც ამ წიგნის წინა თავიდან გავიგეთ, ღმერთი „ყბებში კავებს გამოსდებს გოგს“, ანუ ისე წარმართავს მოვლენებს, რომ ერთა კოალიცია საბოლოო ბრძოლას წამოიწყებს (ეზეკ. 38:4). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვა არ წამოიწყებს ამ ომს, შესაბამისად, არც თავისუფლად მოქმედების საშუალებას შეუზღუდავს თავის მტრებს. იეჰოვას სიტყვები, „ყბებში კავებს გამოგდებ“, მიუთითებს იმაზე, რომ იგი გულთამხილავი ღმერთია და ზუსტად იცის, როგორ იმოქმედებენ მისი მტრები ამა თუ იმ ვითარებაში (ფსალმ. 94:11; ეს. 46:9, 10; იერ. 17:10).

18. რატომ გამოვლენ ადამიანები ყოვლისშემძლე ღვთის წინააღმდეგ საომრად?

18 თუკი იეჰოვა არ იწყებს ამ ომს და არც თავის მტრებს აიძულებს ამისკენ, მაშ, რა რჯით ადამიანებს, საომრად გამოვიდნენ ყოვლისშემძლე ღვთის წინააღმდეგ? სავარაუდოდ, ამ დროისთვის ისინი დარწმუნებულნი იქნებიან, რომ ღმერთი არ არსებობს, და, თუ არსებობს, ადამიანთა საქმეებში არ ერევა. შესაძლოა ასე იმიტომ იფიქრონ, რომ ღმერთი არ ჩარეულა, როცა მათ რელიგიები მიწის პირიდან აღგავეს. შეიძლება ისიც დაასკვნან, თუკი ღმერთი არსებობს, ამას არ დაუშვებდა. ისინი ვერ გააცნობიერებენ იმას, რომ, რეალურად, ღმერთმა ჩაუდო მათ გულში იმ რელიგიების განადგურების სურვილი, რომლებიც დამახინჯებული სახით წარმოაჩენდნენ მის პიროვნებას (გამოცხ. 17:16, 17).

19. რა შეიძლება მოხდეს ცრურელიგიური სამყაროს განადგურების შემდეგ?

19 ცრურელიგიური სამყაროს განადგურების შემდეგ იეჰოვამ შესაძლოა დაავალოს თავის მსახურებს, რომ მკაცრი განაჩენი გამოუცხადონ ხალხს; ეს განაჩენი წიგნ „გამოცხადებაში“ სეტყვის 20-კილოგრამიან მარცვლებსაა შედარებული (გამოცხ. 16:21, სქ.). სავარაუდოდ, ეს იქნება ცნობა პოლიტიკური და კომერციული სამყაროს განადგურების შესახებ, რომელიც იმდენად შეძრავს მსმენელს, რომ ისინი ღვთის გმობას მოჰყვებიან. როგორც ჩანს, სწორედ ეს ცნობა გაახელებს ერებს, ერთობლივი იერიში მიიტანონ ღვთის ხალხზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაადუმონ ისინი. მტრები იფიქრებენ, რომ ღვთის ხალხი, რომლებიც დაუცველნი ჩანან, ერთ ლუკმად არ ეყოფათ. რა მწარედ მოტყუვდებიან ისინი!

როგორ გადმოღვრის იეჰოვა თავის რისხვას?

20, 21. ვინ არის „გოგი“ და რა ბედი ეწევა მას?

20 როგორც ამ წიგნის მე-17 თავიდან შევიტყვეთ, ეზეკიელი ერთა კოალიციას, რომელიც თავს დაესხმება ღვთის ხალხს, უწოდებს „გოგს, მაგოგის მიწიდან“ (ეზეკ. 38:2). ერთა კოალიციაში შემავალი ერების კავშირი არ იქნება მყარი. მართალია, მათ საერთო მიზანი ექნებათ, მაგრამ მათ შორის კვლავ იარსებებს სიამაყის, მეტოქეობისა და პატრიოტიზმის სული. ამიტომ იეჰოვას დიდი ძალისხმევის ფასად არ დაუჯდება, რომ მათ ერთმანეთის წინააღმდეგ აღმართონ მახვილი (ეზეკ. 38:21). აშკარა გახდება, რომ ამ ერებს იეჰოვა ანადგურებს!

21 მტრები განადგურებამდე „კაცის ძის ნიშანს“ ანუ იეჰოვასა და იესოს ძალის გამოვლინებას იხილავენ (მათ. 24:30). ღვთის მტრები, სავარაუდოდ, ზებუნებრივი ძალის მოწმენი გახდებიან, რაც თავზარს დასცემს მათ. როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, „ხალხს გული წაუვა შიშით და იმის მოლოდინით, რაც მსოფლიოს დაატყდება“ (ლუკ. 21:25—27). ისინი მიხვდებიან, რომ მწარედ შეცდნენ, როცა ღვთის ხალხზე გაილაშქრეს. მათ მოუწევთ, თვალი გაუსწორონ სინამდვილეს, რომ სამყაროს შემოქმედი იეჰოვა უზენაესი მთავარსარდალი და ლაშქართა ღმერთია (ფსალმ. 46:6—11; ეზეკ. 38:23). იეჰოვა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში თავისი ერთგული მსახურების დასაცავად და მტრების გასაჟლეტად ზეციერ ლაშქარსა და ბუნების ძალებს დაიხმარს (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:9).

როცა ღვთის ხალხს საფრთხე დაემუქრება, იეჰოვა რისხვით აენთება და თავისი ხალხის დასაცავად ზეციერ ლაშქარს დაიხმარს. (იხილეთ 21-ე აბზაცი)

22, 23. ვინ დაიცავს ღვთის ხალხს და როგორ მოეკიდებიან ისინი დავალებას?

22 წარმოიდგინეთ, როგორი შემართებით შეუტევს იესო ღვთის მტრებს, რათა დაიცვას თავისი მამის ერთგული მსახურები. იმაზეც დაფიქრდით, თუ რას იგრძნობენ ამ დროს ცხებულები. არმაგედონის დაწყებამდე მათგან დარჩენილნი ზეციური ცხოვრებისთვის აღდგებიან და ზეცად მყოფ ცხებულებს შეუერთდებიან. ამგვარად, იესო 144 000 ცხებულთან ერთად გაილაშქრებს ღვთის მტრების წინააღმდეგ (გამოცხ. 17:12—14). აღსანიშნავია, რომ ქვეყნიერების ბოლო დღეებში ბევრ ცხებულს ახლო ურთიერთობა ჰქონდა „სხვა ცხვართან“, რადგან ისინი ერთად ირჯებოდნენ ღვთის საქმეში. არმაგედონში ცხებულებს უკვე ძალაც ექნებათ და უფლებამოსილებაც, რომ დაიცვან ისინი, ვინც ერთგულად ედგნენ მხარში განსაცდელების დროს (მათ. 25:31—40).

23 იესოს ზეციერ ლაშქარში ანგელოზებიც იქნებიან (2 თეს. 1:7; გამოცხ. 19:14). ისინი ერთხელ მას უკვე დაუდგნენ მხარში, როცა იესომ ზეცა გაათავისუფლა სატანისა და დემონებისგან (გამოცხ. 12:7—9). მათ იმ ადამიანების შეკრებაშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელთაც ღვთის მსახურება სურდათ (გამოცხ. 14:6, 7). ამიტომ ლოგიკურიცაა, რომ იეჰოვა მათაც მისცემს საშუალებას, დაიცვან მისი ერთგულები. იეჰოვას ლაშქარში უკლებლივ ყველა დიდ პატივად ჩათვლის, რომ თავიანთი წვლილი შეაქვთ იეჰოვას სახელის განწმენდისა და მისი მტრების განადგურების საქმეში! (მათ. 6:9, 10).

რისკენ უნდა აღგვძრას იმის ცოდნამ, თუ რა მოხდება არმაგედონში?

24. როგორ შეხვდება „უამრავი ხალხი“ იეჰოვას რისხვის დღეს?

24 „სხვა ცხვრისგან“ შემდგარ „უამრავ ხალხს“ შიშის არავითარი მიზეზი არ ექნება, რადგან მათ დასაცავად მთელი შემართებით იომებს ძლევამოსილი ლაშქარი. ისინი გაიმართებიან და თავებს ასწევენ, რადგან მოახლოებული იქნება მათი ხსნა! (ლუკ. 21:28). ამიტომ იეჰოვას რისხვის დღის დადგომამდე, რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გავაცნოთ და შევაყვაროთ ჩვენი გულმოწყალე და მზრუნველი მამა (წაიკითხეთ სოფონიას 2:2, 3).

არმაგედონში ღვთის ხალხი არ იბრძოლებს. როდესაც მათი მტრები ერთმანეთზე აღმართავენ ხელს, ღვთის მსახურებს ანგელოზები დაიცავენ (ეზეკ. 38:21). (იხილეთ 22—24-ე აბზაცები)

25. რაზე ვისაუბრებთ მომდევნო თავში?

25 თუკი ჩვეულებრივ ომს დიდი უბედურება და ქაოსი სდევს თან, არმაგედონის შემდეგ ბედნიერება დაისადგურებს და საყოველთაო წესრიგი დამყარდება. რა მოხდება მაშინ, როცა იეჰოვას რისხვა დაცხრება, მისი მეომრები მახვილებს ქარქაშში ჩააგებენ და ბრძოლის ველზე სიწყნარე ჩამოვარდება? მომდევნო თავში სწორედ არმაგედონის შემდგომ საამურ ხანაზე ვისაუბრებთ.